საერთაშორისოების როლი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში

”ოქსფორდ ანალიტიკა”-ს ოფოციალური ვებგვერდი

”სამოქმედო გეგმის წარმატებულად განხორციელება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად იქნება ჩართული საქართველოს მთავრობასთან ერთად ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოება” - ამ შეფასებით მთავრდება საერთაშორისო ორგანიზაცია “ოქსფორდ ანალიტიკას” მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას ეხება. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზოგადი დამოკიდებულება ამ დოკუმენტის მიმართ პოზიტიურია, თუმცა არის კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემასაც ისინი საქართველოს მთავრობისგან ელიან.

გეგმის ძირითადი აქცენტების მიმოხილვის შემდეგ, „ოქსფორდ ანალიტიკას“ სტატიაში ვეცნობით კიდევ რამდენიმე საყურადღებო შეფასებას. პირველი ისაა, რომ რუსეთის ჩარევის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება ამ გეგმის სიკეთეში დაარწმუნოს აფხაზები და ოსები; მეორე კი ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ ჩქარობენ ამ პროექტში ფულის ჩადებას და ელოდებიან საქართველოს მთავრობის შემდგომ ნაბიჯებს. ისინი შიშობენ, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ამ პროექტებში აფხაზებისა და ოსების ჩართულობა. ეჭვის თვალით უყურებენ იმასაც, რომ საერთაშორისო დაფინანსებამ საქართველოს მთავრობის ხელში უნდა გაიაროს, რაც საერთაშორისო არასამთავრობოების დამოუკიდებლად მოქმედებას შეზღუდავს.

სამოქმედო გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ლაშა ტუღუში, ამბობს, რომ ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომლის რეალურად განხორციელებაც არის შესაძლებელი, ეკონომიკურ ურთიერთობებს - კერძოდ, მხარეებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს - უკავშირდება, რაც დღესაც არსებობს, თუმცა გაურკვეველი სამართლებრივი ფორმა აქვს:

”სხვადასხვა ტიპის კანონმდებლობა არსებობს სხვადასხვა მხარეს და, ცხადია, ვაჭრობის ამ პროცესს ვერ არეგულირებს და ბუნდოვანი პროცესია, მაგრამ ასეთი ურთიერთობები არსებობდა 2008 წლის ომამდეც და არსებობს ახლაც. ესე იგი ადამიანები ძალიან პრაქტიკულად აზროვნებენ და ფიქრობენ რეალურ ცხოვრებაზე. კაცი თუ ადმინისტრაციული საზღვრის გვერდით 200 მეტრში ცხოვრობს, რატომ არ უნდა შეეძლოს მას ივაჭროს საკუთარ ეზოში მოყვანილი პროდუქციით? ეს მაგალითია იმისა, თუ როგორი ტიპის დაბრკოლებებია შესაცვლელი.”

ჩვენი განწყობა და საერთაშორისო საზოგადოების გარანტია, რომ ომი არ იქნება, მეორე მხრივ, აფხაზეთსა და ოსეთში არსებული გაჭირვება ერთმანეთის შემხვედრი პროცესია ...
ლაშა ტუღუში ფიქრობს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა დიდწილად დამოკიდებული იქნება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე:

”თუ ჩვენი ამოცანები არის პრაქტიკული, მიმართული ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებისკენ, არის ღიაობის პრინციპებზე დამყარებული, ცხადია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ამას დადებითად შეხედავენ, რადგან მათთვის ეს პრინციპები მისაღებია და, მეტიც, ისინი ამ პრინციპების განხორციელებას ცდილობენ მთელ მსოფლიოში. ასე რომ, თუ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ადეკვატურ ნაბიჯებს, ჩართულობა მათი მხრიდან აუცილებლად იქნება.”

რადიო თავისუფლების ერთ-ერთი წყარო, რომლის ვინაობასაც მისი თხოვნით ამჯერად არ ვასახელებთ, მაგრამ ვინც ასევე ჩართული იყო ამ პროცესში, გვიხსნის, რომ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მთავარი ადრესატები არიან არა პირდაპირ აფხაზები ან ოსები, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა. პოლიტიკური საფუძველი და გზავნილი ასეთია: საქართველო მზადაა მშვიდობიანად მოაგვაროს კონფლიქტი. სტრატეგია ამის ერთგვარი პირობაა. პარალელი: მეორე მსოფლიო ომი და შვეიცარია, რომელსაც საომარი მოქმედებები არ შეჰხებია. გარანტია - ფული. სტრატეგიის შემთხვევაშიც ასეა: მშიდობის დამყარების იდეა+ეკონომიკური საფუძველი. ამ იდეის განხორციელება კი დასავლეთის ფინანსების გარეშე წარმოუდგენელია.

რა ბერკეტი ექნება ამ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოებას? სვამს კითხვას რადიო თავისუფლება. ჩვენი რესპონდენტის სიტყვებით, დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერ ე.წ. ჭორების ფოსტა მუშაობს - იდეები იქაურ საზოგადოებამდე სწორედ ამ გზით მიდის. საერთაშორისოების ერთ-ერთი როლიც ეს იქნება - ინფორმაციის მიტანა ნებისმიერი გზით, მედია იქნება ეს თუ სხვა.

თუ ვაჭრობასა და ზემოქმედებაზეა ლაპარაკი საერთაშორისოების მხრიდან, ჯობს ქართულ მხარეზე მოახდინონ ეს ზემოქმედება, რომ დათმონ პოზიციები და შეეშვან ზემოდან ყურებას აფხაზებისა და ოსებისათვის.
”ჩვენი განწყობა და საერთაშორისო საზოგადოების გარანტია, რომ ომი არ იქნება, მეორე მხრივ, აფხაზეთსა და ოსეთში არსებული გაჭირვება ერთმანეთის შემხვედრი პროცესია, რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგს ოლიმპიადის შემდეგ”, - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც სტრატეგიის კონცეფციის შემუშავების პროცესში მონაწილეობდა და მოგვიანებით გამოეთიშა ამ პროცესს, ამბობს, რომ საქართველოს მიმართ გაუცხოებული აფხაზებისა და ოსების ჩართვა სტრატეგიაში, როგორც ქართულ პროექტში, ამ ეტაპზე წარმოუდგენელი და დაგვიანებულიცაა, რადგან, მისი აზრით, ეს არ არის ორმხრივი პროექტი, განსხვავებით 2008 წლამდე არსებული ცალკეული პროექტებისგან:

”რაც უნდა კარგი იყოს იდეები, მათ სთავაზობენ მხოლოდ ცალმხრივად, საქართველოს მხრიდან. ასეთი რამ არასდროს არ ყოფილა, რომ მხოლოდ ქართული პროექტი ყოფილიყოს თავსმოხვეული მათთვის. ამიტომ მგონია, რომ ვერ იმუშავებს და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ძალიან გაუჭირდებათ ოსები და აფხაზები დააჯერონ, რომ ქართული პროექტი კარგია. თუ ვაჭრობასა და ზემოქმედებაზეა ლაპარაკი საერთაშორისოების მხრიდან, ჯობს ქართულ მხარეზე მოახდინონ ეს ზემოქმედება, რომ დათმონ პოზიციები და შეეშვან ზემოდან ყურებას აფხაზებისა და ოსებისათვის.”

ზაქარეიშვილი შიშობს იმასაც, რომ სამოქმედო გეგმის რეალურად ამოქმედებამ (თუ ეს მოხდა), შესაძლოა, ხელი შეუშალოს აქამდე არსებულ ურთიერთობებს განათლების და ჯანდაცვის სფეროებში. და თუ აქამდე თბილისში სასწავლებლად ან სამკურნალოდ ჩამოდიოდა, პირობითად, ასი აფხაზი, ეს რიცხვი შემცირდეს სწორედ იმიტომ, რომ აღქმული იქნება, როგორც მხოლოდ ”ქართული პროექტი”.

და მაინც, რა შეიძლება იყოს პირველი რეალური ნაბიჯი, რომლის გადადგმაც შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხოს? ჩვენი რესპონდენტი ასეთ ნაბიჯად დოკუმენტების ლეგიტიმაციას მიიჩნევს. მაგალითად, ცნობილია, რომ საქართველო არ ცნობს აფხაზური სკოლის ატესტატს, ან ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან, ან ჯანმრთელობის ცნობას. ლეგიტიმაცია სწორედ ამ დოკუმენტების აღიარებას გულისხმობს. და ერთი დეტალიც: დღესაც თბილისს მკურნალობის მიზნით ოთხი აფხაზი სტუმრობს. იმისათვის, რომ ისინი ჯანდაცვის უფასო პროგრამაში ჩასვან, საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღონ, მოქალაქეობას დაბადების მოწმობა სჭირდება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა, თუ ის 1992 წლის შემდეგაა გაცემული, არ ცნობს... და ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა სირთულეებს აწყდებიან აფხაზები საქართველოს ტერიტორიაზე და როგორ შეიძლება ისინი ამ სირთულეებს მოვარიდოთ.