მარიუპოლიდან ევაკუაციის პროცესი შეჩერდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 მაისს

ომის 69-ე დღე: რუსეთმა განაახლა „აზოვსტალის“ დაბომბვა

უკრაინის სამხრეთში მდებარე, ომით გაჩანაგებული ქალაქ მარიუპოლიდან შეჩერდა სამოქალაქო პირთა ევაკუაციის პროცესი, რუსეთმა განაახლა "აზოვსტალის" მეტალურგიული ქარხნის დაბომბვა, რომელსაც კვლავ ასობით ადამიანი აფარებს თავს.

გუშინ „აზოვსტალი“ კიდევ ასამდე მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა. ისინი უკვე ზაპოროჟიეში არიან.

2 მაისს უკრაინამ გამოაცხადა პირველი ეჭვმიტანილის შესახებ, ვინც ქალაქ ბუჩაში მოქალაქეების მასობრივ ხოცვაში მონაწილეობდა. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ თქვა, რომ ეჭვმიტანილი არის რუსეთის ეროვნული გვარდიის დანაყოფის მეთაური და მისი სახელია სერგეი კოლოტსეი. მისი თქმით, ბუჩაში პროკურორებმა დაადგინეს, რომ კოლოტსეიმ "18 მარტს მოკლა ოთხი შეუიარაღებელი კაცი".

წაიკითხე მეტი.

ასევე ნახეთ

"აზოვსტალის" დილემა - რა გზები არსებობს მარიუპოლში დარჩენილებისთვის?

საქართველო - ხელსაყრელი ქვეყანა რუსეთისთვის? მთავრობა რეექსპორტს გამორიცხავს

უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებს წარმოებს საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ, „წარმოუდგენელს“ უწოდებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

2 მაისს მან თქვა, რომ შეუძლებელია რუსული წარმოების პროდუქცია ქართული წარმოების საფარველის ქვეშ გავიდეს ევროპაში, ისე, რომ ეს ვერც ევროკავშირმა გააკონტროლოს. მისი თქმით, უკრაინული დაზვერვის განცხადება საქართველოსთვის გაუგებარია.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვიც. მას სთხოვეს ფაქტობრივი განმარტებებისა და მტკიცებულებების დროულად წარმოდგენა, თუმცა უკრაინელმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ გააჩნია პასუხი უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.

რატომ შეიძლება საქართველო იყოს რუსეთისთვის საინტერესო ქვეყანა სწორედ რეექსპორტზე მოსალაპარაკებლად? შესაძლოა იმიტომ, რომ საქართველო მისაღები ქვეყანაა აშშ-ისა და ევროკავშირისათვის, - განმარტავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე.

რა არის რეექსპორტი? რა პასუხი აქვს თბილისს? წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

სომხეთის ოპოზიცია „დაუმორჩილებლობაზე“ გადადის

გუშინ სომხეთში 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერთა მოწოდების შემდეგ ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა ერევანში აღმართეს ბარიკადები და რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს.

ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ადანაშაულებს აზერბაიჯანთან პოზიციების დათმობასა და განზრახვაში, ბაქოსთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტს აღიარებს. გამოსვლები აპრილიდან იმ ძალების ორგანიზებულია, რომლებმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენჯერმე სცადეს ქუჩის აქციებით პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადაყენება.

„ძვირფასო თანამემამულენო, ხვალიდან კენტრონის რაიონში [ერევნის ცენტრში] აღარ უნდა იყოს ავტომობილების მოძრაობა“, - განაცხადა ანტისამთავრობო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ოპოზიციური ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრმა იშხან საგატელიანმა.

რას უპასუხებს ხელისუფლება დემონსტრანტებს და არის თუ არა სომხეთში ხელისუფლების ქუჩიდან შეცვლის რესურსი? ბოლო ამბები და შეფასებები წაიკითხე კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

მიხეილ სააკაშვილის ძმებს პატრიარქთან შეხვედრა სურთ და აქციებს აანონსებენ

ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისევ ციხეში რჩება. მისი ოჯახი კი, რომელიც ექსპრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდა, აქციებს აანონსებს.

დავით და გიორგი სააკაშვილები აპირებენ შეხვედრების დაწყებას სამოქალაქო საზოგადოებასთან და რეგიონებში მოქალაქეებთან. ამასთან, მათ განაცხადეს, რომ შეხვედრა სურთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები გეგმავენ აქციების დაწყებას.

„დრო ნამდვილად არ გვაქვს, ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენი გადაწყვეტილებით, ხვალიდან [3 მაისიდან] აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ექიმებთან კიდევ ერთხელ, უნდა ვისაუბროთ საპატრიარქოსთან, გვაქვს რაღაც სიგნალები, რომ შეიძლება პატივი დაგვდოს და შეგვხვდეს მისი უწმინდესობა, გამონახოს დრო, რათა ჩვენ ავუხსნათ მას ჩვენი მიშას, ჩვენი ძმის, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, იქნებ მისმა ზეგავლენამ, მისმა ავტორიტეტმა მოახდინოს რამე გავლენა. გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და უფრო მეტიც, ჩვენ ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს, რომლებსაც ამ შეხვედრების შემდეგ დავიწყებთ ძალიან აქტიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

წაიკითხე მეტი.

ევროკავშირის მინისტრები განიხილავენ ემბარგოს რუსეთის ნავთობზე, გერმანია პოზიციის ცვლილებაზე მიანიშნებს

ევროკავშირის მინისტრებმა 2 მაისს ბრიუსელში შეხვედრა გამართეს და განიხილეს საპასუხო გზები რუსეთის მხრიდან პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის გადაკეტვაზე, ისევე, როგორც ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობა, უკრაინაში შეჭრისთვის მოსკოვის დასასჯელად.

ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყნის, საფრანგეთის ეკოლოგიური გარდასვლის მინისტრის, ბარბარა პომპილის თქმით, მან შეხვედრა სასწრაფო წესით იმ მიზნით მოიწვია, რომ "უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი სოლიდარობა კოლეგების მიმართ ბულგარეთსა და პოლონეთში". მინისტრებმა ასევე იმსჯელეს ემბარგოს დაწესების შესაძლებლობაზე რუსეთის ნავთობისთვის, რაც სავარაუდოდ უნდა მოხდეს.

წაიკითხე მეტი.

„თუ უხარისხოდ გვასწავლიდით, ფულს სრულად რატომ ვიხდიდით“? - თსუ-ს სტუდენტები აქციებს აგრძელებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მორიგი აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ, სწავლა სექტემბრამდე ისევ ჰიბრიდული მეთოდით გაგრძელდეს.

2 მაისს საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლა დაიწყო, მათგან ბევრმა ჰიბრიდული (სააუდიტორიო და დისტანციური) სწავლება გააგრძელა, თსუ კი მოითხოვს, რომ სწავლება მხოლოდ აუდიტორიებში ჩატარდეს. დისტანციური სწავლება ნაკლებად ხარისხიანია - ასეთი პოზიცია აქვს ადმინისტრაციას.

თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. სტუდენტები აცხადებენ, რომ თბილისში ბინის გაძვირებული ქირის გამო, რაიონებში მცხოვრები სტუდენტები დედაქალაქში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, რის გამოც ასობით ახალგაზრდა საერთოდ განათლების გარეშე რჩება.

„განაცხადეთ, რომ ონლაინსწავლება ხარისხიანი არ ყოფილა. თუ ორი წლის განმავლობაში უხარისხოდ გვასწავლიდით, სწავლების ფულს სრულად რატომ ვიხდიდით“, - თქვა აქციაზე გამოსულმა სტუდენტმა სოფიო მოლოშხიამ.

სტუდენტების პროტესტის შესახებ ვრცლად წაიკითხე თეა თოფურიას სტატიაში.

რატომ იტაცებს რუსეთი უკრაინულ ხორბალს? ასე იწყებოდა ჰოლოდომორი

რუსეთის შეჭრა უკრაინაში, უკრაინული პორტების ბლოკირება და მარცვლეული კულტურების მარაგების მიტაცება შიმშილის საფრთხის წინაშე აყენებს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მრავალი სხვა ქვეყნის მოსახლეობას. 2021 წლის მონაცემებით, უკრაინა, რომელიც წელიწადში 33 მლნ ტონა ხორბალს აწარმოებს (მსოფლიო ბაზრის 12%), მარცვლეული კულტურების მნიშვნელოვანი ექსპორტიორია. შესაბამისად, ბევრი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინული ხორბლის შეუფერხებელი მიწოდება, თუმცა, როგორც გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენელი, მარტინ ფრიკი ამბობს, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი შეუძლებელია ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაკეტილი საზღვაო გზების გამო.

კიევის ინფორმაციით, უკრაინის პორტებში ბლოკირებულია თითქმის 4,5 მლნ ტონა მარცვლეული, ცალკე პრობლემაა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასობით ათასი ტონა ხორბლის მიტაცება და რუსეთში გატანა, რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰოლოდომორზე პასუხისმგებელი საბჭოთა ხელისუფლების კრიმინალური პოლიტიკის პირდაპირ გაგრძელებას უწოდებს.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეც აღძრა ქალაქ კამენკა-დნიპროვსკის სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიიდან 61 ტონა ხორბლისა და სხვა ქონების გატაცების ფაქტზე.

რუსეთის ამგვარი ტაქტიკა ზოგს ჰოლოდომორს ახსენებს, საბჭოთა კავშირის მიერ ხელოვნურად გამოწვეულ შიმშილს უკრაინაში (1932-1933 წლებში), რასაც 4 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნი „ვარდის სურნელი“ თავიდან ბოლომდე ბერლინში დაიწერა. თუმცა რომანის მოქმედების ადგილი არამარტო ბერლინია. ამ ტექსტში ორი სივრცე იჭრება ერთმანეთში - ქართული და გერმანული. მეტიც, „ვარდის სურნელი“ ერთ წიგნად შეკრული ლიტერატურის ისტორიაა; ლიტერატურა და კულტურა მესამე სივრცეა, სადაც მწერალი მოგზაურობს და ჩვენც შევყავართ აზრისა და გრძნობის ლაბირინთში. თავდაპირველად რომანს „ზოორამა“ ერქვა. ზოოპარკი და გალიაში მომწყვდეული ცხოველები ამ წიგნის შთამბეჭდავი სახეა. სწორედ ბერლინის ზოოპარკში შეხვდა ზაზა ბურჭულაძეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგი გვახარია და ესაუბრა როგორც „ვარდის სურნელის“ სახეებზე - მკვდარ ბავშვებზე, მაიმუნებზე, მამებსა და დედებზე, ასევე მწერლის მოქალაქეობრივ ვალზე პანდემიისა და ომის პირობებში.