ისევე, როგორც ლგბტ-თემის ბევრი წარმომადგენელი რუსეთში, კოსვინცევა შეშფოთებულია ახალი ინიციატივით, რომელიც სახელმწიფო სათათბიროში, პარლამენტის ქვედა პალატაში უნდა განიხილონ, და რომელიც მნიშვნელოვნად გაამკაცრებს ქვეყანაში 2013 წელს მიღებულ კანონს ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ე.წ. ცხოვრების არატრადიციული წესის შესახებ არასრულწლოვანთა შორის.
"დიდი ალბათობით, დაიწყება ქვეყნიდან სექსუალური უმცირესობების მასობრივი მიგრაცია", თქვა მან იმ შეკითხვის საპასუხოდ, თუ რა მოხდებოდა უფრო მკაცრი კანონის მიღების შემთხვევაში. "ფაქტობრივად, ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი შესაძლებლობები - საერთოდ დავტოვოთ ეს ქვეყანა, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არავისგან მოველით დახმარებას. ჩვენ უბრალოდ გვიკრძალავენ იმას, რომ გვიყვარდეს და ვუყვარდეთ".
რუსეთის საკამათო კანონი ე.წ. გეი-პროპაგანდის შესახებ თითქმის უკვე ათი წელია, რაც მოქმედებს. ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაცია, Human Rights Watch-ი, 2018 წელს წერდა, რომ ამ კანონმა გააძლიერა "სოციალური შუღლი", რომელსაც სექსუალური უმცირესობები დიდი ხანია განიცდიან რუსეთში, და კანონს "პოლიტიკური ჰომოფობიის კლასიკური მაგალითი" უწოდა.
"კანონი ხელს უშლის პატიოსანი, მეცნიერულად ზუსტი და ღია საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზებას", წერდა Human Rights Watch-ი.
ისინი ეძებენ იდეოლოგიურ მხარდაჭერას დასავლეთთან კონფრონტაციაში. თუ ხალხი იკითხავს, რატომ გვაქვს დასავლეთთან ასე ცუდი ურთიერთობა, მათ შეეძლებათ უპასუხონ: “ჩვენ სხვა ფასეულობები გვაქვს“ და იმიტომ.ალექსეი კუროპტევი
ახლა სახელმწიფო სათათბირო 2013 წლის კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომლებიც მთლიანად აკრძალავს "არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას". ამ კანონით ნებადართული იქნება დაბლოკვა იმ ინტერნეტრესურსებისა, რომლებიც ლგბტ-თემატიკას აშუქებს და აკრძალული იქნება ფილმების ჩვენება, რომლებსაც მთავრობა მსგავსი "პროპაგანდის" შემცველად მიიჩნევს.
ამ შეთავაზების თანახმად, ინფორმაცია "არატრადიციული ცხოვრების წესის" ან "ოჯახური ღირებულებების უარყოფის" შესახებ იურიდიულად გაუტოლდება პორნოგრაფიას, ძალადობის პროპაგანდას, ან რასობრივი, ეთნიკური თუ რელიგიური შუღლის გაღვივებას.
"წინადადება შემოგვაქვს, სრულიად გაავრცელოთ მსგავს პროპაგანდაზე აკრძალვა ყველა ასაკის პირთა შორის (ოფლაინ, მედიასაშუალებებში, ინტერნეტში, სოციალურ მედიაში, აგრეთვე კინოთეატრებში)", დაწერა Telegram-ზე ალექსანდრ ხინშტეინმა, სახელმწიფო დუმის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ მისი კომიტეტი გამოვიდა ასევე იმ წინადადებით, რომ უფრო გამკაცრდეს სასჯელი ამ კანონის დარღვევისთვის.
ხინშტეინმა ასევე მოუწოდა საზოგადოებას, გაუგზავნონ მას წინადადებები შემდგომი "საკანონმდებლო ნაბიჯებისთვის ამ მიმართულებით" და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მიაჩნია "განსაკუთრებით მნიშვნელოვნად, არა მხოლოდ როგორც სახელმწიფო დუმის მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარეს, არამედ როგორც ორი ვაჟის მამასაც".
მართალია, შესწორებები ჯერ კიდევ კომიტეტების დონეზე განიხილება, რადიო თავისუფლებას მიმომხილველები ეუბნებიან, რომ დიდია იმის ალბათობა, რომ რამე ფორმით ცვლილებებს კანონში შეიტანენ, როცა დუმა კვლავ შეიკრიბება შემოდგომაზე.
„სულ ახლახან ასეთი ზომის მიღება წარმოუდგენელი იყო, - ამბობს მოსკოვის საზოგადოებრივი ცენტრის კონსულტანტი, ალექსეი კუროპტევი, - მაგრამ ახლა შესაძლებელია. თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, ისინი ეძებენ იდეოლოგიურ მხარდაჭერას დასავლეთთან კონფრონტაციაში. თუ ხალხი იკითხავს, რატომ გვაქვს დასავლეთთან ასე ცუდი ურთიერთობა, მათ შეეძლებათ უპასუხონ: “ჩვენ სხვა ფასეულობები გვაქვს“ და იმიტომ“.
ჟურნალ „ქვიარის“ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, ფოტოგრაფი, ვსევოლოდ გალკინი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს, რასაც ის კულტურულ ომს უწოდებს, გეების წინააღმდეგ, რათა უკრაინის ომის პრობლემებიდან ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს.
„ომში აშკარა წარმატება არ არის, ამიტომ ისინი ცდილობენ საზოგადოებაში დისკუსია გადაიტანონ რამე სკანდალურზე, ფეთქებადსაშიშზე“, - უთხრა მან „ნასტოიაშჩეე ვრემიას“, რადიო თავისუფლების და ამერიკის ხმის რუსულენოვანი ტელეპროექტის ჟურნალისტს. „ეს პირველად არ ხდება. ასეთი რამ, თითქმის ყოველ წელს ხდება“.
ფემინისტი და ლგბტ-თემის აქტივისტი, ალა ჩიკინდა ამ აზრს ეთანხმება.
„ეს კეთდება იმისთვის, რომ ხალხმა ნაკლებად იფიქროს იმაზე, რაც ახლა ხდება უკრაინაში და რუსეთში უკრაინის მოვლენების გამო, - თქვა მან, - ეს არის ძალიან ჭკვიანური მანევრი, რომელიც ფანტავს ყურადღებას“.
თუმცა, ეს არის მანევრი, რომელსაც მოჰყვება სახიფათო შედეგი რუსეთის ლგბტ-თემისა და მისი მოკავშირეებისთვის, დასძინა ჩიკინდამ. ლგბტ-თემის ღია წარმომადგენლები, სავარაუდოდ, უფრო დადუმდებიან და ვინც ღიად არ აღიარებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას ახლა გააკეთებს, ამბობს ჩიკინდა.
ჩეჩნეთში ჰომოსექსუალებს ხოცავენ, უკანონოდ აკავებენ, ფულს სძალავენ. ეს ყველაფერი ხდება კვაზიოფიციალურ დონეზე, სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით...მირონა როზანოვა
სერგეი ალექსეენკო, რუსეთის ლგბტ-ქსელის აქტივისტი მურმანსკიდან, ამბობს, რომ თავისი ორგანიზაციის ცხელ ხაზზე 2021 წელს 28 ათასი ზარი მიიღო. ქსელში ასევე შევიდა 5200-ზე მეტი ზარი სოციალური მედიის გზით, მისგან 330-ჯერ მოითხოვეს იურიდიული დახმარება და 1200-ჯერ ფსიქოლოგიური კონსულტაცია. მისი თქმით, იურიდიული დახმარების მოთხოვნები ეხებოდა ბევრ საკითხს, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციიდან დაწყებული - სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჰომოფობიური დანაშაულების გამოძიებაზე უარის თქმით დამთავრებული.
რუსული ლგბტ-ქსელი, სხვა ლგბტ-თემის წევრებისთვის დახმარების ჯგუფთან ერთად, რუსეთის მთავრობის მიერ "უცხოური აგენტად" არის შერაცხილი.
„ჩვენი აქტივისტების დაახლოებით მეოთხედი "წავიდა“, - ამბობს ალექსეენკო, რაც ნიშნავს, რომ მათ დატოვეს რუსეთი. „საუბარია ათეულობით ადამიანზე, ბევრი მათგანი ჩრდილოეთ კავკასიიდანაა და სომხეთში ან საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპაში ან თუნდაც შუა აზიაში წავიდა“.
მისი თქმით, ძირითადად მუსლიმანური, კონსერვატიული ყირგიზეთი და ყაზახეთი „დღეს უფრო უსაფრთხოა, ვიდრე რუსეთი“.
მირონა როზანოვა, ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ლგბტ-თემის დახმარების ჯგუფის წევრი, ამბობს, რომ ახალი კანონი არა მხოლოდ შეუძლებელს გახდის ლგბტ-თემის წევრების დახმარებას, არამედ რეალურად აყენებს მათ კანონის მიღმა.
„ისინი ქმნიან სამართლებრივ სივრცეს, სადაც ლგბტ-პირები ვერ ისაუბრებენ ჰომოფობიის საკითხებზე“, - განაცხადა როზანოვამ. „ჩეჩნეთში ჰომოსექსუალებს ხოცავენ, უკანონოდ აკავებენ, ფულს სძალავენ. ეს ყველაფერი ხდება კვაზიოფიციალურ დონეზე, სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით. ჩვენ ვხედავთ უამრავ ჰომოფობიურ ძალადობას კავკასიის სხვა რესპუბლიკებში, მათ შორისაა „მოქცევის“ ტაქტიკა, როცა ჰომოსექსუალობისგან „განკურნებას“ ცდილობენ სულების განდევნით და ასე შემდეგ“.
„ხელისუფლებას არცერთი საქმე არ გამოუძიებია“, - დასძენს როზანოვა.
„ეს კანონპროექტი მხარს უჭერს და აკანონებს ჰომოფობიურ დისკურსს“, - დასძინა კუროპტევამ, - ეს მიმართულია როგორც გეების, ასევე მათ მიმართ, ვინც ღრმად შეითვისა ჰომოფობია. გაიზრდება ლგბტ-ადამიანების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის შემთხვევები“.
„ეს კანონი ერთი დიდი კოშმარია მხოლოდ, - თქვა ადვოკატმა იულია ფედოტოვამ, რომელიც კონსულტაციას უწევს ლგბტ-ცენტრს ნიჟნი ნოვგოროდში, - ეს მხოლოდ დისკრიმინაციისა და ბუნდოვანი ნორმების ერთი გრძელი სიაა. შეუძლებელია იმის თქმა, რისთვის შეიძლება პასუხისგებაში მიგცენ“.
ავტორები: ალექსანდრ პუგაჩოვი და სერგეი ხასოვ-კასია