უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცინიზმი უწოდა რუსეთის ფილოსოფიას, რომ უკრაინაში ხალხი ნაცისტებისგან უნდა გაათავისუფლონ.
„რეალურად მათ ტერიტორიები გაათავისუფლეს სიცოცხლისგან, რომელიც უბრალოდ, აღარ არის. გაათავისუფლეს ადამიანებისგან. იქ ადამიანები აღარ არიან, ყველა დაიღუპა. მათ ყველა გაანადგურეს“, - განაცხადა ზელენსკიმ ბრიტანულ BBC-სთან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტმა ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა ქალაქი ვოლნოვახა, სადაც აღარც სახლებია და აღარც არაფერი ცოცხალი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვინც ქალაქიდან არ წავიდა, ყველა გაანადგურეს. უკრაინის პრეზიდენტმა ილაპარაკა ქალაქ ბუჩაზეც, სადაც რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ ასეულობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის გვამი და საერთო სამარხები აღმოაჩინეს. როგორც ზელენსკიმ თქვა, იმის შემდეგ, რაც ბუჩაში ნახა, ერთადერთი, რასაც გრძნობდა, რუსი სამხედროების მიმართ სიძულვილი იყო.
ასევე ნახეთ უკრაინის პროკურატურა: კიევის ოლქში 1200-ზე მეტი ცხედარია ნაპოვნიუკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჯერჯერობით არავინ იცის, რამდენი ადამიანია მოკლული რუსების მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში. ზელენსკის ინფორმაციით, ელაპარაკა Associated Press-ის ორ ჟურნალისტს, რომლებმაც მარიუპოლში ჩასვლა შეძლეს და იმას, რაც მათ განიცადეს, შოკსაც კი ვერ უწოდებ.
ასევე ნახეთ ჰააგის სასამართლოს პროკურორი ბუჩაში იმყოფებოდა - "უკრაინა დანაშაულის ადგილია"უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, არავინ იცის, რა ბედი ეწია ათეულობით ათას ადამიანს, რომლებიც რუსეთმა უკრაინიდან ძალით წაიყვანა, არის ცნობები, რომ ზოგიერთს უკრაინული პასპორტი რუსულით შეუცვალეს, ზოგიერთი ბანაკებში მოათავსეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილებს კი, საკვების სანაცვლოდ აიძულებდნენ რუსული პასპორტის აღებას.
„ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არ არის ომი, ეს გენოციდია“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა12 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გენოციდად შეაფასა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოქმედება. ბაიდენის პოზიცია გაიზიარა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ. ტერმინ გენოციდის გამოყენებაზე უარი თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა. მისი განმარტებით, ბუჩისა და მარიუპოლის სურათებმა ყველა შეძრა, თუმცა, მომხდარს გენოციდის კვალიფიკაცია უნდა მისცენ იურისტებმა და არა პოლიტიკოსებმა.