სკოლის მასწავლებლები და გაყიდვების მენეჯერები ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია - კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევა წარმოადგინა

ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 თებერვალს, შრომის ბაზრის კვლევის ანალიზის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

კვლევის მიზანი, კობახიძის განმარტებით, “იმის დადგენაა, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს კვოტები სპეციალობების მიხედვით” სახელმწიფო უნივერსიტეტებში, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

ვინ ჩაატარა კვლევა

კვლევა ჩაატარა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, განათლების სამინისტროსთან ერთად. მასში ჩართული იყო "საქართველოს ბიზნესასოციაცია".

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კერძო სექტორთან თანამშრომლობა იმისათვის, რომ კვლევა სწორი მეთოდოლოგიით და სწორი მიდგომით ჩატარებულიყო”, - თქვა ირაკლი კობახიძემ

კვლევის მეთოდოლოგია

კობახიძის თანახმად, კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას. გამოყენებულია ისეთი ორგანიზაციების პრაქტიკა, როგორებიცაა შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), ევროპის საგანმანათლებლო ფონდი, პროფესიული განათლების განვითარების ევროპული ცენტრი.

გამოიკითხა 12 500 საწარმო - 470 მსხვილი საწარმო, 1752 საშუალო ზომის საწარმო და 10 278 მცირე ზომის საწარმო, რომლებიც შეირჩა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

გამოკითხვის ჩატარებაში მონაწილეობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 153 ინტერვიუერი. კვლევის ცდომილების დონე არის 0,49%.

პარალელურად, კობახიძის თქმით, 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა საჯარო სექტორში სამუშაო ძალაზე მოთხოვნის კვლევა და ამ კვლევამ მოიცვა "უკლებლივ ყველა სახელმწიფო უწყება, ორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი".

რა შეისწავლეს

შეისწავლეს შრომის ბაზარზე არსებული პროფესიული განაწილება სექტორების მიხედვით - სად რამდენი ადამიანია დასაქმებული და სამუშაო ძალის ჩანაცვლების სტატისტიკა სექტორების მიხედვით.

“შემაშფოთებელი შეუსაბამობები”

“იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის. მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით... ფიქსირდება ძალიან ხშირად ან მკვეთრი დეფიციტი ან პირიქით მკვეთრი სიჭარბე”, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეისწავლეს სამუშაო ძალაზე ხუთწლიანი მოთხოვნა პროფესიული ჯგუფების მიხედვით. რაშიც გათვალისწინებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც - ანაკლიის პორტის პროექტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ვაზიანის აეროპორტი.

რამდენი უმაღლესდამთავრებული იქნება საჭირო მომავალ 5 წელში

კვლევა ამბობს, რომ ასეთი 64 095 ადამიანი იქნება საჭირო, საიდანაც 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება კერძო სექტორშია, 21 779-სა კი - საჯარო სექტორში.

მოთხოვნადი პროფესიები:

  • საშუალო სკოლის მასწავლებლები;
  • გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები;
  • ექთნები;
  • ექიმები;
  • მშენებლობის მენეჯერები;
  • პროგრამისტები;
  • პროფესიული განათლების მასწავლებლები;
  • მშენებლობის ზედამხედველები;
  • ელექტრიკოსები;
  • მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები.


რომელი სპეციალობების სიჭარბეა

  • იურისტები.

“ჩვენმა სიღრმისეულმა კვლევამ გამოავლინა, რომ წელიწადში საშუალოდ გვჭირდება 678 იურისტის შესვლა შრომის ბაზარზე. ანუ მოთხოვნა არის 678 იურისტზე ყოველწლიურად, მაშინ როდესაც 3 600 აბარებს იურიდიულზე და ამთავრებს 2 050 დაახლოებით”.

“ჩვენ პრაქტიკულად ვწირავდით სტუდენტებს იმისათვის, რომ ისინი გაივლიდნენ კონკრეტულ კურსს, მიიღებდნენ უმაღლესი განათლების დიპლომს და ვერასოდეს შეძლებდნენ საკუთარი დიპლომის შესაბამისად დასაქმებას. რაც, ბუნებრივია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა”, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მის მიერ წარმოდგენილი კვლევის ანალიზის საფუძველზე, დეფიციტური პროფესიებია ასევე


  • საინჟინრო-ტექნიკური მიმართულება;
  • ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია;
  • ენერგეტიკა;
  • სატრანსპორტო მიმართულებები;
  • სამეანო საქმე;
  • სოციალური მუშაობა.


გარდა დეფიციტური და ჭარბი პროფესიებისა, ირაკლი კობახიძის თანახმად, კვლევამ აჩვენა, რომ, მაგალითად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით პრობლემურია კვალიფიკაციის საკითხი.

რამდენი სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში

ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად.

“საბოლოო ჯამში დაახლოებით 21 300 სტუდენტზე გამოცხადდება მიღება, შესაბამისად 50%-ით ვაჭარბებთ იმ ოპტიმალურ მაჩვენებელს, რაც მოგვცა ჩვენ შრომის ბაზრის ანალიზმა, თუმცა ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ სრულ დაახლოებაზე შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელს შორის”, - თქვა პრეზენტაციისას ირაკლი კობახიძემ.

პროფესიული განათლების განვითარება

კობახიძის განცხადებით, კვლევამ აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულების მხოლოდ 60%-ს სჭირდება დიპლომი საკუთარ სამუშაო ადგილზე. “ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ პროფესიული განათლება დაიხვეწოს ქვეყანაში და ამაღლდეს შესაბამისი ხარისხი”.


ასევე ნახეთ რა ფაკულტეტები რჩება და რა გაუქმდება ილიაუნიში?

„ქართული ოცნების“ მთავრობამ „უმაღლესი განათლების რეფორმის“ ნაწილად წარადგინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეზღუდათ სასწავლო პროგრამების განხორციელების უფლება. კვოტები დაეფუძნა შრომის ბაზრის ანალიზს.

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის მანამდე გაკეთებული განცხადების მიხედვით, „სახელმწიფო უნივერსიტეტებზე კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ შესაბამისად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით“.

მიქანაძის განცხადებითვე, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები ყოველწლიურად გადაიხედება.

ასევე ნახეთ ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება