აშშ-ში ჯეფრი ეპსტინის ორ მილიონზე მეტი ფაილი გამოუქვეყნებელი რჩება

კანონის თანახმად, ეპსტინის ყველა ფაილი 19 დეკემბრამდე უნდა გამოქვეყნებულიყო.

აშშ-ში სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპსტინის ორ მილიონზე მეტი ფაილი გამოუქვეყნებელი რჩება კანონით დადგენილი ვადის გასვლიდან ორ-ნახევარი კვირის შემდეგაც.

იუსტიციის დეპარტამენტმა ფედერალური მოსამართლისადმი გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ დოკუმენტები განხილვის სხვადასხვა ეტაპზეა.

დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის გამოქვეყნებულია 12 285 დოკუმენტი, რომლებიც 125 000-ზე მეტ გვერდს მოიცავს.

გენერალური პროკურორის, პემ ბონდის მიერ ხელმოწერილ წერილში ასევე ნათქვამია, რომ 400-ზე მეტი იურისტი და FBI-ის 100-ზე მეტი აგენტი კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნებიან დაკავებული ფაილების განხილვით.

კანონის თანახმად, ეპსტინის ყველა ფაილი 19 დეკემბრამდე უნდა გამოქვეყნებულიყო. თუმცა იუსტიციის დეპარტამენტმა ეს ვადა დაარღვია. გამოქვეყნებული დოკუმენტების უმეტესობა ფართოდ არის ცენზურაში გატარებული - იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეპსტინის მსხვერპლი დაიცვა მასალებში ადგილების გაშავებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სცადა ხელი შეეშალა ეპსტინთან დაკავშირებული ფაილების გამჟღავნებისთვის. პრეზიდენტმა საბოლოოდ დათმო კონგრესის - მათ შორის, საკუთარი პარტიის წევრების - მზარდი ზეწოლა და ხელი მოაწერა
კანონს, რომელიც მასალის გამოქვეყნებას ავალდებულებდა.

ტრამპი ოდესღაც ეპსტინის ახლო მეგობარი იყო, რეგულარულად ესწრებოდა წვეულებებს, მაგრამ მასთან ურთიერთობა დაპატიმრებამდე წლებით ადრე გაწყვიტა და თვლის, რომ რამეში მისი დადანაშაულების საფუძველი არ არსებობს.

ეპსტინი 2019 წელს ნიუ-იორკის ციხის საკანში გარდაიცვალა სასამართლო პროცესის მოლოდინში.

ასევე ნახეთ

აშშ-ის იუსტიციის უწყება ამბობს, რომ ეპსტინის საქმის ზოგიერთი ფოტო ტრამპის დასაცავად არ მოუხსნია აშშ-ში ეპსტინის საქმის ზოგიერთი გამოქვეყნებული ფაილი, როგორც ჩანს, იუსტიციის დეპარტამენტის ვებსაიტიდან კვლავ მოხსნესშეერთებული შტატების კონგრესმა მხარი დაუჭირა „ეპსტინის ფაილების“ გამოქვეყნებას დიდი ბრიტანეთის მეფემ ძმას პრინცის ტიტული ჩამოართვაWSJ: აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ტრამპს აცნობა, რომ ეპსტინის საქმეში მისი გვარი ფიგურირებდა