სოფელ კურსებში, 2026 წლის 12 მარტს განვითარებული მეწყრის გამომწვევ ორ მთავარ მიზეზად გეოლოგები ასახელებენ:
- ამ ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიურ პირობებს;
- ატმოსფერულ ნალექებს.
გეოლოგიური დასკვნის საჯაროდ გამოქვეყნებას 12 მარტის შემდეგ ველოდით, თუმცა, დოკუმენტი გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებსაიტზე არ გამოჩნდა (ის არც ახლა დევს საჯაროდ). დასკვნის შინაარსზე მისმა ავტორებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ილაპარაკეს.
ოფიციალური დოკუმენტი გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჩვენც ვთხოვეთ, რაზეც გვიპასუხეს, რომ დასკვნა საჯაროდ არ გამოქვეყნდებოდა და ის ოფიციალურად უნდა გამოგვეთხოვა.
ასევე ნახეთ
“მძლავრი და ექსტრემალურად დიდი” - კიდევ რა წერია ხარაგაულის მეწყერზე გეოლოგების დასკვნაში?6 აპრილს გეოლოგიური დასკვნა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესის დაცვით მართლაც გამოვითხოვეთ - უწყებისგან დოკუმენტი ჯერ არ მიგვიღია* (შუაში 9 აპრილის და აღდგომის დღესასწაულის სამდღიანი დასვენება დაემთხვა).
თუმცა დასკვნა თავად კურსების მოსახლეობამ მოგვაწოდა. ამ დოკუმენტის შინაარსი დაზარალებულ მოსახლეობას დაახლოებით ერთი კვირის წინ გააცნეს.
სოფელი კურსები დღეს - ფოტოები გეოლოგიური დასკვნიდან
რამ წარმოქმნა მეწყერი?
კურსების გეოლოგიურ დასკვნაში წერია, რომ სოფელში მეწყრის ჩასახვა-გააქტიურებაში მნიშვნელოვანი (შესაძლოა გადამწყვეტი) როლი ითამაშა ჰიდროგეოლოგიურმა პირობებმა.
დამეწყრილი ტერიტორიის მორფოლოგიურ-გეოლოგიური აგებულება ხელსაყრელ პირობებს ქმნის ეროზიულ-მეწყრული პროცესების განვითარებისთვის. აქ არის ისეთი ქანები (თიხოვანი და არგილიტური), რომლებიც ტენიანობის ზრდის პირობებში სიმტკიცეს კარგავს, ადვილად დეფორმირდება და ფერდობებზე იწყებს დაცურებას.
გეოლოგები წერენ, რომ “ატმოსფერული ნალექების ინფილტრაციის შედეგად, ფერდობებში იზრდება ფოროვანი წყლის წნევა, რაც ამცირებს ქანების შიდა ხახუნისა და გრუნტის სიმტკიცეს. შედეგად ფერდობის სტაბილურობა მცირდება და იზრდება მეწყრის განვითარების ალბათობა”.
ასევე ნახეთ
გამოსავალია განჭვრეტა და გაფრთხილება - გეოლოგებმა 2025 წლის სტიქიური მოვლენების სურათი შექმნესმეორე მიზეზი, რამაც, დასკვნის ავტორების თანახმად, მეწყრული პროცესის ჩასახა და გაააქტიურა, წვიმა და თოვლია.
ამის დასტურად, მათ მოჰყავთ ქუთაისის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემები, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 თებერვალი - 12 მარტის პერიოდში წვიმს.
“2026 წლის 26 თებერვალი-12 მარტის პერიოდში ნალექების რაოდენობამ 142.2 მმ შეადგინა, რაც დროის ამ მონაკვეთისთვის მაღალი მაჩვენებელია”.
პარალელურად, დნება თოვლი - (2026 წლის 26 თებერვალს ფიქსირდება 26.6 მმ თოვლის საფარი).
8-9 მარტს კი - კურსების მიმდებარე სოფლებში თოვს კიდეც.
კურსების სასაფლაო, ფოტოები გეოლოგიური დასკვნიდან
სხვა შესაძლო მიზეზი?
წლების წინ (1958-1961 წლები) სოფელ კურსებში შახტური წესით ქვანახშირის მოპოვება და მასთან დაკავშირებული პროცესები მეწყრის ჩასახვა-გააქტიურებაზე ვერ იმოქმედებდაო - ასკვნის გეოლოგთა ჯგუფი.
“შახტები მდებარეობდა მეწყრული სხეულის დასავლეთით 1200-1250 მ-ის მანძილზე, რაც ვერ იქნება დაკავშირებული ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების ზეგავლენასთან”.
მათი განცხადებით, მეწყრის მიზეზი არც ტეშენიტის (ე.წ. „კურსების გრანიტი“) მოპოვება გამხდარა.
ამ წიაღისეულის მოპოვების მიზნით, როგორც დასკვნაში წერია, სხვადასხვა პერიოდში სულ გაცემულია 4 ლიცენზია. ამ ლიცენზიების ნაწილი დღეისათვის გაუქმებულია.
“ლიცენზიის მფლობელებს წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოები არ უწარმოებიათ და შესაბამისად მეწყრული სხეულის ჩასახვა-გააქტიურებაზე ზეგავლენა ვერ ექნებოდა”, - წერენ გეოლოგები, - ერთი ლიცენზია 2 უბნად, საიდანაც ერთი უბანი მეწყერს დაცილებული იყო 350 მეტრით, ხოლო მეორე 790 მ-ით. არსებული მონაცემებით ლიცენზია გაუქმებულია და ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ, ლიცენზიის მფლობელს წარმოდგენილი არ აქვს”.
ამავე დასკვნიდან ირკვევა, რომ არსებობს ერთი, მოქმედი, 2009 წელს გაცემული ლიცენზია წიაღისეულის მოპოვებაზე - მეწყრული სხეულის მოწყვეტის კიდიდან, მის სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით, 900 მეტრ მანძილზე.
ეს ლიცენზია 20 წლით იყო გაცემული. თუმცა გეოლოგები წერენ, რომ მანძილის (900 მეტრი) გათვალისწინებით:
“მოპოვებითი სამუშაოები, მეწყრულ სხეულზე, რაიმე სახის ზეგავლენას ვერ მოახდენსო”.
ასევე ნახეთ
„გავრბოდით და თან ყველაფერი მიწაში ჩადიოდა“: რა ხდება ახლა სოფელ კურსებში2026 წლის 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე დაძრულმა მეწყერმა ათობით ოჯახი დატოვა უსახლკაროდ. მსხვერპლი არ ყოფილა. ხალხო სტიქიის ზონიდან დროულად გაიყვანეს.
მეწყრით დანგრეული გზა - ფოტოები გეოლოგიური დასკვნიდან
რა ფართობს შეეხო მეწყერი?
სტიქიის ზონაში სულ მოქცეულია 67.13 ჰექტარი ტერიტორია.
ამ არეულში მოხვდა 80-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი და მათი დამხმარე ნაგებობები.
მწყობრიდან გამოვიდა ქუთაისი (მოწამეთა) - ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზა, სოფლის სასაფლაო, ელექტრო გადამცემი ხაზები, შიდა სასოფლო გზები, გაზის და წყლის მილსადენები და სხვა ინფრასტრუქტურა.
გეოლოგები წერენ, რომ საკვლევი ტერიტორია წარმოადგენს “ძველმეწყრულ (პალეომეწყერი) სხეულს”, რომლიდანაც ამ ეტაპზე დინამიკაშია 44.5ჰა ფართობის ტერიტორია, ხოლო დინამიკაში მოსული მეწყრული მასების სავარაუდო მოცულობა 5.0 მლნ. მ3-ია.
საველე კვლევებში და წინამდებარე დასკვნის შედგენაში მონაწილეობდნენ: მერაბ გაფრინდაშვილი, ზურაბ რიკაძე, გიორგი გაფრინდაშვილი, თორნიკე თოღუზაშვილი, დურმიშხან ჭელიძე, ანრი ნამიჭეიშვილი, გიორგი ლანჩავა, გოდერძი ბასიშვილი, თომა კალანდაძე, ირაკლი სურმავა, ბექა ქემოკლიძე, რომან კუმლაძე, გიორგი ჭოტაშვილი, გიორგი ხარაზიშვილი.
ასევე ნახეთ
„დაგირეკავენ… - კურსების მეწყრის დაზარალებულები ხელისუფლების პასუხის მოლოდინშიდამეწყრილი კურსები, ფოტოები გეოლოგიური დასკვნიდან
ზარალი - დაზიანებული გზები, დანგრეული სახლები
მეწყრულმა პროცესებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქუთაისი (მოწამეთა) ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზას.
გზის დაახლოებით 200-230 მ სიგრძის მონაკვეთი მთლიანად დეფორმირებულია და დაწყვეტილია.
გზის ზედაპირზე განვითარებული ნაპრალების სიგანე 20-50 სმ-ის ფარგლებშია, ხოლო მათი ხილული სიღრმე 2 მ-მდე აღწევს.
“ამ მონაკვეთზე გზის აღდგენა და მისი გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადი ფუნქციონირება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია და შესაბამისი დარგის (მეგზევე-ინჟინერი, კონსტრუქტორი) სპეციალისტების ჩართულობით, საჭირო გახდება გზის ალტერნატიული ვარიანტის შერჩევა”.
სტიქიის ზონაში მოქცეული 58 ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან ამ ეტაპზე სრულად არის დანგრეული 20 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დეფორმირებულია და ავარიულ მდგომარეობაშია 15 საცხოვრებელი სახლი.
დანარჩენი ოჯახების საცხოვრებელი სახლები ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად დაზიანებული არ არის, თუმცა, გეოლოგების მითითებით, ეს ოჯახებიც გეოლოგიურად მდგრად ადგილზე უნდა გადავიდნენ საცხოვრებლად.
ამ დასკვნის მიხედვით, რისკი ისევ არსებობს გეოლოგების ჯგუფს მიაჩნია, რომ არ არის გამორიცხული მეწყრული პროცესების ხელახლა გააქტიურება და “მეწყრული სხეულის გაფართოება”.
ასევე ნახეთ
კურსების სტიქია - „რაც ვიშრომეთ, რაც ვაკეთეთ, აღარაფერი დარჩა“კომპენსაციაზე რა ისმის?
ეს გეოლოგიური დასკვნა დაახლოებით ერთი კვირის წინ გააცნეს კურსების მოსახლეობას, ვინც დღემდე ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში და ქირით ცხოვრობს ქუთაისსა და მიმდებარე სოფლებში.
ამ ხალხს ჯერ ისევ არა აქვს პასუხი, რა რაოდენობის იქნება კომპენსაცია, რომელსაც მათ სახელმწიფო გადასცემს.
“ვმუშაობთ მაგ საკითხზეო”, - ჯერჯერობით ასე პასუხობენ სტიქიით დაზარალებულებს. გვითხრა მარიამ ბეროძემ.
12 მარტის შემდეგ მოსახლეობის ნაწილმა ერთხელ მოახერხა სახლებში შესვლა, რომ მხოლოდ აუცილებელი ნივთები გამოეტანათ. თუმცა მათი ნივთების უმრავლესობა ღია სახლებში რჩება და რაც დრო გადის, სულ უფრო იზრდება შიში, რომ მიტოვებულ სახლებს ვინმე გაძარცვავს.
სტატია უკვე გამოქვეყნებული იყო, როდესაც დოკუმენტი გარემოს ერივნულმა სააგენტომაც გამოგვიგზავნა.