საელჩოს ღონისძიების მოსაწვევზე, - რომელიც აკადემიური, პოლიტიკური და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებს დაურიგეს, - ინგლისურ ენაზე ეწერა:
„ირანში ქართველების ჩასვლის 410 წლისთავი“.
მოსაწვევის ფოტო გაავრცელა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი სანიკიძემ.
„ტრაგიკულ მოვლენას გვაზეიმებს“
„[ეს თარიღი] გამოდის 1616 წელი - შაჰა აბასის ლაშქრობების დროს (1613-1617) კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის გაწყვეტა ირანელების მიერ და გადარჩენილების მნიშვნელოვანი ნაწილის ძალადობრივი გადასახლება ირანში“, - წერს გიორგი სანიკიძე.
„ანუ ირანული მხარე „გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას“, - აცხადებს იგი.
„ამგვარ შეურაცხყოფაზე ხელისუფლებას არათუ რეაქცია არ აქვს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მისასალმებელი სიტყვითაც კი გამოდის. მემგონი, კომენტარი ზედმეტია“, - წერს პროფესორი სანიკიძე ფეისბუკზე.
იგი ამბობს, რომ გადაწყვიტა, ღონისძიებას არ დასწრებოდა: „დღეს ირანში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ ჩავთვალე მისვლა“.
მცირე ხნის წინ ირანში საყოველთაო საპროტესტო დემონსტრაციებისას ხელისუფლებამ ათასობით მოქალაქე დახოცა.
ირანის საელჩოს პასუხი (განახლება)
ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი „ნეტგაზეთთან“ გამოეხმაურა გიორგი სანიკიძეს. საელჩოს მიერ მიწოდებული პასუხის მიხედვით, 410 წლის წინ ქართველების ირანში გადასახლებას ის „ირანში ჩასვლას“ უწოდებს.
„1616 წელს, ანუ 410 წლის წინ, ირანში ჩავიდა ქართველების პირველი ჯგუფი. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს ირანის ვაჭრობის განვითარებაში, არქიტექტურასა და ირანის ტერიტორიის დაცვაში. დღეს, ისლამურ საბჭოს მეჯლის ერთ-ერთი წევრია ირანელი ქართველების წარმომადგენელი, რომლებმაც ბოლო ოთხი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნეს თავიანთი ენა და კულტურა და წარმოადგენენ დამაკავშირებელ საზოგადოებრივ ხიდს ჩვენს ხალხსა და დღევანდელ საქართველოს შორის“, - ამბობს ელჩი.
მაღალჩინოსნები ღონისძიებაზე
ირანის ელჩის ცნობით, 11 თებერვალს გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.
ელჩ ალი მოჯანის სიტყვებით, დარსალიამ „ოფიციალურად მიულოცა ირანს ეს თარიღი და უწოდა მას ირანის ისტორიული გზის, ეროვნული იდენტობისა და განვითარების სიმბოლო“.
დარსალიამ, - რომელიც გასულ კვირაში შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა საქმიანი ვიზიტით, - ამავე ღონისძიებაზე, ელჩის სიტყვებით, „ხაზგასმით აღნიშნა“, რომ:
- „ორ ერს შორის არსებობს ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში მჭიდრო ურთიერთობა“;
- „ეს სახალხო კავშირები ირანსა და საქართველოს შორის მდგრადი თანამშრომლობის საფუძველი და მთავარი საყრდენია“.
ღონისძიება ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ გაიმართა.
მას ასევე დაესწრო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.
2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე, ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა; მედიაში მას ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირად მოიხსენიებენ.
ისლამური რევოლუციის წლისთავზე თბილისის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებას საქართველოში ისრაელის საელჩო გამოეხმაურა და განაცხადა:
„რა გზავნილია ეს თბილისისგან რეგიონისთვის, მსოფლიოსა და ირანის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან?“
- 2026 წლის იანვარში, ირანში საპროტესტო დემონსტრაციებისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა ათასობით ადამიანი დახოცეს.
- უფლებადამცველთა ჯგუფის, HRANA-ს მონაცემების თანახმად, დადასტურებულია 6961 ადამიანის დაღუპვა;
- კიდევ 11 630 შემთხვევა მოწმდება;
- დაშავდა 11000-ზე მეტი ადამიანი.
- დაკავებულია 51 ათასზე მეტი ადამიანი. მათ შორის, 112 სტუდენტი.
- სხვა წყაროები სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ, მაგრამ ყველა ცნობაში ლაპარაკია ათასობით მსხვერპლზე.
ფორუმი