აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სააკაშვილს მოექცეს სამართლიანად და ღირსეულად

ნედ პრაისი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობისა და გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხზე ილაპარაკა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა. მან ბრიფინგზე უპასუხა „ამერიკის ხმის" შეკითხვას.

„ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით ვითარებას, აქამდე - ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაკავებას და ახლა - მისდამი მოპყრობას. მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას, რომელიც აჩენს შეკითხვებს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნედ პრაისმა.

სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიხეილ სააკაშვილს მოექცეს სამართლიანად და ღირსეულად.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, მთავრობის პასუხისმგებლობაა პატიმრები დაიცვან ძალადობისგან, მათ შორის - ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, აღმოუჩინონ მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირადი ინფორმაციის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად", - განაცხადა ნედ პრაისმა.

8 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ასევე ნახეთ ომბუდსმენი: სააკაშვილის გლდანში გადაყვანით სახელმწიფომ დაარღვია ღირსების პატივისცემის ვალდებულება

მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედს" უთხრა, რომ სააკაშვილმა დაწესებულებაში შეყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამინისტროს თანამშრომლებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი დამატებით საუბარია სამედიცინო ტექნიკის დაზიანებაზეც.

ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილის წერილი: „გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში"
ასევე ნახეთ ამნესტი ინტერნეიშენალი სააკაშვილზე: არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება