„[ეს] არის გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, როგორც ამ ქვეყნის არჩევანს. თუმცა ირანელები იმოგზაურებენ, ნახავენ და შეიცნობენ... და შესაძლოა, სწორედ ამ ახლის არჩევანში ახალი მეგობრობებიც ჩამოყალიბდეს“.
იმავე დღეს, 12 სექტემბერს ირანის საელჩოს გვერდზე ქართულ ენაზე გამოქვეყნდა ცნობა ირანისა და რუსეთის საგარეო მინისტრების მოადგილეების შეხვედრის შესახებ, სათაურით: „ირანისა და რუსეთის მიერ ურთიერთობების განვითარების საერთო მზადყოფნის დადასტურება“.
ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ კი 13 სექტემბერს განაცხადა, რომ „დღევანდელ გლობალურ ეკონომიკაში ერთი ... სავაჭრო მარშრუტის გამორიცხვა ყოველთვის არ ნიშნავს ახალი შესაძლებლობის შექმნას“.
მისი შეფასებითვე, საქართველომ ეს ნაბიჯი „ამერიკის დიდებისთვის“ გადადგა. მოგვიანებით ელჩმა რადიო თავისუფლებას შეკითხვას ამ საკითხზე უკომენტაროდ უპასუხა თავისი ძველი პოსტით, სადაც წერს: „ზოგჯერ დიპლომატს შეუძლია არც არაფერი თქვას, არც არაფერი დაწეროს“.
სანქციები ირანულ ავიაკომპანიებს
8 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა ირანის საავიაციო სექტორის მხარდაჭერის გამო 36 კომპანიასა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანის ხელისუფლება საავიაციო სექტორს იარაღის, პერსონალისა და უკანონო ტვირთების გადასაზიდად იყენებს.
სანქციები შეეხო 27 ირანულ ავიაკომპანიას. მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც საქართველოს მიმართულებით რეისებს ასრულებენ.
კერძოდ, თბილისსა და ბათუმში პირდაპირ ფრენებს ექვსი ირანული ავიაკომპანია ასრულებს:
- Qeshm Air,
- Varesh Airlines,
- Sepheran Airlines,
- Fly Kish Airlines,
- Taban Airlines,
- AVA Airlines.
საქართველო „სანქციებს დაიცავს“
10 სექტემბერს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ ქართული მხარე „საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით“ იმოქმედებს.
„საქართველო აქტიურად იცავს და უზრუნველყოფს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების შესრულებას. ეს ეხება საავიაციო სექტორსაც“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს თანახმადვე, იგი წლებია, დამატებითი მონიტორინგის მექანიზმის სახით, ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სანქცირებულთა სიით (SDN List) და OFAC-ის მიერ ადმინისტრირებული ყველა სხვა სასანქციო ნუსხით.
„შესაბამისად, აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს ადრეც შეზღუდული ჰქონდა რამდენიმე ავიაკომპანიის ოპერირება“, - განაცხადეს უწყებაში.
„ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაჟღერებული გაფართოებული სასანქციო ნუსხა მოიცავს ავიაკომპანიებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ასრულებენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ირანს შორის, ქართული მხარე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით“, - განაცხადა ავიაციის სააგენტომ.
„გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, თუმცა“
„ბოლო დღეებში, ირანელმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურისტული მოგზაურობების გაგრძელებასთან დაკავშირებით ახალი კითხვებით მიმართეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო განყოფილებას“, - წერია ირანის საელჩოს მიერ 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში და მითითებულია, რომ „პასუხი ნათელია“:
„საქართველოს ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც დასავლეთის სანქციებიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება, არის გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, როგორც ამ ქვეყნის არჩევანს. თუმცა სხვების არჩევანის პატივისცემა არ ნიშნავს საკუთარი არჩევანის უფლების უგულებელყოფას“.
შემდეგ წერია, რომ „ირანელები მოგზაურობის მიმართულების არჩევისას, როგორც ნებისმიერი სხვა საზოგადოება, გადაწყვეტილებას მთელი რიგი მოსაზრებების საფუძველზე იღებენ, მათ შორის უსაფრთხოების, სიმარტივის, სარგებლის, ხარჯების, ურთიერთპატივისცემისა და ღირსების გათვალისწინებით“.
ნათქვამია, რომ „საქართველო ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი“, „ტურიზმის ეკონომიკა ცოცხალი და ორმხრივი ეკონომიკაა“ და „ტურისტების ჩამოსვლა მხოლოდ მოგზაურთა შემოსვლას არ ნიშნავს - ამით სარგებლობს … ეკონომიკის ათეულობით მიმართულება“.
„თუ დღეს ახალი ვითარება შეიქმნა, მას მხოლოდ შეზღუდვად არ უნდა შევხედოთ. ყოველი შეზღუდვა შეიძლება ახალი გზების პოვნის შესაძლებლობად იქცეს. შავი ზღვა მხოლოდ ერთი მიმართულება არ არის და მას მხოლოდ ერთი სანაპირო არ აქვს. ამ სივრცეში არსებობს სხვა ლამაზი და ზოგჯერ უფრო ხელმისაწვდომი სანაპიროები და პორტებიც, რომლებიც შეიძლება ირანელთა მოგზაურობის მიმართულებებად იქცეს“, - განაცხადა საელჩომ.
„არსებობს სხვა მიმართულებებიც - სხვა ქვეყნები სანახავად, სხვა კულტურები გასაცნობად და სხვა ხალხები სასაუბროდ. ირანელები იმოგზაურებენ, ნახავენ და შეიცნობენ. თუმცა მიმართულებას გააზრებულად, ურთიერთსარგებლისა და ურთიერთღირსების საფუძველზე აირჩევენ. და შესაძლოა, სწორედ ამ ახლის არჩევანში ახალი მეგობრობებიც ჩამოყალიბდეს“.
არ არის დაზუსტებული, რა ჰიპოთეტურ „ახალ მეგობრობებზეა“ საუბარი.
განცხადება სრულდება ფრაზით, რომ „საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი პატივისცემა და მეგობრობა უცვლელია, - ისევე, როგორც ირანისა და ირანელთა არჩევანის უფლებაც პატივსაცემია“.
„ამერიკის დიდებისთვის“
ფეისბუკის პირად გვერდზე იდენტური პოსტის კომენტარებში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს ფეისბუკ-მომხმარებელი ეკითხება:
- „საქმის კურსში არ ვარ, შეზღუდეს ტურიზმი? თუ კი, რა მიზეზით? როდის?“
- „ამერიკის დიდებისთვის!“ - უპასუხა ელჩმა.
„შავი ზღვის რეგიონის“ რუკა
რუკაზე, რომელიც ირანის საელჩოს 12 სექტემბრის ამ განცხადებას ფეისბუკზე ერთვის თან, რეგიონის რამდენიმე ქვეყნის - უკრაინის, თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და საქართველოს - ნაწილებია გამოსახული.
უკრაინისგან განსხვავებულ ფერშია რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი გამოსახული - მიუხედავად იმისა, რომ ირანი ოფიციალურად არ აღიარებს რუსეთის მიერ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.
რუკაზე საქართველოს მხოლოდ დასავლეთ ნაწილი ჩანს.
ამ დასავლეთ ნაწილში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, - ყირიმისგან განსხვავებით, არაა გამოყოფილად და განსხვავებულ ფერად აღნიშნული.
სოციალურ ქსელებში რუკის ამგვარმა გამოსახვამ მოქალაქეების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. „ქართლ-კახეთი დიდი ხანია საქართველოს შემადგენლობაშია და არა ირანის“, - უწერენ საელჩოს პოსტის კომენტარებში და მოუწოდებენ „პატივი სცეს საქართველოს რუკას“.
ცნობა ირან-რუსეთის ურთიერთობებზე
ეს რუკა და განცხადება 12 სექტემბერს 18:47 საათზეა საელჩოს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული.
იმავე საღამოს, ოციოდე წუთში - 19:06 საათზე - გამოქვეყნდა ცნობა ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების, მეჰდი სობჰანისა და ანდრეი რუდენკოს შეხვედრის შესახებ.
„მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა და ერთობლივი მსხვილი პროექტები, მათ შორის რაშტ–ასტარის სარკინიგზო პროექტი. მათ ხაზი გაუსვეს ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარების აუცილებლობას ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შესაბამისად“, - წერია პრესრელიზში.
საელჩო ციტირებს ირანის საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს და წერს, რომ 2025 წლის 17 იანვარს პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის მოსკოვში ვიზიტისას მან და ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს „ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას“.
როგორც რადიო თავისუფლება წერდა, ირანისა და რუსეთის მიერ 17 იანვარს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, „სამხრეთ კავკასიაში გარე ძალების ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობას“ ითვალისწინებს.
„მშვიდი ნაპირის ნამდვილი ღირებულება“ - ელჩის მორიგი წერილი
13 სექტემბერს კი გამოქვეყნდა ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის წერილი, სადაც ის წერს, რომ „პატარა ეკონომიკებს, უპირველეს ყოვლისა, ერთი რამ სჭირდებათ: მომავლის პროგნოზირებადობა“.
„დღევანდელ გლობალურ ეკონომიკაში ერთი ქვეყნის, ერთი პორტის ან ერთი სავაჭრო მარშრუტის გამორიცხვა ყოველთვის არ ნიშნავს ახალი შესაძლებლობის შექმნას“, - წერს იგი.
„ზოგჯერ ეს მხოლოდ იმ ქსელის ნაწილის დაკარგვას იწვევს, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, და ეკონომიკას უფრო მცირე რაოდენობის, შესაბამისად კი უფრო მოწყვლად არჩევანებზე დამოკიდებულს ხდის“, - წერია ალი მოჯანის განცხადებაში.
„ზოგჯერ მშვიდი ნაპირი შორიდან დაბრკოლებად შეიძლება ჩანდეს; მაგრამ როდესაც ნავი შავი ღრუბლებით დაფარულ ზღვაში აღმოჩნდება, სწორედ მაშინ უკეთ ვხვდებით იმ ნაპირის ნამდვილ ღირებულებას“, - წერს ელჩი მოჯანი.
ელჩის „პასუხი“ რადიო თავისუფლების შეკითხვებს
რადიო თავისუფლება 13 სექტემბერს ირანის ელჩს დაუკავშირდა შეკითხვით, იყო თუ არა რუკის აღნიშნული ფორმით გამოქვეყნება საელჩოს მხრიდან პოლიტიკური გზავნილის შემცველი.
მან გვიპასუხა თავისივე ფეისბუკ-პოსტის ბმულით. ეს პოსტი მას 1 სექტემბერს აქვს გამოქვეყნებული და წერს:
„დიპლომატებმა ყოველთვის უნდა მიაქციონ ყურადღება თავიანთ ნათქვამის და პუბლიკაციის ყველა ასპექტსა და შესაძლო შედეგს.
თუმცა, ზოგჯერ დიპლომატს შეუძლია არც არაფერი თქვას, არც არაფერი დაწეროს და უბრალოდ, მხოლოდ ერთი ფოტო გააზიაროს.
შესაძლოა, ეს ფოტო თავად იყოს პასუხი:
წყალი საზღვრებს არ ცნობს; კავკასიასა და ირანს ერთმანეთთან დაკავშირებული საერთო მომავალი სჭირდებათ“.
---
- ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ წარმოებული კონფლიქტი, რასაც ენერგომატარებლების ფასების გლობალური ზრდა მოჰყვა, უკვე მეშვიდე თვეა, გრძელდება;
- მძიმე ბრძოლები ამჟამად შეწყვეტილია, თუმცა ომის დასრულებისთვის დიპლომატიური ძალისხმევა წინ ვერ მიიწევს;
- ამასთან, ჰორმუზის სრუტეში ნავთობისა და ნედლეულის გადაზიდვა კვლავ შეფერხებულია.
ფორუმი