Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ომი თუ მშვიდობა“, „დემოკრატია თუ ავტოკრატია“? - რა არჩევანი აქვს ტაივანს


ტაივანის მომავალი არჩევნები გადაწყვეტს, როგორ გაგრძელდება კუნძულის ურთიერთობები ჩინეთთან
ტაივანის მომავალი არჩევნები გადაწყვეტს, როგორ გაგრძელდება კუნძულის ურთიერთობები ჩინეთთან

ტაიბეი, ტაივანი - 13 იანვარს, კუნძულზე, რომელსაც ჩინეთი თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, არჩევნებია დაგეგმილი. ეს არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია მოვლენათა იმ ჯაჭვში, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რამდენად დაიძაბება ვითარება ტაივანის სრუტეში ჩინეთსა და აშშ-ს შორის.

ტაივაინის მმართველი პარტია ამომრჩეველს ეუბნება, რომ სასწორზე დევს - დემოკრატია თუ ავტოკრატია? მთავარი ოპოზიციური გუნდი არწმუნებს, რომ არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის უნდა გააკეთონ.

რადიო თავისუფლება ადგილზე დააკვირდა ტაივანში მმართველი და ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიას, ესაუბრა ამომრჩევლებს, შეხვდა პარტიების ლიდერებს და მათ საარჩევნოდ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე დაუსვა კითხვები.

ამ სტატიაში მარტივად აგიხსნით, ვინ უპირისპირდება ერთმანეთს არჩევნებში, რა წყდება ტაივანისათვის და რატომ არის ამის ცოდნა მნიშვნელოვანი.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები

13 იანვარს, როდესაც 24-მილიონიან ტაივანში მოქალაქეები საარჩევნო ყუთებთან ხმის მისაცემად მივლენ, პრეზიდენტსა და პარლამენტს აირჩევენ.

ტაივანი - ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა - დემოკრატიული კუნძულია, ერთ-ერთი „აზიური ვეფხვი“, რომელიც 74 წელია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან დამოუკიდებლად იმართება.

ტაივანი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. პრეზიდენტი არის ერთდროულად სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური.

ტაივანის დროშები დედაქალაქ ტაიბეიში
ტაივანის დროშები დედაქალაქ ტაიბეიში

საკანონმდებლო ორგანო კი ერთპალატიანი „საკანონმდებლო იუანია“ - იგივე პარლამენტი. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.

პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ, უბრალო უმრავლესობით, იმის მიუხედავად, გადალახავს თუ არა კანდიდატი 50%-ს. გამარჯვებულის ვინაობა პირველივე ტურში ირკვევა.

პარლამენტს 113 დეპუტატი აკომპლექტებს. 34 პარლამენტარი პარტიული სიებიდან აირჩევა, 73 - მაჟორიტარული წესით, 6 ადგილი კი მკვიდრი მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი.

პარტიულ სიებში შეყვანილი კანდიდატების 50% ქალი უნდა იყოს. პარტიები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიყვანენ წევრებს პარლამენტში, თუ 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ზოგადი პოლიტიკური ვითარება

ქვეყანაში ძირითადად ორი მსხვილი პოლიტიკური პარტიაა: გომინდანი („ჩინეთის ეროვნული პარტია“, ინგლისური აბრევიატურით KMT) და „დემოკრატიული პროგრესული პარტია“ (DPP).

პარტიული სიმბოლიკის მიხედვით, პირობითად, „ლურჯებად“ და „მწვანეებად“ იყოფიან.

გომინდანი ტაივანში „ერის მამად“ მიჩნეულმა, ჩინელმა რევოლუციონერმა, სუნ იატსენმა დააარსა 1912 წელს. ამავე დროს, „გომინდანი“ ტაივანის დამაარსებლის, ჩან კაიშის პარტიაა.

სწორედ გომინდანის მთავრობა იყო ის მთავრობა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მაო ძედუნის კომუნისტურ პარტიასთან სამოქალაქო ომში მარცხი იწვნია, ჩინეთის კონტინენტური ნაწილიდან კუნძულ ტაივანს შეაფარა თავი და „ჩინეთის რესპუბლიკის“ დედაქალაქად ტაიბეი გამოაცხადა.

„დემოკრატიული პროგრესული პარტია“ 1986 წელს დაარსდა, - გომინდანის „თეთრი ტერორის“ შემდეგ დაბადებული დემოკრატიული მოძრაობის შედეგად.

ახლანდელი პრეზიდენტი, ცაი ინ-ვენი, „პროგრესული დემოკრატების“ წარმომადგენელია და პარლამენტში უმრავლესობასაც ეს პარტია აკონტროლებს.

პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი სუნ იატსენის პორტრეტის ფონზე
პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი სუნ იატსენის პორტრეტის ფონზე

„პროგრესულები“ ტაივანის დამოუკიდებლობას ემხრობიან.

ტაივანს დამოუკიდებლობა კვლავ არ აქვს გამოცხადებული.

დამოუკიდებლობის გამოცხადება წითელ ხაზად მიიჩნევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის, რომელიც კუნძულს სულ უფრო და უფრო მკაცრი რიტორიკით ემუქრება.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საახალწლო მიმართვაშიც ისაუბრა ტაივანზე და კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ „ჩინეთი აუცილებლად გაერთიანდება“.

ისტორია - მოკლედ

ტაივანმა, აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებსა და წყნარ ოკეანეს შორის მოქცეულმა „აზიურმა ვეფხვმა“, ბოლო 60 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ წარმატებას მიაღწია. დღეს კუნძული აშშ-ჩინეთის განხეთქილების ოქროს ვაშლია.

მისი რთული, დრამატული ისტორია მოიცავს მკვიდრი ტაივანელების ცხოვრების ვრცელ პერიოდსა და შემდეგ სხვადასხვა ძალის, მათ შორის, ჰოლანდიელთა და ესპანელთა კოლონიზაციას. მოგვიანებით კი ეს ტერიტორია იაპონიისა და ჩინეთის ცინის იმპერიების შემადგენლობაში შედიოდა.

1949 წელს, სამოქალაქო ომში მარცხის შემდეგ, ჩაი კაიშის მთავრობა ტაივანზე გაიხიზნა. მაო ძედუნმა ამავე წელს გამოაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა.

მაო ძედუნი და ჩან კაიში 1945 წელს მოლაპარაკებებზე ქალაქ ჩუნცინში
მაო ძედუნი და ჩან კაიში 1945 წელს მოლაპარაკებებზე ქალაქ ჩუნცინში

თავდაპირველად გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში „ჩინეთს“ ჩინეთის რესპუბლიკა, ანუ ტაივანი წარმოადგენდა, თუმცა გაეროს წევრების 1971 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ტაივანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ჩაანაცვლა.

ჩინეთის რესპუბლიკა 1991 წლამდე ინარჩუნებდა ოფიციალურ პოზიციას, რომლის თანახმადაც ამტკიცებდა, რომ თავად იყო ჩინეთის სრული ტერიტორიის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი.

მაგრამ 1991 წელს ტაივანმა შეწყვიტა ჩინეთის კომუნისტური პარტიის აჯანყებულებად მოხსენიება და აღიარა მისი იურისდიქცია ჩინეთზე.

ბოლო ათწლეულებია, ტაივანი დამოუკიდებლობის გამოცხადებისკენ მიიწევს.

თუმცა პოლიტიკოსებს, - მათ შორის „პროგრესულებს“, - ამ საკითხზე სიფრთხილის გამოჩენა უწევთ.

ჩინეთთან ურთიერთობები - სრუტის გადაღმა ვითარება - ამ არჩევნების ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.

ვინ ვინ არის ტაივანის არჩევნებში

მმართველი გუნდის კანდიდატი

2016 წლიდან ტაივანის პრეზიდენტის პოსტს ცაი ინ-ვენი იკავებს.

ინ-ვენმა, რომელიც ახლა 67 წლისაა, 2016 და 2020 წლებში ჯერ შიდაპარტიულ პრაიმერიზში გაიმარჯვა, შემდეგ კი სხვა პარტიების მეტოქეებს სძლია.

მისი პრეზიდენტობისას ეწვია ტაივანს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი, რამაც უკიდურესად დაძაბა ჩინეთს, ტაივანსა და აშშ-ს შორის ვითარება.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი 2022 წლის 3 აგვისტოს ტაივანში ჩაფრინდა და პრეზიდენტ ცაის შეხვდა. ამან უფრო დაძაბა პეკინი-ვაშინგტონის ურთიერთობები. ტაივანის გარშემო ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ ერთი კვირის განმავლობაში სამხედრო წვრთნები ჩაატარა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი 2022 წლის 3 აგვისტოს ტაივანში ჩაფრინდა და პრეზიდენტ ცაის შეხვდა. ამან უფრო დაძაბა პეკინი-ვაშინგტონის ურთიერთობები. ტაივანის გარშემო ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ ერთი კვირის განმავლობაში სამხედრო წვრთნები ჩაატარა

მმართველი „პროგრესული“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ლაი ცინდეა - ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი.

პეკინისთვის პრეზიდენტი ცაი, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების მტკიცე, თუმცა ფრთხილი მხარდამჭერია, მიუღებელი ფიგურაა.

მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიუღებელია ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი ლაი.

ტაივანის ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტობის კანდიდატი ლაი ცინდე
ტაივანის ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტობის კანდიდატი ლაი ცინდე

იმის მიუხედავად, რომ ახლა ამტკიცებს, ჩემი პრეზიდენტობისას სტატუს-კვოს, ესე იგი, არსებულ ვითარებას შევინარჩუნებო, პეკინის თვალში ლაი გამოუსწორებელი „რადიკალია“, რომელიც, პეკინის აზრით, დამოუკიდებლობისთვის იბრძვის.

„დემოკრატიის გზის გასაგრძელებლად“ - ამ წარწერით გამოაქვეყნა 2 იანვარს ეს ფოტო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჰსიაო ბი-ქიმმა. პრეზიდენტი ცაი (მარჯვნივ), პრეზიდენტობის კანდიდატი ლაი (მარცხინვ) და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ჰსიაო ბი-ქიმი.
„დემოკრატიის გზის გასაგრძელებლად“ - ამ წარწერით გამოაქვეყნა 2 იანვარს ეს ფოტო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჰსიაო ბი-ქიმმა. პრეზიდენტი ცაი (მარჯვნივ), პრეზიდენტობის კანდიდატი ლაი (მარცხინვ) და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ჰსიაო ბი-ქიმი.

პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შემდეგ ლაის საჯარო პოზიციები მმართველი გუნდისას სრულად ემთხვევა: ტაივანი დე ფაქტო უკვე არის დამოუკიდებელი და ამის ფორმალურად გამოცხადება აუცილებლად არ მიგვაჩნიაო.

პროგრესული დემოკრატიული პარტიის საარჩევნო გუნდის პრეზენტაცია პარტიის სათავო ოფისთან, 2023 წლის 3 დეკემბერი.
პროგრესული დემოკრატიული პარტიის საარჩევნო გუნდის პრეზენტაცია პარტიის სათავო ოფისთან, 2023 წლის 3 დეკემბერი.

გომინდანის კანდიდატი

მთავარი ოპოზიციური პარტიის, გომინდანის კანდიდატი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არის ჰო იუ-ი.

ჰო, 66 წლის ყოფილი პოლიციელი, რომელიც 5 წელია, 4-მილიონიანი ქალაქ ახალი ტაიბეის მერია, გომინდანის წევრია ჯერ კიდევ ჩან კაიშის თავმჯდომარეობის პერიოდიდან.

მხარდამჭერებთან შეხვედრაზე არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე, ტაიბეის ერთ-ერთ პარკში, ჰომ ასე ჩამოაყალიბა თავისი პრიორიტეტები:

  • კორუფციასთან ბრძოლა - და მმართველი გუნდი დაადანაშაულა კორუფციაში;
  • ენერგეტიკის სფეროს დივერსიფიცირება და ატომურ ენერგიაზე ყურადღების გამახვილება, - მმართველი გუნდი განახლებად ენერგიაზეა კონცენტრირებული;
გომინდანის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჰოუ იუ-ი
გომინდანის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჰოუ იუ-ი

რაც მთავარია, გომინდანი ფოკუსირებულია პეკინთან დიალოგზე და ამტკიცებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში პეკინთან დაძაბულობა განიმუხტება. ამავე დროს, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „პროჩინური“ პარტიაა.

ტაივანი ცოცხალი დემოკრატიაა და საარჩევნო პერიოდში მედიაში პარტიების წარმომადგენლებს თავიანთ პროგრამულ პრიორიტეტებზე სიღრმისეულად საუბარი უწევთ. მათ შორის, საყოფაცხოვრებო საკითხებზე, - ჯანდაცვაზე, დასაქმებაზე, მიგრაციაზე.

თუმცა ძირითადი საკითხები თავდაცვასა და საგარეო ურთიერთობებზე - მეტწილად, ჩინეთსა და აშშ-სთან ურთიერთობებზე - არის ფოკუსირებული

„ომი თუ მშვიდობა“

„თუ ხმას მისცემთ DPP-ს, ბრძოლის ველზე აღმოჩნდებით. თუ ხმას მისცემთ გომინდანს, ტაივანის სრუტის არცერთ მხარეს არ იქნება ომი“, - ხშირად იმეორებს ოპოზიციის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო შაუ-კონი.

„ჩვენი თაობა დაკარგავს ყველაფერს, რისთვისაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიბრძოლეთ [თუკი ლაი მოიგებს არჩევნებს]. ამიტომაც გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობა. ჩემი მიზანია, სიცოცხლის ფასად დავიცვა ტაივანი, და მშვიდობა შევინარჩუნო“, - განაცხადა ჰომ ნოემბრის ბოლოს.

გომინდანის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰოუ იუ-ი ჟურნალისტებს ესაუბრება ტაივანის ერთ-ერთ პარკში დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლის წინ. 2023 წლის 3 დეკემბერი
გომინდანის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰოუ იუ-ი ჟურნალისტებს ესაუბრება ტაივანის ერთ-ერთ პარკში დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლის წინ. 2023 წლის 3 დეკემბერი

ტაივანის საგარეო მინისტრი ჯოსეფ ვუ აცხადებს, რომ ტაივანი დიდი ყურადღებით ეკიდება საფრთხეს პეკინისგან: „2027 წელი არის ის წელი, როდესაც ძალიან სერიოზულად უნდა ვიფრთხილოთ“.

ეს თარიღი თავდაპირველად ამერიკელმა ადმირალმა ფილიპ დევიდსონმა დაასახელა, - 2021 წელს განაცხადა, რომ ჩინეთის არმია 2027 წლისთვის გეგმავს, მზად იყოს ტაივანზე შეტევისთვისო. და დასავლეთში ეს მოლოდინი სულ უფრო და უფრო აქტუალურია.

თუმცა, გომინდანის მტკიცებით, ჩინეთის თავდასხმა გარდაუვალი არ არის, - უბრალოდ მმართველი პარტია თავისი რიტორიკითა და ნაბიჯებით პროვოცირებას უწევს პეკინს.

რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის კითხვაზე პასუხად გომინდანის საგარეო ურთიერთობების პარტიული სამსახურის დირექტორი ამბობს, რომ „ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია მშვიდობისათვის“.

რა იქნება ის კონკრეტული სამი ნაბიჯი, რასაც გომინდანი გადადგამს გამარჯვების შემთხვევაში? ალექსანდერ ჰუანგი ამბობს, რომ გომინდანის გამარჯვების შემთხვევაში, სიტუაცია მომენტალურად განიმუხტება:

„ჩვენ არაფრის გაკეთება არ დაგვჭირდება… ცხადია, არ გვაქვს ილუზია სი ძინპინის მშვიდობისმყოფელობის შესახებ, არ გვაქვს მისი [ბუნების] შეცვლის ილუზია… მაგრამ [გამარჯვების შემთხვევაში] არაფრის გაკეთება არ დაგვჭირდება, ტემპერატურა თავისით დაიწევს“.

ალექსანდერ ჰუანგი, გომინდანის საგარეო ურთიერთობების პარტიული სამსახურის დირექტორი.
ალექსანდერ ჰუანგი, გომინდანის საგარეო ურთიერთობების პარტიული სამსახურის დირექტორი.

რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ კითხვაზე, რატომ მოხდება ასე, ჰუანგი პასუხობს:

„იმიტომ, რომ გომინდანი მთელი თავისი არსებით ეწინააღმდეგება ტაივანის დამოუკიდებლობას. ჩვენი პარტია ჰავაიზე დაიბადა 129 წლის წინ [როდესაც ტაივანის „ერის მამამ“, სუნ იატსენმა დააფუძნა „ჩინეთის აღორძინების საზოგადოება“ - რ.თ.]. ჩვენი დაარსების მთავარი იდეა მთლიანი ჩინეთის შეცვლა იყო, ეს იდეა ჩაიწერა ჩვენი კონსტიტუციის პირველ მუხლში… ასე რომ, ჩვენს პარტიაში დამოუკიდებლობის მხარდამჭერების ადგილი არ არის… ამას [ჩვენი ისტორიისა და იდეოლოგიის გათვალისწინებით, ჩვენს არჩევას] შეუძლია [პეკინთან ურთიერთობების] სტაბილიზაცია“.

გომინდანის ხედვით, მმართველი პარტია წინ მიიწევს დამოუკიდებლობის გამოცხადებისაკენ, თავისი პოლიტიკით აღიზიანებს პეკინს და ასე რისკს უქმნის კუნძულის უსაფრთხოებას.

მაგრამ ამ მოსაზრებას მმართველი პარტია არ იზიარებს.

არჩევანი „დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის“

მმართველი პარტიისთვის რეალობა ასეთია: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის დესტრუქციული ავტორიტარული ძალა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს სტატუს-კვოს შეცვლა და დემოკრატიული ტაივანის კონტროლი.

მმართველი პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ამერიკაში ტაივანის ყოფილი ელჩი, ჰსიაო ბი-ქიმი ამბობს, რომ „არსებობს უამრავი დისკუსია და სპეკულაცია [ინტერვენციის] შესაძლო თარიღებზე“ და ყველაფერი, რასაც აკეთებენ, „ამის პრევენციას ემსახურება“.

ბი-ქიმ ჰსიაო, ტაივანის ყოფილი წარმომადგენელი აშშ-ში, ამჟამად ტაივანის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი
ბი-ქიმ ჰსიაო, ტაივანის ყოფილი წარმომადგენელი აშშ-ში, ამჟამად ტაივანის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი

„ჩვენ პროაქტიურები უნდა ვიყოთ პრევენციასა და შეკავებაში. ამიტომაც ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს“, - განაცხადა ჰსიაო ბი-ქიმმა 6 დეკემბერს ტაიბეიში, ევროპელ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე. იქ რადიო თავისუფლების ქართული სამსახური ჩეხური ორგანიზაცია Bakala Foundation-ის ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდა.

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ვუმ წინა დღით ჟურნალისტების ამავე ჯგუფს უთხრა, რომ პეკინის მიზანია, ტაივანს თავს მოახვიოს „ერთი ჩინეთის პრინციპის“ საკუთარი გაგება და „დააძალოს ტაივანს გაერთიანება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან“, რისთვისაც ძალის გამოყენებასაც განიხილავენ.

„არა მგონია, რომ ეს პირობები უნდა მივიღოთ. მიზეზი მარტივია: ტაივანი დემოკრატიაა, ღია საზოგადოება, სადაც მოქალაქეები განიხილავენ, რა უნდა იყოს საუკეთესო მიდგომა. და ყოველ არჩევნებზე ცხადი ხდება, რომ არავის სურს გაერთიანება ჩინეთთან“, - ამბობს მინისტრი ვუ.

ჯოზეფ ვუ, ტაივანის საგაერო საქმეთა მინისტრი
ჯოზეფ ვუ, ტაივანის საგაერო საქმეთა მინისტრი

საგარეო მინისტრის თქმით, საზოგადოებაში ეს აზრი ძლიერია, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც ჰონგ-კონგს მოუვიდა.

  • ჰონგ-კონგი მე-19 საუკუნის შუა წლებში, ოპიუმის პირველ ომში ჩინეთის დამარცხების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის კუთვნილება გახდა. საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ის აზიის უმსხვილეს სავაჭრო-საფინანსო ცენტრად იქცა.
  • მე-20 საუკუნის ბოლოს ჩინეთი ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა დიდ ბრიტანეთთან ჰონგ-კონგის დასაბრუნებლად. ქალაქი, თავისი ლიბერალური საბაზრო ეკონომიკითა და მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემით, გადავიდა ავტორიტარული სახელმწიფოს კონტროლქვეშ, ოღონდ ჰონგ-კონგს მიეცა პირობა, რომ 50 წლის განმავლობაში შეინარჩუნებდა უმაღლესი ხარისხის ავტონომიას ლოზუნგით - „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.
  • 2020 წლიდან ჰონგ-კონგი სულ უფრო და უფრო მეტი წნეხის წინაშე აღმოჩნდა ჩინეთის მხრიდან. ჩინეთში მიღებულმა ცვლილებებმა ძირი გამოუთხარა „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ პრინციპს. საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, ნახევრად ავტონომიურ ტერიტორიაზე პეკინის კომუნისტური ხელისუფლების კონტროლი გაძლიერდა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები შეიზღუდა.
პოლიცია შლის ანტისამთავრობო დემონსტრაციას ჰონგ-კონგში. 2020 წლის 27 მაისი
პოლიცია შლის ანტისამთავრობო დემონსტრაციას ჰონგ-კონგში. 2020 წლის 27 მაისი

„როდესაც ხმის მისაცემად წახვალთ, იფიქრეთ იმაზე, რა მოუვიდა ჰონგ-კონგს“, - ასე მიმართა პრეზიდენტმა ლაიმ მხარდამჭერებს 3 დეკემბერს გამართულ პარტიულ დემონსტრაციაზე.

კენჭისყრამდე ერთი კვირაა დარჩენილი.

საზოგადოებრივი აზრების ბოლო კვლევებით, - რომლებიც დეკემბრის ბოლო კვირაში ჩატარდა, - მმართველი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატი გომინდანის ჰოუ იო-ის ყველგან უსწრებს.

მაგრამ რეიტინგებში განსხვავებები 2-დან 10 პროცენტამდე მერყეობს.

და მაინც, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები?

ტაივანის არჩევნების შედეგები და უახლოეს წლებში ტაივანის სრუტის გარშემო შექმნილი ვითარება, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვისაც.

ოფიციალური თბილისი ბოლო პერიოდში ფოკუსირებულია კავშირების გაღრმავებაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც ტაივანის საკითხზე სულ უფრო და უფრო მეტ სიმტკიცეს ავლენს.

ამავე დროს, საქართველო ფორმალურად რჩება დასავლურ ალიანსებში გაწევრების მსურველად, - და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორის სტატუსიც კვლავ აქვს.

ტაივანსა და მის გარშემო განვითარებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს დელიკატურ დამაბალანსებელ აქტზე - ერთი მხრივ, ჩინეთსა და, მეორე მხრივ, შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს შორის.

XS
SM
MD
LG