Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი, ტაივანი და სავაჭრო დაძაბულობა: რას უნდა ველოდოთ ტრამპისა და სი ძინპინის სამიტზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა ჩინეთის მმართველ სი ძინპინთან. სამხრეთი კორეა, ბუსანი, 2025 წლის 30 ოქტომბერი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა ჩინეთის მმართველ სი ძინპინთან. სამხრეთი კორეა, ბუსანი, 2025 წლის 30 ოქტომბერი

აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერები, სავარაუდოდ, მოლაპარაკებას გამართავენ იშვიათ მიწათა ელემენტების - იშვიათი ნივთიერებების ექსპორტსა და ეკონომიკურ დაძაბულობაზე, თეირანსა და აზიაში უსაფრთხოების გარშემო მზარდი უთანხმოების განხილვის პარალელურად.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის მეთაური სი ძინპინი პეკინში გახსნიან სამიტს, რომელსაც ყურადღებით აკვირდება ყველა, რადგან ვაშინგტონი და პეკინი ეკონომიკური ზავის მიღწევას ცდილობენ და ამავდროულად, ირანის, ტაივანისა და მიწოდების მნიშვნელოვანი ჯაჭვების კონტროლის გამო აქვთ დისპუტი.

ტრამპი, რომელიც ბოლოს 2017 წელს ეწვია ჩინეთს, იქ 13 მაისის საღამოს ჩავა და 14-15 მაისს სი ძინპინთან ორდღიან მოლაპარაკებებს გამართავს.

ეს ვიზიტი ორი ლიდერის პირველი პირისპირ შეხვედრაა ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ისინი ცდილობენ მოაგვარონ ურთიერთობა, რომელიც დაიძაბა ტარიფების, მინერალების ექსპორტის კონტროლისა და სხვა სფეროებში უთანხმოების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა, რომელსაც დიდხანს ელოდნენ, მოიცავს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრს - ამერიკული სოიას ექსპორტით დაწყებული, ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობით დამთავრებული, - სამიტის დღის წესრიგში, სავარაუდოდ, ირანის ომიც იქნება, განუცხადეს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებს 10 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

„[აშშ-ის] პრეზიდენტმა ირანის თემაზე გენერალურ მდივან სი ძინპინთან არაერთხელ ისაუბრა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ ისინი მოელიან, ტრამპი „ზეწოლას მოახდენს“ პეკინზე, - რომელიც სავაჭრო ურთიერთობებში ირანზეა დამოკიდებული ნავთობის დაბალი ფასის გამო, - რათა ხელი შეუწყოს ომის, რომელიც უკვე მესამე თვეა გრძელდება, დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევას.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე განხილავენ ირანში ომის შედეგებს, მათ შორის ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას, აშშ-ის ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ როდესაც ტრამპი და სი ძინპინი დიდ დარბაზში ერთად დასხდებიან, მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში სავაჭრო დაძაბულობა იქნება.

„პრეზიდენტ სი ძინპინს სურს, შეამციროს აშშ-ის მხარდაჭერა ტაივანის მიმართ, განსაკუთრებით აშშ-ის მიერ იარაღის მიწოდების შეზღუდვის მოთხოვნით“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ალიშა გარსია-ჰერერომ - ფრანგული ფინანსური კომპანია Natixis-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მთავარმა ეკონომისტმა. - „პეკინი ასევე დაინტერესებულია, უზრუნველყოს აშშ-ს მიერ მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლის გარკვეული შემსუბუქება და თავისი პოზიციის დაცვა მსოფლიო ვაჭრობაში”.

სავაჭრო ზავის მიღწევის ძიებაში?

ასევე, მოსალოდნელია, რომ ორივე მხარე ხელს მოაწერს რამდენიმე გარიგებას, დაწყებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით, როგორიცაა სოია, დამთავრებული Boeing-ის თვითმფრინავების შესყიდვით, და ასევე გამართავენ მოლაპარაკებებს ახალი ფორუმების შექმნაზე, რათა ხელი შეუწყონ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს.

ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთს ძლიერი დარტყმა მიაყენა მაღალი ტარიფებით 2024 წლის დასაწყისში, მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებისას, თუმცა სავაჭრო უთანხმოება თანდათან შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ბოლო თვეებში ზოგიერთი გადასახადი შეზღუდა, ზოგი კი უკანონოდ ცნო. სი ძინპინმა და ტრამპმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას 2025 წლის ოქტომბერში სამხრეთ კორეაში შეხვედრის დროს, რომელმაც შეამცირა დაძაბულობა სხვათა შორის, შეერთებულ შტატებისთვის ზოგიერთი იშვიათი მინერალის მიწოდებაზე - ექსპორტზე კონტროლის გაუქმებით.

ანალიტიკოსების თქმით, პეკინი, რათა გააძლიეროს თავისი პოზიცია მოლაპარაკებებზე, ეცდება გამოიყენოს თავისი კონტროლი მნიშვნელოვანი მინერალებისა და იშვიათ მიწათა იმ 17 ელემენტის მიწოდებაზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველაფრის წარმოებისთვის - მობილურიდან ავიაგამანადგურებლებამდე.

„[შეერთებულმა შტატებმა] გააცნობიერა ეს პრობლემა, რომ ჩინეთს აქვს უპირატესობა, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ დროს შეუძლია, რადგან ის ბატონობს იშვიათ მიწათა ამ ელემენტებისა და მნიშვნელოვანი მინერალების წარმოებისა და გადამუშავებაში სფეროში, რომლებიც თითქმის ყველაფრისთვისაა მნიშვნელოვანი“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას მაიკლ კლარკმა, ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის - „ამერიკული პროგრესის ცენტრის“ - ჩინეთის პოლიტიკის საკითხების მკვლევარმა.

ჩინეთზე მოდის მსოფლიოს იშვიათ მიწათა ელემენტების მოპოვების 70 პროცენტზე მეტი, მათი გამოყოფისა და დამუშავების 90 პროცენტზე მეტი და მაგნიტის წარმოების 93 პროცენტი.

2025 წლის ოქტომბერში ჩინეთმა წარმოადგინა სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც მას საშუალებას მისცემდა, უარი ეთქვა ნებისმიერი ქვეყნისთვის იშვიათ მიწათა ელემენტებისა და სხვა ორმაგი დანიშნულების კომპონენტების მიწოდებაზე, - რაც დაემატა რამდენიმე თვით ადრე გამოცხადებულ ექსპორტის შეზღუდვებს იშვიათ მიწათა შვიდ ელემენტზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავდაცვის სფეროში წარმოებისთვის.
იმავე თვეში, სამხრეთ კორეაში ტრამპსა და სი ძინპინს შორის გამართულ შეხვედრაზე იშვიათ მიწათა ელემენტების ზოგიერთი შეზღუდვა შეჩერდა ვაშინგტონის მიერ გარკვეული ტარიფების შემსუბუქების და ჩინეთის მიერ სოიას იმპორტის აღდგენის სანაცვლოდ.

„ორივე მხარემ იცის, რომ მათ აქვთ ერთი კონკრეტული ელემენტი, რითაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენონ მეორეს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ჰარვარდის კენედის სახელობის სკოლის აშშ-აზიის ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარემ, რანა მიტერმა. - „ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მათ შორის ზავი, რომელიც, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ოქტომბრამდეა ძალაში [და] შესაძლოა, გაგრძელდეს შეერთებული შტატების მხრიდან“.

ირანში ომის მზარდი გავლენა

მიუხედავად იმისა, რომ ყურადღების ცენტრში სავაჭრო მოლაპარაკებები და სახელმწიფო ვიზიტის პომპეზური სანახაობა იქნება, მოსალოდნელია, რომ სამიტს ჩრდილს მიაყენებს ომი ირანში.

პეკინში ტრამპის ჩასვლამდე ერთი კვირით ადრე, ჩინეთმა თეირანთან თავისი მჭიდრო კავშირებისა და კოორდინაციის დემონსტრირება მოახდინა, როცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა.

What Does War In Iran Mean For China?
please wait

No media source currently available

0:00 0:02:15 0:00

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ასევე ცოტა ხნის წინ, ირანის ნედლი ნავთობის გადამუშავებისთვის სანქციები დაუწესა ხუთ ჩინურ კერძო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელთა შორის ერთ-ერთ უმსხვილესია ქვეყნის მასშტაბით. პეკინმა საჯაროდ, უპრეცედენტო დაუმორჩილებლობით უპასუხა და კომპანიებს აშშ-ის სანქციების უგულებელყოფა უბრძანა, თუმცა მისმა ფინანსურმა მარეგულირებელმა წერილობით ურჩია მსხვილ სახელმწიფო ბანკებს, შეეჩერებინათ შავ სიაში შესული ნავთობგადამამუშავებელი კომპანიებისთვის ახალი სესხების მიცემა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა, 8 მაისს, სანქციები დაუწესა ოთხ ჩინურ კომპანიას „თანამგზავრული ფოტოების მიწოდებისთვის, რომლებიც ირანს საშუალებას აძლევს სამხედრო დარტყმები განახორციელოს აშშ-ის ძალების წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში“. ეს ნაბიჯი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო.

ჩინეთსა და აშშ-ს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესი აქვთ. ამ საზღვაო გზის გავლით ომამდე ნავთობისა და გაზის ნაკადების მეხუთედი გადიოდა მსოფლიოს ბაზარზე, თუმცა ანალიტიკოსების თქმით, მთავარი კითხვა ის არის, მზად არის თუ არა პეკინი თეირანზე ზეწოლისთვის და რას ისურვებდა სანაცვლოდ ვაშინგტონისგან.

„ჩინეთი არ დაეხმარება ტრამპს ჰორმუზის სრუტის გახსნაში, თუ ტრამპი ჩინეთს არ მისცემს რაიმე უაღრესად ღირებულს“, - ამბობს კლარკი, რომლის ვარაუდით, „ამ შემთხვევაში, ეს შეიძლება ეხებოდეს აშშ-ის მოწინავე იმ ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლზე შეზღუდვების შემსუბუქებას როგორიცაა ჩიპები ხელოვნური ინტელექტისთვის, თანამედროვე ჩიპების დამზადების აღჭურვილობა და რეაქტიული ტურბინების ტექნოლოგია“.

რა შეიძლება ილაპარაკონ ტაივანზე?

ერთ-ერთი სფერო, სადაც პეკინი, სავარაუდოდ, დათმობებს მოელის, არის ტაივანი.

ჩინეთი ტაივანს თავის ტერიტორიად მიიჩნევს და პირობა დადო, რომ საბოლოოდ, საჭიროების შემთხვევაში, ძალითაც დაიმორჩილებს მას. პეკინი შეშფოთებულია აშშ-ის მიერ კუნძულისთვის, რომელიც თვითმმართველობის გზა დაადგა, იარაღის მიყიდვით და შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციას უბიძგოს, გამოხატოს, რომ არ ემხრობა ტაივანის დამოუკიდებლობას.
ვაშინგტონმა დეკემბერში დაამტკიცა ტაივანისთვის რეკორდული 11,1 მილიარდი დოლარის იარაღის მიყიდვის პაკეტი.

ის კიდევ ერთ, 14 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პაკეტზე მუშაობდა, მაგრამ, როგორც ამბობენ, კონგრესისთვის მისი გაგზავნა გადაიდო, რათა თავიდან აეცილებინათ სამიტის ჩაშლა.

Taiwan's Civil Defense Groups Take Inspiration From Ukraine War
please wait

No media source currently available

0:00 0:03:49 0:00

ტრამპმა 11 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აპირებს ტაივანისთვის აშშ-ს იარაღის მიყიდვის საკითხის სი ძინპინთან განხილვას.

პეკინის მიერ ტაივანის შევიწროების ასე ვთქვათ, „ნაცრისფერი ზონა“ ბოლო წლებში გამწვავდა, ბლოკადის ხშირი სიმულაციებით, რასაც თან ახლავს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევები და მზარდი საინფორმაციო ომი.

„[ჩინეთი] სამიტზე შეეცდება აშკარად აჩვენოს, რომ ტაივანისადმი ამერიკის მხარდაჭერას, თავისი აზრით, ფუნდამენტურ პრობლემად მიიჩნევს“, - თქვა ჰარვარდის სკოლის მკვლევარმა მიტერმა. - „ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკის პოზიციის შეცვლის მცდელობა იქნება მთავარი მიზანი, რომელიც შეიძლება გაცილებით ნათლად იყოს გამოხატული, ვიდრე ირანის შესახებ ნებისმიერი რამ“.

ბირთვული იარაღი, ხელოვნური ინტელექტი, რუსეთი და სხვა

დღის წესრიგშია ასევე ხელოვნური ინტელექტი (AI), ბირთვული იარაღი და ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთისადმი უკრაინაში ომის დროს თუმცა, გაურკვეველია, რამდენად საგნობრივი იქნება დიალოგი ამ საკითხებზე სამიტის დროს.

პეკინი დიდი ხალისით არ იწყებს ბირთვული იარაღის შესახებ მოლაპარაკებებს და შესაძლოა, ამ საკითხზე არსებით ბაასს თავი აარიდოს.

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ასევე გეგმავენ პეკინის მიერ რუსეთისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდას და „კომუნიკაციის არხის“ გახსნას, რათა თავიდან აიცილონ მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელების გამოყენებით გამოწვეული კონფლიქტები.

„სამიტმა შესაძლოა მოკლევადიანი ზავი მოიტანოს, რომელიც დროებით სტაბილურს გახდის ბაზრებს“, - თქვა გარსია-ერერომ. - „თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მოაგვარებს ორ ძალას შორის უფრო ღრმა სტრუქტურულ კონკურენციას ტექნოლოგიების, მიწოდების ჯაჭვებისა და უსაფრთხოების საკითხებში“.

და მაინც, როდესაც დღეს ჩინეთისა და ირანის ურთიერთობას ვუყურებთ, რამდენად რეალური გავლენა აქვს პეკინს თეირანზე?

ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარმა კენ მორიასუმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ურთიერთობა გრძელდება, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავიგოთ ჩინეთის გრძელვადიანი სტრატეგიის და მასში ირანის მნიშვნელობის გათვალისწინებით.

"თუ თეირანში რეჟიმი შეიცვლება და ქვეყანა პროამერიკული, პროდასავლური გახდება და ჩინეთს დაშორდება, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩინეთის გრძელვადიან სტრატეგიას კონტინენტზე.
ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩინეთი ძალიან ცდილობდა შეემცირებინა საზღვაო სავაჭრო მარშრუტებზე დამოკიდებულება განსაკუთრებით, ენერგეტიკის მხრივ, რადგან ნავთობის ტანკერებს ისეთი საცობების გავლა უწევთ, როგორიცაა ჰორმუზის და მალაკის სრუტეები," ამბობს ის.

თუ ირანი პროდასავლური გახდება, ეს ჩინეთის სახმელეთო კავშირს ახლო აღმოსავლეთთან და ევროპასთან დაარღვევს. ეს გაართულებდა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ მიმოსვლას და სამხედრო დერეფნებს, და შეარყევდა აშშ-ის სამხედრო ძალისგან იზოლირებული ევრაზიული ინტერიერის უწყვეტი შექმნის იდეას - რის დამკვიდრებასაც ჩინეთი ბოლო 15 წლის განმავლობაში ცდილობდა.
ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი კენ მორიასუ რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პეკინმა შესაძლოა ტაქტიკურად ხელი შეუწყოს დაძაბულობის შემსუბუქებას, თუმცა წინააღმდეგობას გაუწევს ნებისმიერ მცდელობას, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ირანის რეჟიმის გადარჩენას, რომელსაც, მისი თქმით, ჩინეთის გრძელვადიანი ევრაზიული სტრატეგიის ცენტრალურ ელემენტად მიიჩნევს.

მორიასუ თვლის, რომ აშშ-ჩინეთის კონკურენცია სინამდვილეში ევრაზიის კონტროლისთვის კონკურენციაა.

“ჩინეთის პერსპექტივიდან გამომდინარე, მას სურს ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ ბაზრებზე და ევროპაში სავაჭრო მარშრუტებზე შეუფერხებელი წვდომა აშშ-ს ჩარევის გარეშე. ამ გაგებით, ირანი ამ უფრო დიდი კონკურენციის ნაწილია. ირანი იმ თავშესაფრის ან ციხესიმაგრის ნაწილია, რომლის აშენებასაც ჩინეთი და რუსეთი ევრაზიის გულში ცდილობენ”. - ამბობს მორიასუ, თავად ირანი არ არის აშშ-ჩინეთის კონკურენციის განმსაზღვრელი საკითხი. ის მთელ ევრაზიას ეხება.

XS
SM
MD
LG