Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 წლის ანის საქმე - დედის დამოუკიდებელი გამოძიება და ლიეტუვის ინტერესი


12 წლის ანი იანუშაიტიტეს ლიეტუვისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. მისი გარდაცვალების საქმის გამოძიებით ლიეტუვის გენერალური პროკურატურაც არის დაინტერესებული.
12 წლის ანი იანუშაიტიტეს ლიეტუვისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. მისი გარდაცვალების საქმის გამოძიებით ლიეტუვის გენერალური პროკურატურაც არის დაინტერესებული.

დიდ დიღომში გარდაცვლილი, 12 წლის ანის დედა, ნატო ხუტაშვილი, ყოველდღე მიდის იმ ადგილას, სადაც ორი თვის წინ, 17 მარტის ღამეს, უგონოდ მყოფი შვილი იპოვა. მიდის დღის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა მარშრუტით, აანალიზებს თითოეულ ტრაექტორიას, ცდილობს, შვილის გარდაცვალების საქმეში არსებული მასალების მიხედვით აღადგინოს იმ ღამის სურათი, როცა რამდენიმე საათის განმავლობაში, დაკარგულ შვილს ეძებდა და ბოლოს სახლთან ახლოს, ჯაგნარით სავსე და ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვა.

შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

შვილის გარდაცვალების საქმის მასალებზე წვდომა მან 6 აპრილს, მას შემდეგ მოიპოვა, რაც პროკურატურამ ის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. იმ დღიდან მოყოლებული, ანი იანუშაიტიტეს დედა გამოძიების პარალელურად, საკუთარი ძალებით ცდილობს დაადგინოს სიმართლე, რომელიც მისთვის ერთადერთია - ანი მოკლულია.

ამაში მას ეჭვი იმ მომენტიდან არ ეპარება, როცა ექსპერტიზის ბიუროდან მოსვენებული საკუთარი შვილის ცხედარი დეტალურად შეისწავლა და მასზე ათობით დაზიანება აღმოაჩინა.

12 წლის მოზარდის სხეულზე დაზიანებების არსებობა თვენახევრის თავზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამაც დაადასტურა. ექსპერტებმა ბავშვის სხეულზე 39 სხვადასხვა სახის დაზიანება აღრიცხეს. დაზიანებები ბავშვს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიღებული და ემთხვევა მისი გარდაცვალების დროს - სისხლაჟღენთები და ნაჭდევები სახეზე, ზედა და ქვედა კიდურებზე, ზურგზე.

მართალია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და გამოძიება დღესაც ამ მუხლით მიმდინარეობს, მაგრამ, ანის გარდაცვალების დღესვე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი, შესაძლოა, არა განზრახ მკვლელობის, არამედ საკვების მიღების შედეგად გამოწვეული პირღებინებით, ასფიქსიით იყო გარდაცვლილი. არაოფიციალური ინფორმაციით, არც ის იყო გამორიცხული, რომ გამოძიებას კვალიფიკაცია შეეცვალა.

როგორ ეძებს ანის დედა საქმის შესაძლო მოწმეებს?

ანის მშობლებისთვის ვერსია, რომ ბავშვი, შესაძლოა, პირღებინებით გამოწვეული ასფიქსიით იყოს გარდაცვლილი, აბსურდულია. ანის დედის თქმით, ამას არაერთი გარემოება გამორიცხავს. ამ გარემოებების შესახებ მან ვრცლად ილაპარაკა რადიო თავისუფლებასთან ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში. ამას იმეორებს დღესაც და გამოძიების პარალელურად, თავად, ცდილობს კითხვებზე პასუხების პოვნას.

სწორედ ამ საბაბით გამოაქვეყნა რამდენიმე დღის წინ მან საკუთარ სოციალურ ქსელში ორი ფოტო, რომელზეც ანის დედის თქმით, ის პირები იყვნენ აღბეჭდილები, რომლებსაც შესაძლოა, რაიმე ინფორმაცია ჰქონოდათ მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე, რადგან ისინი გარე, სათვალთვალო კამერებმა სწორედ იმ ტერიტორიის სიახლოვეს დააფიქსირეს, სადაც უგონოდ მყოფი ანი იპოვეს.

სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ფოტოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ამ პირებს ეძებდნენ სამართალდამცავებიც. ფოტოების ქვეშ დაწერილი კომენტარების თანახმად, დიდ დიღომში, იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც ანი იპოვეს, რამდენიმე ხნის წინ, სამართალდამცავები მოსახლეობის გამოკითხვით ცდილობდნენ ფოტოზე აღბეჭდილი პირების ვინაობის დადგენას.

ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილი ახალგაზრდა თავად დაუკავშირდა ანის დედას:

„მითხრა, რომ ფოტოზე ნამდვილად ის იყო და იმ საღამოს რამდენიმე მეგობართან ერთად გაიარა სწორედ იმ ტერიტორიაზე, თუმცა, მას არანაირი ხმა არ გაუგია. მითხრა, აუცილებლად დაგეხმარებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი საეჭვო ხმა არ გაგვიგიაო. ოთხი მეგობარი იყო ერთად, ხმაურით მიდიოდნენ, მეგობარს აცილებდნენ“.

ანის დედა ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ მისთვის, ამ ეტაპზე, უცნობია, ხომ არ ჰყავს გამოძიებას იდენტიფიცირებული პირი, რომელსაც შესაძლოა ჩაედინა მისი შვილის მკვლელობა:

„ვინმე ასეთი რომ მეგულებოდეს, სხვანაირად მოვიქცეოდი. ასეთი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს. მე ჩემს ანის დავპირდი, რომ როგორც კი მსგავსი ვინმე გამოჩნდება, თუ მეუღლემ არ დამასწრო, მე პირადად გავაკეთებ ჩემს გასაკეთებელს. მანამდე, მთავარია, დროულად გავიგოთ სრულყოფილი ექსპერტიზის პასუხები, რაც ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს“.

ლიეტუვის ინტერესი ანის საქმეში

ანი იანუშაიტიტეს ლიეტუვისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ამიტომ, ანის გარდაცვალების საქმე მაშინვე მოექცა ლიეტუვის გენერალური პროკურატურის ინტერესის არეალში.

ლიეტუვური მედია-პორტალის Delfi.lt-ის ინფორმაციით, ლიეტუვის გენერალური პროკურატურა ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.

პორტალმა ლიეტუვის გენერალური პროკურატურისგან გამოითხოვა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ „ლიეტუვის მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, ლიეტუვის გენერალური პროკურორი, ნიდა გრუნსკენე დაუკავშირდა საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და გამოძიების დეტალებით დაინტერესდა“.

მედია-პორტალის ცნობითვე, რომელიც ლიეტუვის პროკურატურიდან გამოთხოვილ ინფორმაციას ეყრდნობა, „მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრებმა გამოთქვეს გარკვეული ეჭვები გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა, ბავშვის ოჯახის წევრების თხოვნის საფუძველზე, დაუკავშირდა ლიეტუვის პროკურორს და მიმართა თხოვნით, რომ საქმეში ჩართულიყვნენ ლიეტუველი ექსპერტები“.

Delfi.lt წერს, რომ შოთაძესა და გრუნსკენეს სატელეფონო საუბრის შემდეგ შედგა შეთანხმება, რის შემდეგაც, საქართველოში ლიეტუვიდან ჩამოვიდნენ პროკურორი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი:

„ისინი გაეცნენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და გამოძიების გაჭიანურებისა თუ გამოძიების პროცესში მკაფიო ხარვეზები არ დაფიქსირებულა“, - წერს Delfi.lt, რომელიც ლიეტუვის გენერალური პროკურატურიდან გამოთხოვილ ინფორმაციას ეყრდნობა.

ანის ოჯახი და მათი ადვოკატები ამჯერად ლიეტუველი ექსპერტების ჩართვას ითხოვენ კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში, რომლის დანიშვნაც დაზარალებულმა მხარემ აპრილის ბოლოს, მას შემდეგ მოითხოვა, რაც გასაჯაროვდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო დასკვნა, რომელიც მათი თქმით, ატარებდა ზოგად ხასიათს და კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გასაცემად აუცილებელი იყო კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება.

„უფლებები საქართველოს“ იურისტი და ანის ოჯახის ადვოკატი, ხატია ყურუა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ თხოვნით მათ უკვე მიმართეს როგორც ლიეტუვას, ისე საქართველოს გენერალურ პროკურტურას:

„ანის მამის სურვილია, რომ ლიეტუვური მხარე, ექსპერტები ჩაერთონ კომპლექსური ექსპერტიზის პროცესში. საქართველოს პროკურატურისგან ამის თანხმობა არის. ახლა საჭიროა საქართველოს ოფიციალური მიმართვა და შემდეგ უკვე ლიეტუვაზე იქნება დამოკიდებული, ვინ ჩაერთვება პროცესში. ჩვენ უკვე მივმართეთ ლიეტუვის პროკურატურას, რომ პროცესში ჩაერთონ მათი ექსპერტები, მათგან უკუკავშირი იყო, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უნდა მიმართოს ლიეტუვის გენერალურ პროკურატურას, რადგან ეს არის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება და თუკი სახელმწიფოსგან იქნება მსგავსი სურვილი, ისინი მზად არიან, რომ ლიეტუვიდან გამოყონ შესაბამისი ექსპერტები“.

რას უყვება ანის მამა ლიეტუვურ მედიას

სამი დღის წინ, 19 მაისს, მედია-პორტალმა Delfi.lt ვრცელი სტატია გამოაქვეყნა 12 წლის ანის გარდაცვალების საქმის გამოძიების მიმდინარეობს შესახებ. ჟურნალისტმა ხანგრძლივი ინტერვიუ ჩაწერა ანის მამასთან, რომელიც როგორც მისი მეუღლე, დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლულია:

„თავდაპირველად, საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. ასეთი ინფორმაცია გავრცელდა მედიაშიც, მაგრამ ეს სრულიად აბსურდულია ვერსიაა“, - ეუბნება ლიეტუვურ გამოცემას ანის მამა და აგრძელებს: „ამის არც საქართველოს მოქალაქეებს სჯერათ. ახლა ყველა ცდილობს, რომ დაიცვან თავიანთი შვილები, გვეხმარებიან, რომ ვიპოვოთ ანის მკვლელი“.

ანის მამა ჟურნალისტთან საუბრისას იხსენებს იმ ღამეს, როდესაც ბავშვი დაიკარგა და მის პოვნას ოჯახის წევრები, მეზობლები და მეგობრები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

ჟურნალისტთან საუბრისას ანის მამა აღწერს საეჭვო პირს, რომელსაც ის შვილის ძებნისას, სწორედ იმ ტერიტორიაზე შეხვდა, სადაც ორ საათში უგონოდ მყოფი ანი იპოვეს:

„დაახლოებით 23:30 წუთი იყო, როცა ანის ძებნა დავიწყეთ. დავრბოდით ქუჩაში, ეზოებში, ხმამაღლა ვყვიროდით მის სახელს. ასე შემოვირბინე სათამაშო მოედანი, ქუჩა და ის ტერიტორიაც კი, სადაც ორსაათნახევარში, ბუჩქებში შემალული ანის სხეული ვიპოვეთ. სწორედ ამ ტერიტორიაზე გავლისას შემეჩეხა სწრაფი ნაბიჯით მომავალი კაცი, გამხდარი...* მინდოდა მეკითხა, გოგონა ხომ არ დაგინახავს-მეთქი, მაგრამ კაცი განერვიულებული მეჩვენა, აღარ გამოვლაპარაკებივარ და გვერდზე ჩავურბინე. ახლა ვფიქრობ, რომ ეს ის მკვლელი იყო, რადგან ჩვენ ერთმანეთს შევხვდით დაახლოებით 23:45 წუთზე, სწორედ იმ ბუჩქების გზაგასაყართან, ის სწორედ იმ ბუჩქების მხრიდან მოდიოდა, იყო ანერვიულებული, ჩქარობდა. მოგვიანებით, როდესაც 20 დღის შემდეგ, ჩვენი დაჟინებული თხოვნის შედეგად მოგვცეს სათვალთვალო ვიდეო-კამერების ჩანაწერები, ჩვენ შევნიშნეთ კაცი, რომელიც ჩემთან შეხვედრის შემდეგ გარბოდა შემთხვევის ადგილიდან“, - უყვება ლიეტუველ ჟურნალისტს 12 წლის ანის მამა.

ანის მშობლები 19 მაისს შეხვდნენ გენერალურ პროკურატურაში შექმნილ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს წევრებს.

როგორც ოჯახის ადვოკატი, ხატია ყურუა გვეუბნება, შეხვედრისას ისაუბრეს გოგონას გარდაცვალების საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე და მათ შორის, სხვადასხვა სახის ექსპერტიზის შედეგად გამოკვეთილი გარემოებებსა და იმ საკითხებზე, რომლებიც, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, დამატებით შესწავლას, კომპლექსურ ექსპერტიზას საჭიროებს:

„სამედიცინო ექსპერტიზაში, რომელიც ჩვენ აპრილის ბოლოს მივიღეთ, ძალიან ზოგადი ინფორმაცია იყო ბავშვის დაზიანებებზე. ამის შემდეგ, ჩვენ მოვითხოვეთ კომპლექსური ექსპერტიზის დანიშვნა, რაც ნიშნავს პროცესში სხვადასხვა ექსპერტის ჩართვას. გასაუბრება გავიარეთ კერძო ექსპერტებთან და მათი რეკომენდაციებით, ადვოკატებმა შევადგინეთ კითხვარი და გავაგზავნეთ პროკურატურაში, დაახლოებით 30 კითხვაა. პროკურატურამ ეს კითხვები უკვე გააგზავნა სამხარაულის ბიუროში და ველოდებით ექსპერტიზის დანიშვნას და შემდეგ უკვე პასუხებს. ჩვენი შეკითხვები ეხება დაზიანებებს, პირღებინების გამომწვევ მიზეზებს. სამედიცინო ექსპერტიზაში უბრალოდ აღწერილია უკვე დასრულებული შედეგები, ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, მაგალითად, რამ გამოიწვია პირღებინება, რა საგნით იქნა მიყენებული დაზიანებები და ა.შ. სწორედ ეს კითხვები დაისვა ექსპერტებთან. კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მიახლოებითი თარიღის თქმა გვიჭირს, რადგან ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუმცა, პროკურატურას მივმართეთ შუამდგომლობით, რომ ექსპერტიზის დასკვნა დაჩქარდეს. სწორედ კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ვითხოვთ ჩვენ ლიეტუველი ექსპერტების ჩართვას და იმედია, ეს საკითხიც დროულად გადაწყდება“.

შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

17 მარტის ღამეს, დიდ დიღომში, 12 წლის ანი იანუშაიტიტე მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს. ტერიტორია, სადაც ბავშვი ნახეს, მისი სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს.

* ანის მამის ინტერვიუს თარგმანიდან, ოჯახის წევრებისა და ოჯახის ადვოკატის თხოვნით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამოღებულია მამაკაცის აღწერილობის დეტალები.

XS
SM
MD
LG