Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაზარალებულები „ყაზტრანსგაზის“ წინააღმდეგ - ადვოკატი სარჩელს ამზადებს


დიდი დიღომში 16 იანვარს, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების შემდეგ, კორპუსის დაზარალებულ მობინადრეთა და კორპუსის მშენებელი კომპანიის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ისინი პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ მოხდეს, ჩვენთვის, როგორც დაზარალებულებისთვის სტატუსის მონიჭება, ასევე ჩვენი მოთხოვნაა, რომ დამზარალებლად ცნობილი იყოს არა თუ ის ორი დაკავებული პიროვნება არამედ სს „ყაზტრანსგაზ თბილისი“.

ალექსანდრე კობაიძის თქმით, შესაბამისი სარჩელი მზადების პროცესში, უნდა მომზადდეს ინდივიდუალურად 89 ოჯახზე დაყრდნობით და შემდეგ ერთობლივად შევა სასამართლოში.

საცხოვრებელ კორპუსში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები მუშაობენ. ჯერჯერობით არ შეფასებულა კორპუსის დაზიანების ხარისხი. მას შემდეგ რაც ექსპერტები სამუშაოს დაასრულებენ და დასკვნა დაიდება, კორპუსის აღდგენა გახდება შესაძლებელი, თუმცა რა დრო დასჭირდება, ერთი მხრივ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შედგენას, ხოლო მეორე მხრივ, აღდგენითი სამუშაოების დაწყებას, საბურთალოს რაიონის გამგეობაში ვერ აზუსტებენ.

18 იანვარს ორი პირი დააკავეს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა N8-ში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე, დაკავებულები არიან "ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები.

გამგეობაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავთანდილის ქუჩის 6 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსში აფეთქების გამო ჩამსხვრეული მინების და კორპუსში შეწყვეტილი ბუნებრივი აირის მომსახურების აღდგენა. ასევე ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში, ანუ კორპუსში სადაც აფეთქება მოხდა, მცხოვრები ოჯახების ქირით უზრუნველყოფა.

89 ოჯახი დღემდე 5 სხვადასხვა სასტუმროში იყო გადანაწილებული. დღეიდან ოჯახებს მერიის მიერ დაქირავებულ ბინებში გადაიყვანენ. დღის პირველ ნახევარში 13 ოჯახს უკვე მიეცა საშუალება ნაქირავებ ბინაში გადასულიყო.

რაც შეეხება გამოძიების საკითხს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 18 იანვარს ორი პირი დააკავეს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა N8-ში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე. დაკავებულები არიან "ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები. მათ საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს. როგორც სამინისტროდან აცნობეს რადიო თავისუფლებას, დანიშნულია: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა, რომელთა დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთება აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და გატარდება შესაბამისი ზომები.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG