ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე 8 პირი გაივლის გასაუბრებას კომისიასთან

აქცია ცესკოს შენობასთან 2020 წლის ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

ცენტრალური კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრების ვაკანტური თანამდებობების დასაკვებლად კომისიამ კანდიდატები შეარჩია. ცნობილია, რომ თავმჯდომარის თანამდებობაზე 11 განაცხადი გაკეთდა და 8 პირი გადავიდა გასაუბრების ეტაპზე, წევრობაზე კი 17 განაცხადი გაკეთდა და 16 პირი გაივლის გასაუბრებას კომისიასთან. კანდიდატების ვინაობის შესახებ ცნობილი გახდება 7 ივლისს და ამავე დღეს დაიწყება გასაუბრება მათთან.

კანდიდატების შესარჩევ კომისიასთან გასაუბრების შემდეგ კომისია თითოეულ ვაკანტურ ადგილზე პრეზიდენტს 2 ან სამ კანდიდატს წარუდგენს, რომელთაგან ორს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, სხვა შემთხვევაში კი 6 თვე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც თამარ ჟვანიამ 30 ივნისს თანამდებობა დატოვა.

ასევე ნახეთ ნინო დოლიძე: მნიშვნელოვანია ცესკოს თავმჯდომარედ წარდგენილი იქნას კანდიდატურა, ვისაც ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება

1 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გამოსცა.

განკარგულებით გამოცხადდა ღია კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად და შეიქმნა საკონკურსო კომისია 11 კაცის შემადგენლობით, რომელშიც შედიან არასამთავრობო ორგანიზაციების 5 და აკადემიური სფეროს 6 წარმომადგენელი.

ასევე ნახეთ ნატროშვილი ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევ კონკურსზე: ვეცდებით პარტიებისთვის მისაღები კანდიდატები წარვადგინოთ

ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მოადგილე.

საქართველოში უახლოესი, თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

ასევე ნახეთ რას შეცვლის თამარ ჟვანიას გადადგომა - რას ელის სამოქალაქო სექტორი