მცირე ხნით ადრე პროგრამა გამოაქვეყნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილმა).
მიტროპოლიტი იობის ინიციატივებს შორისაა საკათალიკოსო საბჭოს აღდგენა და სოციალური და დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად დემოგრაფიული კრიზისის მართვის ფონდის შექმნა.
იობის გეგმის აქცენტები
ეპარქიის განმარტებით, შეთავაზებული გეგმები ეხება საეკლესიო ცხოვრების ძირითად სფეროებს, როგორიცაა ადმინისტრაციული მოწყობის დახვეწა, სასულიერო პირებზე და მრევლზე ზრუნვა, თეოლოგიური განათლება, ლიტურგიკული წესრიგი და ა.შ..
„ეკლესიაში გამოწვევებზე საუბარი არ აკნინებს წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ბუნებას და არც თავად იერარქიას, არამედ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და თამამად გასცეს პასუხი თანამედროვე გამოწვევებსა და საჭიროებებს“, - წერია საპროგრამო ხედვაში.
ასევე ნახეთ
პატრიარქობის კანდიდატმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) პროგრამული ხედვა გამოაქვეყნაეკლესიის „შემრიგებლური როლი“
პროგრამის პირველი საკითხი ეხება ეკლესიის „მშვიდობისმყოფელ და შემრიგებლურ როლს თანამედროვე საქართველოში“. იქვე წერია, რომ:
- „პოლარიზაცია დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა თანამედროვე საზოგადოებისთვის და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის“;
- „პოლიტიკური, სოციალური და ღირებულებრივი განხეთქილება და დაყოფა სასიცოცხლო ენერგიას აცლის ჩვენს ქვეყანას, რომელიც ისედაც შეჭირვებულია სხვადასხვა პრობლემათა გამო“;
- „ჩვენ უნდა დავუდოთ საფუძველი სიყვარულის ჟამს, მშვიდობის ჟამს, შერიგების ჟამს, განბნეულთა შემოკრების ჟამს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უნიკალური შანსი და პოტენციალი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს საყოველთაო შერიგების საქმეში, როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ დონეზე“.
„სოციალური და დემოგრაფიული პრობლემები“
მეორე პრიორიტეტად მიტროპოლიტი იობი გამოყოფს ეკლესიის წინაშე „მწვავე გამოწვევად მდგარ სოციალურ და დემოგრაფიულ პრობლემებს“.
„სოციალური სამართლიანობისკენ სწრაფვა მხოლოდ სინდისის დამამშვიდებელი ეთოსი კი არა, არამედ ხსნისთვის საჭირო საშუალებაა, ქრისტესთან ერთობის შეუცვლელი გზაა“, - წერს იგი.
„შეუძლებელია ეკლესიამ არ იზრუნოს ღარიბებზე და გაჭირვებულებზე და არ დაუთმოს მათ შესაბამისი ყურადღება, სხვა მხრივ ის ასცდება ყველაზე მთავარს, ზნეობისა და სულიერი ცხოვრების პრინციპებს“, - წერია პროგრამაში.
მიტროპოლიტი „უმთავრეს და სერიოზულ“ პრობლემებს შორის ჩამოთვლის სიღარიბეს, უსახლკარობას, ალკოჰოლიზმს, ნარკომანიას, ლუდომანიას, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის ნაკლებობას.
ასევე ნახეთ
სამ საპატრიარქო კანდიდატს შორის - მიტროპოლიტი იობი და რაც მასზე ვიცით„ეკლესიამ ამ ჯგუფებთან მჭიდრო და უშუალო სიახლოვე უნდა შეინარჩუნოს. საჭიროა სისტემური, კოორდინირებული, ეროვნული მასშტაბის სოციალური პროგრამების შემუშავება“, - მიიჩნევს ის.
ხაზს უსვამს „დემოგრაფიულ პრობლემებს“ და წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა ემიგრაციისა და შობადობის კლების შედეგად.
„სოფლები იცლება, ახალი თაობა სამშობლოს ტოვებს, ქართული ოჯახი უფრო ნაკლებშვილიანი ხდება. ამ პრობლემების ერთ-ერთი მთავარი ბარიერი ეკონომიკური პრობლემა არ არის - ის ასევე კულტურული და ფასეულობრივი ცვლილებების ასახვაა, რაც პირდაპირი შედეგია ღმრთისადმი გაუცხოებისა“, - ამბობს ის.
მისი ინიციატივაა, დაარსდეს „დემოგრაფიული კრიზისის მართვის ფონდი“, რომელიც დაუპირისპირდება „თანამედროვე სეკულარულ კულტურას“, - როგორც მიტროპოლიტი მიიჩნევს, - „ინდივიდუალიზმს, კარიერას, ცრუ თავისუფლების იდეას“, რომელიც „ხშირად ოჯახსა და შვილების გაჩენას უპირისპირდება“.
საკათალიკოსო საბჭოს აღდგენა
ეკლესიის მმართველობის განვითარებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად ის ასახელებს საკათალიკოსო საბჭოს აღდგენას.
მისი განმარტებით, საკათალიკოსო საბჭო 1917 წელს საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე შეიქმნა, მაგრამ მას დიდხანს არ უარსებია, რადგან საბჭოთა ოკუპაციამ და ეკლესიის უპრეცედენტო დევნამ შეუძლებელი გახადა საბჭოს ფუნქციონირება.
მისი გეგმით:
- საკათალიკოსო საბჭო უნდა აღდგეს;
- დაკომპლექტდეს შვიდი სასულიერო და შვიდი საერო პირისაგან;
- უნდა გახდეს „კომპეტენტური ორგანო, რომელიც კონსულტაციას გაუწევს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ისეთ საკითხებში, როგორიცაა: სოციოლოგია, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიოეთიკა, კომუნიკაცია და ციფრული ტექნოლოგიები“.
- წევრებს გამოარჩევს წმინდა სინოდი;
- „საბჭოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სტრატეგიული გადაწყვეტილებანი აუცილებლობის შემთხვევაში განსახილველად წარედგინება წმიდა სინოდს“.
მართვა-გამგეობის დებულების გადახედვა
მიტროპოლიტ იობის თქმით, აუცილებელია საქართველოს ეკლესიის მოქმედი მართვა-გამგეობის დებულების - 1995 წელს მიღებული დოკუმენტის - „სრული გადახედვა“.
„არსებული დებულებების უმეტესობა ან აღარ აკმაყოფილებს ეკლესიის ცხოვრების რეალურ საჭიროებებს, ან არ წარმოადგენს მრავალ ბუნდოვანებებს, რომლებიც ქმნის განმარტებისა და პრაქტიკულ პრობლემებს“, - მიიჩნევს ის.
2026 წლის 28 აპრილს გამართულ სინოდის სხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოვლინდა.
მათ შორისაა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი).
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ერისკაცობაში - გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილმა, იობის მსგავსად, შვიდი ხმა მიიღო.
ყველაზე მეტი ხმა მიიღო სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ (მუჯირი) – 20 ხმა.
ასევე ნახეთ
პატრიარქობის კანდიდატები არიან შიო მუჯირი, იობ აქიაშვილი და გრიგოლ ბერბიჭაშვილი- 2026 წლის 17 მაისამდე ახალი პატრიარქი უკვე არჩეული უნდა იყოს.
- ახალი პატრიარქი გამორჩეული სამი კანდიდატურიდან ირჩევა.
- გამარჯვებისთვის საჭიროა მინიმუმ 20 ხმა - კრების მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი.
- საერთო კრებისას, რომელიც 17 მაისამდე უნდა გაიმართოს, თუკი საბოლოო კენჭისყრით ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ხელმეორე კენჭისყრა გაიმართება.
- აქ კენჭს უყრიან მხოლოდ ორი კანდიდატს, რომელთაც პირველ ჯერზე ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, - 2026 წლის 17 მარტს, ჰოსპიტალიზაციის მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.