კაია კალასი: რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტზე“ ზეწოლის გაძლიერება ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია, რომელიც გვაქვს

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში. 16 მარტი, 2026. ბრიუსელი

„თუ ამ ომის დასრულება გვინდა, მოსკოვს ნაკლები ფული უნდა ჰქონდეს ამ ომისთვის და არა - მეტი“, - განაცხადა 16 მარტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა.

მის თანახმადაც, აშშ-ის მიერ რუსეთის ნავთობზე სანქციების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილების კვალდაკვალ, ევროპა შეინარჩუნებს სანქციებს და გააგრძელებს რუსეთის წიაღისეული საწვავისგან დისტანცირებას. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე მსჯელობისას აღინიშნა, რომ „მოსკოვი ცდილობს იხეიროს ენერგორესურსებზე ფასის ზრდით“. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ „უკრაინა რჩება ევროპის უსაფრთხოების უმთავრესი პრიორიტეტად“ და არ დაუშვებენ მის მიმართ ყურადღების განელებას.

„იგივე დრონები, რომლებიც ურტყამენ კიევს, ურტყამენ სპარსეთის ყურის ქვეყნებსაც და ვინაიდან უკრაინას აქვს დრონებისგან საუკეთესო თავდაცვა, ჩვენ მოკლედ ვიმსჯელეთ იმაზე, როგორ ვუპასუხოთ როგორც ყურის ქვეყნების, ისე უკრაინის თავდაცვის სექტორისა და ინდუსტრიის საჭიროებებს“, - განაცხადა კალასმა მინისტერიალის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ილაპარაკა აგრეთვე რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტზე“ ზეწოლის გაძლიერებაზე და რომ ეს „არის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, რომელიც გვაქვს. ვაქებ საფრანგეთს, ბელგიასა და შვედეთს ცრუ დროშით მცურავი ტანკერების დაკავებისთვის. დროა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიმართ დასრულდეს ენის მოჩლექა“.

ასევე ნახეთ შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობს სანქციები დროებით მოუხსნა

კალასის შეფასებით, „ევროკავშირის მიერ სანქციების მე-20 პაკეტი კარგა ხნის წინ უნდა დამტკიცებულიყო. ვიმსჯელეთ როგორ წავწიოთ წინ ეს საკითხი. იგივე ეხება 90 მილიარდი ევროს სესხს უკრაინისთვის“. მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ომისთვის ფასს იხდიან მისი ხელშემწყობებიც: „წევრმა სახელმწიფოებმა განაახლეს სანქციები 2600-ზე მეტ ინდივიდზე. დღეს მინისტრებმა დააწესეს სანქციები მათ მიმართ, ვინც ცდილობს ევროკავშირის დესტაბილიზაციას. დასანქცირდნენ ერთეულები ჩინეთსა და ირანში, კიბერთავდასხმებისთვის“.

ასევე ნახეთ ევროკავშირმა ექვსი თვით გაახანგრძლივა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები

16 მარტის მინისტერიალის დღის წესრიგის უმთავრეს საკითხთა შორის იყო ევროკავშირის უსაფრთხოების სტრატეგია, რომლის პრინციპებზე, ფარგლებსა და პრიორიტეტებზეც შეთანხმდნენ მინისტრები. ახალ სტრატეგიას საფუძვლად დაედება განახლებული საფრთხეების შეფასება.

მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან:

„ეს ძალიან დროული იყო, ვინაიდან შუა აღმოსავლეთში ომი მათზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს. ვიმსჯელეთ მსოფლიო წესრიგზე უფრო ფართო კუთხით და აგრეთვე იმაზე, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია ისეთი მსოფლიო წესრიგის შესანარჩუნებლად, რომელიც გარკვეულ წესებს დაეფუძნება“.

ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების საკითხი. ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციამ „ერთი მხრივ დააკნინა ირანის სამხედრო შესაძლებლობები, მაგრამ გამოიწვია ეკონომიკური შოკის ტალღები“. ჰორმუზის სრუტის საკითხი კაია კალასმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტიერეშთანაც განიხილა.

ევროკავშირმა დაასანქცირა ირანში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები, „რაც არის სიგნალი თეირანისთვის, რომ ირანის მომავალი არ შეიძლება რეპრესიებს დაეფუძნოს. უნდა გავაძლიეროთ ირანის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. ეს არ არის ევროპის ომი, მაგრამ ევროპის ინტერესები პირდაპირ სასწორზე დევს“. მინისტრებმა ბრიუსელში იმსჯელეს წითელ ზღვაში ევროკავშირის მიერ წარმოებული ოპერაცია „ასპიდესის“ გაძლიერებაზეც, თუმცა არ გამოვლენილა დიდი ენთუზიაზმი მისი მანდატის შეცვლაზე ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის უსაფრთხოების ხელშეწყობის კონტექსტში: “ჰორმუზის პარალელურად, წითელი ზღვა რჩება კრიტიკულად და ფხიზლად უნდა ვიყოთ”, - აღნიშნა კალასმა.

ასევე ნახეთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე: ვითარება სულ უფრო სერიოზულდება... ახლა ვლაპარაკობთ გადარჩენაზე

ბრიფინგის დასასრულ კაია კალასმა ილაპარაკა სომხეთსა და საქართველოზე. მან განაცხადა, რომ „სომხეთის თხოვნით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ფონზე, ევროკავშირი ქვეყანაში განათავსებს ჰიბრიდულ საფრთხეებზე სწრაფი რეაგირების გუნდს, საფრთხეებთან გამკლავებაში დასახმარებლად. დემოკრატიული მედეგობის მხარდაჭერა ჩვენს სამეზობლოში კვლავაც არსებითი მნიშვნელობის არის. ჩვენ მარტოს არ დავტოვებთ სომხეთს ჩარევის პირისპირ. ზეწოლის ქვეშ მყოფ დემოკრატიებს შეუძლიათ ჰქონდეთ ევროპის იმედი“.

საქართველოზე კი აღნიშნა, რომ „მინისტრებმა იმსჯელეს საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის საქართველოში დემოკრატიის შემდგომ გაუარესებაზე, თუმცა უფრო მეტად დეტალებში შევალთ საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე“.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგი შეხვედრა 21 აპრილს არის დაგეგმილი.

ასევე ნახეთ ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ შეწყვეტენ რეექსპორტს