Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ტურისტი საქართველოში: სტუმარი, მეზობელი თუ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე?

ტურისტები თბილისში - 2015 წელი
ტურისტები თბილისში - 2015 წელი

თელავის სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რუსულენოვანი ინტერნეტი განიხილავს, ეს რუსოფობია იყო თუ ყოფითი კონფლიქტი? 

„საქართველოში მივდივართ - შევჭამთ ბევრ ხინკალს და ხაჭაპურს“.

„საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი ძალიან კარგი ადგილია ზაფხულის გასატარებლად, აქ საითაც არ გაიხედავ, ყველაფერი აღგაფრთოვანებს!“

„55 რამ, რასაც ამ შესანიშნავ ქალაქში დაათვალიერებ“.

„გასინჯე ნამდვილი ქართული ღვინო, ესტუმრე თბილისურ აბანოებს, გაისეირნე საბაგიროთი და "მშვიდობის ხიდზე" ფოტო გადაიღე“.

ხინკალი და ხაჭაპური გასაგებია, მაგრამ რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები მოულოდნელად იმასაც იგებენ, რომ საქართველოს 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული და რუსებთან ქართველებს კარგი მოგონებები არ აკავშირებთ.

21 ივლისს 5000-ლარიანი გირაო გადაიხადა გიორგი ჭიღლაძემ, რომელიც სასტუმრო „აგარანის მამულში“ დააკავეს. მანამდე სამი დღით ადრე, იქ გადახდილი ქორწილის სტუმრები და სასტუმროში დაბინავებული რუსი ტურისტი ქალები შელაპარაკდნენ, რასაც ძალადობა მოჰყვა - სოციალურ ქსელებში ატვირთულ ვიდეოში ჩანს, როგორ გამეტებით ურტყამს ჭიღლაძე ქალს სახეში მუშტს. ვიდეოს, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა და ათობით მილიონმა ადამიანმა ნახა, ავტორმა ასეთი მინაწერი წაუმძღვარა: „საქართველოში კაცები ნომერში უცვივდებიან გოგოებს და სცემენ რუსულად ლაპარაკის გამო“.

უსაფრთხოა საქართველო რუსი ტურისტებისა და მიგრანტებისთვის? ეს კითხვა აქტუალური გახდა რუსეთის უამრავი მოქალაქისთვის, რომლებიც საქართველოს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოაწყდნენ, მეტწილად რუსი ტურისტები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. პასუხებიც ათასნაირია ისევე, როგორც კომენტარები ამ ვიდეოების ქვეშ. უმრავლესობა წერს, რომ ქალის ცემა ვერ გამართლდება, ბევრი კი შანსს არ უშვებს რუს ტურისტებს აგრძნობინოს, რომ ამ ქვეყანაში სტუმრად არიან და მეტი თავაზიანობა მართებთ: „წლები გადის და კიდევ ბევრი გავა, მაგრამ რუსები მაინც ვერ გაიგებენ, რატომ ექცევიან ასე“.

ალექსეი ხანევიჩი, რომელიც 4 წელია საქართველოში ცხოვრობს, თავის ვიდეომიმართვაში ჩამოთვლის, რა შეცდომებს უშვებენ რუსები საქართველოში. ბევრ პრაქტიკულ რეკომენდაციასთან ერთად, ის რუს ტურისტებს ურჩევს, ადგილობრივებს ინგლისურად გამოელაპარაკონ.

„აქ ბევრმა იცის რუსული… [მაგრამ] არავინ არის ვალდებული, რუსულად გელაპარაკოთ. რამდენიმე [ქართული] საბაზისო სიტყვა მაინც ისწავლეთ, - ამბობს ის, - ასევე არ დაყაროთ ნაგავი. ურნამდე მიიტანეთ ან თუ ურნას ვერ იპოვით, ზურგჩანთაში ჩაიდეთ და მერე გადაყარეთ“.

კიდევ ერთი ქალი ჰყვება, თუ რატომ გადაიფიქრა საქართველოში დასვენება. ის ამბობს, რომ უცნობები ქუჩაში შუა თითს უჩვენებდნენ და ყოველ ჯერზე 2008 წელს ახსენებდნენ, არადა, მაშინ ჯერაც ბავშვი იყო. საბოლოოდ, ტურისტები „საქართველოს ნაცვლად აფხაზეთში წავიდნენ“.

არადა, შარშან სკანდალი იყო აფხაზეთშიც. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ტურიზმის სამინისტროს ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა (აწ უკვე ყოფილმა) ქრისტინა ლაკერბაიამ მაშინ თქვა, არ გვჭირდება ის რუსი ტურისტები, რომლებიც აფხაზეთში 300 რუბლით ჩამოდიან და არაფრის ყიდვის თავი არა აქვთო.

ანასტასია ბელოზეროვა ინტერნეტში ჯერ კიდევ ორი წლის წინ წერდა, რომ საქართველომ იმედი გაუცრუა.

„მხოლოდ ორი პენსიონერი დამელაპარაკა რუსულად ... გარეუბანში გადავაწყდით პარკს, სადაც ჯობდა ხმა არ ამოგვეღო, რუსოფობიული პლაკატებით იყო აჭრელებული. ამ ყველაფრის აპოგეა კი იყო ამბავი ბათუმიდან, რუსულ გემს ლაყე კვერცხები დაუშინეს. არადა, გვინდოდა ბათუმში წავსულიყავით. გულწრფელად მჯერა, რომ როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური სიტუაცია, ტურისტს მაინც განსაკუთრებულად უნდა მოექცე. ჩვენ ხომ აქ ფულის დასახარჯად ჩამოვედით“.

ტურისტები თბილისში, 2021 წელი
ტურისტები თბილისში, 2021 წელი

მთვარისა თარხნიშვილი, რომელიც ტურისტებთან მუშაობს, ამბობს, რომ რუსებს მიზანმიმართულად არ ემსახურება: „მე 1992 წელს კლასელები დამეღუპნენ ომში. ამიტომ შეგნებულად არ ვმუშაობ რუსებთან. არც მათი ფული მინდა. ბერ-მონაზვნებიც კი არსად მიმყავს მათი. სხვებისგან ვიცი, რომ რაც გინდა თავზე გადაჰყვე, მაინც არაფერი მოსწონთ“.

"აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის" პრეზიდენტი აკაკი ბერიძე კი ამბობს, რომ არ ჰქონია შემთხვევა, რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტს აყალმაყალი აეტეხა.

„რუსულენოვანი ტურისტი მორიდებულია და არაფერს ამბობს, თუმცა დალევის შემდეგ რა აერევა თავში, არავინ იცის. იციან სად მოდიან, თუ არ იციან, ვეუბნებით. გიდი ყველაფერს უხსნის. ჯობს ჩამოვიდნენ და აქ გაიგონ, ვიდრე არ ჩამოვიდნენ. ადრე უფრო იყო შემთხვევები, როცა უფროსი თაობის ხალხი, 70-ს გადაცილებულები, ამბობდნენ რაღაცას. ახალგაზრდები ჩუმად არიან“.

ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში შემოვიდა 6,9 მილიონი ვიზიტორი. დახარჯა 15 მილიარდი ლარი. ისინი საშუალოდ 5 ღამეზე მეტხანს რჩებოდნენ. უკვე წლებია, ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის თურქეთიდან და რუსეთის ფედერაციიდან. 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, რუსეთიდან შემოვიდა 67,5 ათასი ადამიანი, თურქეთიდან კი - 61,3. მათ მოსდევენ ვიზიტორები სომხეთიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და ისრაელიდან.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG