გასული დღეები სომხეთისთვის მართლაც ისტორიული იყო, ქვეყანა პირველად მასპინძლობდა ამ მასშტაბისა და დონის პოლიტიკურ სამიტს, რომელშიც ჯამურად 48 სახელმწიფო იღებდა მონაწილეობას.
სამიტი გასულ წლებში სომხეთში დაწყებული საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაციის სიმბოლო გახდა, თუმცა მიმდინარე კვირას კონკრეტული და დათვლადი სარგებელიც მიიღო.
რა ხდებოდა სომხეთში 4-5 მაისს?
ამ 2 დღის განმავლობაში ერევანში გაიმართა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი, რომელშიც ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოს წარმომადგენლის გარდა კიდევ 21 ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს წარმომადგენლებიც.
ეს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ინიციირებული ფორმატია, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო და რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება. ფორმატი არ ითვალისწინებს შემაჯამებელი ერთობლივი განცხადებების მიღებას და უფრო მეტად "აზრთა გაცვლის" პლატფორმაა.
"ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი ასევე არის ნდობის გაძლიერებისა და ერთობლივი, კოორდინირებული ევროპული ინიციატივების შეთანხმების პლატფორმა"- განაცხადა სამიტის დასრულების შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
პრაქტიკული თვალსაზრისით ნიკოლ ფაშინიანისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო სომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი, რომელზეც ბრიუსელს წარმოადგენდნენ ევროსაბჭოს თავმჯდომარე, ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი.
სამიტების პარალელურად ერევანი საფრანგეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტსაც მასპინძლობდა - ემანუელ მაკრონი სომხეთში 3 მაისს ჩაფრინდა, ხოლო უშუალოდ სახელმწიფო ვიზიტი 5 მაისს დაიწყო.
საგარეო პოლიტიკის გარდა სამიტები მნიშვნელოვანი იყო შიდა პოლიტიკური თვალსაზრისითაც - 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც სულ 19 პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას.
Gallup-ის სომხური დანაყოფის მონაცემებით, კვლევებში ხმათა 26.7%-ით ფაშინიანის პარტია ლიდერობს.14%-ია სომხეთის ყველაზე მდიდარი კაცის, სამველ კარაპეტიანის "ძლიერი სომხეთის" რეიტინგი. მესამე ადგილზე, ხმათა 8%-ით ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკია "სომხეთია.
სომხეთ-ევროკავშირის სამიტის შედეგები
მთავარი შედეგი 44-პუნქტიანი ერთობლივი დეკლარაციაა, რომელშიც გამართული სამიტი შეფასდა როგორც "ისტორიული მიღწევა ერევანსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში."
დეკლარაცია მოიცავს მხარეებს შორის სხვადასხვა საკითხზე არსებულ თანხმობას, მათ შორის: აზერბაიჯანთან მიმდინარე სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა და გაძლიერება, თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია.
დეკლარაციაში ნახსენებია მდგრადობის ზრდის გეგმა, რომელიც ბრიუსელმა 2024 წელს მიიღო სომხეთისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გასაწევად და რეფორმების ხელშესაწყობად. გეგმა 2027 წლამდეა გათვლილი და მისი ბიუჯეტი 270 მილიონი ევროა.
ნახსენებია, რომ პროექტ Global Gateway-ის ფარგლებში სომხეთში ევროკავშირის ჯამური ინვესტიციები 2.5 მილიარდ ევროს გაუტოლდება - პროექტი გულისხმობს მოცულობით ინვესტიციების ინფრასტრუქტურაში, რაც უნდა გააუმჯობესოს ქვეყნის დაკავშირებადობა ევროკავშირთან.
დეკლარაციაში საუბარი ენერგეტიკულ პოლიტიკასა და ვიზალიბერალიზაციაზე, ასევე თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სტრუქტურებთან როგორიცაა Europol და Frontex (სასაზღვრო სამსახური), რაც სავარაუდოდ დააჩქარებს უვიზო მიმოსვლის შემოღების პროცესს.
შეთანხმდა სხვა ორმხრივი დოკუმენტებიც, მათ შორის "სომხეთისა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება დაკავშირებადობის პროცესში პარტნიორობის შესახებ." განცხადებაში ხაზგასმულია 3 სფეროს "სტრატეგიული მნიშვნელობა." ესენია: ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ციფრული ტექნოლოგიები.
ამ მიმართულებით ევროკავშირთან პარტნიორობა ითვალისწინებს სომხეთის ინტეგრაციას რეგიონულ სატრანსპორტო სქემებში, კერძოდ კი ტრანსკასპიურ სატრანსპორტო მარშრუტში. ასევე სომხეთის ენერგოდამოუკიდებლობისა და მომარაგების წყაროების დივერსიფიკაციის მხარდაჭერას და ქვეყნის ჩართვას ევროპის ციფრულ ეკონომიკაში.
ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვასილის მარაგოსმა სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, არპინე სარგსიანს ევროკომისიის დასკვნა გადასცა, რომელშიც საუბარია ვიზალიბერალიზაციის გზაზე სომხეთის მიერ მიღწეულ პროგრესზე.
სამიტის მიმდინარეობისას არაერთხელ ახსენეს "საპარტნიორო მისია", რომელიც ბრიუსელმა ერევანში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის მიავლინა. მისიის ვადა 2 წელია და მიზანია სომხეთს დაეხმაროს ისეთ გამოწვევებთან ბრძოლაში როგორიცაა გარე ჩარევა და საინფორმაციო მანიპულაციები, კიბერუსაფრთხოება და ფულის გათეთრება.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავიცვათ სომეხი ხალხის თავისუფლება თვითონ აირჩიონ თავიანთი მომავალი, შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ. ჩვენ მხარს დაგიჭერთ"- განაცხადა ანტონიუ კოშტამ საპარტნიორო მისიაზე საუბრისას.
რაც შეეხება ემანუელ მაკრონის სახელმწიფო ვიზიტის მთავარი მოვლენა სომხეთსა და საფრანგეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერა იყო, თუმცა მისი ტექსტი საჯაროდ ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.
"ამ ისტორიულ მომენტში ევროპა სამხრეთ კავკასიის ყველაზე ბუნებრივი პარტნიორია"- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
დიდი ცვლილებები
ჯამურად ეს სამიტები სომხეთის საგარეო პოლიტიკის მკვეთრი ცვლილების სიმბოლო გახდა - სომხეთში ოდესღაც განიხილავდნენ ევროკავშირთან პარტნიორობას, მაგრამ მას შემდეგ 2013 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადაწყვეტილებით ერევანი რუსეთის მიერ ინიციირებულ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შეუერთდა პროცესი პრაქტიკულად ჩიხში შევიდა.
ევროინტეგრაციის დაწყების გეგმის შესახებ ოფიციალურ დონეზე ერევანში პირველად 2024 წლის მარტში განაცხადეს. მომდევნო წელს პარლამენტმა მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვის შესახებ. სომხეთში მაშინ განმარტავდნენ, რომ თავად კანონი არ წარმოადგენს განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე, არამედ "სომეხი ხალხის სურვილს გააღრმაოს პარტნიორობა ევროკავშირთან."
უკრაინისა და საქართველოს გამოცდილებით გასაკვირი არ არის, რომ ერევანში გამართულ სამიტს მოსკოვის უკმაყოფილება და კრიტიკა მოჰყვა. ფაშინიანის მთავრობასა და კრემლს შორის მარტივი ურთიერთობები არც არასდროს ყოფილა, თუმცა აპრილის დასაწყისში უთანხმოება ახალ დონეზე ავიდა.
ვლადიმირ პუტინმა ფაშინიანი გააფრთხილა, რომ ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირში ერთდროულად ყოფნა შეუთავსებელი და შეუძლებელია. მეტიც, რუსეთის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა, იმის გამოც, რომ მისი აზრით საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ეზღუდებათ რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილ ძალებს.
ფაშინიანის პასუხი იყო, რომ ქვეყანა დააბალანსებს ევრაზიულ კავშირში წევრობას და ბრიუსელთან დაახლოებას "სანამ ეს შესაძლებელი იქნება", რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მისი თქმით, ქვეყნის საგარეო კურსს სომეხი ხალხი გადაწყვეტს.
უთანხმოებას სომხეთსა და რუსეთს შორის ზრდის დიდი პოტენციალი აქვს: ნიკოლ ფაშინიანი უკვე რამდენიმე თვეა საუბრობს სომხეთის რკინიგზაზე რუსეთის კომპანიის ჩანაცვლების აუცილებლობაზე, რაც მოსკოვისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ამ ყველაფრის კი წინ უძღოდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის სომხეთში - მიმდინარე წლის თებერვალში ვაშინგტონმა და ერევანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ასევე სომხეთმა მიიღო პირველი ამერიკული შეიარაღება და 9 მილიარდი დოლარის მოცულობის ეკონომიკური შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შეეძლებათ მონაწილეობას მიღება სომხეთის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის განახლებულ ტენდერში.
შეთანხმებას მალევე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შოიგუ, რომელმაც "არარეალისტური" უწოდა ქვეყნის ბირთვულ ენერგეტიკაში რუსეთის ჩანაცვლების გეგმებს და სომხეთი შესაძლო რისკების შესახებ გააფრთხილა.
ერევანში გამართულ სამიტის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დაიბარეს სომხეთის ელჩი. რუსეთის საგარეო უწყებამ სომხეთი დაადანაშაულა დაპირების დარღვევაში, რომ "რუსეთის წინააღმდეგ არ იმოქმედებდნენ."
სავარაუდოა, სომხეთის ევროკავშირთან დაახლოების პარალელურად დაძაბულობა მოსკოვთან ურთიერთობებში თუ არ გაიზრდება, როგორც მინიმუმ შენარჩუნდება. მეორეს მხრივ ეს ცვლილებები ახალი გამოცდილებითაა ნაკარნახევი - ერევანში დარწმუნებულები არიან, რომ უსაფრთხოების ნაწილში რუსეთზე სრული დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომა იყო, რომელიც მძიმე მარცხით დასრულდა.
ფორუმი