Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლექტიური ჰიპნოზის ძალა


„ნათება“ (აშშ, 1980, რეჟისორი სტენლი კუბრიკი)

სტენლი კუბრიკის შედევრის აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა დაემთხვა „ნეტფლიქსისა“ და Warner Bros.-ის შეთანხმებას, რომელსაც შეიძლება ისტორიული ვუწოდოთ - სტრიმინგის სერვისი ყიდულობს ყველაფერს, რაც კი შექმნილა ჰოლივუდის ამ უძველეს სტუდიაში. „ნათებას“ ამჟამად უჩვენებენ თბილისის კინოთეატრებშიც და შეგიძლიათ ერთ პატარა ექსპერიმენტს მიმართოთ - წახვიდეთ კინოში, ნახოთ კუბრიკის, ჩემი აზრით, ყველაზე სრულყოფილი ფილმი, მერე კი ხელმეორედ უყუროთ თქვენს კომპიუტერში. სხვათა შორის, 1980 წელს, „ნათების“ პრემიერის შემდეგ, არაერთ მაყურებელს უთქვამს, რომ ფინალური ტიტრების დაწყებისთანავე გაუჩნდათ ფილმის ხელახლა ნახვის სურვილი, რათა „რაღაცები გაერკვიათ“; სტივენ კინგის რომანის ამ ეკრანიზაციის მთავარი მხატვრული სახე ხომ ლაბირინთია... არა მარტო ვიზუალური ლაბირინთი, დახლართული სივრცეებით და ქვეცნობიერი სამყაროს გამომხატველი ხატებით, არამედ ლაბირინთი-გამოცანა, ერთგვარი თავსატეხი, რომელიც უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას სვამს.

მაგრამ „ნათების“ ორჯერ ნახვას კინოში, შემდეგ კი თქვენს ლეპტოპზე თუ „სახლის კინოთეატრში“ იმიტომ არ გთავაზობთ, რომ რებუსების ამოხსნით გაიწვალოთ თავი. უბრალოდ მგონია, რომ ასეთი ექსპერიმენტი კინოთეატრის მაგიურ ძალაში დაგარწმუნებთ. 1983 წელს, სტენლი კუბრიკის ფილმის ტელევიზიით პირველი ჩვენების შემდეგ, არაერთი რეცენზია დაიწერა, რომლის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ „ნათება“ არა მარტო დიდი ეკრანისთვის გადაღებული ფილმია („ნეტფლიქსი“ იმხანად, ბუნებრივია, არ არსებობდა), არამედ ბნელ დარბაზში კოლექტიური აღქმისთვის განკუთვნილი ჯოჯოხეთის სურათია - „კოლექტიური კოშმარი“. 1997 წელს მოეწყო პრემიერა „ნათების“ სპეციალურად ტელევიზიისთვის გადაღებული ახალი ვერსიისა, რომელიც ჩავარდა, როგორც კომერციული პროექტი, მაგრამ მოეწონა სტივენ კინგს, თავის დროზე აღშფოთება რომ ვერ დამალა სტენლი კუბრიკის ფილმის გამო.

სხვათა შორის, ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც მწერალმა კუბრიკის ფილმი დაიწუნა, სწორედ თავსატეხების სიმრავლე იყო. გარდა ამისა, კინგი წერდა, რომ წიგნის მთავარი გმირი ბავშვია, თავისი ზებუნებრივი უნარებით.. კუბრიკმა კი ყურადღება მამამისზე გადაიტანა. არადა მწერალს სტენლი კუბრიკის შემოქმედება კარგად რომ შეესწავლა, ვფიქრობ, ასეთი ცვლილება მისთვის მოულოდნელი არ იქნებოდა - ფანტასტიკის ჟანრშიც კი კუბრიკს აინტერესებს არა ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული არსებები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელშიც ბოროტება ბუნებრივია.

მას შემდეგ, რაც ბერლიოზის მუსიკალური თემის ფონზე შესავალი ტიტრები დასრულდება (ესაა “ფანტასტიკური სიმფონიის” ის ნაწილი, რომელსაც “განკითხვის დღე” ჰქვია), გავიცნობთ ჯეკ ტორენსს და მის ოჯახს, ცოლს და მცირეწლოვან შვილს. ჯეკ ნიკოლსონის გმირი სასტუმრო “ოვერლუკის” მეთვალყურედ იწყებს მუშაობას. ამბობს, რომ წიგნს წერს, განმარტოება სჭირდება. ცოტა ხანში ირკვევა, რომ ხალხისგან დაცარიელებულ სასტუმროს საზარელი წარსული აქვს - მისი ყოფილი ზედამხედველი შეიშალა, დახოცა ოჯახის წევრები და თავი მოიკლა. ამის შემდეგ მაყურებელი ხვდება, რომ ისტორია აუცილებლად უნდა განმეორდეს (მით უმეტეს, რომ წიგნისგან განსხვავებით, ტორენსი ფაქტობრივად ფილმის პირველივე ეპიზოდიდან შეშლილის შთაბეჭდილებას ტოვებს). მაგრამ სტენლი კუბრიკი იმ თანამედროვე ავტორებს არ მიეკუთვნება, „სპოილერების“ რომ ეშინიათ, მხოლოდ და მხოლოდ ამბის, სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით რომ იწონებენ თავს. კუბრიკი არის რეჟისორი-ვიზიონერი. მისთვის მთავარია არა ისტორია, არამედ ამ ისტორიის გამოხატვა. კუბრიკი თითქმის არასდროს ჰყვება. ის გვიჩვენებს. და სწორედ ამისთვის სჭირდება მას დიდი დარბაზი, დიდი ეკრანი და, რაც მთავარია, თავმოყრა მაყურებლებისა, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ. ამ თვალსაზრისით „ნათება“ ნამდვილად ჰგავს კოლექტიური ჰიპნოზის სეანსს.

კუბრიკს ყოველთვის უყვარდა ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციები. მისი თითქმის ყველა ფილმი პოპულარული წიგნის ინტერპრეტაციაა. მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ რეჟისორი ლიტერატურას მიმართავდა სწორედ იმისთვის, რომ ლიტერატურული ნაწარმოები... სიტყვისგან გაეთავისუფლებინა. რა თქმა უნდა, სიტყვის მნიშვნელობა რჩება მის ეკრანიზაციებში, მაგრამ ამავე დროს სტენლი კუბრიკის ყველა ფილმი არის დროში განვითარებული მოქმედება - ვიზუალური ენის მიერ სიტყვის განდევნის პროცესი. ამიტომაც უწოდებენ ხოლმე მას „ვერბალურიდან მთარგმნელს“. კუბრიკთან დაკავშირებით ბევრი იხსენებს ხმის შემოსვლის პირველ ეტაპს კინოში, როცა სიახლის მომხრეებს (ასეთი ბევრი არ იყო) სიტყვის და გამოსახულების კონტრაპუნქტის შექმნა უნდოდათ. ეს ხალხი ცდილობდა გამოსახულება არ ყოფილიყო დამოკიდებული სიტყვაზე, რადგანაც დარწმუნებული იყო, ის, რაც შეგიძლია გამოხატო გამოსახულებით, უნდა გამოხატო გამოსახულებით და მაქსიმალურად განთავისუფლდე სიტყვისგან. კუბრიკს, როგორც დიდ კინემატოგრაფისტს, ასევე სჯერა, რომ „პირველად იყო“ არა სიტყვა, არამედ გამოსახულება...როგორც კიდევ ერთი დიდი ამერიკელი, დევიდ უორკ გრიფიტი, ამბობდა: „პირველად იყო კაცობრიობის ენა - მოძრავი გამოსახულება“. ეს ენა მოსწონს სტენლი კუბრიკს, ამ ენას, პირველყოფილ ენას აცოცხლებს თავის შემოქმედებაში, განსაკუთრებით კი „ნათებაში“, რომელიც თავიდან ბოლომდე „პირველყოფილი ბოროტების“ გაშიშვლებაა.

სტივენ კინგის ტექსტიდან სტენლი კუბრიკმა განსაკუთრებით გამოყო წარსულის, ძველი იარების გაცოცხლების ამბავი, წარმოდგენილი ფილმში „მოჩვენებების ჟანრში“, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, მაყურებელს გადაედოს აჩრდილების, მოჩვენებების არსებობის შეგრძნება, გაუჩნდეს ისტორიის, წარსულის დანახვის სურვილი. ამიტომაცაა, რომ კრიტიკოსები „ნათებას“ ხშირად ადარებენ ალფრედ ჰიჩკოკის ფილმებს, განსაკუთრებით „ფსიქოზს“ და „რებეკას“ - ჰიჩკოკის პირველ ჰორორს „ცოცხალი მკვდრის“ თემაზე. თუმცა, ვფიქრობ, პარალელი ჰიჩკოკთან მეტისმეტად ზედაპირულია. უფრო მეტიც, გარკვეული თვალსაზრისით, „ნათება“ ჰიჩკოკის შემოქმედების ალტერნატივაცაა.

პირველ რიგში, ფორმის თვალსაზრისით. „ნათებამდე“ გადაღებულ „საშინელებათა ფილმებში“ იშვიათია, შიშის განცდის გასაძლიერებლად განათება და ფერი იყოს გამოყენებული. იშვიათია, „ჰორორის“ სახვითი გადაწყვეტა მაქსიმალურად მიუახლოვდეს რეალობას... შეიძლება ითქვას, ნატურალისტური ფორმა მიიღოს, აბსოლუტურად ბუნებრივი განათებით. კუბრიკი ახერხებს შეგვაშინოს ისე, რომ არ მიმართოს განსაკუთრებულ ტექნიკურ ეფექტებს. გამოუვალობის, სიცივის ატმოსფერო ფაქტობრივად მხოლოდ იმიტომ იქმნება, რომ მთავარი სცენები ღამით და თოვლშია გადაღებული. სტრედიკამის სისტემის გამოყენება, მოძრავ ობიექტზე დამაგრებული კამერით, რბილი, პანორამული გადაღება ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ჩვენ სასტუმროს სივრცეში ვლივლივებთ (ან დავფარფატებთ) და ფილმის მსვლელობის მანძილზე თავად ვემსგავსებით მოჩვენებებს. ჰიჩკოკის ფილმების მსგავსად, „ნათებაც“ გადავსებულია ფსიქოანალიტიკური თუ რელიგიური სიმბოლოებით, აქ სასტუმროს ლიფტიც კი „ჯოჯოხეთში ჩასვლის“ სიმბოლოდ იქცევა. მაგრამ ჰიჩკოკისგან განსხვავებით, კუბრიკი იშვიათად მიმართავს აქცენტებს დეტალებზე და ერიდება „არქეტიპებით“ ჩვენი ყურადღების გაფანტვას. სწორედ ამით აიხსნება უხეში მონტაჟი და მკვეთრი გადასვლები ერთი კადრიდან მეორეზე, რაც სრულიად უცხოა კლასიკური „საშინელებათა კინოსთვის“. სტატიკური კადრებით გადაღებულ „ნათებაში“ კამერის მცირედი მოძრაობაც კი საკმარისია დაძაბულობის შესაქმნელად. სასტუმროს კომფორტული გარემო და საზარელი ისტორია, რომელიც ამ გაყინულ, მკაცრად სიმეტრიულ კადრებში თამაშდება, ქმნის კონტრასტს, დამახასიათებელს კუბრიკის ფილმებისთვის.

ექსტატიკური აგრესია, ნგრევის ვნება, ნეკროფილია... ალფრედ ჰიჩკოკთან ეს თემები წარმოდგენილია ქრისტიანული (კათოლიკური) კულტურის კონტექსტში. ამიტომ, როგორც წესი, საზარელ ამბებს ჰიჩკოკის ფილმებში თან ახლავს მონანიება, აღიარება, განწმენდა, კათარზისი... ამას სტენლი კუბრიკის ფილმებში და განსაკუთრებით „ნათებაში“, არ უნდა ელოდოთ. კუბრიკი, ისევე როგორც „მექანიკურ ფორთოხალში“, აქაც გვეუბნება, რომ ცივილიზაცია, მიუხედავად ტექნოლოგიური პროგრესისა, მაინც ვერ წყვეტს კაცობრიობის მთავარ პრობლემას - ძალადობისკენ მიდრეკილებას და ძალაუფლების ვნებას. ცივილიზაცია, უბრალოდ, ფორმას უცვლის მას. ნეკროფილია, როდესაც გინდა ყველაფერი ცოცხალი გაანადგურო, „გაანივთო“ და ასე დაეუფლო, როდესაც გინდა შენი ძალაუფლებით ნება მოსპო იმათში, ვინც შენ გემორჩილება, ერთ-ერთი ფორმაა ამ მოურჩენელი სენისა.

ამიტომაც „ნათების“ გმირის, ჯეკ ტორენსის სიგიჟის მთავარი მიზეზი, ალბათ, მაინც ეს იდეაა - წარმატების მოპოვების იდეა, რომელიც ლამის პირველყოფილი საზოგადოებიდან თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოების ჩათვლით მოქმედებს, განსაკუთრებით მამაკაცებში და „ოჯახის მამებში“. ჩაკეტილ სივრცეში, სოციუმისგან გარიყულად, მოჩვენებებით სავსე გარემოში, ამ იდეამ შეიძლება სრულიად დაანგრიოს ყველაფერი, რაც ადამიანს თავისი არსებობის მანძილზე შეუქმნია.

თუკი მანიაკმა, ხარბმა ნეკროფილებმა ჩაგვკეტეს და ყველა კარი ჩარაზეს ჩვენთვის, ეს მოჩვენებითი სიმეტრიაც გაქრება და სამყაროც აღარ იარსებებს. ასე რომ, დროულად აღადგინეს სტენლი კუბრიკის ფილმი... დღევანდელ საქართველოსაც კარგად მოუხდა.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG