NGO-ები პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონს

15-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, გამოიყენოს ვეტო და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" ცვლილებების კანონი პარლამენტს შენიშვნებით უკან დაუბრუნოს. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, აუქმებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და მისგან ორ უწყებას ქმნის.

"მისასალმებელი იყო საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი შეფასება, რომ მისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა. შესაბამისად, პრეზიდენტმა მოუწოდა საკანონმდებლო ორგანოს, შეეწყვიტა საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა და ყველასთვის მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა საკუთარი არგუმენტები", - აცხადებენ ორგანიზაციები.

ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო აკრიტიკებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი" (osgf); "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (GYLA); "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI Georgia); "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (ყოფილი EMC); "დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი" (IDSD); "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED); "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC); "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR); "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI); "ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის" (RIVG); "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI); "ადამიანის უფლებათა ცენტრი" (HRC); "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI); "მედიის განვითარების ფონდი" (MDF); "საქართველოს სასამართლოს გუშაგი" (GCW) და "კავშირი საფარი".

კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით 30 დეკემბერს მიიღო. ამ კანონით, 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.

კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობდა, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.
ასევე ნახეთ სახელმწიფო ინსპექტორი: უკმაყოფილება "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი გაუქმების კანონპროექტად აქცია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა. იგივე პოზიცია ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც.

ასევე ნახეთ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ინსპექტორის აპარატის გაუქმების კანონპროექტს ეხმიანება