საგამოძიებო ჯგუფმა „სისტემამ“ მოიპოვა მიმოწერა და სხვა დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება ვლადიმირ პუტინისა და ალინა კაბაევას ვაჟების აღსაზრდელად უცხოელი სპეციალისტების დაქირავების ფაქტი. ამ მასალებიდან ირკვევა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტისა და ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონის ოჯახში სულ მცირე 20 უცხოელი გუვერნიორი და გუვერნანტკა მუშაობდა, მათ შორის ნატოს იმ წევრი ქვეყნებიდანაც, რომლებთანაც, თავად პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინაში ომობს. ამ მომსახურე პერსონალის შენახვაზე ოჯახი წელიწადში ასიათასობით დოლარს ხარჯავდა და კვლავაც ხარჯავს.
„სისტემა“ - საგამოძიებო პროექტი, რომელიც შეიქმნა 2023 წელს The CurrentTime-ისა და რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის მიერ და რომელიც აქვეყნებს ექსკლუზიურ მასალებს სხვადასხვა თემაზე - დაწყებულს ომის დანაშაულების გამოძიებიდან, დამთავრებულს კორუფციის გამოაშკარავებით.
„შესაძლოა, ვანია თევზაობით დაინტერესდეს“
34 წლის სახელი მისი პირადი თხოვნით შეიცვალა, მისი კლიენტების შესახებ კითხვების მგრძნობელობისა და უსაფრთხოების გამო. საფუძვლიანად მოემზადა რუსეთში გუვერნანტის ახალი სამსახურისთვის. ჯერ კიდევ ავსტრიაში მან მომავალი აღსაზრდელისთვის, ვანიასთვის, გერმანული ზმნების ბარათები და საბავშვო ვიმელბუხი (Wimmelbuch) შეიძინა. თან ასევე წაიღო ლამაზი ტანსაცმელი, რადგან წაიკითხა, რომ რუსეთში ქალები ევროპელებზე უფრო ელეგანტურად იცვამენ. ასევე ჩაალაგა საბრძოლო ხელოვნების ფორმაც, იმ იმედით, რომ თავისუფალ დროს სპორტულ კლუბებში ივლიდა სოციალიზაციის მიზნით.
ემამ დეტალურად აუხსნა მან მშობლებს, როგორ აპირებდა ოთხი წლის ბავშვისთვის გერმანული ენის სწავლებას. მაგალითად, ემამ შესთავაზა, კვირაში ორჯერ მაინც ბავშვთან ერთად ტყეში გაეტარებინათ დრო.
„დამტკიცებულია, რომ ე.წ. „ტყის აბაზანები“, რომლებსაც იაპონურად „შინრინ-იოკუ“ ეწოდება, იმუნურ სისტემას რამდენიმე დღით აძლიერებს. (...) ტყეში დროის გატარება (და არა უბრალოდ კეთილმოწყობილ პარკში) ძალიან სასარგებლოა პატარა ბავშვებისთვის, რადგან აუმჯობესებს მათ მოტორიკას — მიწა ხომ უსწორმასწოროა. (...) უამრავი შესაძლებლობა იქნება გერმანულად სასაუბროდ. შესაძლოა, ვანია დაინტერესდეს თევზაობით, კენკრის შეგროვებით და ა.შ.“ — ასე აღწერდა ემა ტყის სასარგებლო გავლენას თავისი მომავალი აღსაზრდელის მშობლებისთვის გაგზავნილ წერილში.
თუმცა ტყეში მუდმივი ცხოვრება ემას აღარ მოეწონა.
2019 წლის ივლისში ქალი რუსეთში ჩავიდა, სადაც, როგორც დამსაქმებლები გასაუბრებაზე შეჰპირდნენ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრობდა და თავისი სპეციალური დიეტის შესაბამისად იკვებობებოდა.
მაგრამ მალე, სრულიად მოულოდნელად, მას მოუწია ნოვგოროდის ოლქის პატარა დასახლება უგლოვკაში გადასვლა. ტყეში განმარტოებული ცხოვრება, სოციალიზაციის შესაძლებლობის გარეშე, საერთოდ არ ჰგავდა ადრე აღწერილ სამუშაო პირობებს. „როცა ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ელოდები, მაგრამ აღმოჩნდები სადღაც გადაკარგულში, თავს ძალიან ცუდად იგრძნობ. ფსიქოლოგიაში ამას კონტრასტის ეფექტი ეწოდება“, — ასე აღწერდა მოგვიანებით ავსტრიელი გუვერნანტი თავის გაცრუებულ მოლოდინებს იმ ადამიანებთან წერილში, რომლებმაც ის სამუშაოდ მიიწვიეს.
გოგონამ მოითხოვა სპეციალური კვება, რომელიც მისი დიეტოლოგის რეკომენდაციებს შეესაბამებოდა. თუმცა მალე მიიღო შეტყობინება, რომ შეუფერებელი იყო იმ სამუშაოსთვის, რომელზეც მოსაწყობად რუსეთში ჩავიდა. ემა გრაცში დაბრუნდა და იქიდან მისწერა დამსაქმებლებს წერილი საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ.
სამუშაო შეთავაზების მიღებისა და დიეტის შერჩევის დროს ემას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი მომავალი აღსაზრდელი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ოთხი წლის ვაჟი იყო, ხოლო უგლოვკა — სოფელი და სარკინიგზო სადგური ვალდაიში, პუტინის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ რეზიდენციასთან.
რა არის ცნობილი პუტინის შვილების შესახებ
თავად პუტინი უკვე ძალიან დიდი ხანია საკუთარ შვილებზე აღარ საუბრობს. ლიუდმილა პუტინასთან პირველი ქორწინებიდან მას ორი ზრდასრული ქალიშვილი ჰყავს:
მარია ვორონცოვა (უფროსი) - პროფესიით ენდოკრინოლოგი და ბირთვული მედიცინის კომპანია „ნომეკოს“ თანამფლობელი, რომელიც მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტებს იღებს.
ეკატერინა ტიხონოვა - დაკავებულია რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული მსხვილი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროექტების განვითარებითა. ხელმძღვანელობს ფონდსა და კომპანიას „ინოპრაქტიკა“, რომელიც რუსული სახელმწიფო კომპანიებისა და მრეწველობისთვის ტექნოლოგიების დანერგვასთან არის დაკავშირებული.
პუტინს არასოდეს უღიარებია, რომ ამ გვარების უკან სწორედ მისი ქალიშვილები დგანან; მათ უბრალოდ „ერთი ქალი, მეორე ქალი“ - ასე მოიხსენიებს.
პუტინის უმცროსი შვილების ცხოვრება კიდევ უფრო გასაიდუმლოებულია. ბიჭები ტანვარჯიშში ოლიმპიურ ჩემპიონ ალინა კაბაევასთან ურთიერთობაში დაიბადნენ. უფროსი ქალიშვილებისგან განსხვავებით, პუტინს ოფიციალურად არასოდეს უღიარებია მათი არსებობის ფაქტიც კი (ისევე, როგორც კაბაევასთან თანაცხოვრება). პუტინისა და კაბაევას ცხოვრების დეტალები მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიებებიდან გახდა ცნობილი. 2024 წელს ცენტრმა „დოსიე“ დეტალურად აღწერა პრეზიდენტის შვილების ცხოვრება პუტინის ვალდაის რეზიდენციაში. პუტინის ოჯახის ცხოვრებაზე ასევე წერდნენ „პროექტის“ ჟურნალისტები — რომან ბადანინი და მიხაილ რუბინი — წიგნში „მეფე საკუთარი პერსონით“. ამ გამოძიებებში მოყვანილი ინფორმაციის მიხედვით („სისტემამ“ ამ მონაცემების დადასტურებაც შეძლო), პუტინის უფროსი ვაჟი, ივანი, 2015 წელს დაიბადა, ხოლო უმცროსი, ვლადიმირი — 2019 წელს.
უფროსი ქალიშვილების მსგავსად, საჯარო გამოჩენებისთვის მათაც პუტინის ერთ-ერთი წინაპრის სახელთან თანამჟღერი გვარი აქვთ. „სისტემისთვის“ ცნობილია ვანიასა და ვოვას ეს „გვარები“, რედაქციის განკარგულებაშია მათი ფოტოებიც, რომლებიც ღია წყაროებშიც იძებნება, თუმცა ეთიკური მოსაზრებებით რედაქცია ბავშვების სახეებს არ აქვეყნებს.
არსებობს კიდევ ერთი გოგონა, რომელსაც პუტინის ქალიშვილად მიიჩნევენ. საუბარია ელიზავეტა როზოვაზე, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ელიზავეტა კრივონოგიხი და ელიზავეტა რუდნოვა — ვლადიმირ პუტინისა და პეტერბურგელი ბიზნესმენის, სვეტლანა კრივონოგიხის სავარაუდო არაოფიციალური ქალიშვილი. გოგონას შესახებ პირველად საჯაროდ გამოცემა „პროექტმა“ დაწერა 2020 წელს: გამომძიებელი ჟურნალისტები მიუთითებდნენ პუტინისა და კრივონოგიხის ახლო ურთიერთობაზე, ქალიშვილის დოკუმენტებში არსებულ მამის სახელზე — „ვლადიმიროვნა“, ასევე პუტინთან გარეგნულ მსგავსებაზე. კრემლს ეს ნათესაური კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
„სისტემის“ კორესპონდენტთან მიმოწერაში ემამ დაადასტურა, რომ მართლაც ჰქონდა მოლაპარაკება რუსეთში სამსახურის დაწყებაზე და, რომ ეს შეთავაზება განსაკუთრებული საიდუმლოებით იყო მოცული, თუმცა ქალმა უარი თქვა დამსაქმებლის (ოჯახის) შესახებ სხვა დეტალების განხილვაზე.
კოოპერატივი დინასტიისთვის — როგორ მართავენ კაბაევას ბიძაშვილები შინაპერსონალს
ემა დ.-ის თავგადასავლებისა და ათეულობით სხვა უცხოელი მასწავლებლის, გუვერნიორისა და აღმზრდელის საქმიანობის შესახებ „სისტემამ“ შეიტყო დოკუმენტებისა და ელექტრონული წერილების მასივიდან, რომელიც ჟურნალისტებს გადასცა წყარომ, კარგად ჩახედულმა რუსეთის ყველაზე გავლენიანი ოჯახის მომსახურე პერსონალის მუშაობის დეტალებში.
წყარომ, რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან დევნის მაღალი რისკის გამო, ინკოგნიტოდ დარჩენა და მისი სამუშაო ადგილის არგათქმა მოითხოვა.
“სისტემამ” რამდენიმე გზით გადამოწმა მიღებული მონაცემების სანდოობა და ნამდვილობა, ასევე ჟურნალისტები დაუკავშირდნენ მიმოწერებში მოხსენიებულ პირებს, რომელთაგან ორმა დოკუმენტებში მოყვანილი ინფორმაცია დაადასტურა.
„სისტემის“ ხელში მოხვედრილი მონაცემები მოიცავს 2017-2026 წლებს. მათი დიდი ნაწილი გაგზავნილია ელექტრონულ ფოსტაზე, რომელსაც იყენებენ ოლესია ფედინა და ეკატერინა გოლოვაჩოვა — ალინა კაბაევას (პუტინის ვაჟების დედის) ბიძაშვილები.
„სისტემის“ მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, სწორედ ფედინა და გოლოვაჩოვა კურირებენ პუტინის უმცროსი შვილებისთვის უცხოელი გუვერნიორებისა და მასწავლებლების დაქირავებას. ფედინა ოჯახის წარმომადგენლია და აღზრდის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს არკვევს, ხოლო გოლოვაჩოვა ფინანსურ და ორგანიზაციულ საკითხებს მართავს. მშობლების ვინაობა, ვისთვისაც სინამდვილეში გუვერნანტებს ქირაობენ, არც დოკუმენტებში და არც მიმოწერაში არ სახელდება: მათ მესამე პირში მოიხსენიებენ როგორც „ოჯახს“ ან „მშობლებს“.
დების კორესპონდენტები არიან „ოჯახთან” დაკავშირებული ოფშორული კომპანიების თანამშრომლები, კაბაევას თანაშემწეები, გარე იურიდიული ფირმები და ელიტური დოკუმენტებში ნახსენებია სააგენტოები EnglishNanny და Oxbridge Trinity Partners. შერჩევის სააგენტოები. ფედინასა და გოლოვაჩოვას ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი 78 წლის ირინა ტარასოვაა — „გოსზაგრანსობსტვენნოსტის“ ყოფილი თანამშრომელი. 2021 წელს, რუსეთის მონაცემთა ბაზებიდან გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, ტარასოვა შემოსავალს იღებდა სამხედრო ნაწილ 21247-დან, რომელსაც საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) აკადემიას უკავშირებენ.
მიმოწერების კონტექსტიდან ჩანს, რომ სწორედ ტარასოვა ატარებდა გასაუბრებებს კანდიდატებთან და ფედინასა და გოლოვაჩოვას უგზავნიდა მომავალი გუვერნანტების მახასიათებლებსა და მონაცემებს, რომლებიც, თავის მხრივ, პერსონალის შერჩევის სააგენტოებიდან ეგზავნებოდა. ბუღალტერიასა და ხელფასებზე ანგარიშს აბარებდნენ სპეციალისტები llcinvest.ru დომენის მისამართებიდან — OCCRP-ისა და „მედუზას“ გამოძიების თანახმად, ეს დომენი პუტინთან დაკავშირებულ კომპანიებს ეკუთვნით.
ასე, ალინა კაბაევას ბიძაშვილების ხელმძღვანელობითა და თანაშემწეების, კონსულტანტების, იურისტებისა და ელიტური სააგენტოების რეკრუტინგის დახმარებით, იმართებოდა იმ უცხოელი ძიძების მთელი კონგლომერატი, რომლებიც პუტინის მცირეწლოვანი შვილების აღსაზრდელად იყვნენ დაქირავებული.
უკანასკნელი ევროპელები — როგორ ეფლობიან პუტინის შვილები „ენების აბაზანაში“ და როგორ იცავენ მათ ლგბტ-გან
ძიძებსა და გუვერნიორებს ვლადიმირ პუტინისა და ალინა კაბაევას შვილებისთვის ქირაობდნენ. თავად პუტინს ბავშვების შესახებ არასოდეს უსაუბრია და მათი ცხოვრების დეტალები მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიებებიდან გახდა ცნობილი. ამ გამოძიებების მონაცემებით („სისტემამ“ ამ ინფორმაციის დადასტურებაც შეძლო), ერთ-ერთი მათგანი, ივანი, 2015 წელს დაიბადა, ხოლო უმცროსი, ვლადიმირი — 2019-ში. ოჯახმა უცხოელი აღმზრდელების ძებნა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, როცა ივანი ორი წლისაც არ იყო. 2018 წელს კი სამი წლის ვანიას განრიგში უკვე შედიოდა ინგლისური, გერმანული და მუსიკა. გუვერნიორები არა მხოლოდ ენების სწავლებაზე, არამედ ბავშვის მოვლაზეც ზრუნავდნენ: მაგალითად, ინგლისურის მასწავლებელ ამანდა ს.-ს, ბავშვის „ენობრივ გარემოში ჩაფლობის“ პარალელურად ყეყურადღება უნდა მიექცია იმისთვის, რომ თეფშზე კარტოფილი კარგად ყოფილიყო დასრესილი, ხოლო მაკარონი მთლიანად ბულიონით დაფარული.
2019 წელს გუვერნიორები უკვე ბიჭის სკოლისთვის მომზადებაზე იყოვნენ გადაწყობილი. გამოცემა „დოსიეს“ წყაროს ცნობით, 2024 წლის დასაწყისში განიხილებოდა ივანის სოჭის ლიცეუმ „სირიუსში“ გაგზავნა. ეს ლიცეუმი ამავე სახელწოდების საგანმანათლებლო ცენტრში შედის და ფონდ „ტალანტი და წარმატების“ მიერ არის შექმნილი. თუმცა ამ დროისთვის არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ პუტინის რომელიმე შვილმა სხვა ბავშვებთან ერთად იარა რომელიმე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კადრები, სადაც ისინი სხვა ბავშვებთან ერთად სპორტულ ტანვარჯიშსა და ცეკვებში მეცადინეობენ.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეპეტიტორებს უკვე ვანიას უმცროსი ძმის, ვოვასთვის ქირაობდნენ. 2021-2022 წლების მიმოწერებსა და დოკუმენტებში მას „პატარას“ უწოდებდნენ — მაშინ ვოვა სამი წლისაც არ იყო.
მიღებულ მონაცემებში „სისტემამ“ აღმოაჩინა ინფორმაცია დაახლოებით ორი ათეული მასწავლებლის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროს (2017-2025 წწ) პუტინ-კაბაევას ოჯახში მუშაობდნენ. მათ შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ აფრიკის, ახალი ზელანდიის, გერმანიის, ავსტრიისა და ირლანდიის მოქალაქეები. „სისტემამ“ იცის ყველა ამ თანამშრომლის სახელი, გვარი და საპასპორტო მონაცემები, თუმცა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით რედაქცია მათ არ ასაჯაროებს. როგორც წესი, ერთსა და იმავე პერიოდში ბავშვთან დაახლოებით 4-6 ადამიანი მუშაობდა — ნაწილი ერთდროულად, ნაწილი კი ერთმანეთს ენაცვლებოდა. დამსაქმებლები ერთმანეთში საუბრისას გუვერნიორებს „ბრიტანელებს“ ან „გერმანელებს“ ეძახდნენ, იმის მიხედვით, თუ რომელ ენას ასწავლიდნენ. გუვერნიორების წინაშე ფართო ამოცანა იდგა: ბავშვისთვის ენობრივი გარემოს შექმნა და სწავლაში თამაშის ფორმით ჩართვა.
პუტინი უკვე დიდი ხანია უარყოფითად საუბრობს რუსული ელიტების ევროპული ცხოვრების წესისადმი მიდრეკილებაზე. „პრობლემა ის არ არის, რომ ვიღაცას რივიერაზე ვილა აქვს, უყვარს ხამანწკები ან გენდერული თავისუფლებები. პრობლემა ისაა, რომ ასეთი ადამიანები მენტალურად საკუთარ ხალხთან არ არიან და დასავლურ „უმაღლეს კასტას“ ეთაყვანებიან, ყველანაირად ბაძავენ მას“, — ამბობდა ვლადმირ პუტინი ჩინოვნიკებთან შეხვედრაზე 2022 წლის მარტში.
იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ჩვეულებრივ სკოლებში უცხო ენების სწავლების საათების შემცირების საკითხი განიხილება, პუტინის შვილებმა მინიმუმ ორი უცხო ენა უნდა აითვისონ სრულყოფილად. როგორც ოლესია ფედინას 2019 წლის შეხვედრის სტენოგრამიდან ირკვევა, ოთხი წლის ასაკისთვის ივანი მუდმივად უნდა ყოფილიყო „ჩაფლული ენის აბაზანაში“. მისი ინგლისური მეტყველება უნდა ყოფილიყო გამართული, როგორც „განათლებული ევროპელის მეტყველება“. გერმანული ენის სწავლების მიმართაც ანალოგიური მოთხოვნები არსებობდა.
ცნობია, ეთმობა თუ არა პუტინის შვილების აღზრდაში ასეთივე ყურადღება რუსული ენის სწავლებას. „სისტემამ“ აღმოჩნდა მხოლოდ ერთი რუსი მასწავლებლის, პოლინა ტ.-ს მონაცემები. ქალი ივანს ასწავლიდა მუსიკას და აცნობდა სერგეი პროკოფიევისა და ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის ნაწარმოებებს.
თუმცა ესეც არასაკმარისი აღმოჩნდა. 2019 წლის შობაზე ვანიამ მხოლოდ გერმანულად იმღერა პატარა სიმღერა, რუსულად კი არაფერი შეუსრულებია, — წერდა ოლესია ფედინა იმავე წლის ივნისში პერსონალთან მუშაობის შესახებ.
2018 წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის კომისიის ხელმძღვანელმა ანდრეი კლიმოვმა განაცხადა, რომ რუსეთში დაუშვებელია „დედ მოროზის სანტა კლაუსად გარდაქმნა“ — ეს იდეა მან რუსეთის „სულიერ სუვერენიტეტს“ დაუკავშირა. ინგლისურის ერთ-ერთი მასწავლებლის ანგარიშის მიხედვით, ამავე დეკემბრის დღეებში პატარა ვანია კითხულობდა საბავშვო წიგნებს ირემ რუდოლფზე და სანტა კლაუსისთვის (არა „დედ მოროზისთვის“) ამზადებდა მარხილს.
რაც შეეხება გენდერულ თავისუფლებებს, პუტინის ოჯახი ბავშვების აღზრდაში აშკარად რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ კურსს მიჰყვება.
ყოველი აღმზრდელის კონტრაქტში მკაცრად იყო გაწერილი შემდეგი შეზღუდვა:
„არასოდეს მოახვიოთ თავს აღსაზრდელს თქვენი რელიგიური, პოლიტიკური ან იდეოლოგიური შეხედულებები. არ შეეხოთ სექსუალური ურთიერთობების ან სექსუალური აღზრდის თემებს, თუ ეს წინასწარ არ არის შეთანხმებული დამქირავებელთან. არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ ლგბტ-სთან დაკავშირებულ თემებს“.
2020 წლის თებერვალში, გერმანული ენის მასწავლებელ კრისტინა გ.-ს კონტრაქტის განხილვისას, დამსაქმებლები ასევე სთავაზობდნენ, დაემატებინათ ივანის აღზრდასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები:
„შესაძლოა, აზრი ჰქონდეს მითითებას, რომ „აღსაზრდელი“ ბიჭია და როლურ თამაშებში მას მხოლოდ მამაკაცური სახელები და მხოლოდ მამაკაცური როლები შეიძლება მიენიჭოს.შესაძლოა, ღირს ხაზგასმა იმისა, რომ „აღსაზრდელი“ ერთნაირი წარმატებით იყენებს როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელს, და შესაძლებლობის შემთხვევაში საჭიროა, რბილად მივმართოთ იმისკენ, რომ უპირატესად მარჯვენა ხელი გამოიყენოს“.
„სისტემამ“ ვერ იპოვა კონტრაქტი, რომელშიც ეს წინადადებები ოფიციალურად იქნებოდა დამტკიცებული და მიღებული.
„სისტემის“ მიერ შესწავლილი პატარა ვანიას გაკვეთილების ათობით ილუსტრირებული ანგარიშის მიხედვით, ბიჭის ინტერესები სავსებით ტიპური იყო მისი ასაკისთვის. ვანიას მოსწონდა საპნის ბუშტების გაშვება, ხატვა, ცირკის თამაში და მუყაოს ყუთებისგან ავტოფარეხების აშენება.
2019 წლის დასაწყისში ოთხი წლის ვანია ზოოპარკშიც იმყოფებოდა. „ყველაზე მეტად მას ვეფხვისა და ლომის ბოკვერები მოეწონა, — ეს წერია ინგლისური ენის სწავლების 2019 წლის თებერვალ-მარტის ანგარიშში, რომელიც სოჭში იყო შედგენილი. — ბოკვერების სახლში წაყვანაც კი უნდოდა“.
სოჭის სანატორიუმ „ოქტიაბრსკის“ ზოოპარკში 2019 წლის მარტში მართლაც დამეგობრდნენ ვეფხვის და ლომის ბოკვერები - „სმურფიკი“ და „ევა“. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმემ ეს ცხოველები ზოოპარკიდან წაიყვანა, არ გავრცელებულა.
არც კინო, არც ღვინო — აღმზრდელები მუდმივ კარანტინში
58 წლის ჯეინ მ. გაიზარდა ირლანდიურ-კანადურ ოჯახში, სადაც ჰყავდათ ძიძა, დიასახლისი და მებაღე, და მიჩვეული იყო, რომ პერსონალს ოჯახის წევრივით ეპყრობოდნენ.
22 წლის ასაკში მიიღო ონტარიოს Loyalist College-ის ბაკალავრის ხარისხი (რადიომაუწყებლობის პროგრამა), მოგვიანებით კი პოლიტოლოგიაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო პრინც ედუარდის კუნძულის უნივერსიტეტში (კანადა).
თუმცა ჯეინის ნამდვილი გატაცება ყოველთვის პედაგოგობა და ინგლისური ენა იყო, — წერდა ქალი 2022 წელს რეპეტიტორის პოზიციაზე გაგზავნილ განაცხადში. ინგლისურის მასწავლებლად ჯერ კიდევ 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან მუშაობდა, 2008 წელს კი მიიღო კემბრიჯის სერტიფიკატი, როგორც ინგლისურის (როგორ უცხო ენის) მასწავლებელმა, ხოლო 2014 წელს — ინგლისურის სწავლების მაგისტრის ხარისხი.
2022 წლისთვის ჯეინ მ.-ს სულ მცირე ხუთ ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა (კანადის გარდა, სადაც გაიზარდა): ინგლისურს ასწავლიდა იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში; იყო ბავშვების გუვერნანტი ირლანდიაში, უნივერსიტეტის თანამშრომელი საუდის არაბეთში და მასწავლებელ-მენტორი ესპანეთში.
2022 წლის აპრილში ჯეინის განაცხადი მოხვდა ეკატერინა გოლოვაჩოვასა და ოლესია ფედინასთან, რომლებიც პუტინის შვილებისთვის გუვერნანტებს ეძებდნენ.
იმ დროისთვის რუსეთს უკვე თვენახევარი ჰქონდა დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში „კოლექტიურ დასავლეთთან“ და ნატოსთან ბრძოლის ლოზუნგით. რამდენიმე თვეში კი პუტინის რიტორიკაში გამოჩნდა „ანგლოსაქსები“, რომლებიც, რუსეთის ლიდერის თქმით, რუსეთისა და რუსი ხალხის მთავარ მტრებად იქცნენ. არადა ამ დროს „ანგლოსაქსი“ პერსონალი და გუვერნიერობი პუტინის ოჯახში სავსებით მისაღები იყვნენ.
ჯეინმა განაცხადში მიუთითა, რომ სამი პასპორტი ჰქონდა: ირლანდიური, ბრიტანული და „ვადაგასული კანადური“. სამივე ქვეყანა რუსეთის ხელისუფლებას არამეგობრულ სახელმწიფოებად მიაჩნია, რადგან, მათი თქმით, „რუსული ღირებულებების საწინააღმდეგო შეხედულებებს ავრეცელებენ“.
ამან ხელი არ შეუშალა პუტინისა და კაბაევას ოჯახს, დაემტკიცებინათ ჯეინ მ.-ს კანდიდატურა სამი წლის ვოვას ტუტორად, და 2022 წლის ზაფხულში მას კონტრაქტის მონახაზი გაუგზავნეს.
ამ კონტრაქტებისა და სხვა დოკუმენტების, ასევე ჯეინის მიმოწერის წყალობით მომავალ დამსაქმებლებთან, „სისტემას“ შეუძლია საკმაოდ დეტალურად აღწეროს პუტინის ოჯახში აღმზრდელების მუშაობის პირობები. „სისტემის“ მიერ შესწავლილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ეს პირობები ძალიან შორსაა იმ თბილი ოჯახური ატმოსფეროსგან, რომელსაც ბავშვობაში ჯეინ მ. იყო მიჩვეული.
კონტრაქტი, რომელსაც ჯეინმა 2022 წელს მოაწერა ხელი, ტიპურია ყველა იმ გუვერნიორისთვის, რომელსაც „ოჯახი“ ქირაობს. „სისტემამ“ შეისწავლა დაახლოებით თხუთმეტი ასეთი დოკუმენტი, რომლებიც სხვადასხვა წლებში მომავალ თანამშრომლებს ხელმოსაწერად ეგზავნებოდათ. ტექსტი ჯერ კიდევ 2017 წელს შეიმუშავეს, როდესაც პუტინის ვანია ორი წლის იყო. მას შემდეგ იგი მხოლოდ მცირედით შეიცვალა.
კონტრაქტი ფორმდება „დამქირავებელთან“ და აღწერს „აღსაზრდელთან“ მუშაობის პირობებს. დოკუმენტზე ორივე მხარის სახელებია მითითებული — როგორც წესი, თავად თანამშრომლისა და ოლესია ფედინასი, რომელიც დამქირავებლის როლში გამოდის.
ამ ხელშეკრულების ზოგიერთი პუნქტი სრულიად ლოგიკურია მდიდარი ოჯახის პერსონალისთვის: საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფა, სამსახურში ალკოჰოლისა და მოწევის აკრძალვა, აღსაზრდელის გარეგნობასა და მედიკამენტების მიღებაზე ზრუნვა, ასევე სამუშაოს შესახებ მესამე პირებთან საუბრისა და სოციალურ ქსელებში რაიმეს გამოქვეყნების აკრძალვა. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაო საათებში ასევე აკრძალულია გაჯეტების გამოყენება — თუ ეს სწავლებისთვის აუცილებელი არ არის — ასევე წინასწარ შეუთანხმებელი ფოტო-ვიდეოგადაღება. პერსონალი უნდა იცვამდეს მოწესრიგებულად და არ იყენებდეს მძაფრ სუნამოსა და დეზოდორანტს.
თუმცა ზოგიერთი პირობა საკმაოდ მკაცრია და ოჯახის სპეციფიკურ შიშებს ამჟღავნებს — განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ჯანმრთელობას ეხება.
მაგალითად, კონტრაქტზე ხელმომწერი თანამშრომელი ვალდებულია გაიაროს სამედიცინო შემოწმება. ეს დისპანსერიზაცია მეტ-ნაკლებად უნდა შეესაბამებოდეს რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნებს ბავშვებთან სამუშაოდ აუცილებელი გამოკვლევების შესახებ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მას დამატებითი ანალიზებიც შეიძლება დაემატოს.
თანამშრომლებს გამოკვლევები დამსაქმებლის მიერ შერჩეულ კლინიკაში (დამსაქმებლისვე ხარჯით) უტარდებათ — როგორც წესი, ეს სანქტ-პეტერბურგის კლინიკა „სოგაზია“, რომელიც მხოლოდ კლინიკა არ არის: ეს სამედიცინო ცენტრების ქსელია, რომელიც პუტინის ახლო მეგობარს, იური კოვალჩუკსა და პრეზიდენტის ქალიშვილ მარია ვორონცოვას უკავშირდება.
თანამშრომლები სამედიცინო შემოწმებას წელიწადში ერთხელ გადიან; ასევე ყოველ ჯერზე, როცა სამუშაო ადგილის ფარგლებს ტოვებენ და შემდეგ უკან ბრუნდებიან (მაგალითად, შვებულებიდან დაბრუნებისას). გარდა ამისა, თანამშრომელი ვალდებულია ოჯახს აცნობოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემისა და ინფექციის რისკის შესახებ — არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ უფროსებთან მიმართებითაც.
ამ სამსახურში ავად გახდომა უკიდურესად არასასურველია. დამსაქმებელი ექვს თვეში მხოლოდ ექვსი დღის განაცდურს ანაზღაურებს.
თუ გაირკვა, რომ თანამშრომელს აქვს ინფექციური დაავადება ან ნებისმიერი სხვა ავადმყოფობა, რომელიც მის მუშაობაზე სამ კვირაზე მეტხანს მოახდენს გავლენას, გუვერნიორი შესაძლოა ერთ დღეში გაათავისუფლონ.
„სისტემის“ მიერ შესწავლილი გუვერნიორების სამუშაო გრაფიკებიდან ჩანს, რომ ბავშვებთან მყოფი მასწავლებლების ჯანმრთელობას მართლაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ. ჩანაწერი კეთდებოდა როგორც თანამშრომლის „ქალური პრობლემებით გამოწვეული ტკივილების“, ისე „მსუბუქი დიარეის სიმპტომების“ შესახებ და განიხილებოდა კარანტინში ყოფნის აუცილებლობის საკითხი.
2017 წელს ოჯახი გერმანიისა და სერბეთის მოქალაქე ანა ა.-ს ელოდებოდა. ქალს სანქტ-პეტერბურგამდე მგზავრობა აუნაზღაურეს, მაგრამ შემოწმების დროს ექიმებმამას ოქროსფერი სტაფილოკოკი აღმოუჩინეს. რუსმა ექიმმა ანტიბიოტიკები დაუნიშნა, თუმცა, როგორც მოგვიანებით წერილში ჩიოდა ირინა ტარასოვა (ის იყო სამსახურში ასაყვან კანდიდატებთან კომუნიკაციაში), ანა ვითომ მხოლოდ ნახევარ დოზას იღებდა, ენობრივი ბარიერისა და ექიმის რეკომენდაციების გაუგებრობის გამო.
ანა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ჯანმრთელი იყო — დამატებით სისხლისა და შარდის ანალიზებიც ჩააბარა, თუმცა ეს დამსაქმებლებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა (სტაფილოკოკის ზუსტი გამოვლენისთვის ბაქტერიოლოგიური დათესვაა საჭირო), და ვერშემდგარი მასწავლებელი სახლში გაუშვეს.
„ამასთან, ანა დაინტერესდა, რატომ ეშინია ბავშვის დედას ასე ძალიან ბაქტერიების — ხომ არ აქვს ბავშვს მათ მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა. ვუთხარი, რომ აქამდეც ყოფილა ინფექციის გადაცემის შემთხვევა. ძალიან გაუკვირდა — ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ მთელი პერსონალი ასე კარგად არის შემოწმებული...“ — ასე აღწერდა ირინა ტარასოვა იმ მასწავლებლის ამბავს, რომელიც სამსახურში არ აიყვანეს.
„სისტემამ“ ანას წერილი გაუგზავნა და სთხოვა, მომხდარის საკუთარი ვერსია მოეყოლა, თუმცა მან კომენტარზე უარი თქვა.
მკაცრი კონტროლის ქვეშაა არა მხოლოდ ჯანმრთელობა, არამედ სასწავლო პერსონალის ფაქტობრივად ყოველი ნაბიჯი. მაგალითად, 2019 წელს ჰაუს-მენეჯერები იმას განიხილავდნენ, რომ გუვერნანტები ფეხშიშველი დადიოდნენ, რაც მათი აზრით არაჰიგიენური იყო.
2018 წლის ნოემბერში კი მთელი გამოძიება ჩატარდა იმის გასარკვევად, საკმარისად გულმოდგინედ ჩაუტარა თუ არა გუვერნანტი ამანდა ს.-მ ვანიას ჰიგიენური პროცედურები. ფედინა ამტკიცებდა, რომ გუვერნანტმა უგულებელყო აუცილებელი ჰიგიენა, თუმცა ამანდა ირწმუნებოდა, რომ ყველაფერი სათანადოდ გააკეთა.
ფედინა თავის წერილში მუდმივად ახსენებს „მათ“ (სავარაუდოდ ბავშვის მშობლებს) და წერს, რომ „ისინი“ „ზრდასრული ადამიანები არიან“ და არაფერს გამოიგონებენ.
ისიც უნლდა ითქვას, რომ ამანდა ს.-ს უშუალო საქმიანობასთან (ინგლისურის სწავლებასთან) დაკავშირებით დამსაქმებლებს პრეტენზიები არ ჰქონიათ.
გუვერნანტების უკმაყოფილების ცალკე მიზეზი იყო აუცილებლობა, ყოველდღიურად შეევსოთ დეტალური ანგარიში ბავშვთან გატარებული დროის შესახებ. ამის შესახებ საუბრობს ოლესია ფედინა სასწავლო პერსონალთან (2019 წლის სტენოგრამა).
მასწავლებლების მიერ გაგზავნილი ანგარიშები მართლაც შთამბეჭდავია: ისინი რამდენიმე გვერდს მოიცავს, აქტივობების დეტალური აღწერით, ფოტოებითა და მაგალითებით. პატარა ვანიასთვის მასწავლებლები ცალკე ავსებდნენ მიღწევების „ტრეკერსაც“.
საცხოვრებელი პირობები, რომლებსაც კონტრაქტით მასწავლებლებსა და გუვერნიორებს სთავაზობენ, ფუფუნებად ვერ ჩაითვლება.
თანამშრომელს აძლევენ ბინას ან ოთახს სასტუმროს ნომერში. ამასთან, დამქირავებელი აფრთხილებს, რომ ბინაში (ან ნომერში) ნებისმიერ დროს შეიძლება კიდევ ერთი ადამიანი შეუსახლონ. ერთადერთი, რასაც დამსაქმებელი გარანტირებულად უზრუნველყოფს, თითოეული თანამშრომლისთვის ცალკე ოთახი და ცალკე ტუალეტი-აბაზანაა.
პერსონალს უფინანსებენ ტელეფონს, გაზს, ელექტროენერგიასა და ინტერნეტს, გარდა სტრიმინგ-არხების გამოწერებისა და პირადი საერთაშორისო ზარებისა.
„სისტემის“ მიერ შესწავლილ მიმოწერებში რამდენჯერმე იხსენიება „სოფელი“ ან „ტყე“ — სავარაუდოდ, საუბარია ვალდაის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან ახლოს ცხოვრებაზე. დაქირავებულ თანამშრომლებს უნაზღაურებენ გზას მოსკოვიდან (ან სანქტ-პეტერბურგიდან) რეზიდენციამდე (უგლოვკის სარკინიგზო სადგურამდე ბილეთებს), ასევე სოჭის ბილეთებსაც, როცა ოჯახი იქ გადადის.
„ოჯახური კომპლექსიდან“ ქალაქში დამოუკიდებლად გასვლა შეუძლებელი იყო. დასვენების დღეს გუვერნანტს არ შეუძლია უბრალოდ ადგეს და მაღაზიაში, თეატრში, ბარში ან მუზეუმში წასვიედს. ინგლისურის მასწავლებელ ჯეინ მ.-სთან 2022 წლის მიმოწერაში ეს „კარანტინის პირობებით“ აიხსნებოდა:
„პანდემიამდე მასწავლებლებს შეეძლოთ ქალაქში გასვლა, მაღაზიებში სიარული და სხვადასხვა საზოგადოებრივი ადგილის მონახულება. ამჟამად ეს შეუძლებელია. ყველაფერს, რაც დაგჭირდებათ, ონლაინ შევუკვეთავთ. თქვენ შეადგენთ საჭირო ნივთებისა და პროდუქტების სიას, ჩვენ კი მათ შევიძენთ და გადმოგცემთ, წინასწარ უსაფრთხო საშუალებებით დამუშავების შემდეგ“, — წერდა ეკატერინა გოლოვაჩოვა ჯეინ მ.-ს 2022 წელს.
ყველა ვერ უძლებდა იზოლაციის ფსიქოლოგიურ ტვირთს. 2023 წელს ინგლისურის მასწავლებელმა, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჰარი ა.-მ დამსაქმებლებს ორთვიანი „უფასო შვებულება“ სთხოვა, რაც „პირადი საქმეებით“ და „კარანტინში ცხოვრებით გამოწვეული გადაღლით“ ახსნა. „ოჯახს“ ამგვარ შვებულებაზე უარი არ უთქვამს.
კაბაევებას მაჟორდომები (საქმეთა მმართველები) არც პერსონალის მოთხოვნების მიმართ სკეპტიკურ-სარკასტულ დამოკიდებულებას მალავენ. ბოლო რვა წლის განმავლობაში მათ ათობით მასწავლებლის ანკეტა განიხილეს; ნაწილს სამსახურში მიღებაზე უარი რუსეთში ჩაფრენის შემდეგ უთხრეს, ნაწილი კი სამსახურიდან ძალიან მოკლე პერიოდში გაუშვეს.
„საერთოდაც, სპეციალისტის შერჩევა რთულია, თან ისეთი ადამიანის, რომელიც ადეკვატური იქნება... და ეს მათი ქედმაღლობაც... უცხოური „პაჩპორტები“ და დიპლომები. თავისთავად ყველას მიაჩნია, რომ ერთდროულად მეთოდისტიცაა, ფსიქოლოგიც... და მაშინვე მთელი წესრიგის შეცვლას ცდილობს“, — წერდა ირინა ტარასოვა ეკატერინა გოლოვაჩოვას 2017 წლის მიმოწერაში (ორიგინალის ორთოგრაფია დაცულია).
გულუხვად ანაზღაურდება თუ არა ასეთი სამუშაო?
We'll give you the rest in cash — მილიონები ევროპული აღზრდისთვის
„სისტემის“ მიერ შესწავლილ მონაცემთა მასივში ათობით კონტრაქტი, გადახდების ანგარიში და საბანკო გადარიცხვების ამონაწერია, რომელთა მიხედვითაც საკმაოდ ზუსტად შეიძლება შეფასდეს პუტინის შვილების გუვერნანტების ხელფასები და უცხოელი პერსონალის შესანახად ოჯახის მიერ გაწეული საერთო ხარჯები. ამ მონაცემების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის შვილების ევროპულ ენობრივ გარემოში აღზრდა წელიწადში ასიათასობით დოლარი ჯდება.
ყოველი თანამშრომელი ორ შრომით ხელშეკრულებას აწერს ხელს.
პირველი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი „მემკვიდრეების“ ცხოვრების და აღზრდის პირობები, ფორმდება „დამქირავებელთან“ — ოჯახის წარმომადგენელთან. როგორც წესი, ამ როლში ოლესია ფედინა გამოდის. ბავშვი ამ კონტრაქტში „აღსაზრდელად“ მოიხსენიება. ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც 2019 წლით თარიღდება, აღსაზრდელი მოხსენიებულია სახელით — „ივან ფედინი“. როგორც უკვე ითქვა, ოლესია ფედინას ნამდვილ შვილს სხვა სახელი ჰქვია.
სწორედ ამ ხელშეკრულებაშია მითითებული თანამშრომლის რეალური ხელფასი. თანხა ინდივიდუალურია და პირად შეთანხმებებზეა დამოკიდებული, თუმცა საერთო დონე დაახლოებით ერთნაირია. მაგალითად, 2019 წელს „ივან ფედინის“ აღმზრდელის ანაზღაურება კვირაში 40 საათიანი სამუშაოსათვის 1400 ევროს შეადგენდა. უფრო გვიანდელ კონტრაქტებშიც მსგავსი თანხებია მითითებული — მაგალითად, 1500 გირვანქა სტერლინგი კვირაში 60 საათიანი შრომისთვის.
თვეში რვა ათასი დოლარი (2025 წლის საშუალო კურსით დაახლოებით 665 000 რუბლი) რუსეთისთვის საკმაოდ დიდი ფულია — 2025 წლის საშუალო თვიურ ხელფასზე დაახლოებით 6,5-ჯერ მეტი. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიისთვისაც ეს საშუალოზე მაღალი შემოსავალია — მედიანურ ხელფასზე დაახლოებით ორჯერ მეტი. დოკუმენტებში საუბარია „სუფთა“ ხელფასზე, ანუ იმ თანხაზე, რომელსაც თანამშრომელი გადასახადების გადახდის შემდეგ იღებს.
ამ ხელფასებიდან ძიძები და გუვერნანტები გადასახადებს ძირითადად რუსეთში იხდიან — თუმცა შესაძლოა არც სრულად და არც მთელი თანხიდან.
საქმე ისაა, რომ ყველა თანამშრომელს მეორე, მეტად „ოფიციალური“ კონტრაქტიც აქვს, რომელსაც უცხოელი აფორმებს რუსეთის იურიდიულ პირთან — „სოგაზის საერთაშორისო სამედიცინო ცენტრის პროფესიული გადამზადების ინსტიტუტთან“ (უფრო იშვიათად თავად „სოგაზის“ საერთაშორისო სამედიცინო ცენტრთან). ამ შრომით ხელშეკრულებაში მითითებული თანამდებობაა „წამყვანი თარჯიმანი“.
ასეთი ოფიციალური დასაქმება აუცილებელია იმისთვის, რომ „ოჯახის“ თანამშრომლებმა რუსეთში სამუშაო ნებართვები და ვიზები მიიღონ, როგორც „მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა“.
„მაღალკვალიფიციური სპეციალისტის“ სტატუსი უცხოელს მხოლოდ ბინადრობის ნებართვის მიღებაში როდი ეხმარება: ასეთი თანამშრომლის აყვანისთვის დამსაქმებელი კომპანია ბიუჯეტში თითქმის არ იხდის სოციალურ შენატანებს.
ოფიციალური ხელფასი, რომელიც გუვერნანტების უმეტესობის მეორე (იურიდიულ პირთან გაფორმებულ) ხელშეკრულებაშია მითითებული, თვეში 167 ათას რუბლს შეადგენს — ეს კი რამდენჯერმე ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც უშუალოდ „ოჯახთან“ დადებულ კონტრაქტშია მითითებული.
უმეტეს შემთხვევაში თანამშრომლები ხელფასის დანარჩენ ნაწილსაც იმავე რუსულ ანგარიშზე, იმავე კომპანიისგან იღებდნენ: უბრალოდ ხელფასის დიდი ნაწილი ოფიციალურად „პრემიად“ ფორმდებოდა, ხოლო მისი ოდენობა რეალურად ნამუშევარ დღეებზე, ავადმყოფობის ფურცლებზე, შვებულებებსა და სხვა გარემოებებზე იყო დამოკიდებული.
ხელფასის გადახდის ასეთი სქემა (მინიმალური ოფიციალური ხელფასი + დიდი პრემიები) საჭიროა იმისთვის, რომ ყოველთვიური ანაზღაურება რუბლის კურსის მიხედვით ცვალონ, — ასე ახსნეს დამსაქმებლებმა ინგლისურის მასწავლებელს სამხრეთ აფრიკელ ჯოან ბ.-ს, 2021 წელს კონტრაქტთან დაკავშირებულ მიმოწერაში.
სინამდვილეში, ამ სისტემის მოქნილობა გაცილებით მეტის საშუალებას იძლევა. მაგალითად, შესაძლებელია თანხის ნაწილის პირდაპირ უცხოურ ბანკში გადარიცხვა — ან, თუ გადარიცხვა შეუძლებელია, ხელფასის დიდი ნაწილის უბრალოდ ნაღდი ფულით მიცემა. ამგვარად, 2022 წელს ეკატერინა გოლოვაჩოვა ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეინ მ.-ს დაჰპირდა, რომ თანხის ნაწილს რუსულ ანგარიშზე რუბლებით მიიღებდა, ნაწილს კი ნაღდი ფულით — „ევროში, დოლარში ან რუბლებში“. თუ მას გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ცნობა დასჭირდებოდა, რუსული კომპანია რუსული ანგარიშის მიხედვით შესაბამის ცნობას მისცემდა.
მხოლოდ 2022 წლის აგვისტოში ხუთ თანამშრომელს ოფიციალურ რუსულ ანგარიშებზე 1,92 მილიონი რუბლი ჩაურიცხეს (ამ თანხაში არ შედის ნაღდი ფული ან უცხოურ ანგარიშებზე შესაძლო გადარიცხვები), რაც დაახლოებით 31,8 ათასი დოლარია.
2020 წელს მიმოწერაში განიხილებოდა ძიძების შტატის დაკომპლექტების გეგმები უახლოესი პერიოდისთვის. გოლოვაჩოვას შეფასებით, ოჯახი გეგმავდა 5-6 თანამშრომლის შენახვას, თითოეულის ხელფასით 450-510 ათასი რუბლი (დაახლოებით 7 ათასი დოლარი), რაც თვეში მინიმუმ 30 ათასი დოლარი, წელიწადში კი დაახლოებით 400 ათასი დოლარია.
საიდან აქვს „სოგაზს“ ფული მაღალანაზღაურებადი უცხოელი „თარჯიმნების“ მთელი შტატის შესანახად?
სავარაუდოდ, სულ ცოტა ნაწილობრივ მაინც (თუ მთლიანად არა), ეს სახელფასო ფონდი ივსება იმ თანხებით, რომელსაც „სოგაზის“ შვილობილ კომპანიას თავად ეკატერინა გოლოვაჩოვა ურიცხავს. „სისტემის“ განკარგულებაშია გოლოვაჩოვასა და „სოგაზს“ შორის 2020 წელს გაფორმებული კონტრაქტის დამატებითი შეთანხმება. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გოლოვაჩოვა ყოველთვიურად უხდის ცენტრს გარკვეულ თანხას „სათარჯიმნო მომსახურებისთვის“. 2026 წელს ამ ყოველთვიურმა გადასახადმა 1,98 მილიონი რუბლი შეადგინა. ეს თანხა საკმარისია იმისთვის, რომ სამ ძიძას თვეში 7-7 ათასი ევრო გადაუხადონ, ან გასცენ თერთმეტი ოფიციალური ხელფასი — თითოეული 167 ათასი რუბლის ოდენობით.
საიდან აქვს თავად გოლოვაჩოვას ეს ფული, რთული სათქმელია. დასაქმებისა და ხელფასების შესახებ გაჟონილი მონაცემების მიხედვით, რომლებიც „სისტემამ“ შეისწავლა, ამ ორ კომპანიაში მისი ყოველთვიური ჯამური ხელფასი (2025 წლის მდგომარეობით) 550 ათას რუბლს არ აღემატებოდა — ანუ თითქმის ოთხჯერ ნაკლები იყო იმაზე, რასაც ის „სოგაზს“ 2026 წელს უხდიდა.
თავად გოლოვაჩოვამ და „სოგაზმა“ „სისტემის“ კითხვებს არ უპასუხეს.
„პანცირების“ დაცვის ქვეშ
2022 წლის დასაწყისში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში პუტინის ოჯახის ყოფაშიც შეიტანა ცვლილებები.
ვალდაის რეზიდენციის გარშემო, სადაც ოჯახი ტრადიციულად დიდ დროს ატარებდა, ახლა, „რადიო თავისუფლების“ გამოთვლებით, სულ მცირე „პანცირის“ ტიპის 25 საჰაერო თავდაცვის სისტემა დგას. ეს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების თვალსაზრისით.
თავად პუტინი, როგორც ადრე „სისტემამ“ გაარკვია, 2024 წლიდან თითქმის აღარ ჩნდება თავის ოდესღაც საყვარელ სოჭის რეზიდენციაში — ძირითადად უკრაინული დრონების თავდასხმის შიშის გამო.
თუმცა, შესაძლოა, ეს შიში მის შვილებზე არ ვრცელდება. მიმოწერებიდან მიღებულ დოკუმენტებში „სისტემამ“ აღმოაჩინა სულ მცირე ერთი შემთხვევა, როდესაც 2025 წლის თებერვალში გუვერნანტი კეროლ რ. სანქტ-პეტერბურგიდან სოჭში გაფრინდა. ფრენის რეგისტრაცია დამსაქმებლის ელექტრონულ ფოსტაზე იყო გაფორმებული, ანუ ძიძა, სავარაუდოდ, პირადი საქმეებისთვის კი არა, სამუშაოდ — ბავშვის თანმხლებად მიფრინავდა.
2026 წლის იანვრის მდგომარეობით, პუტინის ოჯახში სულ მცირე სამი უცხოელი ძიძა მუშაობდა: ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქე სოფია ბ., გერმანიის მოქალაქე ირენ ე. და სამხრეთ აფრიკის მოქალაქე კეროლ რ. იანვარში მათ ჯამურად 3,5 მილიონი რუბლი გადაუხადეს (შესაძლო დამატებითი სავალუტო ანაზღაურების გარეშე), რაც 45 ათას დოლარზე მეტია. „სისტემის“ ხელთ არსებული საბანკო ამონაწერების მიხედვით, მხოლოდ კეროლ რ.-მ 2026 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში 2,4 მილიონი რუბლი ანუ 30 ათას დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
„სისტემის“ ცნობით, მაისში კეროლმა სამსახურიდან წასვლის განცხადება დაწერა. გათავისუფლების მიზეზები „სისტემისთვის“ უცნობია.
კეროლმა „სისტემის“ მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ კითხვებს არ უპასუხა. გოლოვაჩოვამ, ფედინამ, ალინა კაბაევას წარმომადგენელმა და რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვი ასევე უპასუხოდ დატოვეს მათთვის გაგზავნილი კითხვები.
ერთ-ერთმა ყოფილმა უცხოელმა გუვერნანტმა “სისტემის” წერილს უპასუხა და თქვა, რომ დაახლოებით სამი თვის განმავლობაში მართლაც მუშაობდა რუსულ ოჯახში, თუმცა მისთვის ერთხელაც არ უთქვამთ, კონკრეტულად ვისზე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში დადებით გამოცდილებას და ოჯახის გულუხვობას პოზიტიურად აფასებდა, „სისტემის“ რესპონდენტმა აღნიშნა, რომ დამსაქმებელთან ურთიერთობის მანერა მისთვის მაინც არასასიამოვნო იყო: „უბრალოდ ვიყავი ადამიანი, რომელიც ბრძანებებსა და მითითებებს იღებდა“.
ფორუმი