Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უნიკალური პოლიტპატიმრის“ გათავისუფლება - რას ცვლის პოჩობუტის გაცვლა ლუკაშენკასთვის

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ანჯეი პოჩობუტი. პოლონეთ-ბელარუსის საზღვარი. 2026 წ. 28 აპრილი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ანჯეი პოჩობუტი. პოლონეთ-ბელარუსის საზღვარი. 2026 წ. 28 აპრილი

ბელარუსსა და პოლონეთს შორის პატიმართა გაცვლა (“ხუთი ხუთზე” ფორმატით) კარგად გათვლილი პოლიტიკური პროცესის ნაწილი უფროა, ვიდრე ჰუმანიტარული ჟესტი. ანჯეი პოჩობუტის გათავისუფლება შესაძლოა მინსკი-ვარშავის ურთიერთობების გადატვირთვის და ფართო გეოპოლიტიკური გარიგებების დასაწყისად იქცეს.

ვინ არიან საერთო ჯამში ოთხი ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა გათავისუფლებაზე (პოლონეთისა და ბელარუსის ციხეებიდან) შვიდი ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობდნენ?

ანჯეი პოჩობუტის გათავისუფლება მხოლოდ პატიმართა გაცვლა არ არის — ეს მრავალწლიანი პოლიტიკური დაპირისპირების, სადაზვერვო გარიგებებისა და მინსკისა და ვარშავის ურთიერთობებში შესაძლო ცვლილებების სიგნალია. რას ცვლის „უნიკალური პოლიტპატიმრის“ გათავისუფლება ბელარუსისთვის და საერთაშორისო ასპარეზისთვის?

მინსკმა ვარშავას გადასცა ანჯეი პოჩობუტი - პოლონელი ჟურნალისტი, რომელიც ბელარუსის ციხეში პატიმრობის რვაწლიან ვადას იხდიდა.

„გათავისუფლდა სხვადასხვა ქვეყნის 10 მოქალაქე, რომლებსაც ოჯახთან გაერთიანების შესაძლებლობა მიეცათ. გათავისუფლებულებს შორის არიან ბელარუსის მოქალაქეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ინტერესებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებდნენ“, - დაწერა ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA-მ.

ამავე სააგენტოს მიხედვით, ანჯეი პოჩობუტი ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გასაცვლელთა სიაში შეიტანა პოლიტპატიმრის დედის „პირადი თხოვნისა“ და ბელარუსში პოლონური უმცირესობის აქტივისტის, ანჟელიკა ბორისის მიმართვის საფუძველზე.

უფლებადამცველმა ცენტრმა „ვიასნამ“ ანჯეი პოჩობუტის გათავისუფლება დაადასტურა. ყოფილ პატიმარს პოლონეთში პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი დახვდა.

„ანჯეი პოჩობუტი, ლუკაშენკას რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი, თეთრი არწივის ორდენის კავალერი, თავისუფალია!“ — დაწერა პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ სოციალურ ქსელ X-ში ჟურნალისტის გათავისუფლების კომენტირებისას.

„მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩვენი თანამოქალაქის გათავისუფლებაში დახმარებისთვის. მადლობა ყველას, ვინც ამ წარმატებაზე მუშაობდა“, — აღნიშნა ნავროცკიმ.

„ძალიან მიხარია“, — თქვა „ვიასნის“ თავმჯდომარემ, ყოფილმა პოლიტპატიმარმა ალეს ბელიაცკიმ ანჯეი პოჩობუტის გათავისუფლების შესახებ საუბრისას. უფლებადამცველმა შეახსენა საზოგადოებას იმ ასობით სხვა პოლიტიკური პატიმრის არსებობა, რომლებიც კვლავ რჩებიან ბელარუსის ციხეებში.

„ჩვენ ვიბრძოლებთ მათი გათავისუფლებისთვის მანამ, სანამ ყველა ბელარუსი პოლიტპატიმარი არ იქნება თავისუფალი“.

ბელარუსული მხარის ცნობით, გაცვლა შედეგია „ბელარუსის კგბ-სა და პოლონეთის დაზვერვას შორის წარმოებული რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა“, რომლებიც ლუკაშენკას მითითებით მიმდინარეობდა 2025 წლიდან.

გაცვლა შედგა პერეროვ-ბელოვეჟის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. სახელმწიფო სააგენტო BelTA-ს ცნობით, ბელარუსის მხარეს გადაეცა ხუთი ადამიანი — ბელარუსის, რუსეთისა და დსთ-ის სხვა ქვეყნების მოქალაქეები, ხოლო პოლონეთს — ბელარუსსა და რუსეთში „ჯაშუშობისთვის“ გასამართლებული პირები.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბელარუსის საკითხებში, ჯონ კოულმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ბელარუსის ციხეებიდან გათავისუფლდნენ პოლონეთის სამი და მოლდოვის ორი მოქალაქე. კოულის თქმით, ეს შესაძლებელი გახდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო დეპარტამენტის გუნდის, ასევე „რამდენიმე სანდო პარტნიორთან მჭიდრო კოორდინაციის“ წყალობით.

„მადლობას ვუხდით პოლონეთს, მოლდოვასა და რუმინეთს ამ ძალისხმევაში ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, ასევე პრეზიდენტ ლუკაშენკას მზადყოფნისთვის, გააგრძელოს კონსტრუქციული ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. პრეზიდენტ ტრამპის დროს ამერიკა იცავს თავის მოკავშირეებს და აღწევს დიპლომატიურ გამარჯვებებს, რომელთა მიღწევაც სხვას არ შეუძლია“, — დაწერა ჯონ კოულმა.

ანჯეი პოჩობუტის გათავისუფლებას მიესალმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია:

„ეს უდიდესი სიხარულია მისი ოჯახისთვის და ყველა ჩვენგანისთვის — მათთვის, ვინც ანჯეის მხარს უჭერდა და ამდენ ხანს ელოდა. მან ხუთ წელზე მეტი გაატარა ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლეზე უარი არ თქვა და პატიოსნად წერდა იმაზე, რაც ბელარუსში ხდებოდა. მისი სიმტკიცე, ღირსება და ურყეობა ჩვენთვის მაგალითად იქცა.

გულწრფელად მიხარია ანჯეისა და მისი ახლობლების გამო, რომლებმაც ეს მძიმე გზა გამოიარეს. ვიცი, რამდენი ძალა და იმედი დგას ამის უკან.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მისი გათავისუფლებისთვის იბრძოდა — პირველ რიგში, პოლონეთის ხელმძღვანელობას, შეერთებულ შტატებსა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს.

ჩვენ გვახსოვს ყველა, ვინც ჯერ კიდევ გისოსებს მიღმაა. და გავაგრძელებთ მუშაობას, სანამ თითოეული მათგანი შინ, საკუთარ ოჯახებში არ დაბრუნდება“.

კიდევ ვინ გაცვალეს?

პოჩობუტთან ერთად ბელარუსის ციხეებიდან გათავისუფლდნენ მოლდოვის მოქალაქეები, რომლებიც ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ. ისინი გაცვალეს რუსეთის მოქალაქე ნინა პოპოვასა და მოლდოვის მოქალაქე ალექსანდრ ბალანზე - ეს უკანასკნელი ბელარუსის კგბ-ს სასარგებლოდ ჯაშუშობასა და სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული.

„ჩვენი ქვეყნისთვის ეს ისეთი გამარჯვებაა, რომლის გაზომვაც უბრალო მათემატიკური ფორმულით შეუძლებელია: სახლში დავაბრუნეთ მოლდოვის რესპუბლიკის სასარგებლოდ მომუშავე ორი მოქალაქე, რომლებიც მოლდოვის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ ორ პატიმარზე გავცვალეთ“, — განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რომელმაც ასევე მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ტყვეობიდან ადამიანების გათავისუფლებაში“ დახმარებისთვის.

გაცვლილთა შორისაა რუსი არქეოლოგი ალექსანდრ ბუტიაგინიც, რომელიც უკრაინის მოთხოვნით იყო დაკავებული პოლონეთში.

ალექსანდრ ბუტიაგინი
ალექსანდრ ბუტიაგინი

ალექსანდრ ბუტიაგინი - 55 წლის რუსი არქეოლოგი, რომელზეც უკრაინაში 2024 წლიდან ძებნაა გამოცხადებული, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში უკანონო არქეოლოგიური გათხრების ორგანიზების გამო. 2025 წლის 11 დეკემბერს ბუტიაგინი პოლონეთში დააკავეს. რუსი მეცნიერი ევროპაში ლექციებს კითხულობდა და ნიდერლანდიდან გზად პოლონეთში შეჩერდა. ალექსანდრ ბუტიაგინი 1999 წლიდან ხელმძღვანელობს მირმეკიონის არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც იკვლევს ანტიკური ხანის ქალაქ მირმეკიონს თანამედროვე ქერჩის ტერიტორიაზე. უკრაინა უკანონოს უწოდებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წლიდან წარმოებულ გათხრებს. 2022 წლის სექტემბერში ერმიტაჟის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ექსპედიციამ ალექსანდრ ბუტიაგინის ხელმძღვანელობით, აგვისტოში აღმოაჩინა 30 უნიკალური ოქროს მონეტა, რომელთაგან 26-ზე ალექსანდრე მაკედონელის სახელია. უკრაინაში ბუტიაგინი ოფიციალურად ეჭვმიტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილობრივ დანგრევასა და თითქმის ხუთი მილიონი დოლარის ზარალის მიყენებაში.

როგორც RadioZET_NEWS-ი იუწყება, ბელარუსში გათავისუფლებულ პოლონეთის მოქალაქეებს შორის არის კარმელიტი ბერი გჟეგოჟ ჰაველი, რომელსაც ლუკაშენკას რეჟიმი ჯაშუშობაში ადანაშაულებდა. პოლონეთის მოქალაქე ბელარუსის კგბ-ს კონტრდაზვერვამ დააკავა.

გჟეგოჟ ჰაველი
გჟეგოჟ ჰაველი

პოლონური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბელარუსის ციხიდან ასევე გათავისუფლდა პოლონელი ბიზნესმენი, რომელსაც ბელარუსში ჯაშუშობის ბრალდებით 14 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მისი ვინაობა არ ხმაურდება.

ვინ არის ანჯეი პოჩობუტი?

ანჯეი პოჩობუტი ცნობილი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწეა, ბელარუსში არარეგისტრირებული ორგანიზაციის, პოლონელთა კავშირის წევრი. დაიბადა 1973 წლის 17 აპრილს დიდ ბერესტავიცაში (გროდნოს ოლქი). ცხოვრობს გროდნოში. დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი: უფროსი ქალიშვილი გროდნოს სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს, უმცროსი ვაჟი სკოლის მოსწავლეა.

2002 წელს დაიწყო ჟურნალისტური საქმიანობა: მუშაობდა პირველ დამოუკიდებელ საქალაქო გაზეთებში — „პაგონია“, „ძენი“, „მიასტცოვი ჩასი“, რესპუბლიკურ გაზეთში „ნაროდნაია ვოლია“, ასევე ბელარუსში პოლონელთა კავშირის პოლონურენოვან გამოცემაში Głos znad Niemna. იყო ამავე კავშირის ჟურნალის, Magazyn Polski na uchodźstwie-ის რედაქტორი, მსხვილი პოლონური გამოცემის, Gazeta Wyborcza-ს კორესპონდენტი. მუშაობდა სსრკ-ის სპეცსამსახურების ისტორიის, დასავლეთ ბელარუსში ანტისაბჭოთა წინააღმდეგობისა და არმია კრაიოვას თემებზე.

2021 წლის 25 მარტს ანჯეი პოჩობუტი დააკავეს საკუთარ სახლში ჩხრეკის შემდეგ.

ანჯეი პოჩობუტი
ანჯეი პოჩობუტი

„პოლონური საქმის“ სამი ფიგურანტი — ირენა ბერნაცკა, მარია ციშკოვსკა და ანა პანიშავა — 2021 წლის მაისში გაათავისუფლეს ბელარუსის დატოვების პირობით. ანჯეი პოჩობუტმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

ანჯეის გულის მძიმე დაავადება აწუხებს. გულისცემის რიტმის დარღვევის გამო ხშირად ხვდება საავადმყოფოში.

ანჯეი პოჩობუტს ბრალად წაუყენეს „ეროვნულ ნიადაგზე შუღლის გაღვივება“, რასაც საფუძვლად დაედო მისი სტატია 1939 წლის სექტემბრის მოვლენებზე, რომლის დროსაც საბჭოთა კავშირი თავს დაესხა პოლონეთს.

პუბლიკაციაში პოჩობუტმა 1939 წლის 17 სექტემბრის საბჭოთა თავდასხმა აგრესიად მოიხსენია. სისხლის სამართლის საქმეში შევიდა ჟურნალისტის განცხადებები ბელარუსში პოლონური უმცირესობის დაცვის შესახებ, სტატია 2020 წლის ბელარუსული პროტესტების ჩახშობაზე და 2006 წლის ტექსტი გროდნოს ოლქში პოლონური ანტიკომუნისტური იატაკქვეშეთის ერთ-ერთ მეთაურზე.

2023 წელს პოჩობუტს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 21 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პოლიტპატიმარი ნავაპოლაცკის №1 ციხეში გადაიყვანეს.

2025 წლის 22 ოქტომბერს ანჯეი პოჩობუტს, მზია ამაღლობელთან ერთად, მიენიჭა „სახაროვის პრემია“ - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

"ორივე ჟურნალისტი ახლა საპატიმროში იმყოფება ყალბი ბრალდებებით და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავიანთ საქმეს ასრულებდნენ, ლაპარაკობდნენ უსამართლობის შესახებ. მათმა გამბედაობამ ისინი თავისუფლებისა და დემოკრატიის ბრძოლის სიმბოლოდ აქცია. ეს ინსტიტუცია მათი და იმ ხალხის გვერდით დგას, რომლებიც აგრძელებენ თავისუფლების მოთხოვნას", - განაცხადა პრემიის ლაურეატების დასახელებისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.

2026 წლის 28 აპრილს ანჯეი პოჩობუტი გაათავისუფლეს და ტყვეთა გაცვლის ფარგლებში პოლონეთში გადაიყვანეს.

პოჩობუტის სტატუსის უნიკალურობა

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ანალიტიკოსის, ვალერი კარბალევიჩის თქმით, ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ ბელარუსის ციხიდან ანჯეი პოჩობუტის გათავისუფლება ნამდვილი საერთაშორისო მოვლენაა არა მხოლოდ მისი ცნობადობისა და პოლიტიკური პატიმრის სტატუსის, არამედ იმ გარემოებების გამოც, რომლებიც ამ პროცესს ახლდა თან.

"პოჩობუტის გათავისუფლება ჩვეულებრივი, სტანდარტული პროცედურის ფარგლებში არ მომხდარა, - ამბობს ანალიტიკოსი, - სხვა პოლიტპატიმრების უმეტესობა აქამდე თავისუფლდებოდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კოულის მინსკში მორიგი ვიზიტის შემდეგ. პოჩობუტის გათავისუფლება კი რამდენიმე ქვეყანას შორის პატიმრების გაცვლის რთული სქემის შედეგია. პოლონური მხარისა და კოულის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპერაციაში შვიდი სახელმწიფოს სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ. ახლა გასაგებია, რატომ ხელმძღვანელობდა ბელარუსის მხრიდან მოლაპარაკებებს კგბ-ს ხელმძღვანელი ივან ტერტელი”.

ვალერი კარბალევიჩი
ვალერი კარბალევიჩი

ვალერი კარბალევიჩის თქმით, ანჯეი პოჩობუტის მდგომარეობის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი გათავისუფლებისათვის პოლონეთმა არნახული ძალისხმევა გასწია:

“პოლონელი პოლიტიკოსებისთვის მისი გათავისუფლება პრინციპის, ღირსებისა და რეპუტაციის საკითხად იქცა. შემთხვევითი არაა, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ანჯეი პოჩობუტს საზღვარზე დახვდა. მედია ხშირად წერდა, რომ პოჩობუტის გათავისუფლებას ხელს უშლიდა მისი უარი ბელარუსიდან წასვლაზე. თუმცა, როგორც ჩანს, ბელარუსის ხელისუფლებისთვის ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი არ იყო. დეპორტაციის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ მიეღოთ, თავად პატიმარს არავინ დაეკითხებოდა. ჩასვამდნენ მანქანაში, თავზე ტომარას ჩამოაცვამდნენ, საზღვართან მიიყვანდნენ და ქვეყნიდან გააძევებდნენ. ბელარუსი “ძალოვნები” ასეთ საკითხებში არავის ელოლიავებიან”.

როგორც ვალერი კარბალევიჩი ამბობს, პოჩობუტის ბედი მჭიდროდ დაუკავშირდა ბელარუს-პოლონეთის დაძაბულ ურთიერთობებს და მის ერთგვარ მძევლადაც იქცა.

“რადგან პოლონეთი ჯიუტად იბრძოდა მისი გათავისუფლებისათვის, მინსკი ხვდებოდა, რომ პოჩობუტი ძვირადღირებული „საქონელი“ იყო და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ ბევრის მიღება შეიძლებოდა. ამიტომ მინსკმა მაქსიმალურად ასწია ფსონები. მაგალითად, ბელარუსის ხელისუფლება მაღალი რანგის პოლონელი მოხელის მინსკში ჩასვლასაც კი ითხოვდა”, - მიაჩნია პოლიტიკის ანალიტიკოსს.

პატიმრების გაცვლის სქემა

პოლონეთსა და რუსეთ-ბელარუსს შორის პატიმრების გაცვლა „ხუთი ხუთზე“ სქემით განხორციელდა. რადგან გასათავისუფლებელ პირებს განსხვავებული სტატუსი ჰქონდათ, მხარეები მთელი წლის განმავლობაში კამათობდნენ და ცდილობდნენ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, მათ პრესტიჟს რომ არ შელახავდა.

ვალერი კარბალევიჩის თქმით, იმისთვის, რომ გათავისუფლება შემდგარიყო, საჭირო იყო პოლონეთის ან სხვა მოკავშირე ქვეყნების ციხეებში ეპოვათ „მძიმეწონოსნები“, რომლებიც სტატუსითა და პოლიტიკური წონით პოჩობუტს შეედრებოდნენ: “იპოვეს ორი ფიგურა, რომლებიც გარკვეულწილად ამ პარამეტრებს შეესაბამებოდნენ. ესენი იყვნენ მოლდოვის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრუ ბელიანი, რომელიც ბელარუსის კგბ-ზე მუშაობდა, და ალექსანდრ ბუტიაგინი — რუსი არქეოლოგი, რომელიც პოლონეთში უკრაინის მოთხოვნით, ანექსირებულ ყირიმში წარმოებული გათხრების გამო დააკავეს. შესაძლოა თავად ეს ფიგურა ასე ცნობილი არც ყოფილიყო, მაგრამ მის გარშემო დიდი მედიური აჟიოტაჟი შეიქმნა, რამაც მას დამატებითი სიმბოლური წონა შესძინა”.

ალექსანდრუ ბელიანი
ალექსანდრუ ბელიანი

ანალიტიკოსის თქმით, გაცვლაში „მოსკოვის ხელი“ მხოლოდ იმით არ გამოჩენილა, რომ რუსეთის ორი მოქალაქე გათავისუფლდა. ალექსანდრუ ბელიანს ოფიციალურად ედებოდა ბრალი ევროპაში ბელარუსის კგბ-ს სადაზვერვო ქსელის შექმნაში. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, ბელარუსის სპეცსამსახურები იმდენად ძლიერები ყოფილიყვნენ, რომ ევროპულ ქვეყნებში სადაზვერვო ქსელი შეექმნათ. როგორც ჩანს, აქაც რუსეთის ფარული ხელი ურევია. მთლიანობაში, ეს გაცვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს ბელარუსისა და რუსეთის სპეცსამსახურების მჭიდრო კავშირს.

რა პერსპექტივები იხსნება?

ვალერი კარბალევიჩის თქმით, ანჯეი პოჩობუტის გათავისუფლებამ ბელარუს-პოლონეთის ურთიერთობებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოხსნა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ მინსკთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ შესაძლებლობაც კი დაუშვა. თუ ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე პროვოკაციები (მიგრანტებთან დაკავშირებული) შეწყდება, შესაძლებელი გახდება საუბარი ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გახსნაზე, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასა და სხვა ნაბიჯებზე.

“აღსანიშნავია, რომ პოჩობუტის გათავისუფლება ბელარუსსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში მოხდა. ამას განსაკუთრებით უსვამს ხაზს ჯონ კოული საკუთარ საჯარო განცხადებებში”, - ამბობს ვალერი კარბალევიჩი, რომლის თანახმად, ოფიციალური ინფორმაცია პოჩობუტის გათავისუფლების იურიდიულ მხარეზე არ გამოქვეყნებულა და სავარაუდოდ, არც არსებობს.

“საერთოდ უცნობია, შედგა თუ არა რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ის გაათავისუფლეს. შესაძლოა რაღაც იმის მსგავსი განმეორდეს, რაც ნიკოლა სტატკევიჩის შემთხვევაში მოხდა — როგორც თავად ბელარუსმა პოლიტპატიმარმა ცოტა ხნის წინ დაწერა, ფორმალურად ის ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩება. დავუშვათ, რომ ანჯეი პოჩობუტი დაბრუნდა ბელარუსში და ის აღარ ჩასვეს ციხეში. ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება ახალი წესი, რომელიც ყველა პოლიტიკურ ემიგრანტზე გავრცელდება; ეს უფრო გამონაკლისი შემთხვევა იქნება, რომელიც ბელარუსისა და პოლონეთის ხელისუფლებებს შორის შეთანხმებას უკავშირდება”, - ამბობს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის პოლიტიკური მიმომხილველი ვალერი კარბალევიჩი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG