ხარკოვის ადმინისტრაცია 21 ადამიანის დაღუპვას ადასტურებს

ხარკოვის უნივერსიტეტის დაბომბილი შენობა. 2022 წლის 2 მარტი

ბოლო დღე-ღამეში ქალაქ ხარკოვში 21 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი იუწყება. მისი თქმით, რუსი სამხედროების ყველა შეტევა მოგერიებულია.

გასული ღამის განმავლობაში და დილით რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვში სარაკეტო იერიში მიიტანეს სატანკო სასწავლებელზე, აეროდრომზე და სამხარეო პოლიციის და უნივერსიტეტის შენობებზე.

რუსეთის სამხედრო ძალებმა, რომლებიც რამდენიმე დღეა ხარკოვს უტევენ, პირველ მარტს ქალაქის ცენტრზე განახორციელეს ძლიერი სარაკეტო იერიში. იმავე დღეს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხარკოვის დაბომბვას სამხედრო დანაშაული უწოდა და მოითხოვა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ საერთაშორისო სასამართლოების მიერ.

ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთს ტერორისტი სახელმწიფო უწოდა
  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
  • პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
  • 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
  • რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
  • ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
ასევე ნახეთ ბაიდენი ყოველწლიურ გამოსვლაში: პუტინს წარმოდგენა არ აქვს, რა ელოდება