Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა საქართველოში ელჩად დანიშნა დიპლომატი, რომელიც თალიბანმა ავღანეთიდან გააძევა


ირანმა საქართველოში ელჩად დანიშნა დიპლომატი, რომელიც თალიბანმა ავღანეთიდან გააძევა სეიედ ალი მოჯანი, რომელიც ირანმა საქართველოში ელჩად განაწესა, 2024 წელს თალიბანის მთავრობამ ავღანეთიდან გააძევა. ილუსტრირებული ფოტო
ირანმა საქართველოში ელჩად დანიშნა დიპლომატი, რომელიც თალიბანმა ავღანეთიდან გააძევა სეიედ ალი მოჯანი, რომელიც ირანმა საქართველოში ელჩად განაწესა, 2024 წელს თალიბანის მთავრობამ ავღანეთიდან გააძევა. ილუსტრირებული ფოტო

ირანში მასშტაბურ საპროტესტო დემონსტრაციებს, რომლის დროსაც, უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, ასობით ადამიანი დახოცეს, დაემთხვა საქართველოში ირანის ახალი ელჩის გამოგზავნა. წინა ელჩს დეკემბრის ბოლოს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა.

ახალდანიშნული ელჩი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა დაავალა საქართველოსთან „ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგის“ გაძლიერება და „კონსტრუქციული ტრანსრეგიონული თანამშრომლობის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

საქართველოში ირანის საელჩო ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შემდეგაც აგრძელებს ტრადიციულ საქმიანობას, მათ შორის ქართულ ენაზე აქტიურად აზიარებს ცენტრალური მთავრობის გზავნილებს - აშშ-ს „ტერორისტულ რეჟიმს“ უწოდებს და ირანში ხალხის მღელვარებაზე პასუხისმგებლობას ვაშინგტონს აკისრებს.

ახალი ელჩი თბილისში

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი ელჩი არის სეიედ ალი მოჯანი, - დიპლომატი, რომელსაც ირანის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. არაერთხელ უმოგზაურია საქართველოშიც.

ალი მოჯანი (ფოტოზე მარჯვნივ - მაშინ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლევითი ცენტრის დირექტორი) და ირანის საელჩოს კულტურის ატაშე მოჯთაბა კამრანფარდი სტუმრად საქართველოს ეროვნულ არქივში. 2014 წლის 30 მაისი
ალი მოჯანი (ფოტოზე მარჯვნივ - მაშინ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლევითი ცენტრის დირექტორი) და ირანის საელჩოს კულტურის ატაშე მოჯთაბა კამრანფარდი სტუმრად საქართველოს ეროვნულ არქივში. 2014 წლის 30 მაისი

განათლებით ისტორიკოსი, სეიედ ალი მოჯანი არის ირანის სახელმწიფო ინსტიტუტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაქვემდებარებული „ირანოლოგიის ფონდის“ მრჩეველი. არის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ექსპერტი.

2017 წელს მუშაობდა ბერლინში ირანის საელჩოს კულტურის დეპარტამენტში.

კიდევ უფრო ადრე იყო ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლევითი ცენტრის დირექტორი; ასევე, სამინისტროს არქივისა და დიპლომატიის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოში ელჩად ოფიციალურად დანიშვნამდე ორი თვით ადრე, 2025 წლის ნოემბრიდან X-ის პერსონალურ გვერდზე დაიწყო წერა საქართველოს შესახებ, - ძირითადად საქართველო-ირანის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.

ალი მოჯანი X-ზე მადლობას უხდის ირაკლი კობახიძეს განათლების რეფორმის პრეზენტაციისას „ირანული ხელოვნების სტილის დეკორაციის შერჩევისთვის“
ალი მოჯანი X-ზე მადლობას უხდის ირაკლი კობახიძეს განათლების რეფორმის პრეზენტაციისას „ირანული ხელოვნების სტილის დეკორაციის შერჩევისთვის“

მოჯანის საქართველოში ელჩად დანიშვნა რომ იგეგმებოდა, 2025 წლის 30 ოქტომბერს განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ. მაშინ მოჯანი ჯერ კიდევ ელოდა პოსტზე საბოლოოდ დამტკიცებას.

ბოლო წლებში კი მუშაობდა ირანის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად ავღანეთის საკითხებში.

გაძევება ავღანეთიდან

ამ პოზიციაზე მუშაობისას, 2024 წელს, ავღანეთის თალიბანის მთავრობამ ის ქვეყნიდან გააძევა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ამის საფუძვლად თალიბანმა დაასახელა ავღანეთის ქალაქ ყანდაარში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც, თალიბანის პოზიციით, სეიედ ალი მოჯანმა „საზღვრები გადალახა“:

  • 2024 წლის 17 ივნისს ყანდაარში, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, მეჩეთში თალიბანის უზენაესი ლიდერი, მალავი ჰიბატულა ახუნდზადა მსხვერპლშეწირვის სამდღიანი დღესასწაულის, ეიდ-ალ-ადჰას ზეიმისას ლოცვას უძღვებოდა;
  • ამ დროს ირანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ყანდაარს სტუმრობდა სეიედ ალი მოჯანი;
  • მან მოინდომა, რომ ლოცვაში მონაწილეობა მიეღო, თუმცა თალიბანის მთავრობის წარმომადგენლებმა არც ამის უფლება მისცეს და საერთოდ არ შეუშვეს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, - იმ არგუმენტით, რომ იგი „უცხოელი“ იყო;
ალი მოჯანი (მარჯვნივ) თალიბანის წარმომადგენლეთან შეხვედრაზე (ქვეყნიდან გაძევებამდე)
ალი მოჯანი (მარჯვნივ) თალიბანის წარმომადგენლეთან შეხვედრაზე (ქვეყნიდან გაძევებამდე)
  • მოჯანი ამტკიცებდა, რომ თალიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინასწარ შეატყობინა, რომ ლოცვაში მონაწილეობის მიღება სურდა, რაზეც პასუხი არ მიუღია, ამას ის დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევად მიიჩნევდა და რის გამოც სამინისტრო გააკრიტიკა;
  • როგორც ის X-ზე წერდა, ყანდაარში საათ-ნახევარი ელოდა მეჩეთში შეშვებაზე ნებართვას, რის შემდეგაც განუცხადეს, რომ იქ ლოცვის უფლება უცხოელებს არ ჰქონდათ. „ვუთხარი, რომ ვარ მუსლიმი და მუსლიმისთვის უცხოელის დაძახება არ არის გამართლებული საქციელი“, - წერდა ის.
ალი მოჯანი X-ზე აღწერს ყანდაარში მომხდარს. ფოტოზე, რომელსაც მოჯანი იღებს, ჩანან თალიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მას ტერიტორიაზე არ უშვებენ
ალი მოჯანი X-ზე აღწერს ყანდაარში მომხდარს. ფოტოზე, რომელსაც მოჯანი იღებს, ჩანან თალიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მას ტერიტორიაზე არ უშვებენ
  • მისი მონათხრობის თანახმად, თალიბანის წარმომადგენლებს გაახსენა, რომ მათი ერთ-ერთი ლიდერი აბდულ ღანი ბარადარი ირანში პრეზიდენტ ებრაჰამ რაისის დაკრძალვისას ირანის მთავრობამ „პატივისცემით მიიღო, როგორც მთავრობის მაღალჩინოსანი“; ამაზე კი, მისივე თქმით, უპასუხეს: „ჩვენ მთავრობა არ ვართ, ჩვენ ვარ საამირო“.

მოგვიანებით, 9 ივლისს, მას ავღანეთის დატოვება მოსთხოვეს და ამისთვის სულ რამდენიმე საათი მისცეს.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ეს იყო პასუხი 2023 წლის დეკემბერში ირანის მიერ თალიბანის წარმომადგენელი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებაზე.

ირანს, დანარჩენი მსოფლიოს უმეტესი ნაწილის მსგავსად, ოფიციალურად არ უღიარებია ავღანეთის ისლამური საამირო, რომელსაც 2021 წლიდან მართავს თალიბანი - მოძრაობა, რომელსაც ბევრი ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ირანსა და ავღანეთს შორის ბოლო წლებში რამდენჯერმე იყო საზღვრისპირა სროლები; მეზობელ ქვეყნებს შორის დაძაბულობაა წყლის უფლებებთან დაკავშირებით.

მოჯანის დავალება საქართველოში

„პრეზიდენტმა [მასუდ] ფეზეშქიანმა საქართველოში ჩემი დიპლომატიური მისიის დაწყების წინ სამი დავალება გასცა“, - ამბობს ელჩი 12 იანვარს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში და ჩამოთვლის:

  1. ყველა მხარისთვის დაბალანსებული სარგებლის უზრუნველყოფა;
  2. კონსტრუქციული და მომავალზე ორიენტირებული მონაწილეობა სტაბილური კავკასიის ჩამოყალიბებაში;
  3. ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგის გაძლიერება.

„შემდეგ მან [ფეზეშქიანმა] აღნიშნა, რომ კონსტრუქციული ტრანსრეგიონული თანამშრომლობა კოლექტიური მშვიდობის, სტაბილურობის და მდგრადი განვითარების საწინდარია“, - წერს ის.

ელჩი ალი მოჯანი და ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი
ელჩი ალი მოჯანი და ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი

ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალდანიშნულმა ელჩმა საქართველოში რწმუნებათა სიგელის ასლი 9 იანვარს გადასცა საქართველოს ოფიციალურ პირებს.

ელჩი ალი მოჯანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
ელჩი ალი მოჯანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში

4 იანვარს მოჯანი თეირანში სტუმრობდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩის, რომელმაც თქვა, რომ „ირანი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოსთან ურთიერთგაგების განმტკიცებას პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ, სავაჭრო, სატრანზიტო და ტურიზმის სფეროებში“

მისი თქმითვე, ირანისა და საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება „ახლო ისტორიულ კავშირებს“.

თავის მხრივ, ახალდანიშნულმა ელჩმა ისაუბრა გეგმებზე, კიდევ უფრო გააღრმაოს ორმხრივი ურთიერთობები თეირანსა და თბილისს შორის.

თბილისში გამომგზავრებამდე ის შეხვდა ირანის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ღოლამრეზა ნური ღეზელიჯეს.

ალი მოჯანი ირანის სოფლის მეურნეობის მინისტრთან
ალი მოჯანი ირანის სოფლის მეურნეობის მინისტრთან

აქ განიხილეს ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები. მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების „მაღალი ხარისხის თესლის გამოყვანის“ საკითხი.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, საელჩოს სხვა დიპლომატებთან ერთად, მოინახულა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს პირველი ელჩის, პროფესორ ჯემშიდ გიუნაშვილის საფლავი.

„ირანის ელჩმა ასევე გაიხსენა ერთ-ერთი უკანასკნელი საუბარი განსვენებულ ჯემშიდ გიუნაშვილთან და აღნიშნა: ის ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ ელჩი არ უნდა იყოს მხოლოდ მთავრობის წარმომადგენელი, არამედ ის უნდა წარმოადგენდეს საერთო ისტორიას და ორი ერის მახლობელ კულტურას“, - წერს ირანის საელჩო.

დემონსტრაციები ირანში და საელჩოს გზავნილები

  • თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 2025 წლის 29 დეკემბერს დაიწყო.
  • დაღუპული და დაკავებული დემონსტრანტების რაოდენობა დაუზუსტებელია, თუმცა, აშშ-ში მდებარე HRANA, - ადამიანის უფლებების დამცველი ირანელი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო - იუწყება, რომ 11 იანვრის ჩათვლით, 15 დღის განმავლობაში საპროტესტო აქციების დროს 544 ადამიანი დაიღუპა.
  • HRANA-ს ცნობით, სულ მცირე, 10 061 ადამიანი დააკავეს და დემონსტრაციები 31-ვე პროვინციის 186 ქალაქში, 585 ადგილას დაფიქსირდა. ამ მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია, ქვეყანაში ინტერნეტის თითქმის სრული გათიშვის გამო ინფორმაციის მოპოვება ძალიან ჭირს, შეზღუდულია სატელეფონო მომსახურებაც.

ირანელი ანტისამთავრობო დემონსტრაციების მხარდამჭერი აქციები იმართება თბილისშიც, ირანის საელჩოს წინ.

10 იანვარს რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ ირანში მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერი აქცია გამართა.

აქცია გაიმართე ორშაბათს, 12 იანვარსაც.

პარალელურად, ირანის საელჩო საქართველოში ავრცელებს თეირანის ცენტრალური ხელისუფლების გზავნილებს.

მაგალითად, 6 იანვარს საელჩომ ქართულ ენაზე გააზიარა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აშშ-ის შესახებ, რომლითაც ვაშინგტონი „ირანის შიდა საქმეებში ჩარევაში“ დაადანაშაულა და „მკაცრად დაგმო“. ეს განცხადება ასევე გადასწვდა ისრაელს, რომელსაც უწოდებს „სიონისტურ რეჟიმს“ და წერს:

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ ირანის წინააღმდეგ გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებებს აფასებს, როგორც სიონისტური რეჟიმის პოლიტიკის ტოლფასს, რომელიც რეგიონში დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავებას ისახავს მიზნად“.

10 იანვარს კი საელჩომ გამოაქვეყნა გაეროში ირანის მუდმივი წარმომადგენლის განცხადება, რომლის თანახმადაც „მშვიდობიანი დემონსტრაციების გადაქცევა ძალადობრივ აქციებად, რომლის მიზანსაც ხელისუფლების დამხობა წარმოადგენს, მთლიანად ამერიკის კისერზეა“.

„მათ პროვოკაციული განცხადებებით, საჯარო მუქარით და პოლიტიკური გზავნილებით ხელი შეუწყვეს ძალადობის წახალისებას, მხარი დაუჭირეს ტერორისტულ ჯგუფებს“, - წერია განცხადებაში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაყჩის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციები „ძალადობრივი და სისხლისმღვრელი გახდა, რათა საბაბი მისცემოდა“ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ქვეყანაში სამხედრო ჩარევისთვის.

11 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ ის და აშშ-ის სამხედროები სწავლობენ ირანში მომიტინგეების მხარდაჭერის ვარიანტებს.

დონალდ ტრამპის განცხადებით კი, ირანის ხელმძღვანელობამ ვაშინგტონს მოლაპარაკება შესთავაზა.

„ირანის ლიდერებმა დარეკეს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე 11 იანვარს. მან დაამატა, რომ „იგეგმება შეხვედრა ... მათ მოლაპარაკება სურთ“. თუმცა „შესაძლოა შეხვედრამდე მოქმედება მოგვიწიოს“, - თქვა ტრამპმა ისე, რომ დეტალები აღარ დაუზუსტებია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG