Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: აქვს თუ არა საჰაერო მიმოსვლას მომავალი


ავიაკომპანიებს კორონავირუსის კრიზისმა მძლავრი დარტყმა მიაყენა. ხალხმა ფრენა შეწყვიტა და ავიაკომპანიებსა და თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანიებს გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. ბევრი ქვეყნის მთავრობა ფიქრობს გადაარჩინოს თუ არა ეს ინდუსტრია სახელმწიფო დაფინანსებით. დასავლეთის პრესაში ბევრი იწერება იმაზე, თუ რასთან გვაქვს საქმე, სამუშაო ადგილების, მგზავრთა უფლებებისა და კლიმატის დაცვის თვალსაზრისით.

ბრიტანეთში გამომავალ მემარცხენე-ცენტრისტულ The Guardian-ში ცნობილი პუბლიცისტი და გარემოს დამცველი, ჯორჯ მონბიო, 29 აპრილს წერს, მრეწველობებს, რომლებიც ზიანს აყენებენ გარემოს, მთავრობებმა, უბრალოდ, დაცემის საშუალება უნდა მისცენო: „არ გააცოცხლოთ - ამ შინაარსის იარლიყი უნდა დავკიდოთ ნავთობის, თვითმფრინავებისა და მანქანების ინდუსტრიებს. მთავრობებმა ფინანსური დახმარება უნდა გამოუყონ კომპანიების მუშახელს და თან ეკონომიკა ისე უნდა გადააწყონ, რომ სხვა სექტორებში გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები. მათ მხოლოდ ისეთ სექტორებს უნდა გაუმაგრონ ზურგი, რომლებიც კაცობრიობისა და დანარჩენი ცოცხალი სამყაროს გადარჩენას უწყობენ ხელს. მათ ან უნდა შეისყიდონ დამაბინძურებელი მრეწველობები და ისინი სუფთა ტექნოლოგიებად გადააქციონ, ან კიდევ გააკეთონ ის, რისი მოწოდებითაც ხშირად გამოდიან, მაგრამ რეალურად არ სურთ ხოლმე: დააცადონ ბაზარს, თავად გადაწყვიტოს. სხვა სიტყვებით: მიეცით ამ კომპანიებს საშუალება დაეცნენ“.

სახელმწიფოს ჩარევა შანსია კლიმატის დაცვისთვისო, წერს გერმანიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული Frankfurter Rundschau 30 აპრილს: „გერმანიის მთავრობის სამიზნე - ავიაკომპანიაში 25-პროცენტიანი წილი - აღმასრულებელ საბჭოს თავის უფლებამოსილებას ნაწილობრივ წაართმევს. ბლოკირების საშუალების მქონე მცირე წილი შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის წინაღობად იქნეს გამოყენებული. ამასთან, გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სადამკვირვებლო საბჭოს უმრავლესობაში თანამშრომლებიც შევლენ. ამან შესაძლოა აღმასრულებელი დირექტორის, კარსტენ სპორის, სამენეჯერო გუნდს ახალი, სამუშაო ადგილებზე ორიენტირებული, კომპრომისებისკენ უბიძგოს. ... ამ ყველაფერმა კი შეიძლება ნაყოფი გამოიღოს გრძელვადიან სტრატეგიებში, მოკლეხნიანი, ხმაურიანი ეფექტისა და მაღალი მოგების ნაცვლად. მაგალითად, თვითმფრინავების რაოდენობა გაფართოვდეს საწვავის მინიმალური მომხმარებელი ხომალდებით, რაც საწვავის ფასებს შეამცირებს. ეს კი, თავის მხრივ, კლიმატის დაცვას შეუწყობს ხელს“.

ლაპლანდია საჰაერო მიმოსვლაზეა დამოკიდებულიო, წერს ფინეთში გამომავალ ლიბერალური ორიენტაციის Lapin Kansa 30 აპრილს და აცხადებს, რომ ფინეთის ავიაკომპანიის გადარჩენა სახელმწიფოს მოვალეობაა: „ლაპლანდიაში შექმნილი ვითარება შემაშფოთებელია. ჩრდილოეთი ძალიან შორსაა და მისი ხელმისაწვდომობა გადამწყვეტია ტურიზმისთვის, რაც ნიშნავს, რომ ეს პროვინცია აბსოლუტურად დამოკიდებულია საჰაერო კავშირებზე, რომლებიც ეპიდემიამდე დიდი ძალისხმევით შეიქმნა. ახლა კოლაფსის საფრთხის წინაშეა ყველაფერი- არამხოლოდ ავიარეისების კავშირები. ტურისტული კომპანიებიც გადარჩენისთვის იბრძვიან. ადრე თუ გვიან კრიზისი დასრულდება და მოგზაურობის სურვილიც დაბრუნდება. რაც ნაკლებ ზიანს გამოიწვევს ეპიდემია, მით უფრო მალე დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას“.

ევროპის საჰაერო მრეწველობის გადარჩენისკენ მოუწოდებს ევროკავშირს ესპანეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის La Vanguardia 29 აპრილს: „ამ ვითარებამ შეიძლება შედეგად მოიტანოს წელს 82,4 მილიარდი ევროს ოდენობის მოგების კოლაფსი ევროპის ავიაკომპანიებისთვის და 6,7 მილიონი სამუშაო ადგილის საფრთხის ქვეშ დაყენება. ... აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო დახმარების პაკეტი, რომელიც ავიაკომპანიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირი ობლიგაციების გამოყოფით დაეხმარება, წილების სანაცვლოდ. ევროკავშირმაც ასევე სწრაფად უნდა იმოქმედოს, თუკი არ სურს თავისი საჰაერო ინდუსტრიის განადგურება. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი გეგმა უნდა იყოს დაბალანსებული და სამართლიანი იმ დახმარებასთან მიმართებით, რომელსაც ავიაკომპანიები მიიღებენ“.

საფრანგეთში გამომავალ ლიბერალური ორიენტაციის გამოცემა Les Echos-ში 29 აპრილს წერილს აქვეყნებს მგზავრთა უფლებების დაცვის კომპანიის, Air Indemnité-ს, წარმომადგენელი, ლორა ვოლი, და ამბობს, რომ კარგად მგზავრობის უფლება ახლა საფრთხის ქვეშაა: „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა (კარგად) მგზავრობის უფლება ყველასათვის. სოლიდარობის ძლიერი ქსელის გარეშე მგზავრთათვის არსებული შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, გაუარესდება ისეთ დონემდე, რომ მგზავრობის პირობები აღარავისთვის იქნება მისაღები. ბევრი კომპანია გაქრება და ბილეთების ფასი, სავარაუდოდ, მასშტაბურად გაიზრდება. ... როცა ავიაკომპანიები ბანკროტდება, მგზავრებს თითქმის არასოდეს აქვთ გადახდილი თანხის უკან მიღების საშუალება. ... ევროპის კომისიამ მიიღო თხოვნა შექმნას მგზავრთა ფონდი. მისი დაფინანსების გზების დეტალები ჯერაც განსჯის საგანია, მაგრამ ამ ინიციატივას, არსობრივად, უნდა მივესალმოთ. ფინანსური სირთულეების თავიდან არიდების მიზნით კომპანიების დახმარება მგზავრებს მოუტანს გარკვეულ გარანტიებს და სიმშვიდეს“.

პრესის მიმოხილვა მომზადებულია eurotopics.net-ის დაიჯესტის მიხედვით.

XS
SM
MD
LG