მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 4 500 ლარით დააჯარიმა ნუცა მახარაძე, - იგი 14 იანვარს ირანის საელჩოსთან აქციაზე დააკავეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. საელჩოსთან აქციები ირანში ხელისუფლების მიერ ათასობით დემონსტრანტის დახოცვას მოჰყვა.
ასევე ნახეთ „ერთი ტყვია და ერთი სიცოცხლე“ - რას ჰყვებიან ირანელები საქართველოდან- ნუცა მახარაძე, - ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილე, - პროტესტის დროს დაკავების გარდა, თავდასხმის სამიზნეც გამხდარა. მის საცხოვრებელ სახლში „ბრილიანტის მწვანით“ თავდამსხმელი პოლიციას ამ დრომდე არ ჰყავს ნაპოვნი.
დღესვე, მოსამართლე დავით მაკარაძემ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ილია ღლონტს, - დემონსტრანტს, რომლის წინააღმდეგ საქმისწარმოებაც ტროტუარზე პროტესტის გამო დაიწყეს.
მას 17 დეკემბერს გამართული აქციისას ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდნენ.
ილია ღლონტი ამჟამად არის მოძრაობა „ქართული რესპუბლიკის“ ერთ-ერთი ლიდერი.
დღეს, 17 თებერვალს, 4-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს აქციების კიდევ ერთი მონაწილე, გიორგი რომელაშვილი.
ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, მას განათლების დასაცავად გამართულ მარშზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.
გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც მოსამართლე დავით მაკარაძემ გამოიტანა.
--
- თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის იანვრის მიწურულიდან დაიწყო 2025 წლის დეკემბერში ტროტუარზე პროტესტის მონაწილე დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა და არაერთი მათგანი პატიმრობაში გაუშვა.
- ამ პრაქტიკას მწვავედ აკრიტიკებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.
- „სამწუხაროდ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა და ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ სისტემატური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, გააჩუმოს განსხვავებული ხმები საქართველოში და დააშინოს მშვიდობიანი მომიტინგეები“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა ამ საკითხზე.