პარლამენტთან "ალტ-ინფოს" ორგანიზებული ჰომოფობიური აქცია დასრულდა

"კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები ჰომოფობიურ აქციაზე

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური ჯგუფების აქცია, რომელიც "ალტ-ინფოსა" და პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ორგანიზებული იყო, დასრულდა. სიძულვილის ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ორგანიზებული ფესტივალის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ, რომელიც პარლამენტის შენობიდან რამდენიმე კილომეტრში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმარათებოდა.

აქციის მონაწილეებს "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერმა, ირაკლი მარტინენკომ ასე მიმართა:

"გპირდებით, მომავალი წლიდან აღარ იქნება ასეთი საჭიროება, ეს იყო ბოლო მცდელობა და ამით სრულდება ლიბერასტული დღის წესრიგი საქართველოში".

"კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერებმა აქციის დასრულების დროს თქვეს, რომ ხვალ, 3 ივლისს რუსთაველზე შეკრებილი ხალხისთვის ("შინ ევროპისკენ") კონტრაქციას არ გამართავენ. დღევანდელ აქციაზე ხალხმრავლობის გამო გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი.

ასევე ნახეთ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა EU-ს წარმომადგენლობასთან ნატოსა და ევროკავშირის დროშები დაწვეს

ჰომოფობიურ ჯგუფებს პრევენციული განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მოსალოდნელი დაკავების შესახებ გააფრთხილა, თუ გასცდებოდნენ კანონით დადგენილ გამოხატვის ფორმებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ", - აღნიშნული იყო განცხადებაში.

ასევე ნახეთ შსს: პრაიდის ღონისძიებასთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები ტარდება

გაფრთხილების მიუხედავად, პოლიციამ მთაწმინდის პარკისკენ მიმავალ გზაზე დაუმორჩილებლობისთვის 17 ადამიანი დააკავა.

ასევე ნახეთ 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მთაწმინდაზე, სადაც ჰომოფობები არიან შეკრებილი

დღეს, 2 ივლისს თბილისში დაგეგმილია „პრაიდ კვირეულის” ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. პარალელურად, ჰომოფობიური ჯგუფები "ალტ-ინფოსა" და "კონსერვატიული მოძრაობის" მოწოდებით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით 12:00 საათისთვის შეიკრიბნენ. აქციაზე ისმოდა ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები.

ასევე ნახეთ პარლამენტის შენობის წინ ჰომოფობიური ჯგუფები შეიკრიბნენ

გასულ წელს, 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და "ალტ-ინფოს" მოწოდებით პარლამენტის წინ სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. მოძალადეებს შორის მხოლოდ 30-ზე მეტი კაცი დააკავეს. მათ შორის არცერთი არ არის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული.

ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, თუ დასასჯელია მორგოშია და მახარაძე, მაშინ ოპოზიციის ნახევარიც დასაჭერია

გასული წლის მოვლენების გათვალისწინებით, წელს „თბილისი პრაიდმა“ უარი თქვა საჯარო მანიფესტაციაზე. ამის მიუხედავად, „კვირეულის“ დაანონსებისთანავე ულტრაკონსერვატორები მის ჩაშლაზე საუბარი დაიწყეს საკუთარი ტელევიზიის, „ალტ-ინფოს“ ეთერში თუ სხვა პლატფორმებზე.

ასევე ნახეთ პრაიდი: კინოპრემიერა, კონფერენცია, ფესტივალი - ზეწოლა, მუქარა, ძალადობა