Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარღვევა დიდი კონტრშეტევის წინ


უკრაინელი მებრძოლები ბახმუტში. 2023 წლის მაისი
უკრაინელი მებრძოლები ბახმუტში. 2023 წლის მაისი

12 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე ოფიციალურად აღიარა უკრაინის დონეცკის რეგიონის ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით მდებარე პოზიციებიდან უკან დახევა და რუსეთის არმიის მიერ ბერეხოვკის წყალსაცავთან „უფრო ხელსაყრელ“ პირობებში „ახალი მიჯნის“ დაკავება.

ამასთან, ამ სიტყვების ავტორს, რუსეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელს, გენერალ იგორ კონაშენკოვს არ განუმარტავს, თუ რას ნიშნავს „უფრო ხელსაყრელი პირობები“ იმ ქალაქის შემთხვევაში, რომლის აღებასაც ერთ-ერთი უძლიერესი არმია თითქმის მთელი წელია ამაოდ ცდილობს.

მაგრამ ეს ფაქტობრივად ნიშნავს რუსეთის არმიის უკუქცევას ბოგდანოვკის რაიონში, რაზეც, მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ გარღვევასთან ერთად, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, რუსი სამხედრო ბლოგერები და უკრაინის სარდლობაც იუწყებოდნენ.

უფრო ზუსტად, ლაპარაკია უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაწევაზე, რასაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი მიხიალო სამუსი, მაგრამ ნაადრევს უწოდებს საუბარს სიტუაციის რადიკალურ ცვლილებასთან დაკავშირებით.

ბახმუტ-ჩასოვ იარის გზის მონაკვეთს ისევ უკრაინა აკონტროლებს

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ლოკალური კონტრშეტევების შედეგად, ბახმუტის მახლობლად გაარღვიეს რუსეთის ძალების ზოგიერთი პოზიცია. მათ შორის, უკრაინელებმა დაიკავეს ბახმუტ-ჩასოვ იარის ავტომაგისტრალის მონაკვეთი, რომელიც ქალაქ ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს.

შესაბამისად, რუსი სამხედროების უკან დახევა უკრაინელ ჯარებს საშუალებას აძლევს გააკონტროლონ ჩასოვი იართან დამაკავშირებელი გზა, რომლის გამოყენებითაც ხდება ბახმუტში მყოფი უკრაინული ძალების უზრუნველყოფა.

„დიახ, უკრაინის შეიარაღებული ძალები მოხერხებულად იცავდნენ თავს და აგრძელებენ თავდაცვას, ყოველგვარი ტაქტიკური საშუალებების, ადგილმდებარეობისა თუ მანამდე შექმნილი თავდაცვითი ნაგებობების ეფექტიანად გამოყენებით. ამჟამად უკრაინის არმია დიდი კონტრშეტევითი ოპერაციის სამზადისის ფარგლებში თანდათანობით გადადის უფრო აქტიურ ქმედებაზე, მათ შორის ბახმუტის მიმართულებაზე. უკრაინის სარდლობა ამჟამად გეგმავს და ახორციელებს აქტიურ ძალისხმევას ქალაქ ბახმუტის ფლანგებზე, რათა, პირველ ყოვლისა, შეაჩეროს რუსეთის არმიისა და „ვაგნერელთა“ ნებისმიერი შეტევითი ქმედება და, რათა მომზადოს საკუთარი აქტიური ქმედება ამ ტერიტორიის დეოკუპაციისთვის“, - უთხრა მიხაილო სამუსმა რადიო თავისუფლებას.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 9 მაისს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა კონტრშეტევა დაიწყეს, ბახმუტის შემოგარენში 3კმ² ტერიტორია დაიბრუნეს, რუსეთის შეიარაღებული ძალების მოტომსროლელთა 72-ე ბრიგადა კი ბრძოლის ველიდან გაიქცა. იმავე დღეს უკრაინის თავდაცვის ძალების მე-3 მოიერიშე ბრიგადამ განაცხადა, რომ პროგიჟინის სიტყვები რუსი სამხედროების გაქცევისა და მიტოვებული 500 გვამის შესახებ სიმართლეა და მას მადლობას უხდიან უკრაინელი სამხედროების წარმატების საჯაროდ გამოცხადებისთვის.

რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.

ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.

ბახმუტი. 2023 წლის 7 მაისი
ბახმუტი. 2023 წლის 7 მაისი

„ოკუპანტები უკვე შინაგანად მზად არიან დამარცხებისთვის“

ბახმუტს მიმართულებით უკრაინის არმიის წარმატებას დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურა სოციალური ქსელები, სადაც არა მხოლოდ ბლოგერები, არამედ უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეებიც კი წერდნენ მინიშნებით რაღაც მნიშვნელოვანის დაწყების შესახებ.

„ეხლა უკვე შეგიძლიათ ილოცოთ ჩვენთვის! დაიწყო! ფარით ან ფარზე!!!“, - წერს უკრაინაში მყოფი სამხედრო მედდა ქეთი ლეშკაშელი.

„მოკლედ ისე მიდის საქმე რომ შეიძლება ბახმუტი პირიქით უკრაინელების ალყაში მოხვდეს და არა მარტო ბახმუტი ..... სიტუაციების შეცვლა ფაქტიურად ყოველ ერთ საათში დაიწყო. დასაწყისი და დაიწყო დიდება უკრაინას“, - წერს თავის ფეისბუკში ვანო ნადირაძე.

მაგრამ იმ დიდი კონტრშეტევის დაწყების შესახებ ცნობას უკრაინის ხელისუფლება არც უარყოფს და არც ადასტურებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 მაისს უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკში გამართა თათბირი, რომელზეც მაღალი შეფასება მისცა ბახმუტის მიმართულებაზე მიღწეულ სამხედრო წარმატებას.

„ოკუპანტები უკვე შინაგანად მზად არიან დამარცხებისთვის. მათ თავიანთ გონებაში ეს ომი უკვე წააგეს. ჩვენ ყოველდღე უნდა მოვახდინოთ მათზე ზეწოლა ისე, რომ მათი დამარცხების შეგრძნება გადაიზარდოს მათ უკუქცევად, შეცდომებად და დანაკარგებად“, - ციტირებს ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს საინტერნეტო პორტალი „უკრაინსკა პრავდა“.

ძნელი სათქმელია, თუ რამდენად მართლა არიან რუსი სამხედროები „შინაგანად მზად დამარცხებისთვის“, მაგრამ ხსნებული კსკ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი პრიგოჟინი არ გამორიცხავს ბახმუტში უკრაინის არმიის შემდგომ წინსვლას.

უკრაინელი სამხედროების მიერ ბერხოვკაზე კონტროლის აღება რუსებისთვის ნიშნავს „ბახმუტის თანდათანობით ალყაში მოქცევას“, - განაცხადა პრიგოჟინმა, რომელმაც მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს მოუწოდა ჩავიდეს ბახმუტში და დამოუკიდებლად შეაფასოს იქ არსებული ვითარება.

ამასობაში უკრაინის არმია დასავლეთისგან განაგრძობს იმ არსებითი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მიღებას, რაც აუცილებელი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტრშეტევაზე გადასვლისთვის.

„შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სიტუაცია ფაქტობრივად 100%-იან მზადყოფნას მიუახლოვდა, ვინაიდან შარშანდელი წლის შემოდგომიდან დაწყებული, ჩვენი პარტნიორებიც და, პრინციპში, მთელი უკრაინა, სწორედაც რომ დაკავებული იყვნენ 2023 წლის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდისთვის შეტევითი ოპერაციის ჩატარების აქტიური სამზადისით. ამიტომ თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩვენი პარტნიორების დახმარებით შეიქმნა და აღიჭურვა 9 ახალი მექანიზებული ბრიგადა, უკრაინას გადმოეცა ასობით ტანკი, ჯავშანტექნიკა, არტილერია, საარტილერიო სისტემები, სხვა სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალები. ანუ უკრაინის შეიარაღებული ძალები მაქსიმალურად არიან მომზადებული და რჩება მხოლოდ შორ მანძილზე მოქმედი, მაღალი სიზუსტის მქონე საშუალებების გადმოცემა. ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა 300 კილომეტრ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების „STORM SHADOW“-ისა და წყდება საკითხი ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარ HIMARS-ებისთვის 150 კილომეტრ მანძილზე მოქმედი ჭურვების გადმოცემის შესახებ“, -აღნიშნავს მიხაილო სამუსი.

ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ მოკავშირეებმა კონტრშეტევისთვის უკრაინას 575 ტანკი და 28 თვითმფრინავი გადასცეს.

ევროკავშირში პოლონეთის მისიის თანახმად, 575 ტანკიდან 325 უკრაინულ მხარეს პოლონეთმა გადასცა. ამავე დროს, ნიდერლანდმა უკრაინას 85 ტანკი გადასცა, გერმანიამ - 80, აშშ-მ - 76.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემული 28 თვითმფრინავიდან პოლონეთის ანგარიშზე მოდის 14 თვითმფრინავი. საუბარია Mig-29 კლასის გამანადგურებლებზე.
  • 11 მაისს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა დაადასტურა, რომ უკრაინას გადასცეს რამდენიმე შორ რადიუსზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow, რომელთა დიაპაზონი 250 კილომეტრს აღემატება.
  • კიევი პირველად იღებს ამ დიაპაზონის რაკეტებს. მანამდე, უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის მიუხედავად, დასავლეთის ქვეყნები კიევს აწვდიდნენ იარაღს, რომელსაც 80 კილომეტრამდე მანძილზე შეეძლო სამიზნეებზე იერიშის განხორციელება.
  • ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გარანტიები უკრაინის მთავრობისგან, რომ ამ რაკეტებს არ გამოიყენებენ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებისთვის. ამასთან, ტელეკომპანიამ გაიხსენა, რომ ბრიტანელი ოფიციალური პირები ხშირად აკეთებენ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG