ანგარიშის მიღებიდან რამდენიმე საათში, 5 მაისსვე გამოქვეყნებულ განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ევროპარლამენტის ანგარიში „სრულიად აცდენილია რეალობას“.
საგარეო უწყება არაერთ მკაცრ ეპითეტს იყენებს მიღებული ანგარიშის დასახასიათებლად. მაგალითად, წერს, რომ ის:
- „ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით, აბსურდული ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირების მეთოდების გამოყენებით ტირაჟირებას უკეთებს დეზინფორმაციას“;
- ამით ის „ზიანს აყენებს ევროპარლამენტის რეპუტაციას, არყევს ქართული საზოგადოების ნდობას ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ, რაც აისახება საზოგადოების განწყობებში და პოლიტიკური წრეების სამართლიან პროტესტში“.
„შემაშფოთებელია“, „ეკლესიაზე თავდასხმაა“
ოფიციალური თბილისი ანგარიშის მიღებას უწოდებს „ქართული საზოგადოების შანტაჟსა და მუქარას“ და „ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას“.
„შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების გამოყენება ქართულ სახელმწიფოზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ქართულ საზოგადოებაზე და ფასეულობებზე მიზანმიმართული თავდასხმებისთვის, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რაც უხეშად ლახავს ერის რელიგიურ გრძნობებს“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
თბილისის შეფასებით, ანგარიში „წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ხალხისგან გამიჯვნის, ანტიდემოკრატიული პროცესებისა და რადიკალური განწყობების წახალისების მორიგ მცდელობას“.
„მიუღებელია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების და გეოპოლიტიკური საკითხების ინსტრუმენტალიზაცია, ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ისეთი წინაპირობების დაყენების მცდელობები, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და რეგიონში ესკალაციის დამატებითი რისკების შექმნას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ასევე ნახეთ
“საქართველო ევროპის ნაწილია, “ქართული ოცნება” - არა” - ბრიუსელში საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშზე იმსჯელესრა ანგარიშს აკრიტიკებს საგარეო
საუბარია სამშაბათს, 2026 წლის 5 მაისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ კრიტიკულ ანგარიშზე საქართველოს შესახებ.
ანგარიში მიიღეს 53 ხმით 14-ის წინააღმდეგ. ჯერ წინაა მისი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭისყრა.
საკითხზე მომხსენებელმა, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა „ევროპის სახალხო პარტიიდან“, რასა იუკნევიჩიენემ, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები წლებია, აკრიტიკებენ, მათ შორის, მოიხსენიებენ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით, კენჭისყრამდე მოკლე სიტყვით ისარგებლა.
მან თქვა, რომ ანგარიშს იღებენ ერევანში მიმდინარე სპეციალური ფორუმის პარალელურად. „დიახ, არ მეშლება - ერევანში, თუმცა კენჭს საქართველოს საკითხს ვუყრით“, - თქვა იუკნევიჩიენემ.
- 5 მაისს ერევანში ჩატარდა სომხეთისა და ევროკავშირის პირველი სამიტი, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ევროკავშირის ლიდერები ხელმძღვანელობდნენ;
- სომხეთი-ევროკავშირის სამიტის წინ, 4 მაისს ერევანმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს უმასპინძლა.
„ვფიქრობ, თითოეულ პროევროპელ ქართველს უხარია, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროპული პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამ პროცესის მიღმა დარჩა. მაგრამ კვლავინდებურად მჯერა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივისა“, - თქვა ლიეტუველმა დეპუტატმა.
რა წერია ანგარიშში - მოკლედ
როგორც რადიო თავისუფლება იუწყებოდა, ეს არის მეორე ანგარიში საქართველოზე, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაზე, რომელიც მომზადებულია საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ „ანგარიში ფოკუსირებულია ევროპარლამენტის მთავარ შეშფოთებაზე საქართველოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციის მდგომარეობასთან დაკავშირებით“.
ანგარიშში მორიგ ჯერზე განცალკევებულია „საქართველოს ხალხი“ „საქართველოს მთავრობისაგან“/„ხელისუფლებისგან“, - რაზეც თბილისი მწვავედ რეაგირებს. ევროპარლამენტი 2024 წლის შემდეგ არ აღიარებს „ქართული ოცნების“ მთავრობას ლეგიტიმურად.
ასევე ნახეთ
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე „ოცნება“ იქნება პასუხისმგებელი - კიდევ რა წერია ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტშიანგარიში მიესალმება ეუთოს 24 წევრი ქვეყნის მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის საფუძველზე მომზადებულ ასევე კრიტიკულ ანგარიშს.
დოკუმენტის პროექტის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი“.
პროექტში ხაზგასმულია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა თანამდებობის პირების მიმართ დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციების მნიშვნელობა.
ისინი მოხსენიებულნი არიან, როგორც საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე პასუხისმგებელი პირები.
ანგარიშის ერთ-ერთი შესწორება ციტირებს სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშს, რომელიც „ხაზს უსვამს საქართველოს მიერ ძირითადი კრიტერიუმებისა და წინა რეკომენდაციების შეუსრულებლობას“ და მიუთითებს:
„მითითებულია გაფრთხილება, რომ „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც სრულად პასუხისმგებელი იქნება „ქართული ოცნება“.