Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო „იკეტება“ - რა შეზღუდვები დაწესდა საზღვრებზე კორონავირუსის გამო?


სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საქართველომ საზღვრებზე შეზღუდვები აამოქმედა. რამდენიმე დღეში ქვეყანა თითქმის სრულ იზოლაციაში მოექცევა. შეჩერდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა. შენარჩუნდება ავიარეისების მხოლოდ მცირე ნაწილი. საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდული დარჩება მეზობელ ქვეყნებში გადასვლა. შეზღუდვები არ ვრცელდება მოქალაქეებზე, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან. არ იზღუდება სატვირთო გადაზიდვები, ანუ ქვეყანაში პროდუქციის შემოტანა არ შეფერხდება.

  • 20 მარტიდან წყდება პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და თურქეთს შორის. მოქალაქეთა გადაადგილება შეჩერებულია სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები.
  • 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა. შეზღუდვა არ ვრცელდება დიპლომატებზე; შერეულ ოჯახებზე (რომელშიც ერთ-ერთი მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი საქართველოს მოქალაქეა); ჰუმანიტარული მისიით მოვლენილ პირებზე; იმ პირებზე, რომლებსაც საქართველოში გაცემული ნეიტრალური დოკუმენტი, ლტოლვილის ან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი აქვთ.
  • 18 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით საქართველოდან ფრენებს დროებით წყვეტს ავიაკომპანია Wizz Air (ბუდაპეშტის გარდა).
  • 16 მარტიდან შეჩერდა მოქალაქეთა გადაადგილება რუსეთსა და საქართველოს შორის.
  • 14 მარტიდან შეჩერდა მოქალაქეთა გადაადგილება საქართველო-სომხეთის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრებზე.
  • 6 მარტს შეწყდა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და იტალიას შორის.
  • 23 თებერვალს შეწყდა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და ირანს შორის. 26 თებერვალს შეზღუდვა სახმელეთო საზღვრებზეც გავრცელდა.
  • 29 იანვარს შეწყდა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და ჩინეთს შორის.

განახლებადი ინფორმაცია

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და „ტავ-ჯორჯია“ აქვეყნებენ საერთაშორისო ფრენების ყოველდღიურ განრიგს.
  • საქართველოს საელჩოები მოქალაქეებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
  • ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია, შვეიცარია, ნორვეგია, დანია - ამ ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეები კარანტინში ან თვითიზოლაციაში ხვდებიან.
  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG