ერგნეთში თბილისმა კვლავ მოითხოვა თამაზ გინტურის მკვლელების დასჯა, ცხინვალმა - ჩორჩანის საგუშაგოს აღება

IPRM-ის მორიგი შეხვედრა ხუთშაბათს, 29 იანვარს, გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე კვლავ მოითხოვეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯა.

ამავე შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ჩორჩანის საგუშაგოს აღება.

IPRM-ის ფარგლებში 130-ე შეხვედრა დღეს, 29 იანვარს, გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ბეტინა პატრისია ბუგანი.

გინტურის მკვლელების დასჯა

სუსის ცნობით, დღევანდელი შეხვედრის მიმდინარეობისას განიხილეს „წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი“.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირის/პირების დასჯა“, - წერს სუსის პრესცენტრი.

2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან, რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური. თამაზ გინტურის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

ასევე ნახეთ ლევან დოთიაშვილი მოჰყვა, რა მოხდა კირბალის ეკლესიასთან

უწყების თანახმად, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მთავარი აქცენტი უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების საკითხზე გააკეთეს და ყველა მათგანის გათავისუფლება მოითხოვეს.

„ასევე, განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის საკითხი. გაიმართა ვრცელი დისკუსია ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე გადაადგილების რეჟიმთან დაკავშირებით“, - წერს სუსი.

ამავე წყაროს ცნობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2026 წლის 31 მარტს დანიშნეს.

ასევე ნახეთ ჟენევის მოლაპარაკებებში ვითარება უცვლელია - რით დასრულდა 65-ე რაუნდი

„ჩორჩანის საგუშაგოს აღება“

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ აქვს იმედი, რომ ჩორჩანასთან „ქართული პოლიციის არალეგალური პოსტი მოიხსნება“.

„ჯერჯერობით არანაირი გარღვევა არ მომხდარა, მაგრამ არსებობს გარკვეული იმედი, რომ შევძლებთ ქართული მხარის დარწმუნებას და ეს პოსტი გაუქმდება“, - განაცხადა მან.

იგორ კოჩიევმა იმედი გამოთქვა, რომ „ეს წელი გარდამტეხი მომენტი იქნება მოლაპარაკებების პროცესისთვის“.

კოჩიევმა ასევე განაცხადა, რომ „გასული წლის 22 დეკემბრიდან მოყოლებული, სიტუაცია სტაბილური, პროგნოზირებადი და მშვიდი რჩება, რაც გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველია“.

  • მხოლოდ საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 20 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს; მათ შორის სამი გათავისუფლებულია.
ასევე ნახეთ 10 დღეა, საოკუპაციო ძალებს საქართველოს მოქალაქე უკანონოდ ჰყავთ დაკავებული - ის ჩორჩანასთან დააკავეს
ასევე ნახეთ დვანთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთი კვირის წინ უკანონოდ დაკავებული 2 მოქალაქე თავისუფალია - სუსი
ასევე ნახეთ წინაგართან გუშინ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია - სუსი

ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც 13 ნოემბრიდან დაუსწრებლად აქვს პატიმრობა შეფარდებული ჩორჩანის საგუშაგოს საკითხზე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ. იგი გერმანიაში იმყოფება.

„დღევანდელ IPRM-ის შეხვედრაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ჩორჩანას საგუშაგო - რომელიც ჩემი ხელმძღვანელობით ჩაიდგა შემდგომი ოკუპაციის თავიდან ასარიდებლად - „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ იქნება აღებული“, - წერს გახარია X-ზე.

„საგუშაგო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, იცავდა ჩვენს მიწას უკანონო მიტაცებისგან და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას მცოცავი ოკუპაციისგან“, - აცხადებს გახარია.

„ჩორჩანას საქმეზე ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას და პირდაპირ თავდასხმას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, რაც აშკარად კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან“, - წერს ის პლატფორმა X-ზე.

  • „ქართული ოცნების" ხელისუფლების მტკიცებით, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ საკონტროლო პუნქტის აღმართვა 2019 წელს სამთავრობო უწყებებთან (კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან) შეუთანხმებლად გადაწყვიტა, რამაც სოფლების, ჩორჩანისა და წნელისის მახლობლად არსებული ტერიტორიის ნაწილზე კონტროლის დაკარგვა გამოიწვია და შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხეც შექმნა;
  • ეს საკითხი თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით სადავო პარლამენტის კომისიის სხდომებზე განიხილეს.
ასევე ნახეთ გასამართლება დაუსწრებლად - რა ხდებოდა გიორგი გახარიას საქმის სასამართლო სხდომაზე?