ზურაბ ზვიადაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყო

თელავის რაიონულ სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის და პარლამენტის ყოფილი წევრის ზურაბ ზვიადაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შესარჩევი პროცესი დაიწყო.

სასამართლომ 12 ნაფიცი და 2 სათადარიგო მსაჯული უნდა შეარჩიოს, რომლებიც საბოლოო ვერდიქტს გამოიტანენ. შერჩევის პროცესი რამდენიმე კვირას გასტანს.

საქმის ნაფიცი მსაჯულებისათვის გადაცემის გადაწყვეტილება ბრალდებულმა და მისმა ადვოკატებმა წინასასამართლო სხდომაზე გამოაცხადეს.

დღევანდელ, 7 დეკემბრის სხდომაზე, სასამართლომ დაამტკიცა მკვლელობის საქმიდან ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილის ბრალის ცალკე გამოყოფის საკითხი, რადგან ის ნაფიცი მსაჯულების განსახილველი საქმეების კატეგორიას არ ეკუთვნის.

ასევე ნახეთ პროკურატურის განცხადებით, დაუსაბუთებელია ზვიადაურის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება

ჯანგირაშვილს გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

სასამართლო განხილვის ამ ეტაპზე, ზურაბ ზვიადაური 50 ათასლარიანი, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილი 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ, პატიმრობიდან არიან გათავისუფლებული.

მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა.

ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი.

გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ ზურაბ ზვიადაური 50 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გამოძიება ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება. სამართალდამცავი უწყების ვერსიით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ახმეტის მკვიდრმა ვასილ ცოცხალაშვილმა იქვე მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ნიკა კენჭოშვილს ესროლა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა. კენჭოშვილის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე დაიღუპნენ, გვერდით მყოფი ზვიად მაისურაძე და ანზორ შარმელაშვილი კი დაიჭრნენ.

პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

ზვიადაურის ადვოკატები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზეა თავად ზვიადაური და ის ბრალს არ აღიარებს.