Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2" - გადაბარება


„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია 19 ივლისის დილით, 10:30 წუთზე სამსახურში იყო. ტელევიზიის შენობის წინ ინტერვიუების ჩაწერის შემდეგ იგი თანმიმდევრულად შეხვდა, ტელევიზიიის ფინანსურ დირექტორს, ირაკლი ნიჟარაძეს და რუსთავი 2”-ის ადმინისტრაციის და პერსონალის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თამილა გველესიანს.

„პირველი რიგის ამოცანაა ჩემთვის, გავეცნო სიტუაციას. დავიწყო იმ ადამიანების გაცნობით, ვინც არიან ძირითად პოზიციებზე. შემდგომ ის ადამიანები გამაცნობენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს. ასევე პარალელურად განვახორციელოთ ის საჭირო აუცილებელი მოქმედება, რაც კომპანიას სჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს ბანკებთან ურთიერთობა იქნება, კრედიტორებთან თუ ასე შემდეგ“,- თქვა პაატა სალიამ.

ის, როგორც გენერალური დირექტორი ტელეკომპანიაში მეორედ მივიდა. გუშინვე, არხის გადაფორმების შემდეგ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ არ აპირებს მათ საქმიანობაში ჩარევას და მისთვის პირველი რიგის ამოცანა კომპანიაში აუდიტის ჩატარებაა.

„მას აინტერესებს არხის ფინანსური მდგომარეობა და დროთა განმავლობაში გაეცნობა. ეს ინფორმაცია მისთვის იქნება ხელმისაწვდომი,“- თქვა თამილა გველესიანმა ახალ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ.

დღეს ტელეკომპანიაში არ მისულა არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. "რუსთავი 2"-ის ახალ ამბებში, პაატა სალიას ჯერ კიდევ ქიბარ ხალვაშის ადვოკატად ან მის მიერ დანიშნულ დირექტორად მოიხსენიებენ.

რატომ სალია და არა დვალი?

2015 წელს, როდესაც ქიბარ ხალვაშს უკვე დაწყებული ჰქონდა დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად, ის აცხადებდა, რომ მზად იყო წილის ნახევარი დავით დვალისთვის და ჯარჯი აქიმიძისთვის დაეთმო, გენერალურ დირექტორად კი დვალი დაენიშნა.

„დავით დვალი, როგორც მოლაპარაკებული ვიყავით, დირექტორი იქნება. ეს შეთავაზებულია. შეთავაზება იყო მოლაპარაკების პროცესში, გარიგების პროცესში. აინტერესებდა და მისაღებია ჩემთვისაც და მისთვისაც.” ,- განაცხადა მან.

სწორედ იყო ერთ-ერთი თემა რითიც დაინტერესდნენ ტელეკომპანიის თანამშრომლები. მორიგი შეხვედრიდან გამოსულ პაატა სალიას "რუსთავი -2"-ის ჟურნალისტებმა ჰკითხეს პოზიცია ამ საკითხზე. პაატა სალიამ განაცხადა, რომ ის არ შეხვედრია ტელეკომპანიის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, თუმცა გაიმეორა, რომ მათთან შეხვედრის აუცილებლობას თავადაც და ქიბარ ხალვაშიც ხედავენ.

“...თვითონაც აცნობიერებს და იცის, რომ ერთ-ერთი პირველი ამოცანაა შეხვდეს ამ ადამიანებს, ისაუბრონ და გაერკვნენ რას ვაპირებთ. [მე]კომპანიის მფლობელმა დამნიშნა დირექტორად.ამ პასუხისმგებლობას თავი უნდა გავართვა, ჩემი ვალდებულებები შევასრულო ისე, რომ აქ დასაქმებული ადამიანებიც კმაყოფილი იყვნენ და კომპანიის მესაკუთრეც კმაყოფილი იყოს“- უპასუხა პაატა სალიამ სალიამ ჟურნალისტს.

რუსთავი 2-ში არსებული სტატუს კვოს შეცვლის შესაძლებლობა

პაატა სალია კომპანის გენერალურ დირექტორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რის საფუძველზეც ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2" ოფიციალურად გადაიფორმა და ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებშიც აისახა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თანახმად, სახელმწიფოს გუშინდელმა მოქმედებამ აზრი დაუკარგა შანსს გასაჩივრებულიყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ერთი ნაწილი.

„გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იქნეს გასაჩივრებული და მე დარწმუნებული ვარ, „რუსთავი 2“-ის ახლა უკვე ყოფილი დამფუძნებლები [ძმები ყარამანიშვილები და TV საქართველო] გაასაჩივრებენ [სტრასბურგის სასამართლოს] დიდ პალატაში. უბრალოდ, ხაზგასასმელია, რომ გუშინ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ეს გარემოება, არ მისცა შესაძლებლობა ყოფილ დამფუძნებლებს, რომ გაესაჩივრებინათ დიდ პალატაში და იქამდე შენარჩუნებულიყო სტატუს კვო. ეს ქმნის იმის საფრთხეს, რომ თეორიულად შესაძლებელია, გადაწყვეტილების გასაჩივრებისას დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი აღსრულებას შეექმნას პრობლემა, იმიტომ, რომ იმ პერიოდში შეიძლება "რუსთავი 2" აღარ არსებობდეს ფიზიკურად, ეს არის პრობლემა,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

როგორც იურისტი ანა ნაცვლიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ევროსასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „რუსთავი 2“იყო არა დავის სუბიექტი, არამედ - ობიექტი. შესაბამისად, არა „რუსთავი 2“-ს, არამედ ახლა უკვე ყოფილ მესაკუთრეებს - ძმებ ყარამანაშვილებსა და „TV საქართველოს“ რჩებათ შესაძლებლობა, გაასაჩივრონ გადაწყვეტილება დიდ პალატაში. ამ შემთხვევაში საჩივარმა ჯერ უნდა გაიაროს დასაშვებობის ეტაპი და თუ გადალახა - შემდეგ არსებითად იმსჯელებს დიდი პალატა. თუმცა, როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს ეს რთული, ხანგრძლივი და შეიძლება ითქვას უიმედო პროცესია.

“იმ შემთხვევაშიც კი თუ დიდი პალატა მიიღებს ყარამანიშვილების და „ TV საქართველოს” სარჩელს წარმოებაში და დაადგენს დარღვევას, ყოფილმა მესაკუთრეებმა შემდეგ ეს გადაწყვეტილება უნდა წარადგინონ ეროვნულ სასამართლოში და თავიდან დაიწყონ დავა საკუთრების უფლებებზე”. - ამბობს იგი.

სარედაქციო დამოუკიდებლობა და გარანტიები

ერთ-ერთ მთავარი საკითხი, რაზეც პასუხის გაცემას „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ახლადდანიშნული გენერალური დირექტორისგან მოითხოვდნენ სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, სულ მცირე, კომპანიის 10 ჟურნალისტისთვის იურიდიულად გარანტირებული ხელშეუხებლობა მოითხოვა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი განმარტავს, რომტელევიზიის თანამშრომლებთან გაფორმებული კონტრაქტები საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელების გარანტი ვერ იქნება. თუმცა, ცარიელ სიტყვებს, სამართლებრივად განმტკიცებული პირობები აჯობებს.

"ჟურნალისტების ნება დაფიქსირდა და ბუნებრივია, რომ მათი ნებაა იყვნენ დამოუკიდებლები და მათ საქმიანობაში არავინ არ ერეოდეს. რაც შეეხება მეორე მხარის ნებას, ახალი დირექტორის და ქიბარ ხალვაშის ნებაა, თუ თანახმა იქნებიან ამ პირობაზე და მართლა აპირებენ საკუთარი სიტყვის შესრულებას, რაშიც პირადად მე ეჭვი მეპარება, მაშინ ბუნებრივია, მათთვისაც მისაღები უნდა იყოს ეს შეთავაზება",- აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.

გადაბარების პროცედურები

რეგისტრაციის გარდა, ერთი პირიდან მეორეზე წილის გადაფორმების სხვა არანაირი პროცედურა არ არსებობს, - ამბობს სამართლის დოქტორი გიორგი ჯაყელი, თუ არ არსებობს კომპანიის წესდებაში დამატებითი პუნქტები

„ეს არის მფლობელის წილის მესაკუთრის შეცვლა. თუ წილის მესაკუთრე იცვლება შესაბამისად რა უფლებებითაც სარგებლობდა წილის ძველი მესაკუთრე იმ უფლებით ისარგებლებს ახალი. შესაძლოა, არსებობდეს შიდა კორპორაციული მართვის რაიმე წესდება, შინა განაწესი ან პარტნიორთა შორის ხელშეკრულება, რომლის მხედველობაში მიღება გახდეს საჭირო“, - ამბობს გიორგი ჯაყელი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი კონტრაქტი, რომლის მოქმედების ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდეა, თანამდებობიდან გათავისუფლების უმაღლეს გარანტიებს შეიცავს.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის განმარტებით, კონტრაქტში არხის მოქმედი დირექტორის გათავისუფლების ყველა საფუძველია განმარტებული.

კონტრაქტის დარღვევით გათავისუფლების შემთხვევაში, ქიბარ ხალვაშს ნიკა გვარამიასთვის ჯარიმის სახით რამდენიმე მილიონის გადახდა მოუწევს.

„გარდა ამისა, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა ლონდონის არბიტრაჟის მიერ იქნება განსჯადი და არა ქართული სასამართლოების. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მოხსნა-გათავისუფლება, პრეტენზიები მის წინააღმდეგ, მათ შორის ჯარიმის გადახდა და სხვა საკითხები გადაწყვეტილი უნდა იქნეს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში,”- უთხრა „რუსთავი 2“- ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა “ტვ პირველს“ 18 ივნისს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG