სააკაშვილი აქვეყნებს ევროსასამართლოსთვის გაგზავნილ წერილს 

მიხეილ სააკაშვილი

იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა" პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმე, თავად მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. „ფეისბუკზე", სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ექსპრეზიდენტი აღნიშნავს: „კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად სტრასბურგის სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უკვე მერამდენედ აქვს ადგილი სასამართლოს გადაწყვეტილების შეგნებულ გაყალბებას და ფაქტებით და შეგნებულად მცდარი ინტერპრეტაციებით მანიპულირებას, რითიც ახდენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დისკრედიტაციას ქართული საზოგადოების თვალში.

ზემოაღნიშნული ფაქტის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს".

სააკაშვილი აქვეყნებს მისი ადვოკატების მიერ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ წერილს, რომელიც თარიღდება 7 დეკემბრით და მასში ნათქვამია, რომ თავად აღარ სურთ საქმეზე განაცხადის წარდგენა, მიმდინარე შიდასამართლებრივი პროცედურების გამო. ამავე წერილში ვკითხულობთ, რომ თუკი საქმე ეროვნულ დონეზე ადეკვატურად არ წარიმართება, შესაძლოა, ევროსასამართლოს ისევ მიმართონ.

ანალოგიური საქმის ნომერი არის მითითებული იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც მან ევროსასამართლოსგან მიიღო.

წერილში ვკითხულობთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით 37-ე მუხლის პირველი პარაგრაფით დადგენილი პირობების გამო, 10 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, საქმე ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.

ევროკონვენციის აღნიშნული მუხლით კი დადგენილია საქმის ამორიცხვის სამი პირობა, ერთ-ერთი მათგანი კი მომჩივნის პოზიციაა. „პროცესის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლოს შეუძლია განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხოს საჩივარი, თუ გარემოებათა ძალით ის დაასკვნის, რომ: მომჩივანს აღარ აქვს განზრახული ბოლომდე მისდიოს თავის საჩივარს", - ვკითხულობთ კონვენციაში.

სააკაშვილის მიერ სტრასბურგში გაგზავნილი მოთხოვნა ეხებოდა შიმშილობის პერიოდში სამკურნალოდ კლინიკაში გადაყვანის საკითხს.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, მოთხოვნაში მითითებული იყო, რომ მოგვიანებით სააკაშვილს უნდა წარედგინა საჩივარი. იმის გამო, რომ ის გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ადვოკატის თქმით, მათ თავად მიმართეს ევროსასამართლოს წერილით და აცნობეს, რომ საჩივარს აღარ გაგზავნიდნენ.

ასევე ნახეთ ადვოკატი ტყუილს უწოდებს იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, ევროსასამართლოს მიერ სააკაშვილის საქმის „სიიდან ამორიცხვის" შესახებ

დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, „იაფფასიანი ტყუილია“ ამ საქმის დაკავშირება სტრასბურგის სასამართლოს მიერ უკვე დასაშვებად ცნობილ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა 1 აპრილს, საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა" პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც ეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მოპყრობას.

„სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც საჭირო იქნებოდა საქმის დამატებით შესწავლა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და მის მიმართ მოპყრობა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან და მისი ინტერესები არის სრულად დაცული“, - თქვა ძამაშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ თქვა, ევროპულ სასამართლოს მიეწოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის და პენიტენციურ სისტემაში მისი მდგომარეობის შესახებ. „როდესაც გადაწყვეტილებას იღებდა ევროპული სასამართლო ის ხელმძღვანელობდა ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაციით და მასალებით და მეორე მხრივ, თავად მომჩივნის მიერ გაგზავნილი ინფორმაციით და მასალებით“, - აღნიშნა მან.

ასევე ნახეთ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო

მედიისთვის 24 მარტს გახდა ცნობილი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო. ინფორმაცია იძებნება სტრასბურგის სასამართლოს ვებსაიტზეც და ის დაადასტურა საქართველოდან მოპასუხე მხარემ, იუსტიციის სამინისტრომ.

ამ საკითხს 24 მარტს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეც:

„რაც შეეხება საქმეს სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის მიმდინარე საქმე და ჩვენი მხრიდან რაიმე სახის მოლოდინებზე საუბარი ვერ იქნება სწორი. თუმცა, საქართველოს აქვს მყარი არგუმენტები, რითაც ასაბუთებს საკუთარ პოზიციებს".

უკრაინიდან საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და 50 დღე შიმშილობდა.