ახალგორში ქართველების პასპორტებს რუსულად თარგმნიან

ახალგორის ადმინისტრაციული საზღვარი

6 იანვარს დილიდან მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგორის მოსახლეობა 10 იანვრიდან ქართული პასპორტებით გადაადგილებას ვეღარ შეძლებს. მათი მიმოსვლა გართულდება - ოსური მხარისგან წაყენებული პირობა კი რუსული პასპორტის აღებას გულისხმობს. თბილისში ეს ფაქტი საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევად შეაფასეს.

ცნობა გადაადგილების შესახებ ცვლილებებს ეხება და ახალგორში ადგილობრივ რუსულ და ოსურ საგუშაგოებზეა რუსულ ენაზე გამოკრული. აქამდე ადგილობრივი მოსახლეობა ქართული პირადობის მოწმობებით უპრობლემოდ გადაადგილდებოდა. ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა ასევე სპეციალური საშვის დანიშნულების მქონე დოკუმენტი, ე.წ. ფორმა # 9, რომელიც მათ ოსური მხარისგან მიიღეს და რომელსაც ვადა 31 დეკემბერს გაუვიდა. თუმცა, როგორც ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თანამშრომელმა თამარ მეარყიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ამ დოკუმენტს ბოლო დროს არც არავინ იყენებდა:

განცხადებაში წერია, რომ 10 იანვრიდან აღარ მოხდება ახალგორიდან ქართული პირადობის მოწმობებით მგზავრების მოძრაობა ...
“განცხადებაში წერია, რომ 10 იანვრიდან აღარ მოხდება ახალგორიდან ქართული პირადობის მოწმობებით მგზავრების მოძრაობა.”

ახალგორის მოსახლეობა ყველანაირ ცვლილებაზე საუბარს ერიდება. ჩვენ რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებთან ვცადეთ ამ ინფორმაციის გადამოწმება. ახალგორელმა ლანა ჩიგოევამ, მაგალითად, გვითხრა, რომ მსგავსი არაფერი სმენია:

”ეგ ამბავი თქვენგან მესმის პირველად. მსგავსი რამ ჭორის დონეზეც არ გამიგია. ჩვეულებრივად გავდივარ და გამოვდივარ, არავინ მავიწროებს და სხვებსაც, არა მგონია, ეს პრობლემა ჰქონდეთ.”

გადაადგილების პრობლემა ჯერჯერობით არავის შეჰქმნია, - გვითხრა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ელენე თევდორაძემ. არც ის ფლობდა ინფორმაციას ახალი წესების შემოღების შესახებ.

თუმცა, როგორც ირკვევა, ახალგორის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების წესი შეიცვლება:

”განცხადება აქვთ გამოკრული, რომ მოძრაობა შეიძლება დილის შვიდიდან საღამოს ცხრა საათამდე; უნდა გააკეთონ ქართული პირადობის მოწმობების თარგმანი რუსულად და დაამოწმონ ნოტარიუსით”, - გვითხრა ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ ყოჩიშვილმა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ.

უნდა გააკეთონ ქართული პირადობის მოწმობების თარგმანი რუსულად და დაამოწმონ ნოტარიუსით ...
ოსურ მხარეს მართლაც აქვს დაგეგმილი ქართული პირადობის მოწმობების რუსულად თარგმნა და საერთო მონაცემთა ბაზაში ყველა იმ ადამიანის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების შეყვანა, ვინც ახალგორის ტერიტორიაზე გადაადგილდება. ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ჯუსოევი ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს და მიზეზებზეც საუბრობს:

”დიახ, მართალია, ასეთი განცხადება მართლაც არის გამოკრული საგუშაგოზე, რაც საზღვარზე მოსახლეობის მიმოსვლის პროცედურის მოწესრიგებასთანაა დაკავშირებული. ყველა მონაცემი მონაცემთა ბაზაში უნდა შევიდეს, ითარგმნოს და ნოტარიალურად დამოწმდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორია სტატისტიკა - ვინ კვეთს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარს, ვინ არიან ეს ადამიანები, რა მიზნით მიდი-მოდიან.”

ალან ჯუსოევის აზრით, საზღვარი დაახლოებით ნახევარი წლით მაინც უნდა ჩაიკეტოს. მოტივაცია ასეთია:

”ჩემი სურვილია რაღაც დროით საზღვარი ჩაიკეტოს, რომ იქ სიტუაცია მოწესრიგდეს. სამწუხაროდ, ქართული მხარე არ გამოხატავს კეთილ ნებას და სურვილს ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობდეს საზღვრისპირა ეკონომიკური, სოციალური საქმიანობები. ასე რომ, თუნდაც ნახევარი წლით მაინც ჩაიკეტოს საზღვარი, რომ ჩვენ შიგნით მდგომარეობა მოვაწესრიგოთ. ამ რეჟიმში საქართველოს გარკვეულ რაიონებთან თანაცხოვრება შეუძლებელია. ეს ხელფასების გაცემასაც უკავშირდება. მე ხომ არ შემიძლია ვუხადო ხელფასი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ ამ რაიონში. მოკლედ, უნდა გაირკვეს ეს მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეები არიან თუ სამხრეთ ოსეთის. ამის მიხედვით გავარკვევთ რა რაოდენობის მოსახლეობა გვყავს, ვინ სად მუშაობს და რითი ცხოვრობს. ახლა კი მოსახლეობის რაოდენობა ყოველ საათში იცვლება იმის მიხედვით, რამდენი სამარშრუტო ტაქსი შემოდის და გადის.”

უნდა გაირკვეს, ეს მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეები არიან თუ სამხრეთ ოსეთის. რა რაოდენობის მოსახლეობა გვყავს, ვინ სად მუშაობს და რითი ცხოვრობს ...
თბილისში ამ ამბავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაიაც გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, ახალგორში გადაადგილების შეზღუდვა რუსული პასპორტების იძულებით აღებას უკავშირდება:

”10 იანვრიდან საქართველოს პირადობის მოწმობა აღარ იმუშავებს. ამიტომ მათ უნდა მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა. ეს კი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ოკუპაცია ანექსიაში გადავიდა. მე ვაპირებ ამ საკითხის დაყენებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 25 იანვარს.”

„რუსეთის პასპორტის აღება ნებაყოფლობითია და ეს ყველამ საკუთარი სურვილის მიხედვით გადაწყვიტოს, თუმცა რუსული პასპორტის აღება იქნება საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ალან ჯუსოევმა.

რუსულ პასპორტებზე ადგილობრივ მოსახლეობაშიც საუბრობენ. თამარ მეარყიშვილი ამბობს, რომ ეს რუსული პასპორტების საკითხი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში იყო აქტუალური, როდესაც ახალგორში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა:

”ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის ელჩი იყო ჩამოსული სამხრეთ ოსეთში, ახალგორში, და მას ახლდა საპასპორტო სამსახურის უფროსიც. მაშინ ითქვა, რომ დეკემბერში დაიწყებოდა პასპორტების გაცემა და გვირჩიეს აღება, და რომ ამას მოჰყვებოდა მაღალი ხელფასი, პენსია. თუმცა ეს ყველაფერი ნებაყოფლობითო, მაგრამ სურვილი მეტად მაცდური რამეა.”

სხვა მხრივ, ახალგორში ჯერჯერობით სიმშვიდეა, ამბობენ ადგილობრივები. ოღონდ ეს სიმშვიდე იქაურებში მკვდარი ქალაქის ასოციაციას აჩენს. ახალგორის რაიონში დღეისათვის დაახლოებით 1000-მდე ქართველია დარჩენილი. ომამდე იქ 8000 ქართველი ცხოვრობდა.