ბაიდენმა ტყეების შენარჩუნების მსოფლიოში პირველი გეგმა გამოაცხადა

აშშ წარმოადგენს ტყეების შენარჩუნების მსოფლიოში პირველ გეგმას. მისი რეალიზაციისთვის ცხრა მილიარდ დოლარამდე გამოიყოფა. ამის შესახებ გლაზგოში, კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილ გაეროს სამიტზე განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, გეგმა გააერთიანებს აშშ-ის დიპლომატიურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინსტრუმენტებს ტყეების გაუჩინარების თავიდან ასაცილებლად და მიწათმოწყობის გასაუმჯობესებლად. აშშ-ის ამ ინიციატივით შესაძლებელი გახდება 2030 წლისთვის მინიმუმ ორ მილიონამდე ჰექტარი ტყის აღდგენა.

მანამდე სამიტის ფარგლებში ასზე მეტი სახელმწიფო შეთანხმდა, უახლოესი ოცი წლის განმავლობაში ბოლო მოუღოს ტყეების გაქრობას.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შოტლანდიაში არ ჩავიდა. მან კონფერენციის მონაწილეებს ვიდეომიმართვა გაუგზავნა. მოსკოვმა მხარი დაუჭირა ერთობლივ დეკლარაციას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის კიევს გადაწყვეტილი აქვს, სათბურის გაზების ემისია 65%-ით შეამციროს და 2060 წლისთვის მიაღწიოს კლიმატურ ნეიტრალობას.

გაეროს კლიმატის კონფერენცია გლაზგოში 1 ნოემბერს დაიწყო და ორ კვირას გასტანს. მასში მონაწილეობს 25 ათასზე მეტი ადამიანი 200 ქვეყნიდან. მონაწილეები განიხილავენ გლობალური დათბობისა და პარიზის ხელშეკრულების ხუთწლიანი მუშაობის შედეგებს.

სამიტის წინ შოტლანდიაში ჩავიდა შვედი ეკოაქტივისტი გრეტა თუნბერგი. თავის მომხრეებს მან უთხრა, რომ გაეროს კონფერენცია მიაჩნია წარუმატებლობად, მსოფლიო ლიდერებს კი, რომლებიც მასში მონაწილეობენ, არ ძალუძთ რამის შეცვლა.

ასევე ნახეთ გლაზგოს კლიმატის სამიტი: სანამ იმედი გადაიწურებოდეს
ასევე ნახეთ კლიმატურ ცვლილებებზე გლაზგოს კონფერენციას მიიჩნევენ "უკანასკნელ" იმედად გლობალური დათბობის შენელებისთვის
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში
ასევე ნახეთ კიდევ რას უნდა ველოდოთ კლიმატის ცვლილებისგან?