საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მცირე რაოდენობით მარიხუანის აღმოჩენის შემთხვევაში, პროპორციული სასჯელია, თუ ადამიანს სამი ან ხუთი წლის ვადით ჩამოერთმევა რიგი უფლებები, მათ შორის მართვის უფლება.
განსხვავებული აზრი საკონსტიტუციო სასამართლოს ორმა მოსამართლემ დააფიქსირა.
რა ხდება?
თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, - რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დაადგინა, - საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის ნოემბერში მიმართა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით.
იგი ორი მიმართულებით დავობდა:
- ხუჭუა ამბობდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისას ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ შეფარდება არაკონსტიტუციური იყო. თუმცა 2026 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, სასამართლომ უარი თქვა, საერთოდ ემსჯელა ამ საკითხზე.
- დავის მეორე მიმართულება კი ეხებოდა მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შენახვისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვა უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულოდ ჩამორთმევას.
რა წერია კანონში?
როგორც მოსამართლე განუმარტავდა რადიო თავისუფლებას, 2025 წელს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, მცირე რაოდენობით მარიხუანის აღმოჩენის შემთხვევაში, ადამიანს სამი ან ხუთი წლის ვადით ჩამოერთმევა რიგი უფლებები, მათ შორის მართვის უფლება.
„ადამიანი, რომელიც მართვის უფლების გამოყენებით ინახავს ოჯახს, - მაგალითად, ტაქსის მძღოლია, - გამოდის, რომ სარჩოს გარეშე რჩება. მიმაჩნია, რომ ესეც არაა სამართლიანი სასჯელი, - მოსამართლეს არ რჩება სივრცე, ინდივიდუალურად განსაზღვროს სასჯელი, პირდაპირ წერია სამი წელი“, - ამბობდა იგი.
2024 წლის 4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი და არჩევნებისას ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მისი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ იმავე წლის 7 ნოემბერს გააბათილა
ასევე ნახეთ ვინ არის მოსამართლე ხუჭუა, რომელმაც არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადგინადავა ეხებოდა:
- როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (ასკ-ს);
- ისე ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კანონს.
სადავო რეგულაციის თანახმად, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვას, ან/და გადაგზავნა სავალდებულო წესით ითვალისწინებს:
- სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლის ვადით ჩამორთმევას;
- პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის,
- საჯარო სამსახურში საქმიანობის
- იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების 5 წლის ვადით ჩამორთმევას.
კონსტიტუციური წარდგინებების ავტორის თანახმად,
- ეს სასჯელი „არ შეესაბამება სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების სიმძიმესა და მისგან მომდინარე ან მოსალოდნელ საფრთხეებს“;
- „მათი ავტომატური და აბსოლუტურად განსაზღვრული ხასიათი გამორიცხავს სასამართლოს მიერ კონკრეტულ საქმეზე ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შესაძლებლობას“.
რა თქვა სასამართლომ?
საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ხუთშაბათს, 26 მარტს მიიღო და მიიჩნია, რომ:
„აცილებული საფრთხისა და პოტენციური ზიანის სიმძიმის გათვალისწინებით, სადავო ნორმების საფუძველზე უფლებების სავალდებულო წესით ჩამორთმევა არ წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სანქციას“.
სასამართლოს განმარტებით:
- „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვა მიმართულია მესამე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ, ვინაიდან მომეტებული საფრთხის წყაროა“;
- „იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ემსახურება ძალადობის პრევენციას“;
- ასევე, ემსახურება „იარაღის ბრუნვის სფეროში სახელმწიფოს მიერ დაწესებული ნებართვის საფუძველზე განხორციელებადი სამართლებრივი რეჟიმის სტაბილურობის უზრუნველყოფას“.
- „პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვა უკავშირდება განათლების სივრცის დაცვას ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო გავრცელებისა და გავლენის რისკისგან“;
- „საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების შეზღუდვა მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების, საჯარო მმართველობისადმი საზოგადოების ნდობისა და საჯარო ფუნქციის განხორციელებისას სამართლებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისკენ“.
შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
ასევე ნახეთ „ეს გადაწყვეტილება ქვეყნის სასიკეთოდ ბევრ რამეს შეცვლის“ - ინტერვიუ მოსამართლესთან, რომელიც „ოცნების“ სამიზნე გახდავინ მიიღო გადაწყვეტილება?
ეს საქმე განიხილა საკონსტიტუციო სასამართლოს 8-წევრიანმა პლენუმმა და გადაწყვეტილებაც მან მიიღო. ექვსი მოსამართლე ერთ აზრზე დადგა. ესენი არიან:
რევაზ ნადარაია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
- ვასილ როინიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე, პირველი კოლეგიის თავმჯდომარე;
- მანანა კობახიძე, თავმჯდომარის მოადგილე, მეორე კოლეგიის თავმჯდომარე;
- გიორგი თევდორაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი;
- ევა გოცირიძე;
განსხვავებული აზრი დააფიქსირეს მოსამართლეებმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
განსხვავებული აზრი ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს საიტზე არ გამოქვეყნებულა.
ჩვეულებრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 9 მოსამართლე აკომპლექტებს. თუმცა მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა სასამართლო 2025 წლის ოქტომბერში, ვადაზე 11 თვით ადრე დატოვა და კერძო უნივერსიტეტში განაგრძო საქმიანობა. მისი ადგილი კვლავ ვაკანტურია
ასევე ნახეთ მოსამართლე იმერლიშვილი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს საკონსტიტუციოს დატოვების მიზეზს