კითხვის ნიშნები საარჩევნო კომისიების მიუკერძოებლობაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 9 სექტემბერს

საარჩევნო კომისიების მიუკერძოებლობა ისევ საეჭვოა - მაშ, რატომ იქნება 2021 წლის არჩევნები წინაზე უკეთესი?

“სამოქალაქო საარჩევნო კომისია” ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტიამ საუბნო საარჩევნო კომისიები თავისი აქტივით დააკომპლექტა. მტკიცებულება 100-მდე უბანში გადაღებული ვიდეოჩანაწერებია, სადაც ჩანს საუბნო საარჩევნო კომისიებში თავმჯდომარეების, თავმჯდომარის მოადგილეების და მდივნების არჩევის პროცესი.

“სამოქალაქო საარჩევნო კომისია” ცესკოს ყოფილი თანამშრომლებისა და აქტივისტების გაერთიანებაა რომელიც საარჩევნო დარღვევების მონიტორინგისთვის შეიქმნა. დარღვევებზე ინფორმაციას თავადაც აგროვებენ და მოქალაქეებსაც მოუწოდებენ თანამშრომლობისკენ.

ცესკო ჩანაწერების გამოქვეყნებამდე გამოეხმაურა „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ შექმნას და თქვა, რომ ორგანიზაცია მათი დისკრედიტაციის მიზნით შეიქმნა.

რა მასალები მოიპოვა „სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ“?

მათ მიერ გამოქვეყნებულ 20-მდე ვიდეოში, რომელიც დიდუბეში, ვაკესა და საბურთალოს სხვადასხვა საუბნო კომისიაშია გადაღებული, ჩანს, რომ კომისიის თავმჯდომარეები საკუთარ მოადგილედ ასახელებენ იგივე ადამიანებს, რომლებმაც ისინი თავმჯდომარის პოზიციაზე წარადგინეს. კანდიდატებს ხმათა უმრავლესობით ირჩევენ. თავმჯდომარის მიერ დასახელებულ კანდიდატებს ხშირად ხმას აძლევენ კომისიის ის წევრები, რომლებიც სხვებმა დაასახელეს თავმჯდომარედ ან მდივნად.

არასამთავრობო, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების გარდა, წინასაარჩევნოდ პარტიული აქტივისტების მობილიზაციაზე კომისიებში საუბრობენ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანაგუნდელები.

იქნება თუ არა ამ არჩევნებზეც ერთ-ერთი გამოწვევა კომისიის წევრების კომპეტენცია და მიუკერძოებლობა? წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.

40 დღის თავზე შანაი ბრუკის მკვლელობის საქმე გახსნილია

შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვი დააკავა. ინფორმაცია უწყების თანამშრომელმა საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, 33 წლის საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავეს.

"აღნიშნულ დანაშაულთან სავარაუდოდ შემხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზები. მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა, მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია, ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაი ბრუკის გარდაცვალების დროს, გადამოწმდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით. კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ეჭვმიტანილი უკვე გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

წაიკითხე მეტი.

ნიკოლ ფაშინიანი: ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რაც ჩვენ ხელს შეგვიწყობს რისკების მართვაში

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში იმყოფება. ის უკვე შეხვდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე, ორი ქვეყნის რეგიონულ თანამშრომლობასა და შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და უამრავი საშიშროება. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს დიალოგში ერთმანეთს დავეხმაროთ და ყურადღება გავამახვილოთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს. ვფიქრობ, რომ შესაძლებლობების გამოყენების საკითხში ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რაც ჩვენ ხელს შეგვიწყობს რისკების მართვაში“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კი ყურადღება ყარაბაღის კონფლიქტზე გაამახვილა:

"რა თქმა უნდა, ყარაბაღის ომი ჩვენი რეგიონისთვის იყო რთული გამოწვევა, მაგრამ ახლა გავეცანი პრემიერის ახალ ხედვას, მე მჯერა, რომ აღნიშნული გამოწვევა გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად. შესაძლებლობად, რომელიც მოუტანს კეთილდღეობას სომხეთს და სომეხ ხალხს".

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დღეს დასრულდება.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების რაოდენობა მაღალია. ამის შესახებ მან ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა და მიზეზები განმარტა.

მისი თქმით, ავადობა და კლინიკებში ინფიცირებულთა შორის მაღალია 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების რაოდენობა. როგორც მინისტრმა თქვა, მიზეზი მათი აუცრელობაა.

რაც შეეხება ვაქცინაციის საერთო მონაცემებს ქვეყანაში, ამჟამად სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 17,8% საქართველოში. ერთჯერადად ვაქცინირებულთა რაოდენობა კი 30%-ს აღწევს.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მიშელმა პუტინთან საუბრისას დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა

საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა იყო იმ საკითხებს შორის, რომლებზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ელაპარაკა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

დღეს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ მიშელმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ დაადასტურა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

მიშელმა და პუტინმა ილაპარაკეს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზეც და ბელარუსში არსებულ სიტუაციაზე.

წაიკითხე მეტი.

აშშ და მისი პარტნიორები აცხადებენ, რომ თალიბინმა მთავრობის ლეგიტიმურობა „უნდა დაიმსახუროს“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, 8 სექტემბერს, ვირტუალურ შეხვედრაზე აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ მთავრობა ავღანეთში, რომელსაც თალიბანი მართავს, მისი ქმედების მიხედვით უნდა შევაფასოთ და ლეგიტიმურობას კი „დამსახურება უნდა.“

ბლინკენი შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკო მაასს რამშტაინში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ჩასვლის შემდეგ. ბაზა ავღანეთიდან ევაკუირებული ათასობით ადამიანის სატრანზიტო ადგილია.

„თალიბანი ესწრაფვის საერთაშორისო აღიარებას“, თქვა ბლინკენმა. „ნებისმიერ ლეგიტიმურობას, ნებისმიერ მხარდაჭერას, აუცილებლად უნდა დამსახურება“, განაცხადა ბლინკენმა და გამოხატა აშშ-ის შეშფოთება თალიბების მიერ გამოცხადებული „დროებითი“ მთავრობის ზოგიერთი წევრის გამო, თუმცა არ დაუზუსტებია, რომელ წევრზეა ლაპარაკი.

წაიკითხე მეტი.

3253 კოვიდ-შემთხვევა ნაცვლად 1965-ისა - ერთი დღით გამქრალი კოვიდ-სტატისტიკა

ის, რომ 7 სექტემბერს, სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკა კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ მცდარი იყო, ამის თაობაზე მედიამ და საზოგადოებამ დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძისგან, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართული ბრიფინგიდან შეიტყო.

თუმცა, ისედაც ცხადი იყო, რომ Stopcov.ge-ზე, დილის 11 საათისათვის ატვირთული მონაცემები საეჭვოდ ოპტიმისტურად გამოიყურებოდა. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სამშაბათობით გამოქვეყნებული კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა, კვირის სხვა დღეებთან შედარებით გაცილებით მაღალია ხოლმე, ეს მონაცემი კიდევ უფრო არარეალურად გამოიყურებოდა. საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 7 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1965 შემთხვევა დადასტურდა.

8 სექტემბერს, ჯანდაცვის მინისტრისგან ეკატერინე ტიკარაძისგან მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ჯანდაცვის უწყებების სერვერზე დაფიქსირდა, ამოწურულია:

საიტზე გუშინ, გვიან აღმოიფხვრა ის პრობლემა, რომელიც არსებობდა და დღეს განახლდა სრულად მონაცემები“.

როგორ პასუხობს ჯანდაცვის უწყება ტექნიკურ პრობლემებზე დასმული კითხვებზე? - გაიგე ნინო თარხნიშვილის სტატიიდან.

"უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა რადიკალური ნაბიჯებით რომ არ დაიმუქროს, პოლიტიკურად ნეიტრალური მართლმსაჯულების სისტემა გავხადოთ პოლიტიკურად მიკერძოებული?!" - კითხულობს ალუდა ღუდუშაური, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გენპროკურორის არჩევაზე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების დღის წესრიგიდან მოხსნაზე.