19 მარტს, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა. ის, როგორც პატრიარქის მეგობარი და მესამე პრეზიდენტი, ილია მეორის დაკრძალვაზე დასწრებას ითხოვს.
პენიტენციური სამსახური რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის სახელით, ადვოკატმა უკვე მიმართა უწყებას, თუმცა, მათი ეს მოთხოვნა კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება.
პენიტენციური კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს, გასცეს ნებართვა საპატიმროს 2 დღემდე ვადით დატოვებაზე, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა პატიმრის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე.
პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის სახელით მისმა ადვოკატმა, გიორგი ჩალაძემ მიმართა.
ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი და პატრიარქის მეგობარია, ილია მეორე ასევე არის სააკაშვილის შვილის ნათლია, რაც მათ შორის, ახლო ნათესაურ კავშირს გულისხმობს და შესაბამისად, ეს მოთხოვნა, მისი თქმით, შეესაბამება კოდექსში გაწერილ ნორმას.
ასევე ნახეთ „ერთი ამათგანი იქნება საქართველოს პატრიარქი“ - ილია II-ის ნახევარი საუკუნეთუმცა, გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ პენიტენციური სამსახურიდან პასუხს არ ელის:
„ეს გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილის მისაღებია. აქ ჩვენ „ლეგალისტიკაზე“ არ ვსაუბრობთ. ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, აქვს თუ არა მას რესურსი, დაუშვას პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს პატრიარქის გასვენებაში. კითხვა ისმის, არის თუ არა ივანიშვილი თავის თავში დაჯერებული იმდენად, რომ მისცეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ქვეყნის პატრიარქის გასვენებაში მისვლა. ჩვენ არ ვსაუბრობთ, თუნდაც დღის საათებზე, ან რაიმე პირობაზე. ჩვენ არანაირ პირობას არ ვაყენებთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი მიიღებს უარყოფით გადაწყვეტილებას“, - ეუბნება გიორგი ჩალაძე რადიო თავისუფლებას.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ პირადად ის მხარს არ დაუჭერდა პატრიარქის დაკრძალვაზე სააკაშვილის დასწრებას:
„უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია. უსაფრთხოების დაცვა შესაძლებელი იქნება, თუმცა პირადად არ დავუჭერდი მხარს. მასებთან შესაძლებელია რაღაც აღელვება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს“, - უთხრა მან ჟურნალისტებს 19 მარტს.
კათოლიკოს-პატრიარქი, 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა.
სინოდის გადაწყვეტილებით, მას კვირას, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
ასევე ნახეთ ილია მეორეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ - ლაივბლოგიმიხეილ სააკაშვილს პატიმრობა ოთხ საქმეზე აქვს მისჯილი:
- მის წინააღმდეგ პირველი განაჩენი 2018 წლის 6 იანვარს დადგა - თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა სამწლიანი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე (მსჯავრდადებული პირების შეწყალებისა და მათთვის სასჯელის განახევრებისთვის), სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით;
- 2018 წლის ივნისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას კვლავ დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს 2005 წელს თავს დაესხნენ და სცემეს. სწორედ ამ საქმეში, სააკაშვილს ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში ედებოდა ბრალი;
- 2025 წლის 12 მარტს მას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს;
- ბოლო განაჩენი 2025 წლის 17 მარტს დადგა. ის საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთისთვის დამნაშავედ ცნეს და ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. იმის გამო, რომ ქართულ სასამართლოებს მიხეილ სააკაშვილისთვის ჯამში 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში 12 წელი და 6 თვე უნდა გაატაროს.
საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოდან წასული მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის პოლიციამ არჩევნების წინა დღეს 1 ოქტომბერს დააკავა. სააკაშვილმა იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა.
ჯანმრთელობის დამძიმების გამო 2021 წლის 20 ნოემბერს ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, 40 დღეში კი უკან, რუსთავის ციხეში დააბრუნეს. მისი ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებდნენ, რომ აუცილებელი იყო, სამკურნალოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, რასაც ხელისუფლება არ დათანხმდა.
რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, 2022 წლის 12 მაისს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, ორი წლის გასვლის შემდეგ, 2025 წლის 12 ნოემბერს კი ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. კლინიკაში ყოფნის დროს ის სასამართლო სხდომებზე დისტანციურად ერთვებოდა.
ილია მეორე - პატრიარქობის ნახევარი საუკუნე ფოტოებში
Georgia -- Cover