მდინარაძე ივანიშვილის ოლიგარქობაზე: ეს თუ გაიტანეს, როგორღა უნდა დავიცვათ სიმართლე?!

მამუკა მდინარაძე, პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი

პარლამენტში "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს "საქართველოს წინააღმდეგ მიმართული" საინფორმაციო ომის კონტექსტში განიხილავს. მდინარაძე განცხადებას ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"დამოკიდებულებასაც თავი რომ დავანებოთ, უპრეცედენტო საინფორმაციო ომში, რომელიც ცალკე ივანიშვილის და ცალკე საქართველოს წინააღმდეგ მომდინარეობს, სიმართლის გამარჯვებას უდიდესი პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან, გამორიცხული და შეუძლებელია დავუშვათ ფილანთროპი - მიზანთროპად და ოლიგარქად, სიკეთე - ბოროტებად, დემოკრატია - ავტორიტარიზმად, პერსპექტივა - უიმედობად, წარმატებული ქართული სახელმწიფო - მაჩანჩალად, ძლიერი ქართული და ამაყი ჯარი - მკვდარზე აკიდებულ მკვდრად და ბევრი რომ არ გავაგრძელო, თეთრი შავად შეასაღონ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას.

თეორიულად რომ დავუშვათ - ეს თუ გაიტანეს, როგორღა უნდა დავიცვათ სიმართლე სხვა მიმდინარე, ყოველდღიურ თემებში?!" - წერს მდინარაძე.

ამავე პოსტში ის ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას:

"არ შეიძლება ქართველ ხალხზე გქონდეს წარმოდგენა, რომ მას არ შეუძლია გაარჩიოს ეს ყველაფერი ერთმანეთისგან, ან არ დააფასოს დასაფასებელი და ასე მარტივად გახდეს ყოვლად ამორალური ფეიკპროპაგანდის მსხვერპლი!"

ასევე ნახეთ პაპუაშვილი: დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირი შტურმი საქართველოზე

დღეს, 12 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელით განცხადება გავრცელდა. წერილში არაერთხელ არის ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტიის დამფუძნებელი, რომელსაც ოპოზიცია ოლიგარქად მიიჩნევს. განცხადებით, ღარიბაშვილი ხსნის, რატომ არ არის ივანიშვილი ოლიგარქი, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებაში მასთან კავშირში მყოფი ადამიანები იმყოფებიან და მმართველი პარტიის წევრებს მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ.

"როდესაც ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ბუნებრივია, ეს ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია... როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი საუბრობს იმ ეჭვებზე, რომლებიც ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობაზე მიუთითებდა
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ივანიშვილზე: ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. მათ შორისაა: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ასევე ნახეთ ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი ოლიგარქია და მისი სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოლიგარქები ოპოზიციის ლიდერებს შორის არიან.