რუსეთი ირწმუნება, რომ წვრთნებში მონაწილე სამხედროებმა ყირიმის დატოვება დაიწყეს

თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო: ანექსირებულ ყირიმში განთავსებული რუსული სამხედრო ტექნიკა. 2022 წლის 13 თებერვალი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე „გეგმური ტაქტიკური სწავლებების“ დასრულების შემდეგ, სამხედრო ქვედანაყოფებმა დაიწყეს მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე დღეს, 16 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ყირიმს საავტომობილო და სარკინიგზო მარშრუტებით ტოვებენ სამხრეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფების სამხედროები და შეიარაღება. საიტზე გამოქვეყნებულია ფოტოც, რომელიც სამინისტროს მტკიცებით, ასახავს იმას, თუ როგორ ტოვებენ წვრთნებში მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფები ნახევარკუნძულს "ყირიმის ხიდის" გავლით.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში გრძელდება „ოპერატიული მომზადების მასშტაბური ღონისძიებები“, რომლებშიც მონაწილეობენ პრაქტიკულად, ყველა სამხედრო ოლქი, ფლოტი და საჰაერო-სადესანტო ძალები.

ასევე ნახეთ რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან თავმოყრილი სამხედრო ნაწილები წვრთნის შემდეგ თავიანთ ბაზებზე ბრუნდებიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 თებერვალს განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით და ასევე, ბელარუსში მიმდინარე წვრთნების შემდეგ, სამხედრო ქვედანაყოფები მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდებიან.

"როცა დავინახავთ, მაშინ დავიჯერებთ", - ასე გამოეხმაურა რუსეთის ამ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. მისი თქმით, რუსეთიდან მუდმივად ისმის სხვადასხვა განცხადება, ამიტომ უკრაინა დეესკალაციას დაიჯერებს მხოლოდ მაშინ, როცა რეალურად დაინახავს რუსული ძალების გაყვანას.

ასევე ნახეთ სტოლტენბერგი: ჯერჯერობით ვერ ვამჩნევთ უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების ნაწილის გასვლას

წვრთნების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბურ თავმოყრას, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო და ასევე, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო მანევრებს აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები მიიჩნევენ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმისთვის მზადებად. კრემლში ამას უარყოფენ, თუმცა, 2021 წლის დეკემბრიდან აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს. მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ უკრაინა და საქართველო. 2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.