კატასტროფების კვირა

ავიაკატასტროფა სმოლენსკის მახლობლად.

ამ კვირაში მსოფლიოსა და საქართველოს ყურადღება კვლავ პოლონეთისკენ იყო მიმართული. 18 აპრილს კრაკოვში დაკრძალეს პოლონეთის პრეზიდენტი და მისი მეუღლე ლეხ და მარია კაჩინსკები, რომლებიც, პოლონეთის ოფიციალური დელეგაციის 94 წევრთან ერთად, სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში 10 აპრილს დაიღუპნენ. ამ კვირაში მსოფლიოში კიდევ ორი გრანდიოზული კატასტროფა მოხდა - უკვე ბუნებრივი.

ეს კვირაც საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, პოლონელი ერისადმი მისამძიმრებით დაიწყო. თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ხსოვნას რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს პატივი. ისინი ერთხმად აღიარებდნენ, რომ საქართველომ, ლეხ კაჩინსკის სახით, უდიდესი მეგობარი დაკარგა. გადაწყდა, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ლეხ კაჩინსკის სახელი დაერქვას. ეს დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში განაცხადა. ბატონი კაჩინსკი დიდი დანაკარგი იქნება ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც იდეალებს ემსახურება, მომავალს იდეალები ქმნის, აღნიშნა გიგი უგულავამ.

პოლონეთის პრეზიდენტი 18 აპრილს დაკრძალეს, თუმცა პოლონეთის, ისევე როგორც ევროპის ბევრი ქვეყნის, საჰაერო სივრცის დახურვის გამო, მრავალი ქვეყნის ლიდერმა ვერ შეძლო დაკრძალვაზე ჩასვლა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შემოვლითი გზით ჩავიდა კრაკოვში და მონაწილეობა მიიღო სამგლოვიარო ცერემონიაში. საჰაერო მიმოსვლის შეფერხების მიზეზი კი ამ კვირაში ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანი გახდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ საქმე გვაქვს გლობალური საჰაერო სივრცის ყველაზე მასშტაბურ შეზღუდვასთან იმ ზომების შემდეგ, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებს მოჰყვა საჰაერო მიმოსვლაში.

ბუნებრივი კატასტროფების სერია ამ კვირაში ჩინეთის მიწისძვრით გაგრძელდა, რასაც, სამწუხაროდ, მსხვერპლიც მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, რომელიც ოფიციალური წყაროებით დასტურდება, დაღუპულია 1144 ადამიანი.

მსოფლიოს ყურადღება ამავე კვირაში მიმართული იყო ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტისაკენ, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის მასპინძლობით ვაშინგტონში გაიმართა და რომელზეც საქართველო ახალი ამბით წარდგა. მსოფლიოს 47 სახელმწიფოს მეთაურის თავყრილობაზე საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ სამართალდამცველებმა მაღალგამდიდრებული ურანის უკანონო ვაჭრობის ბოლო ფაქტი მიმდინარე წლის მარტში აღკვეთეს. როგორც ბრიტანული გაზეთი ”გარდიანი” 14 აპრილს იტყობინება, საქართველოს მიერ გავრცელებულმა ახალმა ამბავმა ვაშინგტონის სამიტს საკმაოდ ჩასაფიქრებელი პრობლემა შეახსენა.

თბილისში კი წინაასაარჩევნი კამპანია სულ უფრო გააქტიურდა. ამ კვირაში მერობის კიდევ ორმა კანდიდატმა - ირაკლი ალასანიამ და გოგი თოფაძემ -წარუდგინა საზოგადოებას საკუთარი პროგრამა. ირაკლი ალასანიამ აქცენტი ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებაზე გააკეთა:

”დღეს ეს სფერო პრაქტიკულად ყურადღების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენი ამოცანა კი სწორედ ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი უნივერსალური ჯანდაცვის მომსახურებით. რაც მთავარია, პროექტი, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ, არის ფინანსურად არგუმენტირებული, ჩვენ ამის სახსრები ვიპოვეთ არსებულ ბიუჯეტში და ვზრდით ბიუჯეტს 117 მილიონ ლარამდე... მუნიციპალიტეტი თავის თავზე აიღებს მშობიარობის ხარჯებს და ორსულებს გამოეყოფათ დაახლოებით 800 ლარი.”

ამ კვირაში საკუთარი საარჩევნო პროგრამა თბილისის მერობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერმა, გოგი თოფაძემ წარმოადგინა. ”მრეწველების” მთავარი დაპირება ამჯერადაც დასაქმების პრობლემის მოგვარება და მცირე მეწარმეების ხელშეწყობაა.

”მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს” - ასეთია თბილისის მერის კიდევ ერთი კანდიდატის, გოგი თოფაძის, საარჩევნო ლოზუნგი. ”მრეწველების” ლიდერი თავის საარჩევნო პროგრამაში აქცენტს კვლავ თბილისელების დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე აკეთებს:

“თბილისში იყო შესანიშნავი ცხიმკომბინატი - ერთ-ერთი წარმატებული და კარგად აღჭურვილი საწარმო. ამ ქარხნის ნედლეული - ცხიმოვანი ნარჩენები - თავის მხრივ, იყო ნედლეული საპნის ქარხნისა, რომელშიც 600-მდე კაცი მუშაობდა. საპნის ქარხნის ნარჩენებზე პარფიუმერული ფაბრიკა მუშაობდა და ასე...ერთი ქარხნის ამუშავებით სამი ქარხანა ამუშავდება.”

არჩევნების თემასთან დაკავშირებით გეტყვით ასევე, რომ ამ კვირაშო დასრულდა პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო სიების მონიტორინგი. წარმოდგენილი მასალა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 აპრილს საზოგადოებასაც გააცნო. თავად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, როგორც მისი ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილიც აცხადებს, სიების შემოწმებისას 80 000-მდე დარღვევა აღმოაჩინა:

”ძირითად ხარვეზად ჩვენ ამომრჩეველთა სიებში გარდაცვლილების არსებობას, ასევე დუბლირებას განვიხილავთ. ასევე პოლიტიკური პარტიები მიუთითებენ იმაზე, რომ მოქალაქეები არ ცხოვრობენ იქ, სადაც არიან რეგისტრირებულები და რომ მოქალაქეები იმყოფებიან საზღვარგარეთ.”

ერთწლიანი მუშაობის შედეგად, საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ შექმნა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის განვრცობილი კონცეფცია. სრულყოფისა და დახვეწის მიზნით, პროექტი წარედგინათ სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. კონცეფციის საჯარო განხილვის პროცესი ამით ჯერ მხოლოდ დაიწყო. საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციის კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებისათვის, სულ ცოტა, 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა სჭირდება.

”საზოგადოებრივი კომისიის მიერ შემუშავებული მოდელი ცალსახად უჭერს მხარს საპარლამენტო რესპუბლიკას. იმისთვის, რომ ამ დასკვნამდე მივსულიყავით და ამ გზას დავდგომოდით, ბევრი საფუძველი, ბევრი მოტივი არსებობდა, მაგრამ ერთ-ერთი მოტივი იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტად ვყოფილიყავით ჩვენ ორიენტირებულნი არა ცალკეულ პიროვნებებზე, არა გამონაკლისებზე, არამედ იდეალურ ან ყველაზე მისაღებ მოდელზე საქართველოსათვის, ახალი დემოკრატიისათვის."

კომისიის წევრის, მინდია უგრეხელიძის, განმარტებით, საუბარია საპარლამენტო რესპუბლიკის ისეთ ვარიაციაზე, რომელშიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილია მთავრობის სტაბილურობა, ხოლო, მეორე მხრივ, პოლიტიკურ ოპოზიციას რეალური ბერკეტები აქვს ხელისუფლების საქმიანობაზე ქმედითი და დროული კონტროლის განსახორციელებლად.

15 აპრილიდან თბილისში მუშაობას შეუდგა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის 16-კაციანი ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს ეუთოს მეთვალყურეთა ძირითად ჯგუფს 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის თანხმად, არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესში აქტიურობს ევროკავშირი და მზადყოფნას გამოხატავენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებმაც ნაწილობრივ უკვე დაიწყეს კიდეც მუშაობა არჩევნების მეთვალყურეობის მიმართულებით.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ უშუალოდ არჩევნების პროცესის მეთვალყურეობას, ევროკავშირის ეგიდით, განახორციელებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დაახლოებით 1000 მეთვალყურე და იურისტებისგან შემდგარი 15 ჯგუფი. ევროკავშირისგან მიღებული ასეთი დაპირების შესახებ ვიცე-პრემიერ მინისტრის გიორგი ბარამიძის ოფისი იუწყება. ამავე წყაროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ევროკავშირისა და „სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების“ შეთანხმების საფუძველზე, ”არჩევნებამდე 2 თვით ადრე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება უზრუნველყოფს გრძელვადიანი მონიტორინგის მიზნით 90 მეთვალყურეს.” ეს განცხადება გამოქვეყნდა 13 აპრილს, როდესაც არჩევნებამდე უკვე აღარ რჩებოდა 2 თვე, თუმცა, როგორც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე-დელონე განმარტავს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მეთვალყურეობის პროცესი, ნაწილობრივ, მართლაც, უკვე დაწყებულია:

”ეს გახლავთ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის მონიტორინგი, ანუ რამდენად ადეკვატურად მუშაობენ ისინი საარჩევნო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში... ასევე ვამოწმებთ პოლიტიკური პარტიები როგორ წარმართავენ ოლქების დონეზე თავიანთ კამპანიებს, ხვდებიან თუ არა ამომრჩევლებს, რა თემებზე საუბრობენ და არის თუ არა პრობლემები ამ მიმართულებით... ასევე დიდ ყურადღებას მივაქცევთ იმას, ხომ არ ვლინდება ოლქებში ისეთი ფაქტები, როგორიც არის ზეწოლა, მოსყიდვა და ასე შემდეგ...”

ნიკარაგუასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამუელ სანტოს ლოპესმა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მურად ჯიოევთან ორ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობისა და საგარეო უწყებების კონსულტაციების შესახებ დოკუმენტს მოაწერა ხელი. ამის შემდეგ იგი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა.

ერთობლივ ბრიფინგზე, რომელიც ცხინვალის ტელევიზიით გადაიცა, კოკოითიმ აღნიშნა, რომ ნიკარაგუის ხელისუფლებას, მისი ლიდერის დანიელ ორტეგას სახით, რუსეთთან ერთად მსოფლიო იმპერიალიზმის წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა.

14 აპრილს საქართველოში ტრადიციულად აღინიშნა ქართული ენის დღე. ”დედა ენის ძეგლთან” მისულმა პირველკლასელებმა შესაფერისი ლექსებიც წაიკითხეს:

დაბოლოს, პრეზიდენტის 9 აპრილის განკარგულების საფუძველზე, მუშაობა დაიწყო ისტორიული სამართლიანობის დამდგენმა კომისიამ, რომელიც იურიდიულ და ისტორიულ შეფასებას მისცემს როგორც საქართველოს უახლოესი წარსულის, ასევე რუსეთთან თითქმის ორასწლიანი ურთიერთობის მნიშვნელოვან მოვლენებს. კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ისტორიკოს ვასილ რუხაძის აზრი ასეთია:

”ჩვენი, როგორც ერისა და როგორც სახელმწიფოს, ამოცანა, ამ კომისიის ჩამოყალიბებიდან გამომდინარე, გახლავთ ის, რომ გამოვიძიოთ 187-წლიანი მემკვიდრეობა ცარისტული და საბჭოთა ოკუპაციისა საქართველოში, ყველა ის ძალადობა და უსამართლობა, რომელიც ჩვენმა ერმა და სახელმწიფომ გადაიტანა.“

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ისტორიკოს დავით ბერძენიშვილს, არა აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ხელისუფლება ცდილობს საბჭოთა პერიოდის ამსახველი ადეკვატური ისტორიის შექმნას:

„მე არ ვიცი ეს კომისია რას გააკეთებს. ჯერჯერობით რეპრესირებულებთან და საბჭოთა ისტორიასთან მიმართებით სააკაშვილი აგრძელებს თავისი მშობელი წინამორბედის, შევარდნაძის, გზას.“