ამერიკელი სენატორები საქართველოს აფრთხილებენ მხოლოდ კრემლისთვის მომგებიან შედეგზე

ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი დიდ იმედგაცრუებას გამოხატავს საქართველოში ბოლო ხანს განვითარებული მოვლნების გამო. რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების ჯგუფმა განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 28 ივლისს, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, ოპოზიციის ნაწილთან აპრილში მიღწეული შეთანხმება.

ამერიკელი სენატორების შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები ძირს უთხრის შარლ მიშელის დოკუმენტით შეთანხმებული რეფორმების ძალისხმევას.

„აშშ-მა ევროკავშირთან პარტნიორობით მჭიდროდ ითანამშრომლა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმების მისაღწევად, რომ გზა გახსნილიყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმებისთვის. იმედგამაცრუებელი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სენატორების თანახმად, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ამ მნიშვნელოვან დროს, კიდევ უფრო დიდი იმედგაცრუება იყო „ქართული ოცნების“ განზრახვა, ცალმხრივად თქვას უარი 19 აპრილის შეთანხმებაზე. ამერიკელი სენატორების განცხადებით, დიდწილად სწორედ მმართველი პარტიაა ვალდებული, გვერდით გადადოს პოლიტიკური უთანხმოებები და გააგრძელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს.

სენატორების მოწოდებაა ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, კანონის უზენაესობის განმტკიცებისადმი განუხრელი ერთგულება და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარჩევნო და სასამართლო რეფორმების კეთილსინდისიერად განხორციელება.

ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შესაძლოა, გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ და დააზიანოს აშშ-საქართველოს ურთიერთობა, ასეთი შედეგი კი, მომგებიანია მხოლოდ კრემლისთვის.

განცხადებას ხელს აწერენ სენატორები: ჯინ შაჰინი, რონ ჯონსონი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი, რობ პორტმანი, კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.

ასევე ნახეთ დევიდ კრამერი: ახლა მიზანმიმართული სანქციების დროა, რათა „ქართული ოცნების“ წევრები მიხვდნენ, რომ უკვე საკმარისია“

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ერთგვარი თვითმიზანი იყო. მათ ამოძრავებდათ ერთადერთი მიზანი, დალოდებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გაემეორებინათ პოლიტიკური საბოტაჟი, როგორც კი „ქართული ოცნება“ 43-პროცენტიან საარჩევნო ზღურბლს გადალახავდა".

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

ასევე ნახეთ სამადაშვილის თქმით, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო ორიენტაცია შეიცვალა
ასევე ნახეთ ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს
ასევე ნახეთ გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ მიმართ მექანიზმების გამოყენებას მოითხოვს
ასევე ნახეთ ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ პოლარიზაცია გააღრმავა
ასევე ნახეთ „ლელო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას არ გამორიცხავს
ასევე ნახეთ ენმ-ის გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების შემდეგ გახდება ცნობილი

2021 წლის 19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, თბილისში, ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას, რომელმაც სათავე დაუდო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედარებით განმუხტვას და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას.

შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას, ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, ასევე, "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ". შეთანხმება მოიცავს დათქმასაც, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

ასევე ნახეთ 53%-იანი მოგების დროსაც "ქართული ოცნება" მზადაა, დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, თუ ოპოზიცია წინაპირობებს შეასრულებს