ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას. ზურაბიშვილი ტვიტერზე წერს, რომ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს.
„ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან - როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
Very fruitful conversation with #robertametsola@EU_President on how to strengthen Georgia’s prospects for candidate Status. I stressed the unwavering determination of the 🇬🇪population on this 🇪🇺path. We count on #EUParliament support.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 15, 2023
ბრიუსელში 13 მარტს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა. 2022 წლის თებერვალსა და მარტში ევროკავშირის წევრობის განაცხადები წარადგინეს უკრაინამ და მოლდოვამაც. ივნისში ევროკავშირმა ამ ორ ქვეყანას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პირობა უნდა შეასრულოს.