საქართველოს საკითხი რუსეთისა და ნატოს დისკუსიაში

დმიტრი მედვედევი, ბარაკ ობამა და ნიკოლა სარკზი

თუკი ლისაბონის სამიტის მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ გაკეთებულ განმარტებებს მოვისმენთ, ადვილად მივხვდებით, რომ ნატოს სამიტმა კმაყოფილი დატოვა როგორც თავად ალიანსი, ასევე რუსეთიც და საქართველოც. როგორც ეს წინასწარვე იყო გამიზნული, ალიანსი და რუსეთი კონკრეტულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, ხოლო საქართველომ მიიღო მტკიცე დაპირება იმისა, რომ ნატო-რუსეთის სამომავლო თანამშრომლობა მისი ინტერესების ხარჯზე არ განვითარდება. ალიანსი მოსკოვს საქართველოსთან მიმართებით კონკრეტული ქმედებებისკენაც მოუწოდებს. რამდენად შესაძლებელია, რომ რუსეთმა მართლაც გაითვალისწინოს ნატოს მითითებები?

შეიძლება ითქვას, რომ ლისაბონის სამიტმა ნატოსა და რუსეთის შერიგების წინასწარ მრავალჯერ ანონსირებული იმედები გაამართლა. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სწორედ ლისაბონიდან შეატყობინა მთელ მსოფლიოს, რომ ნატოსა და რუსეთს შორის ”სიცივისა და პრეტენზიების” ეტაპი დასრულდა და რომ თანამშრომლობის მომავალს ის დიდი ოპტიმიზმით უყურებს. რუსეთი უკვე დათანხმდა, მაგალითად, მეტი დახმარება გაუწიოს ნატოს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციისთვის ტვირთების ტრანზიტის პროცესში და ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რომელიც ევროპაში ერთიანი ანტისარაკეტო თავდაცვის ქოლგის შექმნისკენ იქნება მიმართული. სამიტის შედეგებით ფრიად კმაყოფილი დარჩა ალიანსიც, რომელმაც რუსეთთან ახლებური და კეთილგანწყობილი ურთიერთობების პერსპექტივა იმ სტრატეგიულ კონცეფციაშიც ასახა, რომლითაც მან მომავალი 10 წლის მანძილზე უნდა იხელმძღვანელოს.

ის, რაც მანამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ ალიანსისა და რუსეთის ურთიერთობის განახლების პროცესი საქართველოს ინტერესების ხარჯზე არ წარიმართება, ნატოს გენერალურმა მდივანმა ლისაბონში 20 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზეც გაიმეორა. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, რუსეთისა და ნატოს გაუმჯობესებული ურთიერთობა, თავის მხრივ, მნიშვნელოვან წვლილსაც კი შეიტანს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების პროცესში.

ვისურვებდით, რომ ეს დისკუსია შედეგიანი იყოს, რადგანაც სწორედ ასე იქნება შესაძლებელი მშვიდობის უზრუნველყოფა კავკასიაში და, საერთოდ, ევროპაში... ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ასეთ დისკუსიებში...
ნატოსთვის საქართველოს საკითხი კვლავაც დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხად რომ რჩება, ანალიტიკოსებს ამას ლისაბონში მიღებული ორი დოკუმენტიც უდასტურებს. მათი აზრით, სტრატეგიულმა კონცეფციამ და სამიტის მიწურულს მიღებულმა დეკლარაციამ საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხების თითქმის სრული სპექტრი ასახა. ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის გარდა, ეს დოკუმენტები ასევე ძალაში ტოვებენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. დეკლარაცია ასევე მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და ასევე გააუქმოს ”საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - აღიარების გადაწყვეტილება”.

ოკუპირებული რეგიონების აღიარებისა და აგვისტოს ომის შეფასების საკითხი ნატოსთან უთანხმოების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ თემად რომ რჩება, ამას რუსეთის პრეზიდენტიც აღნიშნავს. დმიტრი მედვედევმა ლისაბონში ისიც აღიარა, რომ ეს საკითხი გვერდზე ვერ გადაიდება და ის განხილვის საგნად უნდა იქცეს:

”ჩვენ წარვმართავთ დისკუსიას ამ საკითხთან დაკავშირებით... ვისურვებდით, რომ ეს დისკუსია შედეგიანი იყოს, რადგანაც სწორედ ასე იქნება შესაძლებელი მშვიდობის უზრუნველყოფა კავკასიაში და, საერთოდ, ევროპაში... ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ასეთ დისკუსიებში... მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციებზე, ხოლო ნატოს ქვეყნები თავიანთ პოზიციებზე რჩებიან”.

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, როგორც ვხედავთ, მედვედევი მზად არის საქართველოს საკითხის განხილვისთვის ნატოსთან, მაგრამ რა შემთხვევაში მოიტანს დისკუსია ნატოსთვის, და, შესაბამისად, საქართველოსთვის სასურველ შედეგს? ანუ რამდენად რეალურია, რომ რუსეთი გარკვეულ დათმობებზე წავიდეს?

საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ნიკა ჩიტაძის აზრით, რუსეთი დათმობაზე იმ შემთხვევაში წავა, ”თუკი გაიზრდება მისი დამოკიდებულება დასავლეთზე - ეკონომიკური თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით...”

თუკი, ნიკა ჩიტაძის აზრით, კომპრომისზე წასასვლელად რუსეთს მეტად უნდა დასჭირდეს ნატოს ქვეყნები, გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე ფიქრობს, რომ გლობალურ გამოწვევებთან მიმართებით რუსეთს ალიანსის წევრი ქვეყნების საჭიროება უკვე დანახული აქვს... ამიტომ ექსპერტი სავსებით რეალურად მიიჩნევს, რომ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის მართლაც პრინციპული და შედეგიანი დისკუსია გაიმართოს.

”ის ფაქტიც, რომ რუსეთი, ფაქტობრივად, დაეთანხმა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებას ევროპაში და ალიანსმა, თავის მხრივ, გზა გაუხსნა რუსეთს და მიიწვია თანამშრომლობისათვის, მთლიანად გლობალური უსაფრთხოების, აი, ეს კომპლექტი საშუალებას იძლევა, რომ საქართველოს პრობლემაც იქნეს განხილული და, შესაბამისად, გადაწყვეტილი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თენგიზ ფხალაძემ.

ექსპერტისთვის მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ რუსეთმა ”შეუვალი პოზიცია” შეიცვალა და საქართველოს საკითხზე ნატოსთან დისკუსიას დათანხმდა.