რამზან კადიროვი უკრაინაში მებრძოლ იჩქერიის მომხრეებს სისხლის აღებით ემუქრება

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი სისხლის აღებით დაემუქრა იჩქერიის არაღიარებული რესპუბლიკის მომხრეებს, რომლებიც რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის მხარეს იბრძვიან. როგორც "კავკაზ.რეალიი" იუწყება, შესაბამისი განცხადება კადიროვმა თავის ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა.

"ჩვენ თქვენ ყოველთვის, მთელი თქვენი სიცოცხლის განმავლობაში დაგედევნებით და გაგანადგურებთ. თითოეული ჩვენი მოკლული ძმისთვის ჩვენ თქვენ ათასობით დაგხოცავთ. შურისძიება სასტიკი იქნება. სადაც არ უნდა იყვნენ, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით", - აცხადებს ჩეჩნეთის რეგიონის ხელმძღვანელი.

კადიროვმა ასევე მიმართა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც არაღიარებული რესპუბლიკა იჩქერიის მხარდამჭერებს იფარავენ და მოუწოდა მათი ჩეჩნეთში ექსტრადიციისკენ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები სისხლის აღების ფარგლებში მკვლელობას დანაშაულად ჩათვლიან.

სისხლის აღება - ეს არის ჩვეულება, რომელიც განვითარდა, როგორც ოჯახის, კლანის, საზოგადოების ღირსებისა და ქონების დაცვის უნივერსალური საშუალება. ამ ჩვეულების მიხედვით, მოკლულის ნათესავების მოვალეობაა, შური იძიონ მკვლელზე ან მის ნათესავებზე.

ასევე ნახეთ

რა ემუქრება ჩეჩნეთს კადიროვისთვის გამოცხადებული ჯიჰადის შემდეგ?

ამჟამად უკრაინის მხარეს იბრძვიან ჯოხარ დუდაევისა და შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონები. გასულ თვეში იჩქერიის არაღიარებული რესპუბლიკის მომხრეებმა კადიროვს და მის რეჟიმს ჯიჰადი გამოუცხადეს. იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის, ანზორ მასხადოვის ვაჟმა და შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის სპიკერმა ისლამ ბელოკიევმა ასევე რესპუბლიკის ტერიტორიაზე იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნისათვის მზადების შესახებ განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, "მომზადების მიზანს" არაღიარებული იჩქერიის დეოკუპაცია და დამოუკიდებლობა წარმოადგენს.

ასევე ნახეთ

იჩქერიის მომხრეებმა ჩეჩნეთში იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყების შესახებ განაცხადეს

12 ივლისს უკრაინის პარლამენტში შევიდა დადგენილების პროექტი, რომელიც არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობის ცნობას ითვალისწინებს.

ამ ცნობას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ რამზან კადიროვი გამოეხმაურა, რომელმაც ასეთ საკანონმდებლო ინიციატივას "ძალიან სასაცილო" უწოდა. კადიროვი ჩეჩნეთის "იჩქერიად" გამოცხადებას მიიჩნევს "დასავლეთის პროექტად", რომელმაც არსებობა 2009 წელს შეწყვიტა.