ეუბნება რადიო თავისუფლებას ირანელ-ამერიკელი ისტორიკოსი და ავტორი არაშ აზიზი. მიუხედავად ამისა, აზიზი ფიქრობს, რომ ისლამური რესპუბლიკის მხოლოდ გადარჩენაც კი ირანს შეუძლია გამარჯვებად გაასაღოს მაშინ, როცა ამერიკისა და ისრაელისთვის გამარჯვების მკაფიოდ განსაზღვრა სულ უფრო და უფრო რთულდება. ვაჟა თავბერიძე მას ომის დასრულების/შედეგების შესაძლო სცენარებსა და ირანის ახალი უზანაესი ლიდერის როლზე ესაუბრა.
“გამარჯვების მკაფიოდ განსაზღვრა სულ უფრო რთული ხდება”
რადიო თავისუფლება: სად ვართ ახლა ირანის ომში? დღევანდელი გადმოსახედიდან, უკვე მოჩანს ამ ომის დასასრული?
არაშ აზიზი: ამ ეტაპზე ჩანს, რომ ირანი ომის დასრულების პერსპექტივით საკმაოდ შეშფოთებულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თეირანს ურჩევნია ომი ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდეს. რადგან მიაჩნია, რომ შეძლო თავისი ლიდერშიფის სტრუქტურის შენარჩუნება, გადარჩენა და გარკვეული ძალის დემონსტრირებაც.
თუ „თოფები დადუმდებიან“, რეჟიმს უკვე სხვა ოპერის მოსმენა მოუწევს - მოუწევს შინ ურთულეს რეალობას გაუსწოროს თვალი. ეს ნიშნავს უამრავ პასუხგაუცემელ კითხვაზე პასუხის გაცემას და თანაც, სავარაუდოდ, მალე ისევ გახდებოდა ახალი შეტევების სამიზნე.
ამიტომ ირანი შესაძლოა ომის სწრაფად დასრულებაზე დაუყოვნებლივ არ დათანხმდეს. ამავე დროს ის სწორად აფასებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილოა ნავთობის ფასების ზრდით, რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობით და იმ ლიდერის დანიშვნით, რომლის კანდიდატურასაც თავად ეწინააღმდეგებოდა. ამ ყველაფერმა გავლენა იქონია მის განწყობაზე და პარალელურად, ამერიკულ საზოგადოებაში ომის მხარდაჭერა შეასუსტა, რაზეც ირანი თავიდანვე აკეთებდა გათვლას.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ფაქტი ფაქტად რჩება: ირანის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაზიანდა და დაკნინდა, თუმცა რეჟიმმა მაინც შეძლო გადარჩენა, ჯერ-ჯერობით მაინც.
რაც შეეხება ომის დასრულების ვადებს, შესაძლებელია, რომ იგი მომდევნო რამდენიმე კვირაშიც დასრულდეს. ტრამპს დასჭირდება სცენარი, სადაც ის გამარჯვებას გამოაცხადებს, თუმცა პარადოქსი ისაა, რომ გამარჯვების მკაფიოდ განსაზღვრა სულ უფრო რთული ხდება.
ისლამური რესპუბლიკისთვის გამარჯვება სწორედ გადარჩენაა.
რადიო თავისუფლება: მაგრამ ირანელებსაც ხომ დასჭირდებათ გამარჯვების გამოცხადება, არა? მოდით განვსაზღვროთ, რას ნიშნავს გამარჯვება კონფლიქტში ჩართული სამივე მხარისთვის.
არაშ აზიზი: ირანისთვის გამარჯვების გამოცხადება ძალიან მარტივია. ისინი იტყვიან: ჩვენ გადავრჩით, გავუძელით. ვერ გვაიძულეს ლიდერის შეცვლა. ბოლომდე ვიბრძოლეთ.
ისლამური რესპუბლიკისთვის გამარჯვება სწორედ გადარჩენაა. ეს ომი ირანის ბირთვულ პროგრამის გამო არ გაჩაღებულა. არც მხოლოდ ირანის სამხედრო შესაძლებლობის შესაკვეცად. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ეს იყო ომი, სადაც წყდებოდა თავად ისლამური რესპუბლიკის არსებობა, ყოფნა-არყოფნა.
შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ამ საკითხზე ყოყმანი დაიწყეს მაშინ, როდესაც აშკარა გახდა, რომ ისლამური რესპუბლიკის ჩამოშლა ისეთი მარტივი არ იქნებოდა, როგორც თავდაპირველად ეგონათ.
ამიტომ, თუ ირანი იტყვის: ჩვენ გავუძელით, ვიომეთ, ახალი ლიდერი ჩვენვე დავნიშნეთ და ხელისუფლების სადავეებიც კვლავ ჩვენ გვიპყრია - რეჟიმის შენარჩუნება მათთვის აშკარა გამარჯვებად ჩაითვლება.
შეერთებული შტატებისა და ისრაელისთვის გამარჯვება ის იქნებოდა, რომ ისლამური რესპუბლიკა ან საერთოდ მოეშთოთ, ანაც მისი ხასიათი, ბუნება ფუნდამენტურად შეეცვალათ.
ტრამპი საუბრობდა ვენესუელის მსგავს ტრანზიციაზე, სადაც ხამენეის სიკვდილის შემდეგ, ქვეყანას მართავს ვინმე, დელსი როდრიგესის მსგავსი ფიგურა, რომელიც იტყოდა: ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, გაკვეთილი ვისწავლეთ, დასკვნებიც გამოვიტანეთ, გნებდებით.
აშკარაა, რომ [ტრამპი] ასეთ შედეგს ვერ იღებს. ამ შედეგის მიღწევის გარეშე, მას შეუძლია გამარჯვებად წარმოაჩინოს ირანის სამხედრო შესაძლებლობების დასუსტება.
ასევე ნახეთ “აშშ-სთვის მისაღებია ირანი, რომელიც ამერიკის ორბიტაზე იმოძრავებს” – პოლკოვნიკი მაილს კაგინსიმას შეუძლია თქვას: ჩვენ დავარტყით მათ ფლოტს, გავანადგურეთ ინფრასტრუქტურა, ამდენი და ამდენი ჩინოვნიკი მოვკალით, ვაჩვენეთ, რომ ერთი დაწკაპუნებით შეგვიძლია მათი ელექტროენერგიის სისტემის გათიშვა. სწორედ ამგვარად შეეცდება გამარჯვების წარმოჩენას.
ისრაელში უფრო მეტად ზრუნავენ რეალური მიზნების მიღწევაზე. მათ პირდაპირ დეკლარირებული მიზანი ჰქონდათ: რეჟიმის დამხობა. როგორც ჩანს, ისინი ფსონს დებდნენ საყოველთაო სახალხო აჯანყების სცენარზე, რაც, ჩემი აზრით, შეცდომა იყო, რადგან ირანის ექსპერტების უმრავლესობა ფიქრობდა, რომ ასეთი სცენარი არარეალურია, მეტიც, ვერც ომის დასრულების შემდეგ იქნება ეს მარტივი.
თუ რეჟიმის დამხობა ვერ მოხერხდება, ისრაელს შეუძლია თქვას, რომ 2026 წლის ირანი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე რამდენიმე წლის წინანდელი. ნეთანიაჰუს შეუძლია სრულიად არგუმენტირებულად თქვას: გაიხსენეთ, სად იყო ირანი 2023 წლის 7 ოქტომბერს და სად არის ახლა.
თუმცა ისრაელისთვის ისლამური რესპუბლიკის ჩამოშლის ცდუნება არ გაქრება. მათ შესაძლოა მიმართონ ფარულ ან შეიარაღებულ ოპერაციებს ირანის შიგნით, შეეცადონ შიდა დაპირისპირების ან სამოქალაქო ომის მსგავსი პირობების გამოწვევას.
ამიტომაც, თუნდაც ომი ახლა დასრულდეს, ზავი საბოლოო არ იქნება. ეს უბრალოდ პაუზა იქნება შემდეგ რაუნდამდე.
ჩემი აზრით, ტრამპი უკვე მზადაა გაჩერდეს. შესაძლოა, ისრაელიც მზად იყოს. ირანს კი დასჭირდება დემონსტრირება, რომ მოწინააღმდეგეებზე დიდხანს გაძლო ომში, რომ სუსტი არ არის. რაც უფრო დასუსტებულია რეჟიმი რეალურად, მით მეტად ეცდება ძლიერი გამოჩნდეს და აჩვენოს, რომ ყველაფერს აკონტროლებს.
ეს არ არის მოჯთაბას ეპოქა. ეს ირანის ხელისუფლებაში რევოლუციური გვარდიის ეპოქაა.
რადიო თავისუფლება: მოდით, მოჯთაბა ხამენეიზე ვისაუბროთ - მასზე სტატია დაწერეთ ჟურნალ The Atlantic-ში და „Nepo-tollah“ (ნეპოტიზმით არჩეული აიათოლა) უწოდეთ. გავაგრძელოთ მეტაფორები - რამდენად მძიმეა ის ჩალმა, რომელსაც ახალი უზენაესი ლიდერი ატარებს?
არაშ აზიზი: მოჯთაბა არის კაცი, რომელიც საჯაროდ არ ჩნდებოდა. ბევრი თვალსაზრისით იგი სრულიად ამოუცნობი ფიგურაა.
რაც მის შესახებ ვიცით, ძირითადად უსაფრთხოების სტრუქტურებთან მის კავშირებს ეხება. რეჟიმის რეპრესიების ბევრმა მსხვერპლმა თქვა, რომ ის კულისებში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.
ჯერ არ გვინახავს ვიდეო, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის ცოცხალია და ფუნქციონირებს. ვიცით, რომ დაიჭრა, არ ვიცით, რამდენად ქმედუუნაროა. ირანელი ხალხისადმი მისი მიმართვა უბრალოდ სამთავრობო ტელევიზიის ეთერიდან წაგვიკითხეს და მასში არაფერი ყოფილა ახალი, არც ახალი ხედვა, არც უკეთესი მომავლის დაპირება. მოვისმინეთ უკვე ათასჯერ მოსმენილი რიტორიკა ისრაელის განადგურებასა და ამერიკასთან ბრძოლაზე.
ნებისმიერ შემთხვევაში, რეალური ძალაუფლება მას არ ეკუთვნის. რეალურად ქვეყანას მართავს რევოლუციური გვარდია და ისეთი ფიგურები, როგორიც არიან ღალიბაფი (პარლამენტის სპიკერი) და ლარიჯანი (ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი), სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე.
ეს არ არის მოჯთაბას ეპოქა. ეს ირანის ხელისუფლებაში რევოლუციური გვარდიის ეპოქაა.
ასევე ნახეთ მოჯთაბა ხამენეის უმაღლეს სასულიერო ლიდერად არჩევა - „დაუმორჩილებლობის“ გზავნილი ირანიდანრადიო თავისუფლება: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი არჩევის უკან რამდენიმე გათვლა იდგა. პირველი, ეს არის სიგნალი, რომ რეჟიმში მემკვიდრეობის კრიზისი და შინაომები არ გაჩაღდა. მეორე, ეს არის უარი ტრამპს, რომელმაც განაცხადა, რომ მონაწილეობა უნდა მიეღო მემკვიდრის შერჩევაში, ამის ნაცვლად მოკლული აიათოლას შვილი გაუძღვება რესპუბლიკას. და მესამე: შესაძლოა, იგი იმ ადამიანებმა მართონ, რომლებმაც ხელისუფლებაში მოიყვანეს.
არაშ აზიზი: სამივე თეზისი, რაც ჩამოთვალეთ, სწორია. მესამე განსაკუთრებით იმ ფაქტით მყარდება, რომ მოჯთაბა ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ქმედუუნაროა. ჯერ უცნობია, ეს დროებითი მდგომარეობაა თუ მუდმივი.
იდეა, რომ მოჯთაბა შეიძლება რევოლუციური გვარდიისთვის ერთგვარი შირმა, ნომინალური ლიდერი გახდეს, ახალი არ არის. იმ დღეს, როდესაც პრეზიდენტ რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა, ღალიბაფის ახლო გარემოცვის წევრს ვესაუბრე - ლამის კმაყოფილებას ვერ მალავდა: აი, რაისი აღარ არის, ახლა კი მოჯთაბა ნამდვილად გახდება უზენაესი ლიდერიო... ღალიბაფის გარემოცვა დიდი ხანია მოჯთაბას შესაძლო მემკვიდრედ განიხილავდა.
მარიონეტი შეიძლება თავად გახდეს მეთოჯინე. თუმცა, თუ ეს მარიონეტი კომაშია, ამის გაკეთება ცოტა გაუჭირდება.
რადიო თავისუფლება: და მაინც: ისტორიაში ბლომადაა მაგალითი, როდესაც სათავეში დასმული მარიონეტი უარს ამბობს ამ როლის თამაშზე. აქაც შეიძლება რაიმე მსგავსი მოხდეს?
არაშ აზიზი: რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებელია. მარიონეტი შეიძლება თავად გახდეს მეთოჯინე. თუმცა, თუ ეს მარიონეტი კომაშია, ამის გაკეთება ცოტა გაუჭირდება.
მოჯთაბა წლების განმავლობაში კულისებში თამაშობდა არცთუ ისე უმნიშვნელო როლს, ამიტომ პოლიტიკურად საკმარისად გამოცდილია, რომ რეჟიმის შიგნით მნიშვნელოვანი მოთამაშე იყოს. მაგრამ ყველაფერი, რაც მის შესახებ ვიცით, არა მისგან, არამედ მეორე ან მესამე პირიდან მოდის.
ზოგი ამბობს, რომ იგი მამაზე უფრო რადიკალურია. სხვები კი ცდილობენ წარმოაჩინონ, როგორც რეფორმატორი. ისინი ამბობენ, რომ ხამენეი-უმცროსი შეიძლება ირანის მოჰამედ ბინ სალმანი (საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, რომელიც რეფორმატორად და ქვეყნის მოდერნიზატორად მიიჩნევა) გახდეს.
სინამდვილეში კი სიმართლე ისაა, რომ მოჯთაბაზე ძალიან ცოტა რამ ვიცით. არ ვიცით, როგორი ლიდერი იქნება ის.
რადიო თავისუფლება: რაც ვიცით, არის ის, რომ თავის პირველ მიმართვაში მან ირანის მეზობლებს მოსთხოვა, ამერიკული სამხედრო ბაზები გაეძევებინათ. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ომის დასრულების შემდეგ, როგორი იქნება ირანისა და მისი მეზობლების ურთიერთობა?
არაშ აზიზი: ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
ბოლო წლებში რეჟიმმა საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჩადო სამეზობლოსთან ურთიერთობების გამოსასწორებლად. რამდენიმე წლის წინ, ჩინეთის ჩარევით საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა. ეგვიპტესთან, როგორც ცნობილია, სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები 1979 წლიდან აღარ არსებობს, თუმცა ბოლო წლებში გარკვეული შეზღუდული კონტაქტები მაინც აღდგა.
ამიტომაც სამეზობლოსთან ურთიერთობების აღდგენა ირანისთვის თითქმის პრიორიტეტად იქცა. ეს პრიორიტეტი იყო ჰასან რუჰანის პრეზიდენტობის დროს, იგივე იყო ებრაჰიმ რაისის პერიოდში და გრძელდებოდა მასუდ ფეზეშქიანის დროსაც.
ასევე ნახეთ ირანი ნავთობპროდუქტების გაძვირებას ცდილობს - რა მოხდება საქართველოში?ახლა კი ირანში ისევ გაჩაღდა დებატი, უნდა გააგრძელოს თუ არა რეჟიმმა ამ ურთიერთობების აღდგენა და შენარჩუნება, თუ უნდა დაუბრუნდეს რევოლუციის დროინდელ, აიათოლა ხომენეის რიტორიკას და თქვას, რომ ეს არალეგიტიმური მონარქიებია და მათზე არათუ ზეწოლა, მათი დაშინებაც საჭიროა: განა რას წარმოადგენენ, რომ ამერიკული სამხედრო ბაზები განათავსონ? ბაჰრეინში სუნიტური მონარქია მართავს შიიტურ უმრავლესობას. საუდის არაბეთში მონარქია აკონტროლებს ისლამის წმინდა სალოცავებს და მართავს საკმაოდ მრავალრიცხოვან შიიტურ უმცირესობას. არაბთა გაერთიანებული საამიროებიც მონარქიაა და დღეს ისრაელთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობებიც აქვს.
უკვე ვხედავთ, რომ ამ თემამ რეჟიმის შიდა წრეებში სერიოზული განხეთქილება გამოიწვია. მაგალითად, ფეზეშქიანმა ერთ მომენტში მეზობელი ქვეყნებისადმი თითქოს ბოდიშის მსგავსი განცხადება გააკეთა. თუმცა მალე მოუწია ამ განცხადების უკან წაღება, რადგან რეჟიმის შიგნით ძალიან მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
ამიტომ ეს მართლაც ერთ-ერთი მთავარი კითხვა ხდება რეჟიმისთვის. როგორ დაალაგებს ის ურთიერთობებს მეზობლებთან ომის შემდეგ? მაგრამ ეს საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მეზობელი ქვეყნებისთვისაც. ისინი სულ უფრო მეტად გრძნობენ, რომ ორ ძალას შორის არიან მოქცეული. ერთ მხარეს ისრაელია, მეორე მხარეს ირანი. ორივე ძლიერი სახელმწიფოა, არცერთი არ თვლის თავს არაბული სამყაროს ნაწილად. ორივე მათგანი სამეზობლოზე ზეწოლას ახდენს და ზოგჯერ პირდაპირაც ესხმიან თავს. ამიტომაც ბევრ მათგანს აქვს განცდა, რომ ორ მტრულ ძალას შორის აღმოჩნდა.
ირანის რეალური კოზირი იქნებოდა, თუ ჰორმუზის სრუტეს დანაღმავდა.
რადიო თავისუფლება: რეგიონზე საუბრისას, მოდით, ჰორმუზის სრუტესაც შევეხოთ. ეს ერთგვარი ასიმეტრიული ბერკეტია, რომელსაც ისლამური რესპუბლიკა საკმაოდ ეფექტიანად იყენებს. კიდევ რამდენ ხანს შეუძლია ირანს ამ კოზირით ითამაშოს?
არაშ აზიზი: ეს არაა ულიმიტო კოზირი. ირანის რეალური კოზირი იქნებოდა, თუ ჰორმუზის სრუტეს დანაღმავდა. ეს ამერიკისთვის გაცილებით უფრო სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა. თუმცა, მნიშვნელოვანია ერთი რამ: ირანს სულაც არ სჭირდება სრუტის სრულად ჩაკეტვა. საკმარისია შექმნას რეალური საფრთხის განცდა, რომ გემებმა იქ გავლა ვეღარ გაბედონ.
ირანმა ძალიან კარგად იცის, რა ქაოსი შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა სიტუაციამ. იცის, რამხელა წნეხი იქნება ეს შეერთებულ შტატებზე, რეგიონზე, ევროპაზე და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე. უკვე ვხედავთ, რომ ამ ფონზე შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობს დროებით სანქციები მოუხსნა.
ამიტომ ირანის რეჟიმი, ალბათ, ამ ბერკეტის გამოყენებას რაც შეიძლება დიდხანს ეცდება, მაქსიმალური სარგებლის მისაღებად.
ირანს შეუძლია ბრძოლა გააგრძელოს კვირების განმავლობაში, შესაძლოა თვეების განმავლობაშიც
რადიო თავისუფლება: დიდხანს კი ეცდება, მაგრამ რამდენ ხანს შეძლებს? ამ მონეტის მეორე მხარეა ირანის დარჩენილი სამხედრო შესაძლებლობები. შეერთებული შტატებისა და ისრაელის სტრატეგია იმაზეა ორიენტირებული, რომ გაანადგურონ ყველაფერი, საიდანაც რაკეტის ან დრონის გაშვება შეიძლება. თუ სტატისტიკას შევხედავთ, როგორც რაკეტების, ისე დრონების გაშვების ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა. რამდენად სავარაუდოა, რომ ეს შესაძლებლობები მთლიანად განეიტრალდება?
არაშ აზიზი: ირანს შეუძლია ბრძოლა გააგრძელოს კვირების განმავლობაში, შესაძლოა თვეების განმავლობაშიც. თუმცა საბოლოოდ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. მთავარი კითხვა ისაა, რა ფასის გადახდას დათანხმდებიან შეერთებული შტატები და ისრაელი იმისთვის, რომ ირანის სამხედრო შესაძლებლობები სრულად გამოფიტონ.
თუ ოპერაციები ისევ იმ ტემპით გაგრძელდება, როგორც აქამდე მიმდინარეობდა, ამას კვირები კი არა, თვეები დასჭირდება, მინიმუმ კიდევ სამი თვე მაინც. ეს კი შეერთებული შტატებისა და ისრაელისთვის, ყველა თვალსაზრისით, ძალიან ძვირი დაჯდება.
რადიო თავისუფლება: მოდით, ომისშემდგომ ირანზეც ვისაუბროთ. როგორი წარმოგიდგენიათ ის?
არაშ აზიზი: ირანს ძალიან სერიოზული პრობლემები ელოდება. თუ ომი დასრულდება, ქვეყანას მოუწევს განადგურებული ეკონომიკის მართვა. მოუწევს სამხედრო შესაძლებლობების თავიდან აღდგენა. შეიძლება იქამდეც კი მივიდეს საქმე, რომ საჯარო მოხელეებს ხელფასები ვეღარ გადაუხადონ.
აქამდე ეკონომიკა, მიუხედავად სირთულეებისა, მაინც ახერხებდა მოსახლეობის საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მომავალში ეს შეიძლება გაცილებით რთული გახდეს. გაჩნდება რეალური ლოგისტიკური პრობლემები.
ამასთან, ირანი სრულიად განსხვავებულ რეგიონულ გარემოში აღმოჩნდება. მეზობლები მას უყურებენ, როგორც არაპროგნოზირებად, მტრულ ძალას, რომელიც ძალის გამოყენებასაც არ თაკილობს.
“რეზა ფეჰლავის ბანაკი, როგორც ჩანს, ამ ომის ბევრად უფრო დიდხანს გაგრძელებას ისურვებდა. სურთ, რომ ტრამპმა და ისრაელმა ოპერაციები კიდევ რამდენიმე თვე გააგრძელონ”...
რადიო თავისუფლება: შეიძლება თუ არა ამას თან ახლდეს შიდა არეულობის ზრდაც, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილში, ვინც იმედოვნებდა, რომ ეს ომი რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლის შესაძლებლობას შექმნიდა?
არაშ აზიზი: სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ან მასობრივი აჯანყების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
შეიძლება თუ არა ვიხილოთ ისეთი სცენარი, სადაც მილიონობით ადამიანი გამოვა ქუჩაში და რეჟიმს დაამხობს? შეუძლებელი არაა, მაგრამ არც სავარაუდოა.
ვფიქრობ, რეჟიმის ბევრი მოწინააღმდეგე დემორალიზებული იქნება. ისინი ხედავენ, რომ რეჟიმის დამარცხების მარტივი გზა არ არსებობს. ირანის ოპოზიციის ნაწილი თავდაპირველად მიესალმა ხამენეის ჩამოშორებას, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს ომი მათ საქმეს ვერ დაეხმარებოდა.
და მათ კვლავ არ ჰყავთ ისეთი ლიდერი, რომელიც იქნებოდა შთამაგონებელი, გამაერთიანებელი, სტრატეგიული ხედვის მქონე, ოპოზიციური განწყობების მქონე ყველა ბანაკისა და ეთნიკური ჯგუფისთვის მისაღები. ქარიზმატული ფიგურა, რომელიც შეძლებდა რეჟიმის წინააღმდეგ რეალური რევოლუციური მოძრაობის ორგანიზებას.
რადიო თავისუფლება: და ისინი, ვინც იმედებს შაჰზე ამყარებენ?
არაშ აზიზი: რეზა ფეჰლავის ბანაკი, როგორც ჩანს, ამ ომის ბევრად უფრო დიდხანს გაგრძელებას ისურვებდა. მათ სურთ, რომ ტრამპმა და ისრაელმა ოპერაციები კიდევ რამდენიმე თვე გააგრძელონ. იმედოვნებენ, რომ რეჟიმის ელიტის დიდი ნაწილი განადგურდება და ტოტალური ომის პირობები შეიქმნება.
მათ წარმოდგენაში თითქოს არსებობს ერთგვარი განკითხვის დღე, ანგარიშსწორების დღე. ფეჰლავი ხშირად ამბობს: დაელოდეთ ჩემს საბოლოო ბრძანებას. მან ხალხსაც კი მოუწოდა, ჯერ არ გავიდნენ ქუჩებში.
როგორც ჩანს, სჯერათ, რომ დადგება მომენტი, როდესაც რეჟიმი იმდენად დასუსტდება, რომ ისინი საბოლოო აჯანყებისკენ წარუძღვებიან ხალხს.
ამ სცენარში ირანელები გამოვლენ ქუჩებში, ხელში აიღებენ იარაღს და დაამხობენ რეჟიმს. ამ ყველაფერს თითქმის მესიანური ელფერიც კი დაჰკრავს. მაგრამ მე ამას რეალისტურ სცენარს ვერ დავარქმევდი.
შესაძლებელია, ისლამური რესპუბლიკის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ დაასკვნას, რომ ისინი აღარ არიან შებოჭილი ხამენეის ე.წ. ბირთვული ფატვით
რადიო თავისუფლება: დასასრულს, ბირთვულ სცენარზეც რომ ვისაუბროთ. რამდენად შესაძლებელია, ომისშემდგომი ირანი პირდაპირ ბირთვული იარაღისკენ წავიდეს? ერთხელ ლარიჯანიმ ევროპული წინადადებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ მარგალიტის კანფეტზე გაცვლას შეადარა. რამდენად გაიზარდა ახლა ამ მარგალიტის ფასი?
არაშ აზიზი: სრულიად შესაძლებელია, რომ ისლამური რესპუბლიკის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ დაასკვნას, რომ ისინი აღარ არიან შებოჭილი ხამენეის ე.წ. ბირთვული ფატვით. და ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ბირთვული იარაღის შექმნაზე გადავიდნენ.
მათ შეიძლება დაასკვნან, რომ სწორედ ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მომავალში მსგავსი თავდასხმებისგან დაიცავს ქვეყანას.
თუმცა პრობლემა ისაა, რომ მაშინაც კი, თუ შეეცდებიან, ამის გაკეთება უკიდურესად რთული იქნება. ირანის სადაზვერვო მოწყვლადობის ფონზე, თითქმის ყველა სტრუქტურა კომპრომეტირებულია. თუ ისინი ხვალ გადაწყვეტენ ბირთვული იარაღის შექმნას და ამის შესახებ ვინმე შეიტყობს, რისი ალბათობაც ძალიან დიდია, უკვე მეორე დღეს შეიძლება ახალი შეტევები დაიწყოს. ისრაელი და შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს არ დაუშვან.
ასევე ნახეთ შემთხვევითი რიცხვები, სპარსული შიფრი: იდუმალი სიგნალი ნუსხავს რადიომოყვარულებს და დაზვერვის ექსპერტებსაც