Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბსოლუტურად შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის - ევროკომისიის პრესსპიკერი ტროტუარებზე პროტესტის გამო დაპატიმრებებზე


ევროკომისიის პრესსპიკერი: „სამწუხაროდ, ეს არ არის  ცალკეული შემთხვევა“.
ევროკომისიის პრესსპიკერი: „სამწუხაროდ, ეს არ არის  ცალკეული შემთხვევა“.

ევროკომისიის პრესსპიკერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერი ეხმაურება და აკრიტიკებს საქართველოში ტროტუარზე პროტესტისთვის დემონსტრანტების დაპატიმრებას

„სამწუხაროდ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა და ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ სისტემატური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, გააჩუმოს განსხვავებული ხმები საქართველოში და დააშინოს მშვიდობიანი მომიტინგეები“, - განაცხადა მან 23 იანვარს, „ევროსკოპის“ კითხვაზე პასუხად.

„ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს ქმედებები ძირს უთხრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და აბსოლუტურად შეუთავსებელია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის“, - განაცხადა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბოლო ორ დღეში არაერთ დემონსტრანტი გაუშვა ადმინისტრაციულ პატიმრობაში:

კოდექსის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.

  • საქართველოში უწყვეტი დემონსტრაციები გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ - მან თქვა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს.
  • მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება ახალი კანონებით არაერთხელ შეზღუდა. მათ შორის აკრძალა აქციაზე პირბადით მისვლა, პიროტექნიკის გამოყენება, შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის.
  • ტროტუარზე პროტესტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 10-ზე მეტ ადამიანს შეუდგინა. თუმცა სასამართლოს ამ დრომდე სამართალდამრღვევად არავინ ჰყავდა გამოცხადებული.

სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონები, რომლებიც დემონსტრაციებს შეეხება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არ არის განჭვრეტადი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG