ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რესის" ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა 27 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, „მარატ კამბოლოვი დაინიშნა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლად“.
ვინ არის ჩრდილოეთ ოსეთში დაბადებული, 61 წლის მარატ კამბოლოვი, გორის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებული და რუსეთის „კურჩატოვის ინსტიტუტის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც რუსული მედია ალან გაგლოევის სავარაუდო შემცვლელად ასახელებს?
სააგენტო „რესის" ცნობით, კამბოლოვი უხელმძღვანელებს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების განხორციელებას. კამბოლოვის მოვალეობებში ასევე შევა იმ ერთობლივი პროექტების კოორდინაცია, რომლებიც ინტეგრაციის, საინვესტიციო თანამშრომლობისა და ინფრასტრუქტურული პროგრამების განვითარებას ემსახურება“.
როგორც ექსპერტები შენიშნავენ, მარატ კამბოლოვს რუსეთის ფედერაციის ფედერალურ ხელისუფლებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში მას ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ეროვნებებისა და ფედერაციული ურთიერთობების სამინისტროში, ასევე ხელმძღვანელობდა რუსეთის ეროვნულ კვლევით ცენტრ „კურჩატოვის ინსტიტუტს“. კამბოლოვს ასევე აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება რეგიონთაშორისი თანამშრომლობის, საინვესტიციო განვითარებისა და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების მართვის საკითხებში.
მარატ კამბოლოვი — 1987-1990 წლებში მუშაობდა საკავშირო ლენინური კომუნისტური ახალგაზრდული კავშირის (ВЛКСМ) არჩევით ორგანოებში; 1991-1994 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის ანტიმონოპოლიური პოლიტიკის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი სპეციალისტი; 1994-1997 წლებში — რუსეთის ფედერაციის ეროვნებათა და ფედერაციული ურთიერთობების სამინისტროს განყოფილების უფროსი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1997-2003 წლებში — რუსეთის ფედერაციის ეროვნებათა და ფედერაციული ურთიერთობების სამინისტროსთან არსებული რუსეთის ხალხთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 2003-2004 წლებში — რუსეთის ფედერაციის მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მრჩეველი; 2005 წლის ივნისიდან — მეცნიერებისა და ინოვაციების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე; 2010 წლის ნოემბრიდან 2014 წლის აგვისტომდე — რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 2021 წლის სექტემბრიდან 2025 წლის იანვრამდე — "კურჩატოვის ინსტიტუტის" დირექტორი. განათლება: 1988 წელს დაამთავრა გორის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი; 1994 წელს — რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული მართვის აკადემია; 1996 წელს — რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული სახალხო მეურნეობის აკადემია; 1998 წელს — მოსკოვის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტი სპეციალობით „იურისპრუდენცია“; 2005 წელს — რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო სამსახურის აკადემია სპეციალობით „სახელმწიფო მართვა“. ჯილდოები: დაჯილდოებულია „მეგობრობის ორდენით“ (2012), ორდენით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ — IV ხარისხის (2014) და III ხარისხის (2018).
რუსულმა გამოცემა „ნოვიე ვედომოსტიმ“ მარატ კამბოლოვის გაგლოევის მრჩევლად დანიშვნამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით: „კრემლმა სამხრეთ ოსეთისთვის ახალი არქიტექტორი იპოვა?“ ამ სტატიის მიხედვით, რუსეთის ფედერალურმა ცენტრმა შესაძლოა არჩევანი ადგილობრივი კლანების გარეთ მდგომ ადამიანზე - მარატ კამბოლოვზე - შეაჩეროს.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს უნდა გაიმართოს. როგორც ჩანს, კრემლი წინასწარ იჭერს თადარიგს.
„ვედომოსტის“ მიხედვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ წრეებსა და კავკასიის საკითხებით დაკავებულ საექსპერტო საზოგადოებაში ბოლო კვირებში აქტიურად განიხილავენ "რესპუბლიკაში ხელისუფლების" ტრანსფერის შესაძლო სცენარს. იმ წყაროების ინფორმაციით, რომლებიც ვითარებას იცნობენ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის" ყველაზე სავარაუდო კანდიდატად ეროვნული კვლევითი ცენტრის, „კურჩატოვის ინსტიტუტის“ პირველი ვიცე-პრეზიდენტი მარატ კამბოლოვი განიხილება:
„საუბარია არა სპონტანურ საკადრო გადაწყვეტილებაზე, არამედ მრავალსაფეხურიანი პოლიტიკური კონსტრუქციის ფორმირებაზე. სავარაუდო მექანიზმი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის საკმაოდ ტრადიციულად გამოიყურება: თავდაპირველად რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა, შემდეგ — ბინადრობის ცენზთან დაკავშირებული ფორმალური შეზღუდვების მოხსნა, და ამის შემდეგ — საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობა ფედერალური ცენტრის მხარდაჭერით“.
გამოცემის წყაროები ამ სქემის მთავარ ელემენტად მიიჩნევენ ახალ შეთანხმებას (ცხინვალსა და მოსკოვს შორის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ), რომელსაც 9 მაისს ხელი მოაწერეს ვლადიმირ პუტინმა და ალან გაგლოევმა. დამკვირვებლების აზრით, სწორედ ეს შეთანხმება ქმნის სამართლებრივ საფუძველს შემდგომი პოლიტიკური მანევრისთვის.
ექსპერტთა თქმით, კამბოლოვის ფიგურა ამ კონტექსტში რამდენიმე მიზეზის გამო იქცევს ყურადღებას. ერთი მხრივ, იგი კარგად არის ცნობილი ოსურ ელიტურ წრეებში, აქვს მყარი კავშირები ჩრდილოეთ ოსეთის ისტებლიშმენტის წარმომადგენლებთან და მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა კონტაქტებს რეგიონთან. მეორე მხრივ კი, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კამბოლოვი, პრაქტიკულად, არასაჯარო ფიგურაა. სწორედ ეს კომბინაცია აქცევს მას კრემლის სცენარის განხორციელების ხელსაყრელ კანდიდატად.
„ადგილობრივი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული კლანურ და შიდაჯგუფურ ვალდებულებებთან, კამბოლოვი არ არის ჩართული ცხინვალის დაპირისპირების სისტემაში და არც რომელიმე გავლენიან ჯგუფთან არ ასოცირდება. მოსკოვისთვის ასეთი კონფიგურაცია შესაძლოა პრინციპულად მნიშვნელოვანი იყოს. სამხრეთი ოსეთი ბოლო წლებში არა მხოლოდ ქრონიკული ეკონომიკური სირთულეების, არამედ მმართველობითი კონფლიქტების წინაშეც დგას, რომლებიც პერიოდულად სხვადასხვა პოლიტიკური ცენტრების ბრძოლის ფონზე მწვავდება. ასეთ პირობებში ფედერალური ცენტრი დაინტერესებულია ისეთი ფიგურის გამოჩენით, რომელიც ერთდროულად შეინარჩუნებს პოლიტიკურ მართვადობას და ადგილობრივ კონფლიქტებსაც გაემიჯნება“, - წერს „ნოვიე ვედომოსტი“.
დამკვირვებლების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ხელსაყრელია ფსონის ისეთ მმართველზე დადება, რომელსაც სამი მახასიათებელი აქვს: ოსური წარმომავლობა, მყარი ფედერალური კავშირები და ადგილობრივი ელიტებისგან დამოუკიდებლობა. კამბოლოვი ამ კონსტრუქციას სრულად შეესაბამება.
2026 წლის 25 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს „რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“. მანამდე, დოკუმენტი, რომელსაც 9 მაისს პუტინმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა მოაწერეს ხელი, 13 მაისს რუსეთის სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა. შეთანხმება ითვალისწინებს თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური სფეროების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების შექმნას. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ასევე თანხმდებიან ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების სისტემების ეტაპობრივ ინტეგრაციაზე, კანონმდებლობის დაახლოებასა და განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე.
გამოცემის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოტენციური კანდიდატის ამჟამინდელ სამუშაო ადგილსაც: „კურჩატოვის ინსტიტუტი“ ტრადიციულად რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამეცნიერო-ტექნოლოგიურ სტრუქტურად მიიჩნევა. მისი საქმიანობა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ აკადემიურ სფეროს - ინსტიტუტი ჩართულია სახელმწიფოს სტრატეგიული მეგაპროექტების განხორციელების სისტემაში. წყაროები ყურადღებას ამახვილებენ ინსტიტუტის ირგვლივ არსებულ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ კონტექსტზეც. კამბოლოვს დიდი ხანია უკავშირებენ ძმებ კოვალჩუკების გავლენის წრეს, უპირველეს ყოვლისა — იური კოვალჩუკს, რომელსაც ბევრი ექსპერტი პუტინთან დაახლოებულ მსხვილ ბიზნესმენთა შორის მოიხსენიებს. სხვადასხვა სტრუქტურის მეშვეობით ეს წრე მონაწილეობს ფართომასშტაბიანი საკადრო და ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების განხორციელებაში.
ექსპერტთა შეფასებით, გავლენის ასეთ ქსელთან კავშირი კამბოლოვს მნიშვნელოვნად განასხვავებს სხვა პოტენციური პრეტენდენტებისგან, რომელთა პოზიციებიც, როგორც წესი, ძალოვანი სტრუქტურების ან რეგიონულ-ადმინისტრაციული არხების მეშვეობით ყალიბდება. ამ შემთხვევაში საქმე უფრო ტექნოკრატიული ტიპის ფიგურასთან გვაქვს, რომელიც ფედერალური სტრატეგიული მართვის სისტემაშია ინტეგრირებული. წყაროები დამატებით მნიშვნელობას ანიჭებენ კამბოლოვის მჭიდრო კონტაქტებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, სერგეი კირიენკოსთან, რომელიც რუსეთის შიდა პოლიტიკის მთავარი კურატორია.
„ამასთან, კამბოლოვის სახელი ოსურ პოლიტიკურ გარემოში პირველად არ ფიგურირებს. წყაროების ინფორმაციით, სხვადასხვა პერიოდში განიხილებოდა მისი დანიშვნის შესაძლებლობა ჩრდილოეთ ოსეთში ხელმძღვანელ პოზიციებზე. მას განიხილავდნენ ადამიანად, რომელსაც შეეძლო რეგიონში ფედერალური მმართველობის სტილის შეტანა და რესპუბლიკის საერთო ფედერალურ მმართველობით სისტემასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის უზრუნველყოფა. თუმცა ეს სცენარი საბოლოოდ არ განხორციელდა.
მიუხედავად იმისა, რომ კამბოლოვმა ცხოვრების დიდი ნაწილი მოსკოვში გაატარა და ფორმალურად ადგილობრივ გავლენიან ჯგუფებს არ ეკუთვნოდა, იგი მაინც ინარჩუნებდა ჩრ. ოსეთის რესპუბლიკასთან მჭიდრო კავშირებს, რეგულარულად ჩადიოდა სამშობლოში, მონაწილეობდა სოციალური საკითხების მოგვარებაში და ხელს უწყობდა ინვესტიციების მოზიდვას. გარდა ამისა, მისი მონაწილეობით განხორციელდა რამდენიმე ერთობლივი პროექტი „კურჩატოვის ინსტიტუტის“ სტრუქტურებთან ერთად.
„ჩრდილოეთ ოსეთში კამბოლოვს დღემდე ჰყავს მრავალი ნათესავი და მეგობარი, ინარჩუნებს არაფორმალურ კონტაქტებს, - წერს „ნოვიე ვედომოსტი“, - ვლადიკავკაზში თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში მას გარდაუვალად მოუწევდა ადგილობრივი ინტერესების რთულ სისტემაში ჩარევა, რაც ავტომატურად ნიშნავდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც სხვადასხვა ელიტური ჯგუფის პოზიციებს შეეხებოდა. მისი უახლოესი გარემოცვის წყაროების მტკიცებით, თავად კამბოლოვი ცდილობდა მსგავსი სიტუაციის თავიდან აცილებას, რადგან ესმოდა, რომ „გორდიასის კვანძის გაჭრის“ მცდელობა აუცილებლად გამოიწვევდა კონფლიქტებსა და წყენას გავლენიანი კლანების ნაწილის მხრიდან. სამხრეთ ოსეთში სხვაგვარი ვითარებაა. ცხინვალში კამბოლოვი გაცილებით ნაკლებად არის ცნობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შესაძლო დანიშვნა შეიძლება აღქმული იყოს არა როგორც რომელიმე შიდა ჯგუფის გამარჯვება, არამედ როგორც მმართველობის სისტემის მოდერნიზაციის ფედერალური პროექტი“.
კამბოლოვის კარიერა თითქმის მთლიანად უკავშირდება რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო სამსახურს. „კურჩატოვის ინსტიტუტამდე“ მას რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ეკავა თანამდებობები, მათ შორის ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურში, ეროვნებათა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროში, ასევე მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში. 2006 წლიდან კამბოლოვი რუსეთის მეცნიერებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2010-2014 წლებში რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
კამბოლოვს რუსეთის სახელმწიფო სამსახურის უმაღლესი ჩინი — პირველი კლასის მოქმედი სახელმწიფო მრჩეველი — აქვს მინიჭებული.
ექსპერტთა შეფასებით, ცხინვალის რეგიონში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ფონზე, მოსკოვისთვის გარე მმართველის დანიშვნის იდეა საკმაოდ ლოგიკურად გამოიყურება. კრემლის პოზიციიდან ცხინვალის რეგიონს სჭირდება არა მხოლოდ დამატებითი ფინანსური რესურსები, არამედ ადმინისტრაციული მართვის ახალი მოდელი, რომელსაც ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა შეეძლება.
„კამბოლოვს ისეთი თვისებების ერთობლიობა აქვს, რომლის პოვნაც ადგილობრივი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებში რთულია: სახელმწიფო სამსახურში მნიშვნელოვანი გამოცდილება, ფედერალური კავშირები, ოსური საზოგადოების თავისებურებების ცოდნა და ამავე დროს შიდაპოლიტიკური დაჯგუფებებისგან შედარებითი დისტანცირება. ამ სცენარის განხორციელების შემთხვევაში კამბოლოვს მოუწევს არა მხოლოდ რესპუბლიკაში დაგროვილი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, არამედ ადგილობრივ ელიტებსა და ფედერალურ ცენტრს შორის ურთიერთობების ახალი სისტემის ჩამოყალიბებაც”, - წერს გამოცემა, რომლის მიხედვითაც, კამბოლოვის მასშტაბის ფიგურის ცხინვალში გადაყვანა იმაზე მიუთითებს, რომ ცხინვალის რეგიონის სამომავლო პოლიტიკური მოწყობის საკითხი თვისებრივად ახალ სიბრტყეში გადადის.
ფორუმი